მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
შეიძლება ეპატიოს პიროვნებას და დაუბრუნდეს ქრისტიანულ კრებას, თუ მან სხვის მეუღლესთან დაიწყო ცხოვრება?
უმეტეს შემთხვევებში მსგავსი რამ შეინიშნება მათ შორის, რომლებიც ბიბლიური ნორმების თანახმად არ ცხოვრობენ. ხოლო იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც იეჰოვას ხალხთან აქვთ ურთიერთობა, ასეთი რამ იშვიათად ხდება და ეს მეტად თავზარდამცემი მოვლენაა. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საკითხის მოგვარება ადამიანების მიერ დადგენილი რომელიმე წესით უნდა მოხდეს. როგორც სხვა ცოდვების ჩადენისას, ისე ამ შემთხვევაშიც შემცოდველმა, ვიდრე ღმერთი აპატიებდეს და ქრისტიანულ კრებაში აღდგებოდეს, უნდა მოინანიოს და ეს საქმეებით აჩვენოს.
ისრაელების მიმართ ღვთის დამოკიდებულება ცხადყოფს, რომ ის მიმტევებელი ღმერთია და მათ არაერთხელ ჩადენილ მძიმე ცოდვებსაც პატიობდა (მეორე კანონი 4:30; ესაია 55:7; 57:16—18; ზაქარია 1:3, 4). იესომ თქვა, რომ ‘უფრო მეტი სიხარული იქნებოდა ზეცაში ერთი მომნანიებელი ცოდვილის გამო’. შემდეგ მან მოიყვანა იგავი გზასაცდენილ შვილზე, რომელმაც თავისი ქონება მეძავებთან აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა. როდესაც ვაჟი გონს მოეგო, დაბრუნდა და პატიება ითხოვა იმ ცოდვებისთვის, რომელიც ჩაიდინა ზეცისა და მამის წინაშე; მამამ გულთბილად მიიღო შვილი და აპატია (ლუკა 15:1—7, 11—24).
მაგრამ ბიბლია იმასაც ამბობს, რომ ქრისტიანი, რომელიც სცოდავს და არ ინანიებს, უნდა გაირიცხოს კრებიდან, რათა კრების სიწმინდე შენარჩუნდეს (1 კორინთელები 5:1—5, 11—13). მაგალითად, კორინთში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელიც უზნეო ცხოვრების წესს მისდევდა. წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ ამ კაცს კრებაში მიიღებდნენ, თუ მოინანიებდა, მიატოვებდა უზნეო ცხოვრებას და მონანიებას საქმეებით დაადასტურებდა. როგორც ჩანს, ის მალე ასეც მოიქცა. როდესაც პავლე მოციქული კორინთელების მეორე წერილში, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში გაუგზავნა მათ, მოუწოდებდა კრებას, მიეტევებინა შემცოდველისთვის, როგორც ჩანს, მას სწორედ ეს გარიცხული კაცი ჰყავდა მხედველობაში (2 კორინთელები 2:5—10; მათე 3:7, 8; საქმეები 26:20).
იეჰოვას მოწმეებში დღესაც ხდება კრებიდან გარიცხვა, რასაც ეს ბიბლიური პრინციპი უდევს საფუძვლად. ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე, კონკრეტულად არ არის დადგენილი დრო, თუ როდის უნდა მოხდეს კრებაში პიროვნების აღდგენა; ამისათვის გულწრფელი მონანიებაა საჭირო, რასაც ზოგჯერ წლებიც კი სჭირდება.
ამ მკითხველთა შეკითხვაში მოყვანილ სიტუაციაში აშკარად ჩანს ბოროტი განზრახვა და თვალთმაქცობა. მაგალითად, ვინმეს (შესაძლოა დაქორწინებულს) შეიძლება სხვისი ცოლი შეუყვარდეს. ის სხვების შეუმჩნევლად შესაძლოა ფლირტს მიმართავს, საიდუმლოდ ხვდება საპირისპირო სქესის წარმომადგენელს და მასთან რომანტიკულ გრძნობებს ავლენს. სხვებმა რომ არ გაიგონ, განსაკუთრებით კი მეუღლემ, ის ტყუილსა და თვალთმაქცობას მიმართავს. შემდეგ ანგრევენ ოჯახს, რაც ბიბლიურ საფუძველს მოკლებულია, და ერთმანეთზე ქორწინდებიან. შესაძლოა მათ წინასწარ აქვთ კარგად აწონ-დაწონილი თავიანთი მოქმედების შედეგები და ისიც ესმით, რომ ამას კრებიდან გარიცხვა მოჰყვება. ისინი შესაძლოა ფიქრობენ, რომ „ერთ ან რამდენიმე წელიწადში“ მოინანიებენ და კრებაში აღდგებიან; ამასობაში კი იმას გააკეთებენ, რაც სურთ. მაგრამ დიდი შეცდომა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ ღმერთი მათ მიუტევებს. გალატელების 6:7-ში ნათქვამია: „ღვთის დაცინვა არ გამოგივათ. კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის“. როგორც მრავალი ბიბლიური მუხლი აჩვენებს, იეჰოვას სძულს სიძვა და ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ მათ, რომლებიც არასწორი სურვილებით არიან შეპყრობილნი (შეადარეთ გამოცხადება 21:8; 22:15).
