არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ენის ალაგმვით სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა

ენის ალაგმვით სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა

ენის ალაგმვით სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა

„თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33).

1, 2. რა მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დაუსვან დაქორწინებულებმა საკუთარ თავს და რატომ?

წარმოიდგინეთ, რომ მიიღეთ ლამაზად შეფუთული საჩუქარი, რომელზეც გაკეთებულია წარწერა: „ნაზად მოეპყარით“. როგორ მოიქცევით ასეთ შემთხვევაში? თუმცა არ იცით, შიგნით რა საჩუქარია, უეჭველია, ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ეს საჩუქარი არ დაზიანდეს.

2 ისრაელმა ქვრივმა ნაომიმ ორფასა და რუთს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გიბოძოთ ძღვენი იეჰოვამ, რომ თითოეულმა თავშესაფარი პოვოთ თქვენ-თქვენი ქმრების სახლში“ (რუთი 1:3—9). კარგი ცოლის შესახებ ბიბლია ამბობს: „სახლი და სიმდიდრე მემკვიდრეობაა მამისგან, გონიერი ცოლი კი იეჰოვასგან არის“ (იგავები 19:14). თუ დაქორწინებული ხართ, მეუღლეს ისე უნდა უყურებდეთ, როგორც ძღვენს იეჰოვასგან. როგორ ეპყრობით ამ ძღვენს?

3. რა ყურადსაღები რჩევა მისცა პავლემ მეუღლეებს?

3 მოციქული პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანებს სწერდა: „თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). განვიხილოთ, როგორ შეუძლიათ მეუღლეებს ამ რჩევის გათვალისწინება ერთმანეთთან საუბრისას.

მოერიდეთ „უმართავ და მავნებელ“ ლაპარაკს

4. რა დადებითი და უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია ენას?

4 ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, იაკობი, ამბობს, რომ „ენა უმართავი და მავნებელია“ და ის „მომაკვდინებელი გესლით არის სავსე“ (იაკობი 3:8). იაკობმა შესანიშნავად იცოდა, რომ უმართავი ენა გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. უეჭველია, მისთვის ცნობილი იყო ბიბლიური იგავი, სადაც დაუფიქრებელი სიტყვები ‘მახვილით მიყენებულ ჭრილობასთან’ არის შედარებული. ამის საპირისპიროდ, იმავე იგავში ნათქვამია, რომ „ბრძენის ენა. . . კურნავს“ (იგავები 12:18). ნამდვილად, სიტყვებს დიდი ძალა აქვთ. მათ ტკივილის მიყენებაც შეუძლიათ და განკურნებაც. როგორ მოქმედებს თქვენი სიტყვები თქვენს მეუღლეზე? მეუღლესთვის რომ გეკითხათ, როგორ მოქმედებს თქვენი სიტყვები მასზე, რა პასუხს გაგცემდათ?

5, 6. რატომ არის ზოგისთვის რთული ენის ალაგმვა?

5 თუ თქვენს ოჯახში საზიანო მეტყველება უკვე დამკვიდრდა, მაინც შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება. თუმცა ამისთვის ძალისხმევაა საჭირო. რატომ? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ არასრულყოფილებასთან გვიწევს ბრძოლა. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენს ფიქრებსა და მეტყველებაზე. იაკობი წერს: „ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილია და მთელი სხეულის ალაგმვა შეუძლია“ (იაკობი 3:2).

6 არასრულყოფილების გარდა, ენის არასწორად გამოყენებაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ როგორ ოჯახში აღიზარდა ადამიანი. ზოგს ისეთი მშობლები ჰყავდა, რომლებიც ‘მოურიგებლები, თავშეუკავებლები და სასტიკები’ იყვნენ (2 ტიმოთე 3:1—3). ხშირად ასეთ გარემოში აღზრდილები მსგავს თვისებებს ავლენენ. რა თქმა უნდა, არც არასრულყოფილება და არც ოჯახური გარემო არ ამართლებს იმ ადამიანს, რომელიც ენას ბოროტად იყენებს. მაგრამ ზემოთ მოყვანილი ფაქტორების ცოდნა გვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ არის ზოგისთვის განსაკუთრებით რთული ენის ალაგმვა.

