არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იუდეველთა რიტუალური განბანა ნათლობის წინასახეობა იყო?

იუდეველთა რიტუალური განბანა ნათლობის წინასახეობა იყო?

იუდეველთა რიტუალური განბანა ნათლობის წინასახეობა იყო?

იოანე ნათლისმცემელი „ქადაგებდა ნათლობას, რომელიც მონანიების ნიშანია“. იესომაც დაავალა თავის მიმდევრებს, მოემზადებინათ მოწაფეები და მოენათლათ ისინი (მარკოზი 1:4; მათე 28:19).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქრისტიანული ნათლობა მოითხოვს წყალში სრულ ჩაძირვას. როგორც ერთ წიგნშია ნათქვამი, „მსგავსი რიტუალები გავრცელებულია ბევრ, ძველ თუ ახალ, რელიგიაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხესა და მრავალ კულტურაში“ („Jesus and His World“). წიგნში აგრეთვე აღნიშნულია, რომ „ქრისტიანული ნათლობა . . . იუდაიზმიდან იღებს სათავეს“. რამდენად მართებულია ასეთი განაცხადი?

იუდეველთა რიტუალური აუზები

არქეოლოგებმა, რომლებიც იერუსალიმის ტაძრის მთასთან ახლოს გათხრებს აწარმოებდნენ, აღმოაჩინეს ასამდე რიტუალური აბანო, ანუ განსაბანი აუზი, რომლებიც ძვ. წ. I — ახ. წ. I საუკუნეებით დაათარიღეს. ახ. წ. II თუ III საუკუნეში აგებული სინაგოგის კედელზე აღმოჩენილი წარწერა გვატყობინებს, რომ ასეთი აბანოებით სარგებლობა შეეძლო ნებისმიერს, „ვინც ამას საჭიროებდა“. სხვა აბანოები აღმოაჩინეს იერუსალიმის იმ ნაწილში, სადაც მღვდლების ოჯახები და მდიდრები ცხოვრობდნენ; თითქმის ყველა სახლში რიტუალური აბანო იყო.

აბანოებს მართკუთხა ფორმა ჰქონდათ. ისინი ან ქვაში იყო ამოკვეთილი ან მიწაში იყო ამოთხრილი და აგურით ან ქვით მოპირკეთებული. აბანოები მობათქაშებული იყო, წყალს რომ არ გაეჟონა. უმეტესობის ზომა 1, 8 მ x 2, 7 მ-ს შეადგენდა. წყალსადენი მილების მეშვეობით აუზში წვიმის წყალი ჩაედინებოდა. აუზი სულ მცირე 1, 2 მ სიმაღლეზე იყო დაფარული წყლით, რათა მოხრილ ადამიანს შეძლებოდა სრულად ჩაძირვა. საფეხურები, რომლებიც წყალში ჩადიოდა, ზოგჯერ დაბალი კედლით იყოფოდა. როგორც ფიქრობენ, აბანოს ის ნაწილი, რომელიც საფეხურების ერთ მხარეს მდებარეობდა, განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ გაუწმინდურებული ადამიანი მასში განსაწმენდად ჩასულიყო, ხოლო მეორე ნაწილი — უკვე განწმენდილის ამოსასვლელად, კვლავ რომ არ გაუწმინდურებულიყო.

ეს აბანოები იუდეველთა რიტუალური განწმენდისთვის გამოიყენებოდა. რა მიზანს ემსახურებოდა ის?

კანონი და განბანის ტრადიცია

მოსეს კანონი ხაზგასმით მოითხოვდა, რომ ღვთის ხალხი როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად წმინდა ყოფილიყო. ისრაელების გაუწმინდურება შეიძლება სხვადასხვა რამეს გამოეწვია, ამიტომ ისინი უნდა განწმენდილიყვნენ — ტანი დაებანათ და ტანსაცმელი გაერეცხათ (ლევიანები 11:28; 14:1—9; 15:1—31; მეორე კანონი 23:10, 11).

იეჰოვა ღმერთი შეუდარებლად წმინდაა. ამიტომ, მღვდლებსა და ლევიანებს მოეთხოვებოდათ, რომ სამსხვერპლოსთან მისვლამდე ხელ-ფეხი დაებანათ, რომ არ დახოცილიყვნენ (გამოსვლა 30:17—21).

სწავლულების აზრით ახ. წ. პირველი საუკუნისთვის იუდეველთა რელიგიურმა წინამძღოლებმა ეს მოთხოვნა, რომელიც მხოლოდ მღვდლებს ეხებოდა, არალევიანებსაც დაუდგინეს. ესენიელებიცა და ფარისევლებიც განბანის რიტუალს ხშირად ასრულებდნენ. იესოს დროს არსებულ მდგომარეობაზე ერთ წყაროში ნათქვამია: „იუდეველებს მოეთხოვებოდათ რიტუალური განბანა ტაძრის მთაზე ასვლამდე, მსხვერპლის შეწირვამდე, სამღვდლო შესაწირავიდან სარგებლობის მიღებამდე და მსგავს სიტუაციებში“. როგორც თალმუდში წერია, განბანის მსურველი სრულად უნდა ჩაძირულიყო წყალში.

