არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე

დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე

დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე

„ქორწინების დღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სასიხარულო დღე იყო“, — თქვა გორდონმა, რომელიც დაახლოებით 60 წელია, რაც დაქორწინებულია. რატომ არის ქორწილის დღე ასე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის? ამ დღეს ისინი წმინდა აღთქმას აძლევენ საყვარელ პიროვნებებს — მეუღლეებსა და იეჰოვა ღმერთს (მათე 22:37; ეფესოელები 5:22—29). დიახ, წყვილებს, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, სურთ, ქორწილის დღე სასიამოვნოდ გაატარონ და, ამასთანავე, პატივი მიაგონ ქორწინების დამფუძნებელს (დაბადება 2:18—24; მათე 19:5, 6).

როგორ შეუძლია ნეფეს უფრო ღირსეული გახადოს ეს ბედნიერი დღე? რის გაკეთება შეუძლია პატარძალს იმისათვის, რომ პატივისცემა გამოავლინოს ქმრისა და იეჰოვას მიმართ? როგორ შეუძლიათ სტუმრებს თავისი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ ქორწილმა უფრო სასიამოვნოდ ჩაიაროს? ამ კითხვებზე პასუხების პოვნაში დაგვეხმარება გარკვეული ბიბლიური პრინციპების განხილვა. ამ პრინციპების გათვალისწინება შეამცირებს შესაძლო პრობლემებს, რომლებიც ამა თუ იმ სახით შებღალავდა ამ განსაკუთრებულ დღეს.

ვის აკისრია პასუხისმგებლობა?

ბევრ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ზოგ წარმომადგენელს აქვს წყვილის ოფიციალურად დაქორწინების უფლება. იქაც კი, სადაც წყვილს რეგისტრაციაში სახელმწიფოს წარმომადგენელი ატარებს, ახალდაქორწინებულებს შესაძლოა ბიბლიური მოხსენების მოსმენა სურდეთ. ამ მოხსენებაში ნეფეს შეახსენებენ, იფიქროს მისთვის, როგორც ოჯახის თავისთვის, ღვთის მიერ დაკისრებულ როლზე (1 კორინთელები 11:3). შესაბამისად, ნეფეს აკისრია ძირითადი პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართება ქორწილი. ცხადია, წინასწარ ხდება საქორწილო ცერემონიალთან და სუფრასთან დაკავშირებული დეტალების დაგეგმვა. რატომ შეიძლება ეს სირთულეებთან იყოს დაკავშირებული?

ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სიძის ან პატარძლის ნათესავებს შესაძლოა სურდეთ, თავიანთი ნებისამებრ წარიმართოს ქორწილი. როდოლფო, რომელსაც არაერთი ქორწილისთვის გაუწევია ორგანიზება, აღნიშნავს: „ზოგჯერ სიძე ნათესავების მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ქორწილის ხარჯების დაფარვაში ისინი ეხმარებიან. სიძის ნათესავებს შესაძლოა საკუთარი შეხედულებები ჰქონდეთ საქორწილო ცერემონიალთან და სუფრასთან დაკავშირებით. ამან შეიძლება სიძეს ხელი შეუშალოს ქორწილთან დაკავშირებული ბიბლიური პასუხისმგებლობის შესრულებაში“.

მაქსი, რომელიც 35 წელზე მეტია, რაც საქორწილო ცერემონიალებს უძღვება, ამბობს: „როგორც შევნიშნე, არსებობს ტენდენცია, რომ პატარძლები თავად წყვეტენ, როგორ წარიმართოს ქორწილი და სიძეს თითქმის არაფერს ეკითხებიან“. დევიდიც, რომელსაც არაერთი ქორწილისთვის გაუწევია ორგანიზება, ამბობს: „სიძეები, ჩვეულებრივ, საკუთარ თავზე არ იღებენ საქორწილო სამზადისთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებს და სათანადოდ არ მონაწილეობენ მასში“. როგორ შეუძლია სიძეს კარგად შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა?

აზრთა გაზიარებას მეტი სიხარული მოაქვს

საქორწილო სამზადისთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ნეფემ წარმატებით რომ შეასრულოს, საჭიროა მან სხვებს ყურადღებით მოუსმინოს. ბიბლიაში ნათქვამია: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22). ბევრი პრობლემის არიდებას შეძლებენ, თუ სიძე საქორწილო სამზადისთან დაკავშირებით თავიდანვე იმსჯელებს პატარძალთან, ოჯახის წევრებსა და სხვებთან, ვისაც ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევების მოცემა შეუძლია.

