არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს იმასთან დაკავშირებით, რაც წმინდაა?

იზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს იმასთან დაკავშირებით, რაც წმინდაა?

იზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს იმასთან დაკავშირებით, რაც წმინდაა?

„გაფრთხილდით, რომ . . . არ იყოს [თქვენ შორის] არც მეძავი და არც ისეთი, ვინც არ აფასებს წმინდას“ (ებრაელები 12:15, 16).

1. რომელ საყოველთაოდ გავრცელებულ თვალსაზრისს არ იზიარებენ იეჰოვას მოწმეები?

ქვეყნიერება სულ უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს იმას, რაც წმინდაა. ფრანგმა სოციოლოგმა ედგარ მორინმა თქვა: „ყველაფერმა, რაზეც ზნეობრივი ფასეულობები იყო დაფუძნებული — ღმერთი, ბუნება, სამშობლო, ისტორია და ინტელექტი — დაკარგა თავისი ძალა . . . ადამიანები თავად ირჩევენ, რა არის მათთვის ფასეული“. ამაში ირეკლება „ქვეყნიერების სული“ ანუ ‘სული, რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს’ (1 კორინთელები 2:12; ეფესოელები 2:2). მსგავს სულს არ ავლენენ ისინი, რომლებმაც თავი მიუძღვნეს იეჰოვას და მზად არიან, დაემორჩილონ მის სამართლიან მმართველობას (რომაელები 12:1, 2). ღვთის მსახურებს ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთვის ის, რაც წმინდაა. რა უნდა იყოს ჩვენს ცხოვრებაში წმინდა? ამ სტატიაში განვიხილავთ ხუთ რამეს, რაც წმინდაა ღვთის ყველა მსახურისთვის. მომდევნო სტატია კი ყურადღებას გაამახვილებს ჩვენი ქრისტიანული შეხვედრების სიწმინდეზე. რას ნიშნავს სიტყვა „წმინდა“?

2, 3. ა) როგორ უსვამს ხაზს ბიბლია იეჰოვას სიწმინდეს? ბ) როგორ შეგვიძლია წმინდავყოთ იეჰოვას სახელი?

2 ბიბლიაში გამოყენებული ებრაული სიტყვა „წმინდა“ რაღაცისთვის გამოყოფილს ნიშნავს. თაყვანისმცემლობაში „წმინდა“ გამოიყენება ისეთი რამის მიმართ, რაც განსაკუთრებული მიზნისთვის არის გამოყოფილი. იეჰოვა წმინდაა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მას „უწმინდესი“ ეწოდება (იგავები 9:10; 30:3). ძველ ისრაელში მღვდელმთავარი ატარებდა თავსაბურავს, რომელზეც მიბმული იყო ოქროს ფირფიტა, წარწერით: „სიწმინდე იეჰოვასია“ (გამოსვლა 28:36, 37). ბიბლიის თანახმად, იეჰოვას ტახტის ირგვლივ მდგარი ქერუბიმები და სერაფიმები ამბობდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა“ (ესაია 6:2, 3; გამოცხადება 4:6—8). სიტყვა „წმინდას“ რამდენჯერმე გამეორება იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვა ყველაზე მეტად არის წმინდა, სუფთა და სპეტაკი. ყველაფერი, რაც წმინდაა, მისგან მომდინარეობს.

3 იეჰოვას სახელი წმინდაა. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ხოტბა შეასხან შენს სახელს. დიდებული, შიშის მომგვრელი და წმინდაა იგი“ (ფსალმუნი 99:3). იესომ გვასწავლა, თუ როგორ უნდა გველოცა: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს [წმინდა იყოს] შენი სახელი“ (მათე 6:9). იესოს დედამ, მარიამმა, თქვა: „ადიდებს ჩემი სული იეჰოვას . . . ძლიერმა დიდებული საქმე გამიკეთა. წმინდაა მისი სახელი“ (ლუკა 1:46, 49). ჩვენ, იეჰოვას მსახურები, მის სახელს წმინდად მივიჩნევთ და ვერიდებით ყველაფერს, რამაც შეიძლება ჩირქი მოსცხოს მის წმინდა სახელს. გარდა ამისა, ვიზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს სიწმინდესთან დაკავშირებით, ანუ წმინდად მივიჩნევთ ყველაფერს, რასაც ის მიიჩნევს წმინდად (ამოსი 5:14, 15).

