გიყვარდეთ ღმერთი, რომელსაც უყვარხართ
გიყვარდეთ ღმერთი, რომელსაც უყვარხართ
„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37).
1, 2. რატომ წამოიჭრა კითხვა უდიდესი მცნების შესახებ?
იესოს დღეებში ერთმა საკითხმა ფარისეველთა შორის ცხარე კამათი გამოიწვია. რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი იმ 600-ზე მეტი კანონიდან, რომლებიც მოსეს კანონთა კრებულში შედიოდა? იქნებ კანონი შესაწირავებზე? შესაწირავები ცოდვების პატიებასა და ღვთისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურებოდა. ან იქნებ კანონი წინადაცვეთის შესახებ იყო ყველაზე მნიშვნელოვანი? ესეც მნიშვნელოვანი იყო, რადგან წინადაცვეთა იეჰოვასა და აბრაამს შორის დადებული შეთანხმების ნიშანი იყო (დაბადება 17:9—13).
2 შესაძლოა ტრადიციული შეხედულებების დამცველები ფიქრობდნენ, რომ ღვთისგან მოცემული ნებისმიერი კანონი, ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვანიც კი, სინამდვილეში მნიშვნელოვანი იყო. მათ არასწორად მიაჩნდათ, რომელიმე კანონისთვის მეტი უპირატესობის მინიჭება. ამიტომ ფარისევლებმა გადაწყვიტეს, იესოსთვის დაესვათ ეს საკამათო კითხვა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ იესო ისეთ პასუხს გასცემდა, რაც ხალხს მისდამი ნდობას დაუკარგავდა. ერთმა ფარისეველმა იესოს ჰკითხა: „რომელია უდიდესი მცნება კანონში?“ (მათე 22:34—36).
3. იესოს სიტყვების თანახმად, რომელია უდიდესი მცნება?
3 იესოს პასუხს დღეს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თავისი პასუხით მან დაგვანახვა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. იესომ მეორე კანონის 6:5-დან ციტატა მოიყვანა: « „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება». თუმცა ფარისევლებს მხოლოდ ერთი მცნება აინტერესებდათ, იესომ მათ მეორე მცნებაზეც მიუთითა და ლევიანების 19:18-ში ჩაწერილი სიტყვები გაახსენა: «მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ ». ამით იესომ ცხადყო, რომ ეს ორი კანონი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონები იყო წმინდა თაყვანისმცემლობაში. მან ამომწურავი პასუხი გასცა ფარისევლებს, როცა თქვა: „ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი და წინასწარმეტყველთა წიგნები“ (მათე 22:37—40). ამ სტატიაში განვიხილავთ ამ ორი მცნებიდან უდიდესს. რატომ უნდა გვიყვარდეს ღმერთი? როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთისადმი სიყვარული? და როგორ განვივითაროთ ეს სიყვარული? ამ კითხვებზე პასუხების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან იეჰოვას სურს, რომ გვიყვარდეს ის მთელი გულით, სულით და გონებით.
რატომ არის სიყვარული მნიშვნელოვანი?
4, 5. ა) რატომ არ გაუკვირდა ფარისეველს იესოს პასუხი? ბ) რა არის შესაწირავებსა და მსხვერპლზე უფრო მნიშვნელოვანი ღვთისთვის?
4 როგორც ჩანს, ფარისეველს, რომელმაც ეს კითხვა დასვა, არ გაუკვირდა იესოს პასუხი. მან იცოდა, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის არსი ღვთის სიყვარული იყო, თუმცა ბევრი არ ავლენდა მას. სინაგოგებში ჩვეულებრივ ზეპირად წარმოთქვამდნენ კანონის 6:4—9-ში ჩაწერილ სიტყვებს, რომლებსაც იესო ციტირებდა თავის პასუხში. მარკოზის სახარების თანახმად, პასუხის მოსმენის შემდეგ ფარისეველმა იესოს უთხრა: «მოძღვარო, შენ კარგად და ჭეშმარიტად თქვი: „ის არის ერთი და სხვა არავინ“. მთელი გულით, მთელი შეგნებით და მთელი ძალით მის სიყვარულსა და საკუთარი თავივით მოყვასის სიყვარულს ბევრად მეტი ფასი აქვს, ვიდრე მთლიანად დასაწვავ შესაწირავსა და მრავალ მსხვერპლს» (მარკოზი 12:32, 33).
შემას, ებრაულ ლოცვას; ის შეიცავს მეორე5 თუმცა კანონის თანახმად მოითხოვებოდა მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და სხვადასხვა მსხვერპლი, ღვთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მის მსახურებს მთელი გულით ჰყვარებოდათ ის. ღვთის თვალში სიყვარულითა და ერთგულებით შეწირული ერთი ბეღურა უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე არასწორი მოტივებით შეწირული ათასობით ვერძი (მიქა 6:6—8). გაიხსენეთ ღარიბი ქვრივი, რომელსაც იესო იერუსალიმის ტაძარში აკვირდებოდა. ორი პატარა მონეტით, რომელიც მან ტაძრისთვის შესწირა, ერთი ბეღურის ყიდვაც კი შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, სიყვარულით გაღებული ეს შესაწირავი იეჰოვასთვის უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე მდიდრების მიერ გაღებული დიდი შესაწირავი, რასაც ისინი თავიანთი ნამეტიდან სწირავდნენ (მარკოზი 12:41—44). რა გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვასთვის ყველაზე ძვირფასია სიყვარული — ის, რისი გაცემაც, მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა, ყველას შეგვიძლია!
6. პავლეს სიტყვების თანახმად, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული?
