კრისტოფ პლანტენი პიონერი ბიბლიის ბეჭდვაში
კრისტოფ პლანტენი პიონერი ბიბლიის ბეჭდვაში
იოჰან გუტენბერგი (დაახლოებით 1397—1468 წწ.) ცნობილია იმით, რომ პირველმა გამოსცა ბიბლია, რომლის დასაბეჭდადაც მოძრავი საბეჭდი ელემენტები, ლიტერები გამოიყენა. მაგრამ ცოტას თუ სმენია კრისტოფ პლანტენის სახელი. ის პიონერი იყო ბეჭდვის დარგში. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ წიგნები, და მათ შორის ბიბლია, ხელმისაწვდომი გამხდარიყო ხალხისთვის XVI საუკუნეში.
კრისტოფ პლანტენი დაიბადა 1520 წელს სენ-ავერტენში (საფრანგეთი). პლანტენი, რომელსაც ისეთ გარემოში სურდა ცხოვრება, სადაც რელიგიური კლიმატი უფრო შემწყნარებლური იქნებოდა და ეკონომიკური პირობები — უფრო ხელსაყრელი, დაახლოებით 28 წლის ასაკში ანტვერპენში (ნიდერლანდები *) დასახლდა.
პლანტენმა თავისი კარიერა მკინძაობითა და ტყავის დამუშავებით დაიწყო. მის მიერ მდიდრულად დამუშავებული ტყავის ნაწარმი დიდი მოწონებით სარგებლობდა შეძლებულ მყიდველთა შორის. მაგრამ 1555 წელს მომხდარმა ერთმა უბედურმა შემთხვევამ პლანტენს ხელი ააღებინა ამ საქმეზე. ნიდერლანდების მმართველისთვის, ესპანეთის მეფე ფილიპე II-ისთვის, ტყავგადაკრული პატარა ყუთის გადასაცემად გზად მიმავალს მას ანტვერპენის ერთ ქუჩაზე თავს დაესხნენ. რამდენიმე ნასვამმა კაცმა ის მხარში დაჭრა. მართალია, პლანტენს ჭრილობა მოუშუშდა, მაგრამ ნატკენი ხელით მას უკვე აღარ შეეძლო ხელობის გაგრძელება და ამიტომ იძულებული გახდა, თავი დაენებებინა თავისი საქმისთვის. ანაბაპტისტების ჯგუფის წინამძღოლის, ჰენდრიკ ნიკლასის, ფინანსური მხარდაჭერით პლანტენი ბეჭდვით საქმიანობას შეუდგა.
„შრომა და შეუპოვრობა“
პლანტენმა თავის სტამბას „დე გულდენ პასერი“ (ოქროს ფარგალი) უწოდა. მის სავაჭრო მარკაზე გამოსახული იყო ორი ოქროს ფარგალი წარწერით „ლაბორე ეტ კონსტანტია“, რაც ნიშნავს: „შრომა და შეუპოვრობა“. ეს სავაჭრო მარკა სწორედ რომ ზედგამოჭრილი იყო ამ გამრჯე კაცისთვის.
პლანტენი, რომელსაც ევროპაში მიმდინარე დიდი რელიგიური თუ პოლიტიკური ძვრების ეპოქაში მოუწია ცხოვრება, ცდილობდა, თავი აერიდებინა პრობლემებისთვის. ბეჭდვითი საქმე მისთვის სხვა ყველაფერზე მაღლა იდგა. მართალია, ის თანაუგრძნობდა პროტესტანტულ რეფორმაციას, მაგრამ „მას ჩამოყალიბებული აზრი არ ჰქონდა რელიგიურ საკითხებზე და მაინცდამაინც რომელიმე მიმდინარეობას არ უჭერდა მხარს“, — წერს მწერალი მაურიც საბე. სწორედ ამ მიზეზით პლანტენზე ჭორები დადიოდა, თითქოს ის ერეტიკოსთა წიგნებს ბეჭდავდა, რის გამოც 1562 წელს მას პარიზში გაქცევაც კი მოუწია, სადაც წელიწადზე მეტხანს დაჰყო.