რატომ მივაგებთ იესოს დიდ პატივს

4. რატომ უწოდებს ბიბლია იესოს „წმინდას“?

4 იესო, როგორც წმინდა ღმერთის, იეჰოვას, „მხოლოდშობილი ძე“, შექმნისთანავე წმინდა იყო (იოანე 1:14; კოლოსელები 1:15; ებრაელები 1:1—3). ამიტომ მას „ღვთის წმინდა“ ეწოდა (იოანე 6:69). იესო წმინდა დარჩა მაშინაც, როდესაც მისი სიცოცხლე ზეციდან დედამიწაზე იქნა გადმოტანილი, რადგან მარიამს იესო წმინდა სულის ძალით შეეძინა. ანგელოზმა მარიამს უთხრა: „წმინდა სული გადმოვა შენზე . . . მას, ვინც დაიბადება, ეწოდება წმინდა, ღვთის ძე“ (ლუკა 1:35). იეჰოვასადმი ლოცვაში იერუსალიმელმა ქრისტიანებმა ორჯერ მოიხსენიეს ღვთის ძე, როგორც „წმინდა მსახური“ (საქმეები 4:27, 30).

5. რა წმინდა მისია უნდა შეესრულებინა იესოს დედამიწაზე და რატომ არის მისი სისხლი ძვირფასი?

5 დედამიწაზე იესოს წმინდა მისია უნდა შეესრულებინა. ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო მოინათლა, იეჰოვამ ის დიდი სულიერი ტაძრის მღვდელმთავრად სცხო (ლუკა 3:21, 22; ებრაელები 7:26; 8:1, 2). გარდა ამისა, იესოს საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად უნდა გაეღო. მის მიერ დაღვრილი სისხლი ცოდვილთა გადასარჩენად გაღებული გამოსასყიდი იქნებოდა (მათე 20:28; ებრაელები 9:14). ამიტომ მივიჩნევთ იესოს სისხლს წმინდად, „ძვირფასად“ (1 პეტრე 1:19).

6. რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ქრისტე იესოს მიმართ და რატომ?

6 მოციქულმა პავლემ იმის საჩვენებლად, რომ იესოს დიდი პატივი უნდა მივაგოთ და ჩვენს მეფედ და მღვდელმთავრად მივიჩნიოთ, დაწერა: „ღმერთმა ის [თავისი ძე] უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი, რათა იესოს სახელით მუხლი მოიდრიკოს ყველამ, ვინც ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ არის, და ყოველმა ენამ საჯაროდ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი ღვთის, მამის სადიდებლად“ (ფილიპელები 2:9—11). თუ სიხარულით ვემორჩილებით ჩვენს წინამძღოლსა და მეფე ქრისტე იესოს, რომელიც ქრისტიანული კრების თავია, ცხადვყოფთ, რომ ვიზიარებთ იეჰოვას თვალსაზრისს იმასთან დაკავშირებით, რაც წმინდაა (მათე 23:10; კოლოსელები 1:18).

7. როგორ ცხადვყოფთ, რომ ქრისტეს ვემორჩილებით?

7 იესოსადმი მორჩილებაში ისიც შედის, რომ სათანადო პატივისცემა გამოვავლინოთ ძმებისადმი, რომლებიც ასრულებენ საქმეს, რომელსაც იესო ხელმძღვანელობს. წმინდად უნდა ჩაითვალოს პასუხისმგებლობები, რომლებიც აკისრიათ ხელმძღვანელი საბჭოს წევრებს, სულით ცხებულ ძმებს, და მათ მიერ ფილიალებში, ოლქებში, რაიონებსა და კრებებში დანიშნულ ზედამხედველებს. ამიტომ საჭიროა მათ მიმართ დიდი პატივისცემა და მორჩილება გამოვავლინოთ (ებრაელები 13:7, 17).

წმინდა ერი

8, 9. ა) რა მხრივ იყო ისრაელი წმინდა ერი? ბ) როგორ ჩაუნერგა იეჰოვამ ისრაელებს სიწმინდესთან დაკავშირებული პრინციპი?

8 იეჰოვამ ისრაელთან შეთანხმება დადო. ამ ურთიერთობამ მათ განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭა. ისინი წმინდა, ანუ განსაკუთრებული დანიშნულებისთვის გამოყოფილნი, გახდნენ. იეჰოვამ მათ უთხრა: „წმინდები იყავით ჩემთვის, რადგან მე, იეჰოვა, წმინდა ვარ. მე გამოგყავით ხალხებიდან, რომ ჩემი იყოთ“ (ლევიანები 19:2; 20:26).

