არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პავლე ‘საფუძვლიანად ამოწმებს’ მთელი გაბედულებით

პავლე ‘საფუძვლიანად ამოწმებს’ მთელი გაბედულებით

„ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს, და არა ადამიანებს“

პავლე ‘საფუძვლიანად ამოწმებს’ მთელი გაბედულებით

გამძვინვარებული ბრბო მზად არის, ისე სცემოს ღვთის ერთგული მსახური, რომ სასიკვდილოდაც არ დაინდოს. რომაელი ჯარისკაცები სწორედ რომ დროზე უსწრებენ მას, თავდამსხმელებს ხელიდან სტაცებენ მამაკაცს და დაცვით მიჰყავთ. აქედან იწყება დაახლოებით ხუთწლიანი მოვლენები, რომელთა წყალობითაც რომის მრავალი მაღალი წოდების პირი იესოს შესახებ ისმენს.

ეს ნაცემი ადამიანი პავლე მოციქულია. ახ. წ. დაახლოებით 34 წელს იესომ პავლეს (სავლეს) უთხრა, რომ ის „მეფეებს“ გაუცხადებდა იესოს სახელს (საქმეები 9:15). ახ. წ. 56 წლისთვის ეს ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი. მაგრამ, მოციქულის მესამე მისიონერული მოგზაურობის ბოლოსთვის მდგომარეობა იცვლება.

ბრბო უტევს, მაგრამ პავლე მას არ უშინდება

პავლე განაგრძობს მოგზაურობას იერუსალიმისკენ. „სულით აღძრული“ ზოგი ქრისტიანი აფრთხილებს მას, რომ ქალაქში საშინელი დევნა მოელის. პავლე მთელი გაბედულებით ამბობს: „მე მზად ვარ არა მხოლოდ შესაბოჭად, არამედ იმისთვისაც, რომ უფალ იესოს სახელისთვის მოვკვდე იერუსალიმში“ (საქმეები 21:4—14). როგორც კი პავლე იერუსალიმის ტაძარში შედის, აზიელი იუდეველები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, თუ რა წარმატება ჰქონდა მოციქულის ქადაგებას აზიაში, ხალხს მოუწოდებენ, რომ პავლე მოკლან. რომაელი ჯარისკაცები სწრაფად მიდიან მოციქულის დასახმარებლად (საქმეები 21:27—32). ეს პავლეს კარგ შესაძლებლობას აძლევს, იესოს შესახებ დაამოწმოს მტრულად განწყობილი აუდიტორიისა და მაღალი წოდების პირთა წინაშე.

პავლე მმართველებთან ქადაგებს

ნაცემი პავლე უსაფრთხოების მიზნით ციხესიმაგრის საფეხურებზე აჰყავთ. ეს ციხესიმაგრე ანტონიუსის კოშკის სახელით არის ცნობილი *. საფეხურებიდან პავლე დამაჯერებლად ქადაგებს რელიგიური ბრბოს წინაშე (საქმეები 21:33—22:21). მაგრამ, როგორც კი ამბობს, რომ დავალებული აქვს უცხოტომელებს უქადაგოს, ბრბო უფრო მეტად მძვინვარებს. ათასისთავი ლუსია ბრძანებას იძლევა, პავლე შოლტით დაკითხონ, რათა გაიგონ, რატომ სდებენ ბრალს იუდეველები. მაგრამ, როდესაც პავლე ეუბნება მათ, რომ რომის მოქალაქეა, მას აღარ შოლტავენ. მეორე დღეს ლუსიას სინედრიონის წინაშე გამოჰყავს პავლე იმის გასარკვევად, თუ რატომ ადანაშაულებენ იუდეველები (საქმეები 22:22—30).

უზენაესი სასამართლოს წინაშე მდგომ პავლეს კიდევ ერთი შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, დაუმოწმოს იუდეველებს. უშიშარი მახარობელი თავისი მრწამსის შესახებ ქადაგებს მკვდრეთით აღდგომაზე (საქმეები 23:1—8). პავლესადმი სიძულვილით განწყობილი იუდეველების ვნებები არ ცხრება და პავლე ყაზარმაში გადაჰყავთ. მომდევნო ღამეს უფალი მას გულთბილად ამხნევებს და ეუბნება: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ამოწმებდი საფუძვლიანად ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა დაამოწმო“ (საქმეები 23:9—11).