1563 წელს კრისტოფ პლანტენი ანტვერპენში დაბრუნდა. აქ მან მოიპოვა იმ მდიდარი ვაჭრების ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაგანაც ზოგი კალვინისტურ შეხედულებებს იზიარებდა. მათთან ხუთწლიანი თანამშრომლობის შედეგად პლანტენის სტამბაში 260 სხვადასხვაგვარი ნაშრომი გამოიცა. ამ გამოცემებს შორის იყო ბიბლიის ებრაული, ბერძნული და ლათინური ტექსტები, ასევე დანიურ ენაზე გამოცემული ლამაზად გაფორმებული ლუვენის კათოლიკური ბიბლია.
„უმნიშვნელოვანესი მიღწევა ბეჭდვით საქმეში“
1567 წელს, მაშინ როცა ნიდერლანდელ ხალხში ესპანეთის მმართველობისადმი უკმაყოფილება მატულობდა, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ იქ ჰერცოგი ალბა გააგზავნა და მმართველად დანიშნა. მეფისგან სრული
ძალაუფლებით აღჭურვილი ჰერცოგი შეეცადა პროტესტანტთა მოძრაობის ჩახშობას, რომელთაც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემხრობოდა. პლანტენმა ისარგებლა სიტუაციით და შეეჭიდა უდიდეს პროექტს, რომელიც, როგორც თავად იმედოვნებდა, ყველანაირად გააბათილებდა მის წინააღმდეგ აგორებულ ჭორებს. მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, გაეკეთებინა ბიბლიის ავტორიტეტული გამოცემა, რომელშიც წმინდა წერილი დედნისეულ ენებზე იქნებოდა წარმოდგენილი. ბიბლიის ამ ახალი გამოცემისთვის პლანტენს დახმარება ესაჭიროებოდა; მან ფილიპე II-ს მიმართა. მეფემ ფინანსური მხარდაჭერა აღუთქვა გამომცემელს და ცნობილი ჰუმანისტი, არიას მონტანუსიც დანიშნა ამ პროექტის ზედამხედველად.მონტანუსი ძალიან ნიჭიერი კაცი იყო. მან მრავალი ენა იცოდა. დღეში ის 11 საათს მუშაობდა. მას ესპანელი, ბელგიელი და ფრანგი ლინგვისტებიც ეხმარებოდნენ. მათი მიზანი იყო, გაეკეთებინათ ცნობილი „კომპლუტენსიონ პოლიგლოტის“ განახლებული ვერსია *. ლათინური ვულგატის, ბერძნული სეპტუაგინტისა და დედნისეული ებრაული ტექსტის გარდა პლანტენის ახალ მრავალენოვან ბიბლიაში შესული იყო არამეული თარგუმი და სირიული ფეშიტა. ყველა ამ ტექსტს თან ახლდა შესაბამისი ლათინური სიტყვასიტყვითი თარგმანი.
ამ კოლოსალური ნაშრომის ბეჭდვა დაიწყო 1568 წელს და დასრულდა 1572 წელს. ეს საქმე საკმაოდ სწრაფად დაგვირგვინდა, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ ტექნიკურ შესაძლებლობებს. მეფე ფილიპე II-ის მიმართ მიწერილ წერილში მონტანუსი ამბობდა: „ერთ თვეში აქ იმაზე მეტი კეთდება, ვიდრე რომში ერთ წელიწადში“. პლანტენმა ეს ახალი მრავალენოვანი ბიბლია რვა ტომად გამოსცა. მთლიანობაში მან 1213 ასეთი რვატომეული დაბეჭდა. თავფურცელზე გამოსახული იყო, თუ რა მშვიდობიანად ჭამდნენ ერთი გეჯიდან ლომი, ხარი, მგელი და ცხვარი. ეს სურათი ასახავდა ესაიას 65:25-ში აღწერილ სცენას. თუ არ ჩავთვლით ყდის ღირებულებას, ასაკინძი წიგნების ფასი 70 გულდენს შეადგენდა — ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, რადგან მაშინ ოჯახის საშუალო შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 50 გულდენი იყო. მოგვიანებით ეს რვატომეული „ანტვერპენის პოლიგლოტის“ სახელით გახდა ცნობილი. მას აგრეთვე „ბიბლია რეგია“ (სამეფო ბიბლია) ეწოდა, რადგან ეს პროექტი მეფე ფილიპე II-მ დააფინანსა.
