არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ანტიქრისტეს ვინაობა ცნობილია

ანტიქრისტეს ვინაობა ცნობილია

ანტიქრისტეს ვინაობა ცნობილია

რას გააკეთებთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენს მხარეში საშიში ეპიდემია მძვინვარებს? ალბათ, იმუნურ სისტემას გაიძლიერებთ და დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტაქტს მოერიდებით. მსგავსად უნდა მოვიქცეთ ჩვენი რწმენის დასაცავად, რადგან ბიბლია გვეუბნება, რომ ანტიქრისტე „უკვე ქვეყნიერებაშია“ (1 იოანე 4:3). თუ გვსურს, თავი დავიცვათ „ინფექციისგან“, უნდა ამოვიცნოთ „ინფექციის მატარებელი“ და მოვერიდოთ მას. საბედნიეროდ, ბიბლია გვეხმარება ამის გარკვევაში.

ანტიქრისტე სიტყვასიტყვით ნიშნავს: „ქრისტეს წინააღმდეგ (ან ქრისტეს ნაცვლად)“. ფართო გაგებით ანტიქრისტე შეიძლება ეწოდოს ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ქრისტეს, ან თავს ქრისტედ ან მის წარმომადგენლად ასაღებს. იესომ თავად თქვა: „ვინც ჩემ მხარეზე არ არის, ჩემ წინააღმდეგაა [ანუ ანტიქრისტეა], და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ფანტავს“ (ლუკა 11:23).

იესოს სიკვდილიდან და ზეცად ამაღლებიდან სამოც წელზე მეტი იყო გასული, როცა იოანემ ანტიქრისტეს შესახებ დაწერა. ამიტომ ანტიქრისტეს ამოცნობა შესაძლებელია იმით, თუ როგორ ექცევა ის იესოს ერთგულ მიმდევრებს (მათე 25:40, 45).

ანტიქრისტე — ქრისტიანების მოწინააღმდეგე

იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები, რომ მათ ქვეყნიერება შეიძულებდა: „გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. გამოჩნდება ბევრი ცრუწინასწარმეტყველი და მრავალს შეიყვანს შეცდომაში“ (მათე 24:9, 11).

იესოს მოწაფეები „[მისი] სახელის გამო“ იდევნებიან, ამიტომ მათი მდევნელები აშკარად ანტიქრისტეები ანუ ქრისტეს მოწინააღმდეგეები არიან. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან „ცრუწინასწარმეტყველებიც“, რომელთაგან ზოგი ერთ დროს ქრისტიანი იყო (2 იოანე 7). იოანე ‘მრავალი ანტიქრისტეს’ შესახებ წერდა: „ისინი ჩვენგან გავიდნენ, მაგრამ ჩვენიანები არ იყვნენ, რადგან ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ“ (1 იოანე 2:18, 19).

იესოს და იოანეს სიტყვები იმაზე მოწმობს, რომ ანტიქრისტე ერთი პიროვნება არ არის; მასში იგულისხმება იესოს ყველა მოწინააღმდეგე. ამასთანავე, ისინი ცრუ ცრუწინასწარმეტყველები არიან, ამიტომ მათი მთავარი მიზანია, ადამიანები სულიერად შეაცდინონ. რა ხერხებს მიმართავენ ისინი?

რელიგიური სიცრუის გავრცელება

პავლე მოციქული აფრთხილებდა თავის თანამშრომელ ტიმოთეს, რომ მორიდებოდა განდგომილთა სწავლებებს. განდგომილთა შორის იყვნენ ჰიმენეოსი და ფილეტე, რომელთა ‘სიტყვაც განგრენასავით გავრცელდა’. პავლე დასძენდა: „ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ. ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს“ (2 ტიმოთე 2:16—18). როგორც ჩანს, ჰიმენეოსი და ფილეტე ასწავლიდნენ, რომ მკვდრეთით აღდგომას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და ქრისტიანებმა სულიერი გაგებით უკვე განიცადეს აღდგომა. მართალია პავლემაც აღნიშნა, რომ ადამიანი ღვთის თვალში ცოცხლდება, როცა იესოს მოწაფე ხდება (ეფესოელები 2:1—5). მაგრამ ჰიმენეოსი და ფილეტე უგულებელყოფდნენ იესოს დაპირებას ფიზიკური აღდგომის შესახებ, რომელიც ღვთის სამეფოს მმართველობის დროს დაიწყებოდა (იოანე 5:28, 29).