შეთქმულებას, რომელიც პავლეს მოსაკლავად დაგეგმეს, მოციქული თავს აღწევს, როდესაც საიდუმლოდ კესარეაში (რომის ადმინისტრაციული ცენტრი იუდეაში) გადაჰყავთ (საქმეები 23:12—24). კესარეაში პავლეს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა, უქადაგოს „მეფეებს“. თავდაპირველად, მოციქული უხსნის გამგებელ ფელიქსს, რომ ის უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს, ხოლო მოგვიანებით მასთან და მის ცოლთან, დრუზილასთან, პავლე ქადაგებს იესოზე, აგრეთვე სიმართლეზე, თავშეკავებასა და მომავალ სასამართლოზე. მიუხედავად ამისა, პავლე ორი წლის განმავლობაში ციხეში იმყოფება, ფელიქსი კი მისგან ამაოდ ელოდება ქრთამს (საქმეები 23:33—24:27).

ფელიქსს ფესტუსი ცვლის. იუდეველები კვლავ ითხოვენ პავლეს გასამართლებასა და დასჯას. პავლეს საქმე ისევ განიხილება კესარეაში. პავლეს არ სურს, რომ მისი საქმე იერუსალიმში გადაიგზავნოს განსახილველად, ამიტომ ამბობს: „მე ვდგავარ კეისრის სასამართლო ტახტის წინ . . . კეისართან ვასაჩივრებ!“ (საქმეები 25:1—11, 20, 21). რამდენიმე დღის შემდეგ, მას მერე, რაც მოციქული წარდგა მეფე ჰეროდე აგრიპა II-ს წინაშე, მეფე ამბობს: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმეები 26:1—28). ახ. წ. დაახლოებით 58 წელს პავლე რომში გადაჰყავთ. პატიმრობაში მყოფი საზრიანი მოციქული ორი წლის განმავლობაში ყველანაირ შესაძლებლობას იყენებს, რომ ქრისტეს შესახებ იქადაგოს (საქმეები 28:16—31). როგორც ჩანს, ბოლოს პავლე იმპერატორ ნერონის წინაშეც წარდგა, უდანაშაულოდ იქნა აღიარებული და კვლავ შეუდგა მისიონერულ მსახურებას. არ არსებობს არანაირი წერილობითი მტკიცება იმისა, რომ სხვა მოციქულებსაც მისცემოდათ შესაძლებლობა, ექადაგათ სასიხარულო ცნობა მაღალი რანგის ადამიანებისთვის.

ზემოთქმულიდან ვხედავთ, რომ პავლე მოციქული ცხოვრებაში იყენებდა იმ მნიშვნელოვან პრინციპს, რომელიც მისმა თანამორწმუნეებმა იუდეველთა სასამართლოს წინაშე განაცხადეს: „ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ, როგორც მმართველს“ (საქმეები 5:29). მართლაც რომ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა პავლემ! განუწყვეტელი წინააღმდეგობის მიუხედავად მოციქული ყოველთვის ემორჩილებოდა იესოს მითითებას და გულმოდგინედ ქადაგებდა. ღვთისადმი ასეთი ურყევი ერთგულების წყალობით პავლემ, როგორც „რჩეულმა ჭურჭელმა“, იესოს სახელი ამცნო „უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ (საქმეები 9:15).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2006 წლის კალენდარი“, ნოემბერი/დეკემბერი.

[ჩარჩო⁄სურათები 9 გვერდზე]

მხოლოდ საკუთარი თავის დაცვა სურდა პავლეს?

ამ საკითხზე ბენ ვიზერინგტონი წერს: „პავლეს ყველაზე მეტად საკუთარი თავის დაცვა კი არ აინტერესებდა, არამედ ის, რომ წარჩინებულ პირებთან — იუდეველებთან თუ უცხოტომელებთან — სახარება ექადაგა . . . ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს წინაშე სახარება იყო წარდგენილი“.