მიუხედავად იმისა, რომ პაპმა გრიგოლ XIII-მ ბიბლიის ეს გამოცემა მოიწონა, არიას მონტანუსს მაინც მკაცრად აკრიტიკებდნენ მისი ნაშრომისთვის. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მონტანუსი დედნისეულ ებრაულ ტექსტს ლათინურ ვულგატაზე მაღლა აყენებდა. მისი მთავარი ოპონენტი იყო ესპანელი თეოლოგი ლეონ დე კასტრო, რომელიც ლათინურ ვულგატას ყველაზე ავტორიტეტულ ნაშრომად მიიჩნევდა. დე კასტრო მონტანუსს ადანაშაულებდა იმაში, თითქოს მან ტექსტი სამების საწინააღმდეგო ფილოსოფიით დაამახინჯა. მაგალითად, დე კასტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმას, რომ სირიულ ფეშიტაში 1 იოანეს 5:7-დან ამოღებული იყო ამ მუხლის მეორე, დამატებული ნაწილი, რომელიც სინამდვილეში დედნის ტექსტს არ ეკუთვნოდა, კერძოდ შემდეგი სიტყვები: „ზეცაში — მამა, სიტყვა და სულიწმინდა: და ეს სამი ერთია“ („მეფე ჯეიმზის თარგმანი“). თუმცაღა, ესპანეთის ინკვიზიციამ მონტანუსს მწვალებლობის ყოველგვარი ბრალდება მოუხსნა. ზოგიერთმა „ანტვერპენის პოლიგლოტს“ უწოდა „XVI საუკუნეში მცხოვრები ერთი მესტამბის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ბეჭდვით საქმეში“.
ფასდაუდებელი შრომა
მესტამბეთა უმრავლესობა იმ დროში მხოლოდ ორ ან სამ საბეჭდ დაზგას ფლობდა. იმ პერიოდში, როცა პლანტენს საუკეთესოდ მისდიოდა საქმე, სტამბაში მას სულ მცირე 22 საბეჭდი დაზგა ედგა და 160 მუშა ჰყავდა დასაქმებული. მთელ სამეფოში ის მოწინავე მესტამბედ ითვლებოდა.
მაგრამ ამ პერიოდში ნიდერლანდებში იზრდებოდა უკმაყოფილება ესპანეთის ხელისუფლების მიმართ. ანტვერპენიც გაეხვია ამ კონფლიქტში. 1576 წელს ესპანელი ჯარისკაცები, რომლებსაც გასამრჯელო არ მიუღიათ, აჯანყდნენ და ქალაქი გაძარცვეს. მათ 600-ზე მეტი სახლი გადაწვეს და ანტვერპენის ათასობით მოსახლე სიცოცხლეს გამოასალმეს. ვაჭრები ქალაქიდან გაიქცნენ. ამან დიდი დანაკარგი მოუტანა პლანტენს. გარდა ამისა, მეამბოხეებისთვის მას დიდი ხარკის გადახდა მოუწია.
1583 წელს პლანტენი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ლეიდენში, რომელიც ანტვერპენის ჩრდილოეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობდა. მან აქაც წამოიწყო ბეჭდვითი საქმე. ის გახდა კალვინისტების მიერ დაფუძნებული ლეიდენის უნივერსიტეტის ოფიციალური მესტამბე. როგორც წინათ, მას ახლაც დასდეს ბრალი კათოლიკური ეკლესიის მიმართ ორგულობაში. ამიტომ 1585 წლის დამლევს, მალევე მას შემდეგ, რაც ანტვერპენი ისევ ესპანეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, პლანტენი ისევ იქ დაბრუნდა. იმ დროისთვის ის დაახლოებით 65 წლის იყო, მის „ოქროს ფარგალში“ კი მხოლოდ ოთხი კაციღა მუშაობდა ერთ დაზგაზე. პლანტენი შეუდგა სტამბის აღდგენას, მაგრამ ამ უკანასკნელს პირვანდელი სახე აღარ დაბრუნებია. 1589 წლის 1 ივლისს პლანტენი გარდაიცვალა.
