არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველთვის გაითვალისწინეთ იეჰოვას დარიგებები

ყოველთვის გაითვალისწინეთ იეჰოვას დარიგებები

ყოველთვის გაითვალისწინეთ იეჰოვას დარიგებები

„იეჰოვას დარიგებას ნუ უგულებელყოფ“ (იგავები 3:11).

1. რატომ უნდა გავითვალისწინოთ ღვთის დარიგებები?

ძველი ისრაელის მეფე სოლომონი კარგად გვიჩვენებს იმის მიზეზს, თუ რატომ უნდა გავითვალისწინოთ ღვთის დარიგებები. ის ამბობს: „შვილო, იეჰოვას დარიგებას ნუ უგულებელყოფ და მის შეგონებას ნუ შეიზიზღებ, რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა“ (იგავები 3:11, 12). ზეციერ მამას ნამდვილად უყვარხართ და სწორედ ამიტომ გარიგებთ.

2. რა იგულისხმება „დარიგებაში“ და რის საშუალებით იღებს დარიგებას ქრისტიანი?

2 სიტყვა „დარიგებაში“ იგულისხმება დასჯა, შეგონება, რჩევა-დარიგება და აღზრდა. „ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, — დაწერა მოციქულმა პავლემ, — მაგრამ ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს იმკის — სიმართლეს“ (ებრაელები 12:11). ღვთის დარიგებების მიღება და გათვალისწინება დაგეხმარებათ, კვლავაც სიმართლის გზით იაროთ, რის წყალობითაც უფრო დაუახლოვდებით წმინდა ღმერთს, იეჰოვას (ფსალმუნი 99:5). დარიგება შეიძლება მიიღოთ თანამორწმუნეებისგან და ქრისტიანულ შეხვედრებზე მოსმენილიდან, აგრეთვე ღვთის სიტყვის გამოკვლევითა და „ერთგული მმართველის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციებით (ლუკა 12:42—44). ალბათ, ძალიან მადლიერი ხართ, როდესაც ასეთი სახით საჭირო რჩევებს იღებთ! მაგრამ, როგორი დარიგება უნდა მიიღოს მან, ვინც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა?

რატომ ირიცხება ზოგი?

3. რა შემთხვევაში ირიცხება კრების წევრი?

3 ღვთის მსახურები სწავლობენ ბიბლიას და ქრისტიანულ პუბლიკაციებს. იეჰოვას ნორმებს ისინი კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ეცნობიან. ასე რომ, ქრისტიანებმა იციან, რას მოითხოვს იეჰოვა მათგან. კრების წევრი მხოლოდ იმ შემთხვევაში ირიცხება, როცა სერიოზულად სცოდავს და არ ინანიებს.

4, 5. კრებიდან გარიცხვის რომელი ბიბლიური მაგალითია აქ მოყვანილი, და რატომ მოუწოდებდა პავლე კრებას, რომ აღედგინათ მომნანიებელი კაცი?

4 გავიხსენოთ კრებიდან გარიცხვის ერთი ბიბლიური მაგალითი. კორინთის კრება შემწყნარებლურად უყურებდა ‘ისეთ სიძვას, რომლის მსგავსი უცხოტომელებშიც კი არ იყო, რომ ვიღაცა მამამისის ცოლთან ცხოვრობდა’. პავლე მოუწოდებდა კორინთელებს, ‘სატანისთვის გადაეცათ ასეთი კაცი ხორცის გასანადგურებლად, რათა სული გადარჩენილიყო’ (1 კორინთელები 5:1—5). როცა შემცოდველი გაირიცხებოდა და, ამგვარად, სატანას გადაეცემოდა, ის კვლავ ეშმაკის ქვეყნიერებაში აღმოჩნდებოდა (1 იოანე 5:19). მისი გარიცხვით კრება დაცული იქნებოდა ბოროტი ხორციელი ზეგავლენისგან და შეინარჩუნებდა ღვთისმოსაწონ „სულს“ (2 ტიმოთე 4:22; 1 კორინთელები 5:11—13).