9 ერად ჩამოყალიბებისთანავე იეჰოვამ ისრაელს სიწმინდესთან დაკავშირებული პრინციპი ჩაუნერგა. ისრაელები სიკვდილით დაისჯებოდნენ, თუ მიუახლოვდებოდნენ მთას, სადაც ღმერთმა მათ ათი მცნება მისცა. გარკვეული გაგებით სინას მთა იმ მომენტში წმინდა იყო (გამოსვლა 19:12, 23). წმინდებად ითვლებოდნენ მღვდლები; ასევე წმინდა იყო კარავი და მისი მოწყობილობა (გამოსვლა 30:26—30). რა სიტუაციაა დღეს ქრისტიანულ კრებაში?

10, 11. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ცხებულებისგან შემდგარი ქრისტიანული კრება წმინდაა და რა გავლენას ახდენს ეს „სხვა ცხვრებზე“?

10 ცხებულებისგან შემდგარი ქრისტიანული კრება წმინდაა იეჰოვას თვალში (1 კორინთელები 1:2). დედამიწაზე ნებისმიერ დროს მცხოვრები ცხებულები შედარებულნი არიან წმინდა ტაძართან, თუმცა ისინი არ შეადგენენ იეჰოვას დიდ სულიერ ტაძარს. იეჰოვა თავისი წმინდა სულით მკვიდრობს ამ ტაძარში. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მასთან [ქრისტე იესოსთან] ერთობაში მთელი შენობა, თანაზომიერად შეერთებული, წმინდა ტაძრად შენდება იეჰოვასთვის. მასთან ერთობაში თქვენც შენდებით სამკვიდრებლად, სადაც ღმერთი დამკვიდრდება სულით“ (ეფესოელები 2:21, 22; 1 პეტრე 2:5, 9).

11 შემდეგ პავლემ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული მკვიდრობს თქვენში? . . . ღვთის ტაძარი წმინდაა და ეს თქვენა ხართ“ (1 კორინთელები 3:16, 17). წმინდა სულის საშუალებით იეჰოვა ცხებულებს შორის ‘მკვიდრობს’ და ‘დადის’ (2 კორინთელები 6:16). ის ხელმძღვანელობს თავის ერთგულ „მონას“ (მათე 24:45—47). „სხვა ცხვარი“ აფასებს უპირატესობას, ითანამშრომლოს „ტაძრის“ კლასთან (იოანე 10:16; მათე 25:37—40).

რა არის ქრისტიანებისთვის წმინდა

12. რა არის წმინდა ჩვენთვის და რატომ?

12 გასაკვირი არ არის, რომ ქრისტიანულ კრებაში წმინდად ითვლება ბევრი რამ, რაც დაკავშირებულია ცხებულთა და მათ თანამსახურთა ცხოვრებასთან. იეჰოვასთან ჩვენი ურთიერთობა წმინდაა (1 მატიანე 28:9; ფსალმუნები 36:7). ეს ურთიერთობა იმდენად ძვირფასია, რომ ჩვენ არაფერს და არავის ვრთავთ ნებას, ჩვენსა და იეჰოვას შორის ჩადგეს (2 მატიანე 15:2; იაკობი 4:7, 8). ლოცვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში. ლოცვას წინასწარმეტყველი დანიელი იმდენად წმინდად მიიჩნევდა, რომ მაშინაც კი ლოცულობდა, როცა ამის გამო მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა (დანიელი 6:7—11). „წმინდათა [ცხებულ ქრისტიანთა] ლოცვები“ შედარებულია საკმეველთან, რომელსაც ტაძარში თაყვანისცემისას იყენებდნენ (გამოცხადება 5:8; 8:3, 4; ლევიანები 16:12, 13). ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად წმინდაა ლოცვა. მართლაც დიდი პატივია, გვქონდეს სამყაროს უზენაეს მმართველთან ურთიერთობის შესაძლებლობა! გასაკვირი არ არის, რომ ლოცვას წმინდად მივიჩნევთ.

13. რომელი ძალაა წმინდა და როგორ მივცემთ მას საშუალებას, იმოქმედოს ჩვენს ცხოვრებაზე?