34 წლის განმავლობაში კრისტოფ პლანტენმა დაბეჭდა 1863 წიგნი, წელიწადში ის საშუალოდ 55 წიგნს უშვებდა. ერთი მესტამბის მიერ შესრულებული ასეთი შრომა დღესაც კი უდიდეს მიღწევად ჩაითვლებოდა! მართალია, თავად პლანტენი არ იყო მტკიცე რელიგიური შეხედულებების მქონე კაცი, მაგრამ მისმა საქმემ ხელი შეუწყო არა მხოლოდ ბეჭდვითი საქმის განვითარებას, არამედ ღვთის მიერ შთაგონებული წმინდა წერილების გავრცელებასაც (2 ტიმოთე 3:16). პლანტენსა და მის თანამედროვე სხვა მესტამბეებსაც დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ ბიბლია ხელმისაწვდომი გამხდარიყო უბრალო ხალხისთვის.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 მაშინდელი ნიდერლანდების ტერიტორია მოიცავდა გერმანიასა და საფრანგეთს შორის არსებულ სანაპირო ზოლს, რომელშიც შედიოდა თანამედროვე ბელგიის, ნიდერლანდებისა და ლუქსემბურგის ტერიტორიები.
^ აბზ. 11 ეს მრავალენოვანი ბიბლია გამოიცა 1517 წელს. მასში შესული იყო ბიბლიის ებრაული, ბერძნული, ლათინური და ნაწილობრივ არამეული ტექსტები. იხილეთ 2004 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნებული სტატია « „კომპლუტენსიონ პოლიგლოტი“ — ნაშრომი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა თარგმანის ისტორიაში» (გვერდები 28—31).
[ჩარჩო⁄სურათი 15 გვერდზე]
პლანტენ-მორეტუსის მუზეუმი
ქალაქ ანტვერპენის იმ შენობაში, სადაც პლანტენი და მისი შთამომავლები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ, 1877 წელს მუზეუმი გაიხსნა. სხვა არც ერთი იმდროინდელი სტამბა არ შემონახულა ისე, როგორც პლანტენის სტამბა. მუზეუმის დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ XVII და XVIII საუკუნეებით დათარიღებული ხუთი საბეჭდი დაზგა. ორი სხვა დაზგა, რომლებიც მსოფლიოში უძველესად ითვლება, თითქმის პლანტენის დროით თარიღდება. მუზეუმში შემონახულია ასოების ჩამოსასხმელად განკუთვნილი 15 000 ფორმა, 15 000 ხის დაფა და 3 000 სპილენძის კლიშე. მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 638 ხელნაწერი, რომლებიც IX—XVI საუკუნეებით თარიღდება; აქ აგრეთვე 1501 წლამდე დაბეჭდილი 154 წიგნის ნახვაც შეიძლება. მათ შორისაა გუტენბერგის ბიბლიის პირველი გამოცემა, რომელიც 1461 წლამდე დაიბეჭდა, და პლანტენის მიერ გამოცემული ცნობილი ანტვერპენის მრავალენოვანი ბიბლია.
[სურათი 15 გვერდზე]
არიას მონტანუსი
[სურათი 16 გვერდზე]
„ანტვერპენის პოლიგლოტში“ შესულია ებრაული ტექსტი, ლათინური ვულგატა, ბერძნული სეპტუაგინტა, აგრეთვე სირიული ფეშიტა და არამეული თარგუმი შესაბამისი ლათინური თარგმანებით.
[საავტორო უფლება]
By courtesy of Museum Plantin–Moretus/Stedelijk Prentenkabinet Antwerpen
[სურათის საავტორო უფლება 15 გვერდზე]
Both images: By courtesy of Museum Plantin–Moretus/Stedelijk Prentenkabinet Antwerpen