5 გარკვეული დროის შემდეგ პავლე მიმართავდა კორინთელ ქრისტიანებს, რომ შემცოდველი კრებაში აღედგინათ. რატომ? „რათა სატანამ არ გვაჯობოს“, — წერდა მოციქული. როგორც ჩანს, შემცოდველმა მოინანია ცოდვა და იმ დროისთვის უკვე ზნეობრივად სუფთა ცხოვრებას ეწეოდა (2 კორინთელები 2:8—11). თუ კორინთელები არ აღადგენდნენ მომნანიებელ კაცს, სატანა მათ იმ გაგებით აჯობებდა, რომ ისინი სასტიკები და ულმობლები გახდებოდნენ და ამით ეშმაკს გაახარებდნენ. როგორც ჩანს, კორინთელმა ქრისტიანებმა მალევე ‘აპატიეს მას და ანუგეშეს’ იგი (2 კორინთელები 2:5—7).

6. რა შედეგები მოაქვს შემცოდველის გარიცხვას?

6 რა შედეგები მოაქვს შემცოდველის გარიცხვას? ეს შეურაცხყოფისგან იცავს იეჰოვას წმინდა სახელს და კარგ რეპუტაციას უნარჩუნებს მის ხალხს (1 პეტრე 1:14—16). გარდა ამისა, კრებიდან მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვით ხდება ღვთის ნორმებისა და კრების სულიერი სიწმინდის დაცვა. ასევე ეს ეხმარება შემცოდველს, გონს მოეგოს.

მნიშვნელოვანია გულწრფელი მონანიება

7. როგორ გრძნობდა თავს დავითი, სანამ ცოდვებს აღიარებდა?

7 მათი უმრავლესობა, ვინც სერიოზულ ცოდვას სჩადის და გულწრფელად ინანიებს, არ ირიცხება კრებიდან. რა თქმა უნდა, ზოგისთვის გულწრფელი მონანიება შეიძლება ადვილი არ იყოს. დავფიქრდეთ ძველი ისრაელის მეფის, დავითის, მაგალითზე, რომელმაც 32-ე ფსალმუნი შეთხზა. ამ ფსალმუნიდან ვიგებთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში დავითს არ უღიარებია ის სერიოზული ცოდვები, რომლებიც, როგორც ჩანს, ბათ-შებასთან ჩაიდინა. შედეგად, ცოდვის გამო სულგატანჯული დავითი შინაგანად გამოიფიტა იმ ხესავით, სინოტივეს რომ კარგავს ზაფხულის ხვატის დროს. დავითი ფიზიკურადაც და ემოციურადაც იტანჯებოდა, მაგრამ როდესაც მან ‘აღიარა ცოდვები, იეჰოვამაც აპატია’ (ფსალმუნი 32:3—5). ამის შემდეგ დავითი მღეროდა: „ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა ცოდვას არ ჩაუთვლის“ (ფსალმუნი 32:1, 2). ნამდვილად დიდი ბედნიერებაა ღვთის გულმოწყალების შეგრძნება!

8, 9. რაში ვლინდება მონანიება და რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მას, როცა საქმე გარიცხულის აღდგენას ეხება?

8 ცხადია, თუ შემცოდველს სურს, რომ ღმერთმა მის მიმართ გულმოწყალება გამოავლინოს, მან უნდა მოინანიოს ჩადენილი ცოდვა. მაგრამ, არც სირცხვილის გრძნობა და არც ამბის გახმაურების შიში არ არის მონანიების ნიშანი. ნამდვილი მონანიება ვლინდება მაშინ, როცა შემცოდველი დამოკიდებულებას იცვლის ჩადენილი ცოდვის მიმართ და გულწრფელად ნანობს მომხდარს. მომნანიებელ ადამიანს ‘მოდრეკილი და განადგურებული გული’ აქვს და სურს „უსამართლობის გამოსწორება“, რამდენადაც ეს შესაძლებელია (ფსალმუნი 51:17; 2 კორინთელები 7:11).

