არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, რომ გაქვთ რწმენა

თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, რომ გაქვთ რწმენა

თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, რომ გაქვთ რწმენა

„რწმენაც . . . თუ საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“ (იაკობი 2:17).

1. რატომ აქცევდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები ყურადღებას როგორც რწმენას, ისე საქმეებს?

პირველ საუკუნეში ქრისტიანებმა თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს, რომ ჰქონდათ რწმენა. მოწაფე იაკობმა ყველა ქრისტიანს მოუწოდა: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი“. მან დაამატა: „როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე“ (იაკობი 1:22; 2:26). ამ სიტყვების დაწერიდან დაახლოებით 35 წლის შემდეგ მრავალი ქრისტიანი განაგრძობდა რწმენის სათანადო საქმეებით გამოვლენას. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგი ასე არ იქცეოდა. იესომ სმირნას კრება შეაქო, მაგრამ სარდისის კრების ბევრი წევრის მისამართით თქვა: „ვიცი შენი საქმეები, ისეთი სახელი გაქვს, თითქოს ცოცხალი იყო, თუმცა მკვდარი ხარ“ (გამოცხადება 2:8—11; 3:1).

2. რა კითხვები უნდა დაუსვან ქრისტიანებმა საკუთარ თავს რწმენასთან დაკავშირებით?

2 იესომ მოუწოდა სარდისის კრების წევრებს — და ყველას, ვინც მოგვიანებით მის სიტყვებს წაიკითხავდა — ჭეშმარიტებისადმი თავიანთი პირველი სიყვარული საქმეებით დაემტკიცებინათ და სულიერად ეფხიზლათ (გამოცხადება 3:2, 3). თითოეულმა შეიძლება საკუთარ თავს ჰკითხოს: „როგორია ჩემი საქმეები? ნათლად ცხადყოფს ისინი, რომ მაქსიმალურად ვცდილობ, რწმენა გამოვავლინო ყველაფერში, მათ შორის ისეთ საქმეებშიც, რომლებიც ქადაგებასა და კრების შეხვედრებთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული?“ (ლუკა 16:10). ამის გამოსარკვევად შეიძლება გადავხედოთ ცხოვრების მრავალ სფეროს, მაგრამ ახლა განვიხილოთ მხოლოდ ერთი მათგანი — ერთად შეკრება, მათ შორის, ქრისტიანულ ქორწილზე დასწრება.

პატარა თავყრილობა

3. როგორია ბიბლიის თვალსაზრისი ერთად შეკრებასთან დაკავშირებით?

3 უმეტესობა ჩვენგანი მოხარულია, როდესაც თანაქრისტიანები სტუმრად გვეპატიჟებიან. იეჰოვა ‘ბედნიერი ღმერთია’ და სურს, მისი მსახურებიც ბედნიერნი იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). მან სოლომონს ბიბლიაში ჩააწერინა: „შევაქე მხიარულება, რადგან ადამიანისთვის იმაზე უკეთესი არაფერია მზის ქვეშ, რომ ჭამოს, სვას და გაიხაროს. ეს თან უნდა ახლდეს მას გარჯაში მთელი სიცოცხლე“ (ეკლესიასტე 3:1, 4, 13; 8:15). მსგავსი მხიარულება სუფევს ოჯახურ სადილზე ან ჭეშმარიტ ქრისტიანთა სხვა თავშეყრის ადგილებში (იობი 1:4, 5, 18; ლუკა 10:38—42; 14:12—14).

4. რით უნდა იყოს დაინტერესებული ქრისტიანი, რომელიც სტუმრების მოწვევას აპირებს?

4 თუ სტუმრების დაპატიჟებას აპირებთ, კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყველაფერი მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე თანაქრისტიანს იწვევთ სადილად ან, უბრალოდ, სასაუბროდ (რომაელები 12:13). ყურადღება უნდა მიაქციოთ, რომ „ყველაფერი წესიერად“ და „ზემოდან მომავალი სიბრძნის“ ხელმძღვანელობით ხდებოდეს (1 კორინთელები 14:40; იაკობი 3:17). მოციქული პავლე წერდა: „ამიტომ ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. ნუ დააბრკოლებთ [სხვებს]“ (1 კორინთელები 10:31, 32). რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება? თუ ამაზე წინასწარ იფიქრებთ, ეს თქვენ და თქვენს სტუმრებს დაგეხმარებათ, რწმენა საქმით გამოავლინოთ (რომაელები 12:2).