მნიშვნელოვანია, რომ დანიშნულმა წყვილმა ერთმანეთთან შეათანხმოს გეგმები და შესაძლო ვარიანტები. რატომ? ვნახოთ, თუ რას ამბობენ დიდი ხნის დაქორწინებული ივანი და დელვინი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. ივანი იხსენებს, თუ როგორ გეგმავდნენ თავიანთ ქორწილს და ამბობს: „ჩვენს ქორწილთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმები მქონდა. ამაში შედიოდა ის, რომ ქორწილში ყველა ჩემი მეგობარი დამეპატიჟა, გვქონოდა საქორწილო ტორტი და ჩემს საცოლეს თეთრი საქორწილო კაბა სცმოდა. მაგრამ დელვინს პატარა, უბრალო ქორწილი უნდოდა ყოველგვარი საქორწილო ტორტის გარეშე. მას საქორწილო კაბის ჩაცმაც კი არ სურდა“.

როგორ მოაგვარა ამ წყვილმა ეს პრობლემა? გულწრფელი და თავაზიანი საუბრით (იგავები 12:18). ივანი ამბობს: „შევისწავლეთ ქორწილთან დაკავშირებით ბიბლიაზე დაფუძნებული სტატიები; ერთ-ერთი მათგანი მოცემული იყო 1985 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ (რუს.) *. ეს მასალა ქორწილთან დაკავშირებით სულიერი თვალსაზრისის განვითარებაში დაგვეხმარა. განსხვავებული კულტურის გამო ორივეს მოგვიწია გარკვეულ დათმობაზე წავსულიყავით“.

არეტი და პენიც მსგავსად მოიქცნენ. თავისი ქორწილის დღის შესახებ არეტი ამბობს: „მე და პენიმ ქორწილთან დაკავშირებულ ჩვენს განსხვავებულ შეხედულებებზე ვიმსჯელეთ და ბოლოს ერთ აზრამდე მივედით. ვილოცეთ, რომ იეჰოვას ეკურთხებინა ეს დღე. ასევე რჩევისთვის მშობლებსა და კრებაში მოწიფულ წყვილებს მივმართეთ. მათი რჩევები ძალიან გამოგვადგა. შედეგად, ჩვენი ქორწილის დღე ერთ-ერთი ულამაზესი და ღირსეული დღე იყო ჩვენს ცხოვრებაში“.

ღირსეული გარეგნობა და ჩაცმულობა

ბუნებრივია ქორწილის დღეს ნეფე-პატარძალს სურდეს, ლამაზად გამოიყურებოდნენ (ფსალმუნები 45:8—15). ისინი, შესაძლოა, დროს, ძალისხმევასა და ფულს არ იშურებენ სათანადო ტანსაცმლის შესაძენად. რომელი ბიბლიური პრინციპები დაეხმარება მათ, შეარჩიონ ტანსაცმელი, რომელიც ღირსეულიც იქნება და მიმზიდველიც?

ვისაუბროთ პატარძლის მორთულობაზე. ყველას განასხვავებული გემოვნება აქვს; ასევე ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობს ადამიანი. მაგრამ ბიბლიური რჩევა ყველგან და ყველასთვის გამოსადეგია. ქალებმა „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით“ შერჩეული სამოსი უნდა ატარონ. ეს პრინციპი ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა გამოიყენონ, მათ შორის, ქორწილის დღესაც. ფაქტია, ქორწილმა სასიამოვნოდ რომ ჩაიაროს, აუცილებელი არ არის, საქორწილო ტანსაცმელი ძალიან ძვირფასი იყოს (1 ტიმოთე 2:9; 1 პეტრე 3:3, 4). ამ რჩევის გათვალისწინება მართლაც კმაყოფილების მომტანია!

ზემოთ მოხსენიებულმა დევიდმა აღნიშნა: „ბევრი წყვილი ცდილობს, ბიბლიური პრინციპების თანახმად მოიქცეს, რისთვისაც ქებას იმსახურებენ. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც პატარძალსა და ხელისმომკიდეს არ ეცვათ მოკრძალებულად — მათ ღრმად ამოჭრილი ან ისეთი კაბები ეცვათ, რომლებშიც ყველაფერი ჩანდა“. მოწიფული ქრისტიანი უხუცესი, როდესაც წინასწარ ხვდება დასაქორწინებელ წყვილს, ეხმარება ყველაფერი ქრისტიანული ნორმების ფარგლებში გააკეთონ. როგორ? ის ეკითხება მათ, არის თუ არა მათი საქორწილო ტანსაცმელი იმდენად მოკრძალებული, რომ შეიძლება მისი ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩაცმა. ცხადია, ის, რასაც ქრისტიანულ შეხვედრებზე ვიცვამთ, განსხვავდება საქორწილო ტანსაცმლისგან; საქორწილო ტანსაცმლის შერჩევაზე ადგილობრივი ტრადიციებიც ახდენს გავლენას, მაგრამ პატარძლის ჩაცმულობაში მოკრძალება უნდა ჩანდეს და კაბა ქრისტიანული ნორმების შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. მაშინაც კი, როდესაც ქვეყნიერებაში ვიღაცას ბიბლიური ნორმები ძალიან მკაცრი ეჩვენება, ჭეშმარიტი ქრისტიანები ცდილობენ, წინ აღუდგნენ ქვეყნიერების სულს, თავის ყალიბში მოაქციოს ისინი (რომაელები 12:2; 1 პეტრე 4:4).