„მოიშორეთ. . . ზურგს უკან ლაპარაკი“

7. რას გულისხმობდა პეტრე, როცა ქრისტიანებს ურჩევდა, ‘მოეშორებინათ ზურგს უკან ლაპარაკი’?

7 ნებისმიერ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლაპარაკი ცოლ-ქმარს შორის სიყვარულისა და პატივისცემის ნაკლებობაზე მეტყველებს. ამიტომ პეტრე ქრისტიანებს ურჩევს, რომ ‘მოიშორონ ზურგს უკან ლაპარაკი’ (1 პეტრე 2:1). ბერძნული სიტყვა, რომელიც „ზურგს უკან ლაპარაკად“ არის ნათარგმნი, „შეურაცხმყოფელი სიტყვებით ლაპარაკს“ ნიშნავს. ეს ფრაზა „ადამიანის სიტყვიერ განადგურებაზე მიუთითებს“. მართლაც, რა კარგად არის აღწერილი უმართავი ენით გამოწვეული შედეგები!

8, 9. რა შეიძლება გამოიწვიოს შეურაცხმყოფელმა სიტყვებმა და რატომ უნდა მოერიდოს ამას ცოლ-ქმარი?

8 შეურაცხმყოფელი ლაპარაკი, ერთი შეხედვით, შეიძლება არც თუ ისე სერიოზული ჩანდეს, მაგრამ დავფიქრდეთ, რა ხდება მაშინ, როდესაც ცოლ-ქმარი ასეთი სიტყვებით მიმართავს ერთმანეთს. თუ მეუღლეები ერთმანეთს სულელს, ზარმაცს ან ეგოისტს უწოდებენ, ასეთი სახით ისინი მთლიანობაში აძლევენ შეფასებას ცხოვრების თანამგზავრს და მას დამამცირებელ იარლიყს აკრავენ. ეს კი სისასტიკეა. რა შეიძლება ითქვას, როდესაც მეუღლეები ერთმანეთის ნაკლოვანებებს აზვიადებენ? განა გაზვიადება არ არის, როდესაც მეუღლეს ასე მივმართავთ: „შენ ყოველთვის იგვიანებ“ ან „არასოდეს მისმენ“? ასეთ დროს ძალაუნებურად მეუღლეს იმისკენ უბიძგებთ, რომ თავი დაიცვას. ამან კი შეიძლება ცეცხლზე ნავთი დაასხას (იაკობი 3:5).

9 შეურაცხმყოფელი საუბრები მეუღლეებს შორის ურთიერთობას ძაბავს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება. იგავების 25:24 ამბობს: „სახურავის კუთხეში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან ერთ სახლში ცხოვრებას“. ცხადია, იმავეს თქმა შეიძლება შარიან ქმარზეც. დროთა განმავლობაში მტკივნეული სიტყვები ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობას ძირს გამოუთხრის და, შესაძლოა, ერთმა ან მეორემ ისიც კი იფიქროს, რომ მეუღლეს არ უყვარს და უფრო მეტიც, სიყვარულს არ იმსახურებს. აქედან გამომდინარე, ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია ენის ალაგმვა. მაგრამ როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

‘ენის ალაგმვა’

10. რატომ არის მნიშვნელოვანი ენის გაკონტროლება?