9 მონანიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც საქმე ეხება გარიცხულის აღდგენას ქრისტიანულ კრებაში. კრებაში გარიცხულის აღდგენა ავტომატურად არ ხდება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. სანამ გარიცხული კრებას დაუბრუნდება, მისი „გულის“ მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. მან უნდა შეიგნოს თავისი ცოდვის სერიოზულობა და ის, რომ ჩირქი მოსცხო იეჰოვას სახელსა და კრებას. შემცოდველმა უნდა მოინანიოს ჩადენილი დანაშაული, გულმხურვალედ ილოცოს პატიებისთვის და დაიცვას ღვთის სამართლიანი მოთხოვნები. თუ კრებაში დაბრუნება სურს, მას უნდა შეეძლოს იმის დამტკიცება, რომ ნამდვილად ინანიებს და ‘მონანიების დამამტკიცებელ საქმეებს აკეთებს’ (საქმეები 26:20).

რატომ არის საჭირო ცოდვის აღიარება?

10, 11. რატომ არ უნდა ვცადოთ ცოდვის დამალვა?

10 ზოგი შემცოდველი შეიძლება ასე ფიქრობდეს: „თუ ვინმეს გავუმხელ ცოდვას, შეიძლება უხერხულ კითხვებზე მომიწიოს პასუხების გაცემა და გავირიცხო კიდეც. მაგრამ, თუ ჩუმად ვიქნები, არც უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდებ თავს და ვერც ვერავინ გაიგებს ამას კრებაში“. მათ, ვინც ასე ფიქრობს, ზოგი მნიშვნელოვანი რამ რჩებათ მხედველობიდან. მაინც რა?

11 „იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში; ათასებისთვის ინახავს სიკეთეს, პატიობს დანაშაულს, შეცოდებასა და ცოდვას“. მაგრამ, ამავე დროს, ის ‘სამართლიანი დასჯითაც ასწორებს’ თავის ხალხს (გამოსვლა 34:6, 7; იერემია 30:11). როგორ მიიღებთ ღვთის გულმოწყალებას, თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინეთ და მის დამალვას ცდილობთ? იეჰოვამ იცის, რაც ჩაიდინეთ და ის თვალს არ ხუჭავს შეცოდებაზე (იგავები 15:3; აბაკუმი 1:13).

12, 13. რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ცოდვის დამალვის მცდელობამ?

12 თუ სერიოზულად შესცოდეთ, ცოდვის აღიარება სუფთა სინდისის დაბრუნებაში დაგეხმარებათ (1 ტიმოთე 1:18—20). მაგრამ, თუ დანაშაულს არ აღიარებთ, სინდისი გაგიუხეშდებათ და ამან შეიძლება უფრო მეტი ცოდვები ჩაგადენინოთ. გახსოვდეთ, მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს ან კრებას კი არ შესცოდეთ — თქვენ ღმერთს შესცოდეთ! ფსალმუნმომღერალი მღეროდა: „ზეცაშია იეჰოვა თავის ტახტზე. ხედავს მისი თვალი, მისი მბრწყინავი თვალები ამოწმებენ ადამიანთა ძეებს. იეჰოვა ამოწმებს მართალსაც და ბოროტსაც“ (ფსალმუნი 11:4, 5).

13 იეჰოვა არ აკურთხებს არავის, ვინც მალავს მძიმე ცოდვას და ცდილობს წმინდა ქრისტიანულ კრებაში დარჩეს (იაკობი 4:6). ამიტომ, თუ შესცოდეთ და სწორად მოქცევა გსურთ, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გულწრფელად აღიარეთ ჩადენილი დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში სინდისი ყოველთვის ბრალს დაგდებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც წაიკითხავთ ან მოისმენთ რჩევებს ასეთ სერიოზულ საკითხებზე. გსურთ, რომ იეჰოვამ თქვენც ისევე წაგართვათ თავისი სული, როგორც მეფე საულს წაართვა? (1 სამუელი 16:14). თუ ღვთის სული ჩამოგშორდებათ, შეიძლება უფრო მძიმე ცოდვებიც ჩაიდინოთ.

მიენდეთ თქვენს ერთგულ ძმებს

14. რატომ უნდა მიჰყვეს შემცოდველი იაკობის 5:14, 15-ში ჩაწერილ რჩევას?