13 ცხებული ქრისტიანებისა და მათი თანამსახურებისთვის არსებობს ძალა, რომელიც ნამდვილად წმინდაა — ეს არის წმინდა სული. ეს სული იეჰოვას მოქმედი ძალაა. ვინაიდან ამ ძალას წმინდა ღმერთი ყოველთვის თავისი ნების შესაბამისად იყენებს, მას მართებულად ეწოდება წმინდა სული“ და „სიწმინდის სული“ (იოანე 14:26; რომაელები 1:4). იეჰოვა თავის მსახურებს წმინდა სულის საშუალებით აძლევს სასიხარულო ცნობის ქადაგების ძალას (საქმეები 1:8; 4:31). იეჰოვა თავის სულს აძლევს მათ, „ვინც მას მმართველად მიიჩნევს და ემორჩილება“, ვინც ‘სულით დადის’ და არა ხორციელი სურვილებით (საქმეები 5:32; გალატელები 5:16, 25; რომაელები 8:5—8). ეს აღმატებული ძალა ქრისტიანებში წარმოშობს „სულის ნაყოფს“ — შესანიშნავ თვისებებს — და „წმინდა საქციელსა და ღვთისადმი ერთგულებას“ (გალატელები 5:22, 23; 2 პეტრე 3:11). თუ წმინდა სული ჩვენთვის წმინდაა, მოვერიდებით ყველაფერს, რაც დაანაღვლიანებდა ამ სულს ან ხელს შეუშლიდა, ემოქმედა ჩვენს ცხოვრებაზე (ეფესოელები 4:30).

14. რა წმინდა დანიშნულება აქვთ ცხებულებს და როგორ ერგოთ ეს პატივი სხვა ცხვრებსაც?

14 კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენთვის წმინდაა, არის პატივი, ვატაროთ წმინდა ღვთის, იეჰოვას, სახელი და მისი მოწმეები ვიყოთ (ესაია 43:10—12, 15). ცხებული ქრისტიანები იეჰოვას მიერ ‘ახალი შეთანხმების მსახურებად’ არიან დანიშნულნი (2 კორინთელები 3:5, 6). მათ დავალებული აქვთ, იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“ და ‘მოწაფეებად მოამზადონ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 24:14; 28:19, 20). ისინი ერთგულად ასრულებენ ამ დავალებას, რასაც მილიონობით ცხვრისმაგვარი ადამიანი დადებითად ეხმაურება და ცხებულებს, ფაქტობრივად, ეუბნებიან: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქარია 8:23). ეს ცხვრისმაგვარი ადამიანები, სულიერი გაგებით, სიხარულით მსახურობენ ‘ჩვენი ღვთის მსახური’ ცხებულების ‘მიწათმოქმედებად და მევენახეებად’. ამგვარად, სხვა ცხვრები დიდ დახმარებას უწევენ ცხებულებს მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო საქმიანობის შესრულებაში (ესაია 61:5, 6).

15. რა საქმიანობას თვლიდა მოციქული პავლე წმინდად და რატომ ვიზიარებთ ჩვენც მსგავს თვალსაზრისს?

15 პავლე მოციქული თავის მსახურებას წმინდად თვლიდა. ის საკუთარ თავს ‘უცხოტომელებთან წარგზავნილ იესოს მსახურსა და ღვთის სასიხარულო ცნობის წმინდა საქმეში ჩაბმულს’ უწოდებდა (რომაელები 15:16). კორინთელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში პავლე თავის მსახურებას ‘განძად’ მოიხსენიებს (2 კორინთელები 4:1, 7). ჩვენი მსახურებით ‘ღვთის წმინდა სიტყვას’ ვამცნობთ ხალხს (1 პეტრე 4:11). ამიტომ, ცხებულები ვართ თუ სხვა ცხვრის წარმომადგენლები, ქადაგებაში მონაწილეობა ჩვენთვის წმინდა საქმეა.

„ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“

16. რა დაგვეხმარება, არ გავემსგავსოთ მათ, ვინც ‘არ აფასებს წმინდას’?