პენი ამბობს: „მე და არეტს დიდი მნიშვნელობა ტანსაცმლისა და სუფრისთვის კი არ მიგვინიჭებია, არამედ მთელი ყურადღება სულიერზე გვქონდა გადატანილი. ეს იმ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ყველაზე მეტად ის კი არ დამამახსოვრდა, რა მეცვა და რა ვჭამე, არამედ ის, რომ ცოლად მივყვებოდი მამაკაცს, რომელიც მიყვარდა; ასევე ის, რომ გვერდით საყვარელი ადამიანები მყავდნენ“. კარგია, თუ ქრისტიანები ასეთ თვალსაზრისს ინარჩუნებენ, როცა ქორწილის გადახდას აპირებენ.

სამეფო დარბაზი — საპატიო ადგილი

ბევრ ქრისტიან წყვილს სურს, თუ შესაძლებელია, საქორწილო ცერემონიალი სამეფო დარბაზში აღნიშნოს. რატომ აკეთებენ ისინი ასეთ არჩევანს? ერთი წყვილი ამბობს: „ჩვენ გვესმოდა, რომ ქორწინება იეჰოვას მიერ დაფუძნებული წმინდა კავშირია. სამეფო დარბაზში, ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილას, დაქორწინება ოჯახური ცხოვრების დასაწყისიდანვე დაგვეხმარა, გვხსომებოდა, რომ იეჰოვა ჩვენი ქორწინების განუყოფელი ნაწილი იყო. საქორწილო ცერემონიალის სამეფო დარბაზში ჩატარების კიდევ ერთი დადებითი მხარე ის იყო, რომ იქ დამსწრე ურწმუნო ნათესავებმა დაინახეს, თუ რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით იეჰოვას თაყვანისცემას“.

თუ სამეფო დარბაზზე პასუხისმგებელი უხუცესები წყვილს ნებას დართავენ, საქორწილო ცერემონიალი დარბაზში ჩაატარონ, წყვილმა წინასწარ უნდა უთხრას უხუცესებს, რის გაკეთებას აპირებენ. ნეფე-პატარძალს სტუმრებისადმი პატივისცემის გამოვლენა იმითაც შეუძლია, რომ დაგეგმილ დროს მივლენ ცერემონიალზე. ცხადია, წყვილმა უნდა იზრუნოს, რომ ყველაფერი ღირსეულად მოხდეს * (1 კორინთელები 14:40). ამგვარად ისინი თავიდან აირიდებენ უღირს ქმედებებს, რაც მრავალი ქვეყნიური ქორწილისთვის არის დამახასიათებელი (1 იოანე 2:15, 16).

მიწვეული სტუმრებიც უნდა იზიარებდნენ ქორწინებასთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისს. მაგალითად, მათ არ უნდა ჰქონდეთ იმის მოლოდინი, რომ ეს ქორწილი სხვა ქრისტიანულ ქორწილებზე უკეთესი იქნება, თითქოს, შეჯიბრი ხდებოდეს იმაში, თუ ვინ უკეთეს ქორწილს გადაიხდის. მოწიფულ ქრისტიანებს აგრეთვე ესმით, რომ სამეფო დარბაზში ბიბლიური მოხსენების მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქორწილო სუფრაზე ყოფნა. თუ დრო და მდგომარეობა მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზე დასწრების საშუალებას გვაძლევს, სამეფო დარბაზში მისვლა ნამდვილად უმჯობესი იქნებოდა. ერთი უხუცესი, სახელად უილიამი, ამბობს: „თუ სტუმრები არასაპატიო მიზეზის გამო არ მივლენ სამეფო დარბაზში, მაგრამ მოგვიანებით საქორწილო სუფრაზე იქნებიან, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ მათ არ ესმით, რამდენად წმინდაა ქორწინება. მაშინაც კი, თუ საქორწილო სუფრაზე მიწვეულები არა ვართ, სამეფო დარბაზში ცერემონიალზე დასწრებით სიძე-პატარძალს მხარში ამოვუდგებით და მათ ურწმუნო ნათესავებს კარგ დამოწმებას მივცემთ“.