იდეა სიმბოლური აღდგომის შესახებ მოგვიანებით გნოსტიკოსებმა განავითარეს. მათი რწმენით, ცოდნის მიღება (ბერძნულად გნოსის) შესაძლებელია უშუალოდ ღვთისგან, ამიტომ მათ განდგომილი ქრისტიანობის, ბერძნული ფილოსოფიისა და აღმოსავლური მისტიციზმის შერწყმა მოახდინეს. მაგალითად, მათ სწამდათ, რომ მატერია ყოველგვარი ბოროტების საწყისია, ამიტომ იესო ხორციელ სხეულში არ მოსულა; ხალხს მხოლოდ ეჩვენებოდა, რომ იესოს ადამიანის სხეული ჰქონდა. როგორც ვხედავთ, სწორედ ასეთი სწავლებების შესახებ აფრთხილებდა ქრისტიანებს მოციქული იოანე (1 იოანე 4:2, 3; 2 იოანე 7).

კიდევ ერთი სიცრუე, რომელიც საუკუნეების შემდეგ მოიგონეს, არის სწავლება ეგრეთ წოდებული წმინდა სამების შესახებ, რომლის თანახმადაც იესო ყოვლისშემძლე ღმერთიც არის და ღვთის ძეც. თავის წიგნში „პირველი სამი საუკუნის ეკლესია“, დ-რ ალვან ლამსონი ამბობს, რომ სამების დოქტრინა „დასაბამს იღებს არა ებრაული და ქრისტიანული წერილებიდან, არამედ სრულიად სხვა წყაროდან; ის პლატონის მიმდევართა მამებმა განავითარეს და ქრისტიანობაში შემოიღეს“. ვინ იყვნენ ეს მამები? ესენი იყვნენ განდგომილი სასულიერო პირები, რომლებიც წარმართი ბერძენი ფილოსოფოსის, პლატონის, სწავლებებით იყვნენ გატაცებულნი.

ქრისტიანობაში სამების სწავლების დანერგვა ანტიქრისტეს დიდი მიღწევა იყო, რადგან ის აბუნდოვანებდა წარმოდგენას ღვთის შესახებ და გაურკვეველს ხდიდა, რა მდგომარეობა ეკავა ძეს (იოანე 14:28; 15:10; კოლოსელები 1:15). ბიბლია მოგვიწოდებს, დავუახლოვდეთ ღმერთს, მაგრამ დაფიქრდით, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, თუ ღმერთი იდუმალებით არის მოცული? (იაკობი 4:8).

გარდა ამისა, დაბნეულობა გამოიწვია იმანაც, რომ ბიბლიის მრავალმა მთარგმნელმა ღვთის სახელი, იეჰოვა, ამოიღო თავიანთი თარგმანებიდან, მიუხედავად იმისა, რომ დედანში ის 7 000-ზე მეტჯერ გვხვდება. ცხადია, ყოვლისშემძლე ღვთის მხოლოდ იდუმალ პიროვნებად კი არა, უსახელო იდუმალებად წარმოჩენა ჩვენი შემოქმედისა და მისი სიტყვისადმი აშკარა უპატივცემულობაა (გამოცხადება 22:18, 19). უფრო მეტიც, ღვთის სახელის ისეთი წოდებებით შეცვლა, როგორიცაა უფალი და ღმერთი, იესოს ლოცვის უგულებელყოფაა, სადაც ნათქვამია: „წმინდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9, „ბიბლიის საზოგადოების გამოცემა“).

