არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შეგვიძლია გავიცნოთ ღმერთი?

შეგვიძლია გავიცნოთ ღმერთი?

შეგვიძლია გავიცნოთ ღმერთი?

„მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ. . . ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“ (იოანე 17:3).

„ო ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! — წამოიძახა მოციქულმა პავლემ და განაგრძო, — როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33). შეიძლება ამ სიტყვებიდან დავასკვნათ, რომ ადამიანს არა აქვს იმის უნარი, ჩასწვდეს ღვთის სიბრძნესა და ცოდნას, გაიცნოს ღმერთი და გაიგოს მისი განზრახვები?

ზოგიერთი რელიგიის მიმდევართა აზრით ღვთის გაცნობა შეუძლებელია. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ ამ შეხედულების შესახებ ნათქვამია: „რაც არ უნდა ვიცოდეთ ღმერთზე, ეს მაინც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, თუ როგორია ღმერთი სინამდვილეში . . . შეუძლებელია, ღმერთს რაიმე სახელი უწოდო ან განსაზღვრო, როგორია ის. ნებისმიერი სახელი ან განსაზღვრება გარკვეულ ჩარჩოებში მოაქცევდა ღმერთს, ის კი ამ ყოველივეზე მაღლა დგას . . . ღვთის გაცნობა შეუძლებელია, რადგან ის ყოველგვარ ცოდნას აღემატება“ *.

როგორც ჟურნალ „ნიუსუიკში“ იყო აღნიშნული, მრავალი არარელიგიური ადამიანი ემხრობა „ახალ ორთოდოქსულ შეხედულებას“, რომლის თანახმადაც „არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, და ეს ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ჭეშმარიტება“.

და მაინც, მრავალი ვერ პოულობს პასუხს კითხვაზე, თუ რა არის სიცოცხლის აზრი. ისინი ხედავენ, როგორ ტანჯავს ხალხს სიღარიბე, ავადმყოფობა და ძალადობა, და იმის არცოდნის გამო, თუ რას მოიტანს ხვალინდელი დღე, შეიძლება იმედი გადაწურული აქვთ. მათ შეიძლება ერთი სული აქვთ, მიიღონ პასუხები თავიანთ კითხვებზე, მაგრამ როდესაც ვერ პოულობენ, შესაძლოა ასკვნიან, რომ მათ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. ამის გამო მრავალი ტოვებს თავის რელიგიას და თვითონ ეძებს ღმერთთან დაახლოების გზას, თუ ჯერ კიდევ არ დაუკარგავს იმის რწმენა, რომ ღმერთი არსებობს.

ბიბლიის თვალსაზრისი

მათ, ვისაც სწამთ ბიბლიის და იესო ქრისტეს ღვთის წარმომადგენლად თვლიან, უნდა აინტერესებდეთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე. ალბათ გახსოვთ, რომ იესომ ერთხელ მოიხსენია ორი გზა — ‘განიერი და ფართო, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს და ვიწრო, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს’. იესომ ისიც თქვა, თუ როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ამ ორი გზით მავალნი: „მათ მათივე ნაყოფით იცნობთ“. რა ნაყოფით? როგორც იესომ ახსნა, არა მათი სიტყვებით, არამედ საქმეებით: «ვინც მეუბნება: „უფალო, უფალო“, ყველა ვერ შევა ზეციერ სამეფოში, არამედ ის, ვინც ასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას». საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ გვწამს ღმერთი. ჩვენ ღვთის ნების შესრულება მოგვეთხოვება. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ უპირველესად აუცილებელია, ზუსტად გავიგოთ, რა არის ღვთის ნება (მათე 7:13—23).

იესომ ნათლად აღნიშნა, რომ ადამიანებისთვის სავსებით შესაძლებელია ღვთის შესახებ ცოდნის მიღება. მან თქვა: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). აშკარაა, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ სიბრძნე და ცოდნა, რომელსაც ღმერთი გვიმჟღავნებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამისკენ ვისწრაფვით. ვინც ასე მოიქცევა, ღვთისგან ჯილდოდ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს, ასე რომ, ნამდვილად ღირს ღვთის შესახებ ცოდნის ძიება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 მსგავსი შეხედულებები გავრცელებულია ზოგ აღმოსავლურ რელიგიაში, მაგალითად ინდუიზმში, დაოსიზმსა და ბუდიზმში.

[სურათი 4 გვერდზე]

იესომ თქვა, რომ ვიწრო გზა სიცოცხლემდე მიმყვანია.