როგორი უნდა იყოს შეხვედრა?

5. რატომ უნდა მიაქციოს მასპინძელმა ყურადღება ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასა და მუსიკას?

5 მრავალი მასპინძელი ფიქრობს, გაუმასპინძლდეს თუ არა სტუმრებს ალკოჰოლური სასმელებით. სასმელი აუცილებელი არ არის იმისათვის, რომ სტუმრებმა ისიამოვნონ. გავიხსენოთ, როგორ დააპურა იესომ უამრავი ადამიანი პურითა და თევზით. ბიბლიის ამ მონაკვეთში ნათქვამი არ არის, რომ იესომ სასწაული მოახდინა, რათა ხალხს ღვინით გამასპინძლებოდა, თუმცა ვიცით, რომ მას შეეძლო ამის გაკეთება (მათე 14:14—21). თუ ალკოჰოლური სასმელებით გამასპინძლებას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სასმელი ზომიერად იყოს სუფრაზე; ამავე დროს გქონდეთ უალკოჰოლო სასმელებიც მათთვის, ვინც ასეთ სასმელს ამჯობინებს (1 ტიმოთე 3:2, 3, 8; 5:23; 1 პეტრე 4:3). არავის დააძალოთ სასმელის დალევა, რომელმაც შეიძლება ‘გველივით უკბინოს’ ადამიანს (იგავები 23:29—32). რა შეიძლება ითქვას მუსიკასა და სიმღერებზე? თუ შეხვედრების დროს მუსიკის მოსმენა გსურთ, რა თქმა უნდა, საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოთ სიმღერები და მხედველობაში მიიღოთ, როგორც რიტმი, ისე სიტყვები (კოლოსელები 3:8; იაკობი 1:21). ბევრმა ქრისტიანმა დაინახა, რომ „სამეფოს მელოდიების“ მოსმენა ან მათი მღერა სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის (ეფესოელები 5:19, 20). ასევე საჭიროა ყურადღება მიექცეს მუსიკის ხმის სიმაღლეს, რათა ამან ხელი არ შეუშალოს ერთმანეთს შორის სასიამოვნო საუბარს და არც მეზობლები შეაწუხოს (მათე 7:12).

6. როდესაც საქმე ეხება შეხვედრაზე საუბრებსა თუ სხვა საკითხებს, როგორ შეიძლება მასპინძელმა ცხადყოს, რომ მისი რწმენა ცოცხალია?

6 შეხვედრების დროს ქრისტიანები სხვადასხვა თემაზე საუბრობენ, ამა თუ იმ მასალას ხმამაღლა კითხულობენ ან საინტერესო შემთხვევებს ყვებიან. თუ საუბარი ქრისტიანული ნორმების ფარგლებს სცდება, მასპინძელმა ტაქტიანად უნდა შეუცვალოს მას მიმართულება. მასპინძელი აგრეთვე ყურადღებით უნდა იყოს, რათა საუბრის დროს ერთი პიროვნება არ დომინირებდეს. თუ მსგავსი რამ შეინიშნება, მან გონიერება უნდა გამოავლინოს და სხვებსაც მისცეს საუბარში მონაწილეობის მიღების საშუალება; შეიძლება ახალგაზრდები ჩართოს საუბარში ან ისეთ თემაზე დაიწყოს ლაპარაკი, რომელშიც ყველა მიიღებდა მონაწილეობას. ეს სასიამოვნო იქნებოდა ყველასთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, ისე ხანდაზმულისთვის. როგორც ორგანიზატორი, თუ შეხვედრას გონივრულად და ტაქტიანად გაუძღვებით, ‘თქვენი კეთილგონიერება ცნობილი გახდება’ დამსწრეთათვის (ფილიპელები 4:5). ყველა დაინახავს, რომ თქვენი რწმენა ცოცხალია და თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე ირეკლება.