ანტიქრისტე უარყოფს ღვთის სამეფოს

ანტიქრისტე განსაკუთრებით ჩვენს დროში, „ბოლო დღეებში“ გააქტიურდა (2 ტიმოთე 3:1). ამ თანამედროვე მატყუარას ძირითადი მიზანია, შეცდომაში შეიყვანოს ადამიანები და დაუმალოს მათ, რომ იესო ღვთის სამეფოს ანუ იმ ზეციერი მთავრობის მეფეა, რომელიც მალე მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 7:13, 14; გამოცხადება 11:15).

მაგალითად, ზოგი რელიგიური წინამძღოლი ქადაგებს, რომ ღვთის სამეფო ადამიანის გულშია, რასაც ბიბლია არ ასწავლის (დანიელი 2:44). სხვების აზრით, ქრისტე ადამიანთა მთავრობებისა და ინსტიტუტების მეშვეობით მმართველობს. მაგრამ იესომ თქვა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოანე 18:36). სინამდვილეში „ქვეყნიერების მმართველი“ და „ღმერთი“ სატანაა და არა ქრისტე (იოანე 14:30; 2 კორინთელები 4:4). ამიტომ იესო მალე გაანადგურებს ადამიანთა ყველა მთავრობას და დედამიწის ერთადერთი მმართველი იქნება (ფსალმუნი 2:2, 6—9; გამოცხადება 19:11—21). ადამიანები სწორედ ამას სთხოვენ ღმერთს, როცა უფლის ლოცვას წარმოთქვამენ: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი . . . ქვეყანასა ზედა“ (მათე 6:10, ბსგ).

მრავალი რელიგიური წინამძღოლი მხარს უჭერს მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას, ამიტომ ისინი ეწინააღმდეგებიან და დევნიან მათ, ვინც ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას აცხადებს. საინტერესოა, რომ ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი, „გამოცხადება“ მოიხსენიებს სიმბოლურ მეძავს, „დიდ ბაბილონს“, რომელიც „წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით იყო დამთვრალი“ (გამოცხადება 17:4—6). ის სულიერ მეძაობას ეწევა, რადგან მხარში უდგას დედამიწის „მეფეებს“ ანუ პოლიტიკურ მმართველებს. სანაცვლოდ მათგანაც მხარდაჭერას იღებს. აშკარაა, რომ ეს ქალი მსოფლიოს ცრუ რელიგიების სიმბოლოა. ძირითადად, ის წარმოადგენს ანტიქრისტეს (გამოცხადება 18:2, 3; იაკობი 4:4).

‘ყურისმაამებელი’ ანტიქრისტე

გარდა იმისა, რომ მრავალი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი არ ცნობს ბიბლიურ ჭეშმარიტებას, ისინი არაფრად აგდებენ ბიბლიის ნორმებს და ქვეყნიერებაში გავრცელებულ შეხედულებებს იზიარებენ. ღვთის სიტყვაში ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის [რომლებიც აცხადებენ, რომ ღმერთს ემსახურებიან] აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად“ (2 ტიმოთე 4:3). ბიბლია ცრუ რელიგიური მოძღვრების შესახებ ამბობს: „ცრუმოციქულები არიან, ცბიერი მუშები, რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ . . . მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება“ (2 კორინთელები 11:13—15).

ისინი თავაშვებულები არიან და თავხედურად უგულებელყოფენ ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს (2 პეტრე 2:1—3, 12—14). ადვილად შესამჩნევია, რომ იზრდება იმ რელიგიური წინამძღოლებისა და მათი მიმდევრების რიცხვი, რომლებიც იწყნარებენ ჰომოსექსუალიზმსა და ქორწინებამდე სექსს. ბევრი მათგანი თვითონაც მიჰყვება ასეთ არაქრისტიანულ ცხოვრებას. გთხოვთ, გამოყოთ დრო და დღეს გავრცელებული შეხედულებები შეადაროთ შემდეგ მუხლებს: ლევიანები 18:22; რომაელები 1:26, 27; 1 კორინთელები 6:9, 10; ებრაელები 13:4 და იუდა 7.

„შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები“

ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ყურად უნდა ვიღოთ მოციქული იოანეს სიტყვები და ზედაპირულად არ უნდა მოვეკიდოთ ჩვენს რწმენას: „ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა“ (1 იოანე 4:1).