16 მოციქული პავლე თანაქრისტიანებს აფრთხილებდა, არ დამსგავსებოდნენ ‘მათ, ვინც არ აფასებს წმინდას’. ის მათ ურჩევდა, ‘განწმენდილიყვნენ’ და ‘ფრთხილად ყოფილიყვნენ, რათა არანაირ შხამიან ფესვს არ ამოეყარა და ზიანი არ მოეტანა და არ წაებილწა მისით მრავალი’ (ებრაელები 12:14—16). გამოთქმა „შხამიანი ფესვი“ მიუთითებს ქრისტიანული კრების ზოგ წევრზე, რომლებიც შეიძლება აკრიტიკებდნენ იმას, თუ როგორ კეთდებოდა კრებაში ესა თუ ის საქმე. მაგალითად, ისინი შეიძლება არ იზიარებდნენ იეჰოვას თვალსაზრისს ქორწინების სიწმინდესთან და ზნეობრივი სისუფთავის აუცილებლობასთან დაკავშირებით (1 თესალონიკელები 4:3—7; ებრაელები 13:4). ან შეიძლება ისინი განდგომილთა იდეებზე მსჯელობდნენ და ‘წმინდის შემბღალავი უშინაარსო ლაპარაკით’ მათ იდეებს ავრცელებდნენ, ვინც ‘ჭეშმარიტებას განუდგა’ (2 ტიმოთე 2:16—18).

17. რატომ სჭირდებათ ცხებულებს მუდმივი ძალისხმევის გამოვლენა, რომ სიწმინდესთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი აირეკლონ?

17 ცხებულ ძმებს პავლე სწერდა: „საყვარელნო . . . განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე“ (2 კორინთელები 7:1). აქედან ჩანს, რომ ცხებულმა ქრისტიანებმა, რომლებიც ‘ზეციური მოწოდების მოზიარენი’ არიან, ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ იმისათვის, რომ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში სიწმინდესთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი აირეკლონ (ებრაელები 3:1). მოციქული პეტრეც მსგავსად მოუწოდებდა სულით ცხებულ ძმებს: „როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ, არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ“ (1 პეტრე 1:14, 15).

18, 19. ა) როგორ ცხადყოფს „უამრავი ხალხი“, რომ იზიარებს იეჰოვას თვალსაზრისს სიწმინდესთან დაკავშირებით? ბ) კიდევ რომელ სიწმინდეზე იქნება საუბარი მომდევნო სტატიაში?

18 რა შეიძლება ითქვას „უამრავ ხალხზე“, რომლებიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ? მათაც უნდა ცხადყონ, რომ სიწმინდესთან დაკავშირებით ისეთივე თვალსაზრისი აქვთ, როგორიც იეჰოვას. „გამოცხადების“ წიგნიდან ჩანს, რომ ისინი იეჰოვას სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოში „წმინდა მსახურებას“ ეწევიან. მათ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა გამოავლინეს და სიმბოლურად „გაირეცხეს თავიანთი გრძელი სამოსელი და გაათეთრეს კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9, 14, 15). შედეგად, ისინი იეჰოვას წინაშე დგანან, როგორც სუფთები, და ვალდებულნი არიან, ‘განიწმინდონ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს, და ღვთის შიშით სრულყოფენ სიწმინდეს’.

19 ცხებულ ქრისტიანთა და მათ თანამსახურთა ცხოვრება იმით გამოირჩევა, რომ ისინი იეჰოვას თაყვანსაცემად და მისი სიტყვის შესასწავლად რეგულარულად იკრიბებიან. იეჰოვასთვის ეს შეკრებები წმინდაა. მომდევნო სტატიაში განიხილება ის, თუ როგორ და რატომ უნდა გავიზიაროთ ამ მნიშვნელოვან საკითხში სიწმინდესთან დაკავშირებით იეჰოვას თვალსაზრისი.

გამეორებისთვის

• ქვეყნიერებაში გავრცელებულ რა შეხედულებას არ იზიარებენ იეჰოვას მსახურები?

• რატომ მომდინარეობს იეჰოვასგან ყველაფერი, რაც წმინდაა?

• როგორც ცხადვყოფთ, რომ პატივს მივაგებთ ქრისტეს სიწმინდეს?

• რას უნდა მივიჩნევდეთ წმინდად?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

ძველ ისრაელში სამღვდელოება, კარავი და კარვის მოწყობილობა წმინდად ითვლებოდა.

[სურათი 24 გვერდზე]

დედამიწაზე მყოფი ცხებული ქრისტიანები წმინდა ტაძარს წარმოადგენენ.

[სურათები 25 გვერდზე]

ლოცვა და მსახურება წმინდაა.