საქორწილო ცერემონიალი და ქორწილი

7. რატომ არის საჭირო კარგი დაფიქრება ქრისტიანული ქორწილის ორგანიზებაზე?

7 სიხარულის მომტანი ერთ-ერთი განსაკუთრებული მოვლენა ქრისტიანული ქორწილია. ღვთის ძველი დროის მსახურები, მათ შორის ქრისტე და მისი მოწაფეები, სიამოვნებით ესწრებოდნენ ასეთ მხიარულ შეკრებებსა და ნადიმებს (დაბადება 29:21, 22; იოანე 2:1, 2). მაგრამ დღეს გამოცდილება აჩვენებს, რომ ქორწილის ორგანიზება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რათა ასეთ წვეულებაზე გონიერება და ზომიერება გამოვლინდეს. წვეულებები ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ დროს ქრისტიანს საშუალება ეძლევა, დაამტკიცოს, რომ მისი რწმენა ცოცხალია.

8, 9. როგორ ჩანს მრავალი ქორწილიდან ის, რაც 1 იოანეს 2:16, 17-შია ჩაწერილი?

8 მრავალი, ვინც არ იცნობს ღმერთს და ღვთის პრინციპებს უგულებელყოფს, ქორწილის დროს უკიდურესობებში ვარდება ან ბევრ რამეს შემწყნარებლურად ეკიდება. ერთ ევროპულ ჟურნალში ახალდაქორწინებულმა ქალმა თავისი „მეფური“ ქორწილის შესახებ აღნიშნა: „ოთხ ცხენშებმულ ეტლში ვისხედით; უკან 12 ცხენშებმული კაბრიოლეტი მოგვყვებოდა; მას კი მოსდევდა კარეტა, რომელშიც მუსიკოსები ისხდნენ და უკრავდნენ. ზღაპრული სუფრა გვქონდა გაშლილი და საუცხოო მუსიკით ვტკბებოდით. ყველაფერი ფანტასტიკური იყო. ოცნება ავისრულე — იმ დღეს ნამდვილი დედოფალი ვიყავი“.

9 ქორწილთან დაკავშირებული ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია, მაგრამ ზემოთ ნათქვამი სიტყვებიდან აშკარად ჩანს ის, რაც მოციქულმა იოანემ აღნიშნა: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მოწიფული ქრისტიანი წყვილი, რომელთაც „მეფურ“ ქორწილში ზღაპრული სუფრის გაშლა სურთ? ქორწილისადმი ქრისტიანების დამოკიდებულებამ უნდა ცხადყოს, რომ მათ ესმით ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ღვთის ნების შემსრულებელი . . . სამარადისოდ რჩება“ (1 იოანე 2:16, 17).

10. ა) რატომ არის წინასწარ დაგეგმვა მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ქორწილმა მართებულად ჩაიაროს? ბ) როგორ უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება ქორწილში სტუმრების დაპატიჟებასთან დაკავშირებით?

10 ქრისტიან წყვილს მართებს, იყვნენ რეალისტები და გონიერები, რაშიც მათ ბიბლია დაეხმარება. ქორწილის დღე მნიშვნელოვანია, მაგრამ წყვილს ესმის, რომ ეს არის ოჯახური ცხოვრების მხოლოდ დასაწყისი ქრისტიანთათვის, რომელთაც მარადიული ცხოვრების პერსპექტივა აქვთ. აუცილებელი არ არის, რომ მათ დიდი ქორწილი გადაიხადონ. თუ წყვილი ქორწილის გადახდას აპირებს, საჭიროა წინასწარ გამოთვალონ ხარჯები და იფიქრონ, თუ როგორ წარიმართება ის (ლუკა 14:28). ბიბლიის თანახმად, ქმარი უნდა იყოს ქრისტიანული ოჯახის თავი (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:22, 23). ამიტომ, ძირითადად, ნეფეა პასუხისმგებელი იმაზე, თუ როგორ წარიმართება ქორწილი. რა თქმა უნდა, ის თავის მომავალ მეუღლესთან ერთად წყვეტს, რამდენი სტუმრის მიღება შეუძლიათ და ვისი დაპატიჟება სურთ. შეუძლებელია და არაპრაქტიკული ყველა მეგობრისა და ნათესავის დაპატიჟება; ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას ზომიერების გამოვლენაა საჭირო. წყვილი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ, თუ რომელიმე თანაქრისტიანს ქორწილში ვერ დაპატიჟებენ, ისინი გაუგებენ და არ განაწყენდებიან (ეკლესიასტე 7:9).