განვიხილოთ პირველ საუკუნეში ქალაქ ბერეაში მცხოვრები ზოგიერთი კეთილშობილი ადამიანის შესანიშნავი მაგალითი. მათ „უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო [ის, რაც პავლემ და სილამ უქადაგეს]“ (საქმეები 17:10, 11). ეს ხალხი სწავლას იყო მოწყურებული, მაგრამ ამოწმებდნენ, შეესაბამებოდა თუ არა ნასწავლი წმინდა წერილებს.

დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები არ ექცევიან ამ ქვეყნიერების ცვალებადი შეხედულებების გავლენის ქვეშ, არამედ ერთგულად იცავენ ბიბლიის ჭეშმარიტებას. პავლე მოციქულმა დაწერა: „განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული უფრო და უფრო გაიზარდოს საფუძვლიან ცოდნასა და სრულ გამჭრიახობაში“ (ფილიპელები 1:9).

თუ გსურთ, გქონდეთ ბიბლიის „საფუძვლიანი ცოდნა და სრული გამჭრიახობა“, გაიგეთ, რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში. ვინც ბერეელებს ჰბაძავს, ანტიქრისტეს „ყალბი სიტყვებით“ არ მოტყუვდება (2 პეტრე 2:3). ის გათავისუფლებული იქნება იმ სულიერი ჭეშმარიტებით, რომელიც ნამდვილი ქრისტესა და მისი მიმდევრებისგან მომდინარეობს (იოანე 8:32, 36).

[ჩარჩო⁄სურათი 4 გვერდზე]

რას ამბობს ბიბლია ანტიქრისტეს შესახებ?

„შვილებო, ახლა უკანასკნელი საათია [როგორც ჩანს, მოციქულთა მოღვაწეობის ბოლო პერიოდი] და, როგორც უკვე მოისმინეთ, ანტიქრისტე მოდის, უკვე მოვიდა კიდეც მრავალი ანტიქრისტე“ (1 იოანე 2:18).

„ვინ არის ცრუ, თუ არა ის, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? ვინც მამასა და ძეს უარყოფს, ანტიქრისტეა“ (1 იოანე 2:22).

„ყოველი შთაგონებული სიტყვა, რომელიც იესოს არ აღიარებს, ღვთისგან არ არის. უფრო მეტიც, ეს ანტიქრისტეს შთაგონებული სიტყვაა, სიტყვა, რომლის მოსვლის შესახებაც მოისმინეთ და რომელიც უკვე ქვეყნიერებაშია“ (1 იოანე 4:3).

„ბევრი მატყუარა გაჩნდა ქვეყანაზე, რომლებიც არ აღიარებენ, რომ იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა. ვინც ამას აკეთებს, მატყუარა და ანტიქრისტეა“ (2 იოანე 7).

[ჩარჩო⁄სურათები 5 გვერდზე]

მატყუარა, რომელიც სხვადასხვა სახით გვევლინება

ყველა, ვინც უარყოფს იმას, რაც ბიბლიაში წერია იესო ქრისტეს შესახებ, ვინც ეწინააღმდეგება ქრისტეს სამეფოს და დევნის მის მიმდევრებს, ანტიქრისტეა. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ცალკეული ადამიანები, ორგანიზაციები და ერები, რომლებიც უსაფუძვლოდ ამტკიცებენ, რომ ქრისტეს წარმომადგენლები არიან. ისინი ამაყად აცხადებენ, რომ ნამდვილ მშვიდობასა და უსაფრთხოებას დაამყარებენ დედამიწაზე, რის გაკეთებაც მხოლოდ იესოს შეუძლია; ამგვარად საკუთარ თავს მესიად მიიჩნევენ.

[საავტორო უფლება]

Augustine: ©SuperStock/​age fotostock

[სურათი 7 გვერდზე]

ბერეელების მსგავსად, ‘ყოველდღე უნდა ვიკვლევდეთ წმინდა წერილებს’.