როცა გარიცხული თხოვნით მიმართავს უხუცესებს, რომ ის კრებაში აღადგინონ, უხუცესებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რაც მოხდა და რა დამოკიდებულება აქვს მას ჩადენილი ცოდვის მიმართ. პავლე ლაპარაკობს რწმენის ერთიანობაზე, რომელზეც გავლენას არ უნდა ახდენდეს ‘მზაკვრობითა და ცბიერებით გამიზნული სიცრუე’ (ეფესოელები 4:13, 14). მართალია, პავლე მოციქული ამ შემთხვევაში ცრუ სწავლებების შესახებ აფრთხილებდა, მაგრამ იმავეს თქმა შეიძლება იმ შემთხვევაზეც, როცა კრებაში არის პიროვნება, რომელიც სიცრუესა და მზაკვრობას მიმართავს ბოროტი საქმეების ჩასადენად (შეადარეთ 2 კორინთელები 11:13; ფსალმუნები 101:7; 119:118).
უხუცესებისგან შემდგარმა კომიტეტმა, რომელიც წყვეტს, აღადგინოს თუ არა შემცოდველი კრებაში, უნდა განასხვაოს ერთმანეთისგან ის შემცოდველი, რომელმაც სისუსტის გამო შესცოდა იმ შემცოდველისგან, რომელმაც წინასწარ დაგეგმა ცოდვის ჩადენა. გავიხსენოთ, როგორ გამოავლინა ღმერთმა პეტრეს მიმართ გულმოწყალება, როცა მან სამჯერ უარყო იესო; ხოლო ანანია და საფირა დასაჯა იმის გამო, რომ მათ წინასწარ დაგეგმეს სხვების მოტყუება (საქმეები 5:1—11).
ამგვარად, უხუცესებს დიდი სიფრთხილე მართებთ იმისათვის, რომ ამოიცნონ თვალთმაქცობა და მზაკვრული ჩანაფიქრი. ადამიანი შეიძლება ძლიერ წუხდეს და ნანობდეს იმას, რაც ჩაიდინა, მაგრამ წარსულს რომ დაბრუნებოდა „მოიქცეოდა თუ არა ისევ ისე“? მიატოვებდა ის თავის მეუღლეს? რა თქმა უნდა, ის ახლა სხვაზეა დაქორწინებული და შეუძლებელია ამ ქორწინების გაუქმება და ყოფილ მეუღლესთან დაბრუნება, რადგან პირველ ქორწინებას წერტილი დაუსვა გაყრამ, მრუშობამ და სხვაზე დაქორწინებამ (მათე 19:9). და მაინც, გულწრფელად ინანიებს ასეთი ადამიანი და არის ის გულით „დაჩაგრული“? (ესაია 57:15) რა აღძრავს ადამიანს მონანიებისკენ — ის, რომ ცოდვა ჩაიდინა, თუ ის, რომ კრებიდან გაირიცხა და ახლა აღარ აქვს თანამორწმუნეებთან ურთიერთობის საშუალება? საკმარისი დროის გასვლის შემდეგ აჩვენებს მისი საქმეები, რომ მან მართლა მოინანია? უხუცესებს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეთ იმაში, რომ შემცოდველი ნამდვილად ინანიებს. თუ ეს ასე არაა, უხუცესებმა შეიძლება მოცდა ამჯობინონ და ეს საკითხი განიხილონ მაშინ, როცა ხელთ ექნებათ დამატებითი ფაქტები.
უხუცესები დიდ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, დაიცვან კრება; აგრეთვე მათ ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ ღმერთი გულმოწყალეა და მას სურს, ადამიანებმა სიცოცხლე მიიღონ (რომაელები 2:4). მათ ესმით, რომ არ შეუძლიათ ადამიანთა გულების წაკითხვა და მათი მოტივების სრულად ამოცნობა; ამის უნარი მხოლოდ იეჰოვას აქვს, რომლის წინაშეც პასუხს აგებს ყველა შემცოდველი (ებრაელები 4:13). ასე რომ, გადაწყვეტილებების მიღებისას უხუცესები ხელმძღვანელობენ ღვთის სიტყვით და მხედველობაში იღებენ გარიცხულის აზროვნებასა და გულის მდგომარეობას. თუ უხუცესებისგან შემდგარი კომიტეტი დაასკვნის, რომ შემცოდველმა ნამდვილად მოინანია და გული განიწმინდა, მაშინ ეს ადამიანი უნდა აღადგინონ კრებაში, როგორც ეს კორინთში მცხოვრები მამაკაცის შემთხვევაში მოხდა (იაკობი 4:8). არ არის დადგენილი დრო, თუ რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს პიროვნების აღდგენა. მაშინაც კი, თუ შემცოდველი კრებაში აღდგება, უნდა გვახსოვდეს, რომ ის პასუხს აგებს „ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“ (რომაელები 14:10—12).