14 მაშ, როგორ უნდა მოიქცეს მომნანიებელი? „მოუხმოს კრების უხუცესებს, მათ კი ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ მას იეჰოვას სახელით. რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას“ (იაკობი 5:14, 15). უხუცესებთან მისვლა დაეხმარება შემცოდველს, რომ „მონანიების შესაფერისი ნაყოფი“ გამოიღოს (მათე 3:8). ეს ერთგული და თანამგრძნობი მამაკაცები ‘ილოცებენ მასზე და ზეთს სცხებენ მას იეჰოვას სახელით’. მათ მიერ მიცემული ბიბლიური რჩევები დამამშვიდებელი ზეთივით ანუგეშებს ნებისმიერს, ვინც ნამდვილად ინანიებს ჩადენილ ცოდვას (იერემია 8:22).

15, 16. როგორ ბაძავენ ქრისტიანი უხუცესები ღვთის მაგალითს, რომელიც ეზეკიელის 34:15, 16-შია მოყვანილი?

15 სიყვარულის მართლაც რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა ჩვენმა დიდებულმა მწყემსმა, იეჰოვამ, როდესაც ძვ. წ. 537 წელს ბაბილონის ტყვეობიდან გამოიყვანა იუდეველები; ასევე მაშინ, როცა ახ. წ. 1919 წელს „დიდი ბაბილონის“ ტყვეობიდან გაათავისუფლა სულიერი ისრაელი! (გამოცხადება 17:3—5; გალატელები 6:16). ამგვარად, იეჰოვამ თავისი დანაპირები შეასრულა: „მე გამოვკვებავ ჩემს ცხვარს და მე მოვასვენებ მათ . . . დაკარგულს მოვძებნი, გაფანტულს დავაბრუნებ, მოტეხილს შევუხვევ, ავადმყოფს მოვაძლიერებ“ (ეზეკიელი 34:15, 16).

16 იეჰოვამ თავისი სიმბოლური ცხვარი გამოკვება, სიმშვიდეში მოასვენა და დაკარგულები მოძებნა. მსგავსადვე, ქრისტიანი მწყემსები ზრუნავენ, რომ ღვთის ფარა სულიერად გამოკვებილი იყოს და სულიერ სიმშვიდეში ცხოვრობდეს. უხუცესები ეძებენ გზააბნეულ ცხვარს, რომელიც კრებას ჩამოშორდა. ისევე როგორც იეჰოვა ცხვარს ‘მოტეხილ ადგილს უხვევს’, ზედამხედველებიც ‘მოტეხილ ადგილებს უხვევენ’ ცხვარს, რომელიც ვინმეს სიტყვებმა ან საკუთარმა საქციელმა დააზიანა. ისევე როგორც იეჰოვა ‘აძლიერებს ავადმყოფს’, უხუცესებიც ეხმარებიან სულიერად დასუსტებულებს, რომლებიც ამ მდგომარეობამდე, შესაძლოა, თავისი არასწორი მოქმედების გამო მივიდნენ.

მწყემსების მიერ გაწეული დახმარება

17. რატომ უნდა მივაკითხოთ უყოყმანოდ უხუცესებს, თუ სულიერი დახმარება გვჭირდება?

17 უხუცესები სიხარულით ასრულებენ შემდეგ მითითებას: „კვლავაც გულმოწყალენი იყავით; ეს კი შიშით აკეთეთ“ (იუდა 23). ზოგმა ქრისტიანმა მძიმედ შესცოდა ღმერთს იმით, რომ სექსუალური უზნეობა ჩაიდინა. მაგრამ, თუ ისინი მთელი გულით მოინანიებენ, შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ გულმოწყალებითა და სიყვარულით აღსავსე დახმარებას მიიღებენ უხუცესებისგან, რომლებიც მზად არიან, სულიერად მხარში ამოუდგნენ მათ. ასეთ მამაკაცებზე, და მათ შორის საკუთარ თავზე, პავლემ თქვა: „ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ“ (2 კორინთელები 1:24). ამიტომ, უყოყმანოდ მიაკითხეთ მათ სულიერი დახმარებისთვის.

18. როგორ ექცევიან უხუცესები შემცოდველ თანამორწმუნეებს?