10 იაკობის 3:8-ში ნათქვამია, რომ „ენას ვერავინ ათვინიერებს“. მიუხედავად ამისა, როგორც მხედარი იყენებს აღვირს იმისათვის, რომ ცხენს მიმართულება მისცეს, ასევე ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი ენის გასაკონტროლებლად. „თუ ვინმეს თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს და თავის გულს აცდუნებს, ფუჭია მისი თაყვანისცემა“ (იაკობი 1:26; 3:2, 3). ამ სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ენის გაკონტროლება სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს. ეს მხოლოდ მეუღლესთან ურთიერთობაზე კი არ ახდენს გავლენას, არამედ იეჰოვასთან ურთიერთობაზეც (1 პეტრე 3:7).

11. როგორ შეუძლია ადამიანს თავიდან აირიდოს უმნიშვნელო კამათის დიდ უთანხმოებაში გადაზრდა?

11 გონივრულია დაუკვირდეთ, თუ რას ეუბნებით მეუღლეს. როცა მდგომარეობა იძაბება, სცადეთ მისი განმუხტვა. დაფიქრდით ისაკისა და რებეკას შემთხვევაზე, რომელიც დაბადების 27:46—28:4-შია ჩაწერილი. «ეუბნებოდა რებეკა ისაკს: „სიცოცხლე მომაძულეს ხეთელმა ქალებმა. თუ იაკობმაც ხეთელი ქალი მოიყვანა ცოლად, ისეთი, როგორებიც ამ ქვეყნის ქალები არიან, რაღად მინდა სიცოცხლე?!“ ». არსად არ არის ნახსენები, რომ ისაკმა უხეში პასუხი გასცა ცოლს. პირიქით, მათ თავიანთი ვაჟი, იაკობი, ღვთისმოშიში ცოლის მოსაძებნად გაგზავნეს; ისეთი ცოლის მოსაძებნად, რომელიც სულს არ გაუმწარებდა რებეკას. დავუშვათ, ცოლ-ქმარს შორის უთანხმოება წამოიჭრა. ნაცვლად იმისა, რომ მეორე პირში ილაპარაკოთ, ილაპარაკეთ პირველ პირში; ეს დაგეხმარებათ უმნიშვნელო კამათი დიდ უთანხმოებაში არ გადაიზარდოს. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მეუღლეს უთხრათ: „შენ ჩემთვის ვერასოდეს ვერ იცლი!“, გონივრულია უთხრათ: „კარგი იქნებოდა მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად“. მთელი ყურადღება პრობლემაზე უნდა გადაიტანოთ და არა ადამიანზე. მოერიდეთ იმის გარკვევას, ვინ მართალია და ვინ — მტყუანი. რომაელების 14:19 ამბობს: „იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“.

„მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი [და] რისხვა“

12. თუ გვინდა, რომ ენა გავაკონტროლოთ, რაზე უნდა ვილოცოთ და რატომ?

12 ენის ალაგმვა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ დავუკვირდეთ, რას ვამბობთ. ჩვენი სიტყვები ხომ გულიდან მოდის და არა, უბრალოდ, ბაგიდან. იესომ თქვა: „კარგ კაცს თავისი გულის კარგი განძიდან კარგი გამოაქვს, ბოროტს კი თავისი ბოროტი განძიდან ბოროტი გამოაქვს, რადგან გულში მოჭარბებულს პირი ლაპარაკობს“ (ლუკა 6:45). ამიტომ ენის გასაკონტროლებლად საჭიროა დავითივით სთხოვოთ ღმერთს: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმუნები 51:10).

13. როგორ შეიძლება ყოველგვარმა გამწარებამ, ბრაზმა და რისხვამ საწყენი სიტყვები ათქმევინოს ადამიანს?