თამადა“

11. რა როლს ასრულებს ქორწილში „თამადა“?

11 თუ წყვილი ქორწილის გადახდას გადაწყვეტს, როგორ შეუძლიათ იზრუნონ იმაზე, რომ ეს მოვლენა ღირსეულად აღინიშნოს? ათეული წლებია, რაც იეჰოვას მოწმეები აფასებენ იმ ბიბლიური სიტყვების პრაქტიკულობას, რომლებიც კანაში ქორწილზე იესოს დასწრებას ეხება. იქ ჰყავდათ „თამადა“, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი თანამორწმუნე იყო, და ნადიმს ხელმძღვანელობდა (იოანე 2:9, 10). მსგავსად ამისა, გონიერი სიძე სულიერად მოწიფულ ძმას ირჩევს იმისათვის, რომ მას დააკისროს ეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. ამ ძმამ უნდა გაიგოს, რა სურს სიძეს და რას ანიჭებს უპირატესობას, შემდეგ კი ქორწილამდე და ქორწილის დროს ამის თანახმად იმოქმედოს.

12. რა უნდა მიიღოს მხედველობაში სიძემ ალკოჰოლური სასმელების გამოყენებასთან დაკავშირებით?

12 როგორც მე-5 აბზაცში იყო აღნიშნული, ზოგმა წყვილმა შეიძლება საერთოდ უარი თქვას ალკოჰოლური სასმელებით გამასპინძლებაზე, რათა არავინ გამოიყენოს ის ბოროტად და ყველაფერმა ღირსეულად ჩაიაროს (რომაელები 13:13; 1 კორინთელები 5:11). მაგრამ ალკოჰოლური სასმელები თუ ექნებათ, საჭიროა სიძემ ყურადღება მიაქციოს, რომ ის ზომიერად იქნას გამოყენებული. კანაში, სადაც იესო ქორწილს დაესწრო, ჰქონდათ ღვინო და თავად იესომაც იზრუნა იმაზე, რომ სტუმრებისთვის კარგი ღვინო შეეთავაზებინათ. საინტერესოა თამადის სიტყვები: „ჯერ კარგი ღვინო გამოაქვთ, ხოლო როცა ხალხი დათვრება — მდარე, შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს“ (იოანე 2:10). ცხადია, იესო ხელს არ შეუწყობდა ლოთობას, რადგან ის მიუღებლად მიიჩნევდა ასეთ რამეს (ლუკა 12:45, 46). თამადამ კარგი ღვინის დანახვაზე გაოცება ვერ დამალა და წარმოთქვა სიტყვები, საიდანაც ჩანს, რომ ის ისეთ ქორწილებშიც ყოფილა, სადაც დათრობამდე სვამდნენ (საქმეები 2:15; 1 თესალონიკელები 5:7). ამიტომ სიძემაც და იმ ქრისტიანმაც, ვისაც ქორწილის გაძღოლას მიანდობენ, უნდა იზრუნონ, რომ ყველა დამსწრემ გაითვალისწინოს მითითება: „ნუ დათვრებით ღვინით, რაშიც აღვირახსნილობაა“ (ეფესოელები 5:18; იგავები 20:1; ოსია 4:11).

13. რას უნდა მიაქციოს წყვილმა ყურადღება, თუ მათ სურთ ქორწილში მუსიკა უკრავდეს და რატომ?