18 თუ სერიოზული ცოდვა ჩაიდინეთ, რატომ შეგიძლიათ ენდოთ უხუცესებს? იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა ისინი ღვთის სამწყსოს მწყემსები არიან (1 პეტრე 5:1—4). არც ერთი მოსიყვარულე მწყემსი არ სცემს თვინიერ ცხვარს, რომელიც დასახიჩრებულია და ბღავის. ამიტომ, როდესაც თანაქრისტიანი დანაშაულს სჩადის, უხუცესები იმ კუთხით კი არ უდგებიან ამ საკითხს, თუ როგორ დასაჯონ შემცოდველი, არამედ იციან, რომ საქმე ეხება ცოდვის ჩადენას და ცდილობენ, სულიერად გამოასწორონ შემცოდველი, რამდენადაც ეს შესაძლებელია (იაკობი 5:13—20). უხუცესებმა სიმართლით უნდა გაარჩიონ საქმე და ‘დაინდონ სამწყსო’ (საქმეები 20:29, 30; ესაია 32:1, 2). სხვა ქრისტიანების მსგავსად, უხუცესებიც ‘სამართალს უნდა იქმოდნენ, სიკეთე უნდა უყვარდეთ და მოკრძალებულად უნდა დადიოდნენ ღმერთთან ერთად’ (მიქა 6:8). ასეთი თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უხუცესებს უწევთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ეხება ‘იეჰოვას საძოვრის ცხვრის’ ცხოვრებასა და წმინდა მსახურებას (ფსალმუნი 100:3).

19. როგორი დამოკიდებულება აქვთ ქრისტიან უხუცესებს შემცოდველის მიმართ?

19 ქრისტიანი მწყემსები წმინდა სულით ინიშნებიან და ცდილობენ, მისით იხელმძღვანელონ. ‘თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს დგამს’, მაგალითად, მისთვის მოულოდნელ სიტუაციაში, რომლისთვისაც მზად არ იყო, ‘სულიერად გამოცდილი მამაკაცები ცდილობენ, რბილად მიუდგნენ და გამოასწორონ’ (გალატელები 6:1; საქმეები 20:28). უხუცესები რბილად უდგებიან შემცოდველს, მაგრამ ღვთის ნორმების მტკიცედ დაცვით ცდილობენ, რომ გამოუსწორონ მას აზროვნება. ამას ისინი იმ თანამგრძნობი ექიმივით აკეთებენ, რომელიც მოტეხილ ძვალს დიდი სიფრთხილით სვამს თავის ადგილზე, რათა ისედაც გამწარებულ პაციენტს უფრო მეტი ტკივილი არ მიაყენოს, მაგრამ ამავე დროს დაზიანებულ ადგილსაც მიხედოს (კოლოსელები 3:12). უხუცესები ლოცვითა და ბიბლიაზე დაყრდნობით წყვეტენ, შეიძლება თუ არა ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში გულმოწყალების გამოვლენა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათი გადაწყვეტილებები ღვთის თვალსაზრისს ირეკლავს (მათე 18:18).

20. როდის შეიძლება იყოს სათანადო კრებაში განცხადების გაკეთება ვინმეს შეგონების შესახებ?

20 თუ ქრისტიანმა ცოდვა ჩაიდინა და ეს ბევრმა გაიგო ან უეჭველად გაიგებენ, კრების სახელის დასაცავად მართებული იქნება განცხადების გაკეთება. განცხადება გაკეთდება იმ შემთხვევაშიც, თუ კრებამ უნდა იცოდეს ამის შესახებ. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა შეგონებული ადამიანი სულიერად იკურნება, ის შეიძლება შევადაროთ ისეთ კაცს, რომელიც იკურნება ტრავმისგან, მაგრამ შესაძლებლობები დროებით შეზღუდული აქვს. ამ დროის განმავლობაში მომნანიებლისთვის ალბათ უკეთესი იქნება, კრების შეხვედრებზე მხოლოდ მოისმინოს პროგრამა, ნაცვლად იმისა, რომ კომენტარები გააკეთოს. უხუცესებმა შეიძლება ვინმეს სთხოვონ, რომ ბიბლიის შესწავლა ჩაუტაროს მას, რათა გაძლიერდეს იმ კუთხით, რაშიც სისუსტე აქვს და კვლავ ‘რწმენაში ჯანსაღი’ გახდეს (ტიტე 2:2). ყოველივე ეს სიყვარულით კეთდება და არა შემცოდველის დასასჯელად.