იესო აკრიტიკებდა ფარისევლებს იმის გამო, რომ დაჟინებით მოითხოვდნენ რიტუალური განწმენდის წესების დაცვას. ისინი „სხვადასხვაგვარი განბანის“ წესებს ასრულებდნენ, მათ შორის ისეთებს, რომლებიც ‘სასმისების, დოქებისა და სპილენძის ჭურჭლის გავლებას’ ეხებოდა. იესომ ფარისევლებს უთხრა, რომ მათ გვერდი აუარეს ღვთის მცნებას და საკუთარი ტრადიციები დაამკვიდრეს (ებრაელები 9:10; მარკოზი 7:1—9; ლევიანები 11:32, 33; ლუკა 11:38—42). მოსეს კანონში არსად არ ეწერა, რომ ვინმესგან მოითხოვებოდა წყალში სრული ჩაძირვა.

იღებს სათავეს ქრისტიანული ნათლობა იუდეველების მიერ დაფუძნებული რიტუალური განბანიდან? რა თქმა უნდა, არა!

რიტუალური განბანა და ქრისტიანული ნათლობა

იუდეველები თავადვე ასრულებდნენ განწმენდის რიტუალებს. ის ნათლობა კი, რომელსაც იოანე ასრულებდა, სრულიად განსხვავდებოდა იუდეველებისთვის ცნობილი რიტუალური განბანისგან. ის ფაქტი, რომ იოანე ცნობილი იყო ნათლისმცემლის სახელით, იმაზე მიანიშნებს, რომ წყალში ჩაძირვა, რასაც ის ხალხის ნათლობისას მიმართავდა, სრულიად განსხვავებულ მიზანს ემსახურებოდა. იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა იოანეს ხალხიც კი გაუგზავნეს საკითხავად: „რატომ ნათლავ?“ (იოანე 1:25).

მოსეს კანონის თანახმად ღვთის თაყვანისმცემელი იმდენჯერ უნდა განწმენდილიყო, რამდენჯერაც გაუწმინდურდებოდა. მაგრამ ასეთი რამ არ მოითხოვებოდა იმ ნათლობის შემთხვევაში, რომელსაც იოანე, ხოლო მოგვიანებით, ქრისტიანები ასრულებდნენ. იოანეს ნათლობა მონანიებასა და წარსული ცხოვრების უარყოფას ნიშნავდა, ხოლო ქრისტიანული ნათლობა — ღვთისადმი მიძღვნას. ამ ნათლობით ქრისტიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება, და არა მრავალჯერ.

რიტუალური განბანა, რომელიც იუდეველი მღვდლების სახლებსა და ტაძრის მთის ახლოს მდებარე საზოგადოებრივ აბანოებში ხდებოდა, მხოლოდ ერთი შეხედვით ჰგავს ქრისტიანულ ნათლობას. წყალში სრული ჩაძირვა ამ ორ შემთხვევაში აბსოლუტურად განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებდა. ერთ წყაროში ნათქვამია: „სწავლულები ერთხმად ასკვნიან, რომ იოანეს [ნათლისმცემელს] ნათლობის რიტუალი არ გადმოუღია იმდროინდელი შეხედულებებიდან“, რომლებიც იუდაიზმში იყო გავრცელებული („The Anchor Bible Dictionary“). იგივეს თქმა შეიძლება იმ ნათლობაზე, რომელიც ქრისტიანულ კრებაში ტარდება.

ქრისტიანული ნათლობა „ღვთისთვის სუფთა სინდისის თხოვნაა“ (1 პეტრე 3:21). ასეთ ნათლობას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და ცხადყოფს, რომ ადამიანი მთლიანად უძღვნის თავს იეჰოვას და მზადაა, ემსახუროს მას როგორც მისი ძის მოწაფე. წყალში სრული ჩაძირვა ასეთი მიძღვნის შესაფერისი სიმბოლოა. წყალში ჩაძირვა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი კვდება წარსული ცხოვრებისთვის, ხოლო წყლიდან ამოსვლა — იმას, რომ ცოცხლდება ღვთის ნების შესასრულებლად.

იეჰოვა ღმერთი სუფთა სინდისს აძლევს მისადმი მიძღვნილ და მონათლულ მსახურებს. ღვთის შთაგონებით პეტრე მოციქულმა თანამორწმუნეებს უთხრა: „[ნათლობა] უკვე ემსახურება თქვენს ხსნას“. ეს კი ვერანაირად ვერ მიიღწეოდა იუდეველთა რიტუალური განბანით.