13 ქორწილში, ისევე როგორც სხვა შეკრებების დროს, თუ მუსიკა იქნება, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ხმის სიმაღლეს, რათა დამსწრეებს საუბარში ხელი არ შეეშალოს. ერთმა ქრისტიანმა უხუცესმა აღნიშნა: „წვეულების დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, როდესაც საუბრები უფრო გაცხოველებული ხდება და ცეკვას იწყებენ, ზოგჯერ მუსიკის ხმასაც უწევენ. მანამდე თუ მუსიკა მხოლოდ ფონს ქმნიდა, ახლა ის უფრო მაღალ ხმაზე უკრავს და დამსწრეებს საუბარში ხელს უშლის. ქორწილი შესანიშნავი საშუალებაა სასიამოვნო ურთიერთობებისთვის. რა სამწუხარო იქნებოდა, თუ მუსიკა ამაში ხელს შეგვიშლიდა!“ ნეფემ და თამადამ იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ მუსიკოსებზე — იქნება ეს დაქირავებული თუ სხვები — არ იყოს დამოკიდებული ხმის სიმაღლის რეგულირება; მათ აგრეთვე კონტროლი უნდა გაუწიონ, თუ რა სიმღერებს შეასრულებენ ისინი. პავლემ დაწერა: „სიტყვით იქნება თუ საქმით, ყველაფერი უფალ იესოს სახელით აკეთეთ“ (კოლოსელები 3:17). ქორწილიდან დაბრუნებულ სტუმრებს, როგორ გაახსენდებათ მუსიკა, რომელიც იქ ჟღერდა — ჩანდა მასში ის, რომ წყვილი ყველაფერს იესოს სახელით აკეთებდა? ამაზე ღირს დაფიქრება.

14. რა უნდა გაახსენდეთ სიამოვნებით ქრისტიანებს ქორწილიდან?

14 დიახ, კარგად ორგანიზებული ქორწილი სასიამოვნო გასახსენებელია. ადამმა და ედიტამ, რომლებიც 30 წელია, რაც დაქორწინებული არიან, ერთი ქორწილის შესახებ თქვეს: „იქ ნამდვილად ქრისტიანული ატმოსფერო სუფევდა. მღეროდნენ იეჰოვას განსადიდებელ სიმღერებს; იყო ქრისტიანებისთვის მისაღები სხვა გასართობი საშუალებებიც. ცეკვა და მუსიკა უკანა პლანზე იყო გადატანილი. ყველაფერი სასიამოვნო და გამახალისებელი იყო და ბიბლიურ პრინციპებს შეესაბამებოდა“. ნათელია, რომ ნეფე-პატარძალს ბევრის გაკეთება შეუძლიათ იმისათვის, რომ რწმენა საქმეებით დაამტკიცონ.

საქორწილო საჩუქარი

15. რომელი ბიბლიური რჩევა უნდა გამოვიყენოთ საქორწილო საჩუქრის მირთმევისას?

15 ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ ახალდაქორწინებულებს ახლობლებმა და მეგობრებმა საჩუქრები მიართვან. რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ საჩუქრის მიტანას აპირებთ? გაიხსენეთ მოციქულ იოანეს სიტყვები „ქონებით ტრაბახთან“ დაკავშირებით. იოანე ამ სიტყვებს იყენებს არა იმ ქრისტიანებთან მიმართებაში, რომლებიც რწმენას საქმეებით ავლენენ, არამედ ‘ქვეყნიერებასთან’ დაკავშირებით, რომელიც „გადადის“ (1 იოანე 2:16, 17). ღვთის შთაგონებით იოანეს მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან გამომდინარე, სახალხოდ უნდა გამოაცხადონ ახალდაქორწინებულებმა, თუ ვინ რა საჩუქარი მიართვა მათ? მაკედონელმა და აქაიელმა ქრისტიანებმა იერუსალიმელი ძმებისთვის შესაწირავები გაიღეს, მაგრამ ბიბლიაში არსად არ არის მოხსენიებული, რომ მათი სახელები საჯაროდ გამოცხადდა (რომაელები 15:26). ბევრ ქრისტიანს, ვინც ახალდაქორწინებულებს საჩუქარს ჩუქნის, არ სურს, რომ ეს გახმაურდეს და ზედმეტი ყურადღება მიიქციოს. ამასთან დაკავშირებით, გაიხსენეთ იესოს რჩევა, რომელიც მათეს 6:1—4-შია ჩაწერილი.