13 პავლე ეფესოელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, რომ მორიდებოდნენ არა მარტო საწყენი სიტყვების თქმას, არამედ იმ გრძნობებსაც, რომლებიც ადამიანს ასეთ სიტყვებს ათქმევინებს. ის წერდა: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად“ (ეფესოელები 4:31). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლე „ყვირილისა და ლანძღვის“ მოხსენიებამდე „ყოველგვარ გამწარებაზე, ბრაზსა და რისხვაზე“ ლაპარაკობს. ბრაზმა, რომელიც ადამიანში გროვდება, შეიძლება შეურაცხმყოფელი სიტყვების სახით ამოხეთქოს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვიგროვებ გულში გამწარებასა და რისხვას? ‘ადვილად ვრისხდები’? (იგავები 29:22). თუ თქვენს შემთხვევაში ასეა, სთხოვეთ ღმერთს, დაგაძლევინოთ ეს მიდრეკილება, რათა შეძლოთ საკუთარი თავის მართვა; ეს დაგეხმარებათ, რომ რისხვა არ ამოანთხიოთ. ფსალმუნების 4:4-ში ნათქვამია: „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ. გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით“. როდესაც ბრაზი ყელში გებჯინებათ და გრძნობთ, რომ თავს ვეღარ იკავებთ, გაიხსენეთ იგავების 17:14, სადაც ნათქვამია: „სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“. მომენტალურად გაეცალეთ დაძაბულ სიტუაციას, რათა დაწყნარდეთ.

14. რა გავლენას ახდენს ქორწინებაზე წყენა?

14 ადვილი არ არის ბრაზისა და რისხვის დაოკება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამის მიზეზი არის გრძნობა, რომელსაც პავლე „ყოველგვარ გამწარებას“ უწოდებს. ბერძნული სიტყვა, რომელსაც აქ პავლე იყენებს, შეიძლება განიმარტოს, როგორც „განაწყენებული სული, რომელიც უარს ამბობს შერიგებაზე“; აგრეთვე იგი განიმარტება, როგორც „ბოღმა, რომელიც ცუდზეა კონცენტრირებული“. ზოგჯერ მტრობა მეუღლეებს შორის ბარიერს ქმნის, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. როდესაც პრობლემა მოუგვარებელი რჩება, მეუღლეებს შორის ცივი დამოკიდებულება ვითარდება. წყენის დაგროვება არაგონივრულია. რაც მოხდა, მოხდა. თუ მეუღლეს შეცდომა აპატიეთ, ნუღარ გაუხსენებთ მას. სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორინთელები 13:4, 5).

15. რა დაეხმარება მათ, რომლებიც უხეშ ლაპარაკს არიან მიჩვეულნი, შეიცვალონ ლაპარაკის მანერა?

15 რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც ოჯახში, სადაც აღიზარდეთ, უხეში ლაპარაკი ჩვეულებრივი მოვლენა იყო და ეს თქვენც ჩვევად გექცათ? თქვენ შეგიძლიათ შეიცვალოთ. ცხოვრების გარკვეულ სფეროებში თქვენ უკვე დაუდგინეთ საზღვრები საკუთარ თავს, რომლებსაც არ გასცდებით. სად გაავლებდით ზღვარს, როცა საქმე ენას ეხება? გაჩუმდებით მანამ, სანამ შეურაცხყოფაზე გადახვალთ? კარგი იქნებოდა გაგეთავისებინათ ეფესოელების 4:29-ში ჩაწერილი რჩევა: „ნუ გამოვა თქვენი პირიდან ცუდი სიტყვა“. ამისათვის საჭიროა ‘გაიხადოთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ და შეიმოსოთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“ (კოლოსელები 3:9, 10).

„გულახდილი საუბარი“ აუცილებელია

16. რატომ არის საზიანო, როდესაც მეუღლეები ერთმანეთს ხმას არ სცემენ?

16 არაფრის მომცემი და საზიანოა, როდესაც ქმარი ან ცოლი ხმას არ სცემს მეუღლეს. ისინი ამას შეიძლება იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ მეუღლე დასაჯონ, არამედ იმიტომ, რომ განაწყენებული არიან. მაგრამ, თუ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ ელაპარაკება, ეს მხოლოდ ამწვავებს მდგომარეობას და პრობლემას არ ჭრის. ერთი გათხოვილი ქალი ამბობს: „შერიგების შემდეგ, მტკივნეულ საკითხს აღარ ვუბრუნდებით და პრობლემა გადაუჭრელი გვრჩება“.

17. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომლებსაც ოჯახური პრობლემები აქვთ?

17 საკმაოდ რთულია პრობლემის მოგვარება, როდესაც ოჯახში დაძაბულობა დიდი ხანია, რაც არსებობს. იგავების 15:22-ში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“. საჭიროა დასხდეთ და მეუღლესთან ერთად იმსჯელოთ პრობლემაზე. რადაც უნდა დაგიჯდეთ, მოუსმინეთ მეუღლეს და ობიექტურად შეაფასეთ მისი სიტყვები. თუ გიჭირთ ამის გაკეთება, დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს მიმართეთ. ისინი კარგად არიან გაცნობილნი ბიბლიას და ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენების გამოცდილება აქვთ. ეს მამაკაცები არიან „როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში“ (ესაია 32:2).

თქვენ შეგიძლიათ გაიმარჯვოთ სირთულეებზე

18. რა ბრძოლაზეა საუბარი რომაელების 7:18—23-ში?

18 ენის ასალაგმავად საკუთარ თავთან ბრძოლაა საჭირო. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს მოქმედებებზეც. პავლე მოციქულმა თავისი პრობლემების აღწერისას, დაწერა: „ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს ხორცში კარგი არაფერი მკვიდრობს. კარგის კეთების სურვილი კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ, რადგან კარგს, რაც მსურს, არ ვაკეთებ, ცუდი კი არ მსურს, მაგრამ მაინც ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ამას მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში მკვიდრობს“. ‘ჩვენში არსებული ცოდვის კანონის’ გამო, ენასა და სხეულის სხვა ნაწილებს არასწორად ვიყენებთ (რომაელები 7:18—23). მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ და ღვთის დახმარებით გავიმარჯვებთ.

19, 20. როგორ დაეხმარება იესოს მაგალითი ცოლ-ქმარს ენის ალაგმვაში?

19 ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ სიყვარული და პატივისცემა აქვთ, ერთმანეთს დაუფიქრებელ და უხეშ სიტყვებს არ ეუბნებიან. დაფიქრდით ამასთან დაკავშირებით იესოს მიერ დატოვებულ მაგალითზე. ის თავის მოწაფეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით არასოდეს მიმართავდა. მისი სიცოცხლის უკანასკნელ ღამესაც კი, როდესაც მოციქულები ერთმანეთში დავობდნენ, თუ ვინ იყო მათ შორის ყველაზე დიდი, ღვთის ძე უხეშად არ დალაპარაკებია მათ (ლუკა 22:24—27). ბიბლიაში მოცემულია რჩევა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:25).

20 რა შეიძლება ითქვას ცოლებზე? ისინი ‘დიდ პატივს უნდა სცემდნენ ქმრებს’ (ეფესოელები 5:33). განა ცოლი, რომელიც პატივს სცემს ქმარს, დაუყვირებს და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს მას? პავლე წერდა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). ცოლები უნდა დაემორჩილონ ქმრებს, რადგან მათი თავი ქრისტეა (კოლოსელები 3:18). არც ერთ არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია სრულყოფილად მიბაძოს იესოს, მაგრამ, თუ ცოლ-ქმარი ცდილობს, ‘ერთგულად მიჰყვეს იესოს ნაკვალევს’, ეს მათ ენის არასწორად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში გაამარჯვებინებს (1 პეტრე 2:21).

რა ისწავლეთ?

• რა ზიანს აყენებს ქორწინებას უმართავი ენა?

• რატომ არის ენის ალაგმვა რთული?

• რა გვეხმარება ენის გაკონტროლებაში?

• რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ოჯახში უთანხმოება გაქვთ?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 24 გვერდზე]

უხუცესები ბიბლიის საშუალებით ეხმარებიან თანაქრისტიანებს.