21. როგორ იქცევიან უხუცესები ზოგ შემთხვევაში?

21 უხუცესებს სხვადასხვა სახით შეუძლიათ სულიერი დახმარების გაწევა. მაგალითად: დავუშვათ ძმამ, რომელსაც წარსულში სმის პრობლემა ჰქონდა, სახლში მარტო ყოფნისას ერთი-ორჯერ ზედმეტი დალია; ან შესაძლოა მას, ვინც დიდი ხნის წინ დაანება თავი თამბაქოს, მარტომყოფს ერთი-ორჯერ სისუსტემ სძლია. თუნდაც მან ილოცოს და სწამდეს, რომ ღმერთმა აპატია, დახმარებისთვის უნდა მიმართოს უხუცესს, რათა ეს ცოდვა ჩვევაში არ გადაუვიდეს. ამ პრობლემასთან გამკლავებაში მას შეიძლება ერთი ან ორი უხუცესი დაეხმაროს. მაგრამ ეს უხუცესი (ან უხუცესები) საქმის არსს გააცნობს თავმჯდომარე ზედამხედველს, რადგან სხვა ფაქტორებიც შეიძლება იყოს გასათვალისწინებელი.

ყოველთვის გაითვალისწინეთ ღვთის დარიგებები

22, 23. რატომ უნდა გაითვალისწინოთ ღვთის დარიგებები ყოველთვის?

22 ღვთის მოწონება რომ დაიმსახუროს, ყველა ქრისტიანმა ყურად უნდა იღოს იეჰოვას დარიგებები (1 ტიმოთე 5:20). ამიტომ, გულთან ახლოს მიიტანეთ ის მითითებები, რომლებსაც იღებთ ბიბლიიდან და ქრისტიანული პუბლიკაციებიდან, ასევე იეჰოვას ხალხის კრებებსა და დიდ თუ პატარა კონგრესებზე მოსმენილიდან. კვლავაც მთელი გულმოდგინებით შეასრულეთ იეჰოვას ნება. თუ ასე მოიქცევით, ღვთის დარიგებები დაგეხმარებათ, რომ ყოველთვის სულიერად მტკიცენი დარჩეთ და ძლიერი კედელივით წინ აღუდგეთ ცოდვილ მიდრეკილებებს.

23 იეჰოვას დარიგებების გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ ღვთის სიყვარულში დარჩენას. მართალია, ზოგი ირიცხება ქრისტიანული კრებიდან, მაგრამ თქვენ არ აღმოჩნდებით მათ შორის, თუ ‘გულს გაუფრთხილდებით’ და ‘ივლით როგორც ბრძენები’ (იგავები 4:23; ეფესოელები 5:15). მაგრამ, თუ ამჟამად გარიცხული ხართ, გადადგით სათანადო ნაბიჯები, რათა კვლავ დაუბრუნდეთ ქრისტიანულ კრებას. ღმერთს სურს, რომ ყველა, ვინც მას თავი მიუძღვნა, ერთგულად და „გახარებული გულით“ სცემდეს მას თაყვანს (მეორე კანონი 28:47). თუ ყოველთვის გაითვალისწინებთ იეჰოვას დარიგებებს, თქვენ მთელი მარადიულობის განმავლობაში შეძლებთ, სიხარულით სცეთ მას თაყვანი (ფსალმუნი 100:2).

როგორ უპასუხებდით?

• რატომ ირიცხება ზოგი ქრისტიანული კრებიდან?

• რა იგულისხმება ნამდვილ მონანიებაში?

• რატომ არის საჭირო სერიოზული ცოდვის აღიარება?

• როგორ ეხმარებიან ქრისტიანი უხუცესები მომნანიებელ შემცოდველებს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

რატომ მისწერა მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს მითითებები გარიცხვის თაობაზე?

[სურათი 29 გვერდზე]

ძველ დროში მცხოვრები მწყემსების მსგავსად, ქრისტიანი უხუცესები ‘მოტეხილ ადგილებს უხვევენ’ ღვთის ცხვარს.