16. როგორ შეუძლიათ საქორწილო საჩუქრებთან დაკავშირებით ახალდაქოწინებულებს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდონ სხვები?

16 იმის ხმამაღლა თქმამ, თუ ვინ რა საჩუქარი მიიტანა, ადამიანებში შეიძლება „შეჯიბრების“ სული აღძრას — ვისი საჩუქარია უკეთესი ან უფრო ძვირფასი. ამგვარად, გონიერი ახალდაქორწინებული ქრისტიანი წყვილი თავს შეიკავებს სახელების ხმამაღლა გამოცხადებისგან, რაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა სხვებს, რომელთაც შესაძლოა არა აქვთ საჩუქრის მიტანის შესაძლებლობა (გალატელები 5:26; 6:10). ცხადია, ცუდი არაფერია იმაში, რომ ნეფე-პატარძალმა იცოდეს, ვინ მიართვა ესა თუ ის საჩუქარი. ამის გაგება მათ შეუძლიათ ღია ბარათიდან, რომელიც თან ახლავს საჩუქარს, მაგრამ ამ ბარათს ხმამაღლა არ კითხულობენ. როდესაც საქორწილო საჩუქარს ვყიდულობთ, ვჩუქნით ან თავად ვიღებთ მას, გვეძლევა შესაძლებლობა, ასეთ პირად საკითხებშიც კი, ჩვენი რწმენა საქმეებით დავამტკიცოთ *.

17. რა მიზანი უნდა ჰქონდეს ქრისტიანს რწმენასა და საქმეებთან დაკავშირებით?

17 რწმენის საქმეებით დადასტურებაში უფრო მეტი შედის, ვიდრე ზნეობრივი პრინციპების თანახმად ცხოვრება, ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება. დაე თითოეულ ჩვენგანს გვქონდეს ცოცხალი რწმენა, რაც გავლენას მოახდენს ყველაფერზე, რასაც გავაკეთებთ. დიახ, ჩვენ შეგვიძლია რწმენის გამოვლენა ‘საქმეების ბოლომდე შესრულებით’ ყველაფერში და, მათ შორის, ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებში (გამოცხადება 3:2).

18. როგორ ეხება იოანეს 13:17-ში ჩაწერილი სიტყვები ქრისტიანულ ქორწილებსა და შეხვედრებს?

18 მას შემდეგ, რაც იესომ ფეხების დაბანით ერთგულ მოციქულებს თავმდაბლობის მაგალითი მისცა, აღნიშნა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:4—17). ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შეიძლება აუცილებელი არ იყოს ან უჩვეულოდაც მიაჩნდეთ სტუმრისთვის ფეხების დაბანა. მაგრამ, როგორც ამ სტატიიდან დავინახეთ, ცხოვრების სხვა სფეროებში შეგვიძლია რწმენა დავადასტუროთ საქმეებით, რომლებშიც სიყვარული ჩანს და სხვების გრძნობებს ეწევა ანგარიში. ასე უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომლებსაც რწმენის საქმეებით გამოვლენა სურთ იმისგან დამოუკიდებლად, ნეფე-პატარძლის როლში იქნებიან თუ სტუმრის.

[სქოლიოები]

^ აბზ. 16 დამატებითი ინფორმაცია ქორწინებასა და ქორწილთან დაკავშირებით იხილეთ მომდევნო სტატიაში: „დაე უფრო სასიხარულო და ღირსეული იყოს თქვენი ქორწინების დღე“.

როგორ უპასუხებდით?

• როგორ შეგიძლიათ რწმენის საქმეებით გამოვლენა:

• როდესაც დიდ შეხვედრებს აწყობთ?

• როდესაც ქორწილს იხდით?

• როდესაც იღებთ ან ჩუქნით საქორწილო საჩუქარს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 24 გვერდზე]

მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ეპატიჟებით, „ზემოდან მომავალი სიბრძნით“ იხელმძღვანელეთ.