სიხარული, რომელიც ქორწილის დღით არ შემოიფარგლება

კომერციულმა სამყარომ საქორწილო ცერემონიალი შემოსავლის უდიდეს წყაროდ აქცია. ერთი ცნობის თანახმად, შეერთებულ შტატებში საშუალო დონის ქორწილი „22 000 დოლარი ჯდება, რაც ოჯახის [წლიური] შემოსავლის ნახევარია“. კომერციული პროპაგანდის გავლენით მრავალი ახალდაქორწინებული ან მათი ოჯახები ვალებში ვარდება, რასაც წლების განმავლობაში იხდიან. არის გონივრული ოჯახური ცხოვრების ამგვარად დაწყება? ის, ვინც არ იცნობს ან უგულებელყოფს ბიბლიურ პრინციპებს, შეიძლება ასეთ უკიდურესობაში ჩავარდეს, მაგრამ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის სულ სხვაგვარად არის საქმე.

მრავალი ქრისტიანი კმაყოფილდება პატარა ქორწილით, ვალებს არ იღებს და ამ მოვლენის სულიერ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას, რის შედეგადაც შესაძლებლობა ეძლევათ, თავიანთი დრო და მატერიალური სახსრები ღვთისადმი მიძღვნის შესაბამისად გამოიყენონ (მათე 6:33). განვიხილოთ ლოიდისა და ალექსანდრას მაგალითი, რომლებიც უკვე 17 წელია დაქორწინებულები არიან და დაქორწინების დღიდან სრული დროით მსახურობენ. ლოიდი ამბობს: „შესაძლოა, ზოგი ფიქრობდა, რომ მეტისმეტად უბრალო ქორწილი გვქონდა, მაგრამ მე და ალექსანდრა ძალიან კმაყოფილები ვიყავით. ვფიქრობდით, რომ ქორწილის დღე ტვირთად კი არ უნდა დასწოლოდა წყვილს და ფინანსური პრობლემები შეექმნა მათთვის, არამედ იეჰოვას მიერ დაფუძნებული ეს დღესასწაული ისეთი სახით უნდა აღნიშნულიყო, რომ დიდი სიხარული მოეტანა ახალდაქორწინებულთათვის“.

ალექსანდრა დასძენს: „დაქორწინებამდე პიონერად ვმსახურობდი და არ მინდოდა პიონერობის მიტოვება მხოლოდ იმიტომ, რომ უჩვეულო ქორწილი გადამეხადა. ჩვენი ქორწილის დღე განსაკუთრებული იყო. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ცოლქმრული ცხოვრების დასაწყისი იყო. გავითვალისწინეთ რჩევა, მეტისმეტი ყურადღება დაქორწინების პროცესზე კი არ გაგვემახვილებინა, არამედ იმაზე, რომ, როგორც დაქორწინებულ წყვილს, ცხოვრებაში იეჰოვას ხელმძღვანელობა გვეძია. ამან ნამდვილად მოგვიტანა იეჰოვას კურთხევები“ *.

დიახ, ქორწილის დღე განსაკუთრებულია. ამ დღისადმი თქვენმა დამოკიდებულებამ და იმან, თუ რას გააკეთებთ ამ დღეს, შეიძლება თქვენს ცხოვრებაზე წლების განმავლობაში იქონიოს გავლენა. ამიტომ ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართეთ (იგავები 3:5, 6). ამ დღეს უმთავრესი მნიშვნელობა სულიერს მიანიჭეთ. ერთმანეთს დაეხმარეთ თქვენთვის ღვთის მიერ დაკისრებული როლის შესრულებაში. ასეთი სახით თქვენს ქორწინებას მტკიცე საფუძველს ჩაუყრით და თქვენი სიხარული, იეჰოვას კურთხევით, მხოლოდ ქორწილის დღით არ შემოიფარგლება (იგავები 18:22).

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 ქორწილთან დაკავშირებით დამატებითი მასალის ნახვა შეგიძლიათ 2002 წლის 8 აპრილის „გამოიღვიძეთ!“-ში (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

^ აბზ. 20 თუ წყვილი გადაწყვეტს, სამეფო დარბაზში ცერემონიალის დროს გადაიღოს სურათები ან ჩაიწეროს პროგრამა, წინასწარ უნდა იზრუნონ, რომ ისეთი არაფერი გაკეთდეს, რაც ხელს შეუშლიდა ქორწილის ღირსეულად წარმართვას.

^ აბზ. 25 იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“, გვერდი 26 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[სურათი 29 გვერდზე]

ქორწილის დაგეგმვისას წყვილი გულახდილად და პატივისცემით უნდა ესაუბროს ერთმანეთს.

[სურათი 31 გვერდზე]

ქორწილის დღეს უმთავრესი მნიშვნელობა სულიერს მიანიჭეთ.