6 მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში სიყვარული: „ადამიანთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვილაპარაკო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ჟღარუნა თითბერი ვიქნები ან მჭექარე წინწილა. წინასწარმეტყველების ძღვენიც რომ მქონდეს, ყველა წმინდა საიდუმლო რომ ვიცოდე, ყოველგვარ ცოდნას რომ ვფლობდე და ისეთი რწმენა მქონდეს, რომ მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები. მთელი ჩემი ქონება რომ სხვების დასაპურებლად გავცე და ჩემი სხეული გავიღო, რათა დავიკვეხნო, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, ეს არაფერს მარგებს“ (1 კორინთელები 13:1—3). ცხადია, ჩვენი თაყვანისმცემლობა რომ ღვთისთვის მისაღები იყოს, სიყვარულის გამოვლენაა საჭირო. მაგრამ, როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იეჰოვასადმი სიყვარული?
როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იეჰოვასადმი სიყვარული?
7, 8. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ იეჰოვასადმი სიყვარული?
7 ბევრს მიაჩნია, რომ სიყვარული არის ემოცია, რომელიც თავისთავად ჩნდება, მაგალითად მამაკაცსა და ქალს შორის. მაგრამ ნამდვილი სიყვარული გრძნობაზე მეტია. ის გამოიხატება საქმით და არა ემოციით. ბიბლია სიყვარულს „აღმატებულ გზას“ უწოდებს, რისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ (1 კორინთელები 12:31; 14:1). ქრისტიანებს ბიბლია მოგვიწოდებს, გვიყვარდეს „არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“ (1 იოანე 3:18).
8 ღვთის სიყვარული აღგვძრავს, სიტყვითა და საქმით ვასიამოვნოთ მას და მხარი დავუჭიროთ მის უზენაესობას. ის აღგვძრავს, არ გვიყვარდეს ქვეყნიერება და მისი უღვთო გზები (1 იოანე 2:15, 16). მათ, ვისაც ღმერთი უყვართ, სძულთ ბოროტება (ფსალმუნი 97:10). ღვთის სიყვარულში მოყვასის სიყვარულიც იგულისხმება, რის შესახებაც შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ. ღვთის სიყვარული მორჩილებასაც ნიშნავს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3).
9. რით ცხადყო იესომ, რომ ღმერთი უყვარდა?
9 იესომ სრულყოფილად დაგვანახვა, რას ნიშნავს ღვთის სიყვარული. სიყვარულმა აღძრა ის, დაეტოვებინა ზეცა და დედამიწაზე ეცხოვრა; სიყვარულმა უბიძგა მას, განედიდებინა მამა სიტყვითა და საქმით; ღვთის სიყვარულის გამო ის „მორჩილი იყო სიკვდილამდე“ (ფილიპელები 2:8). ამ მორჩილებამ, რაც სიყვარულის გამოვლენა იყო, შესაძლებლობა მისცა ერთგულ ადამიანებს, ღვთის წინაშე მართლებად გამოცხადებულიყვნენ. პავლე წერდა: „როგორც ერთი კაცის [ადამის] ურჩობით გახდა ბევრი ცოდვილი, ასევე ერთის [იესო ქრისტეს] მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“ (რომაელები 5:19).
10. რატომ მოითხოვება მორჩილება ღვთის სიყვარულის გამოსავლენად?
10 იესოს მსგავსად, ჩვენც მორჩილებით ვავლენთ ღვთის სიყვარულს. იოანემ, იესოს საყვარელმა მოწაფემ, დაწერა: „სიყვარული კი ის არის, რომ მისი მცნებების თანახმად დავდიოდეთ“ (2 იოანე 6). მათ, ვისაც ნამდვილად უყვართ იეჰოვა, მთელი გულით სურთ მისგან მითითებების მიღება. ამ ადამიანებს ესმით, რომ ღვთისგან დამოუკიდებლად წარმატებულნი ვერ იქნებიან; ისინი ენდობიან ღვთის სიბრძნეს და ემორჩილებიან მის ხელმძღვანელობას (იერემია 10:23). ისინი იქცევიან ძველ ბერეაში მცხოვრები კეთილშობილი ადამიანების მსგავსად, რომელთაც ღვთის ნების შესრულების ძლიერი სურვილი ჰქონდათ და „გულმოდგინებით მიიღეს“ ღვთის სიტყვა (საქმეები 17:11). ბერეელები გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, რათა უკეთ გაეგოთ ღვთის ნება. ეს დაეხმარა მათ, მორჩილებით გამოევლინათ სიყვარული.
11. რას ნიშნავს, გვიყვარდეს ღმერთი მთელი გულით, გონებით, სულით და ძალით?
11 როგორც იესომ თქვა, ღმერთი უნდა გვიყვარდეს მთელი გულით, გონებით, სულით და ძალით (მარკოზი 12:30). ასეთი სიყვარული მომდინარეობს გულიდან, რომელშიც იგულისხმება ჩვენი გრძნობები, სურვილები და დაფარული აზრები. ის აღგვძრავს, ვასიამოვნოთ ღმერთს. ჩვენ ღმერთი გონებითაც გვიყვარს; ბრმად არ ვცემთ თაყვანს, რადგან ვიცნობთ იეჰოვას, მის თვისებებს, ნორმებსა და განზრახვებს. ჩვენ მთელი სულით ანუ მთელი ჩვენი არსებით და სიცოცხლით ვემსახურებით და განვადიდებთ ღმერთს. ამისთვის ძალას არ ვიშურებთ.
რატომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა?
12. რატომ მოითხოვს ღმერთი, რომ გვიყვარდეს ის?
12 ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა მოითხოვს ჩვენგან, მისი თვისებები ავირეკლოთ. ღმერთი სიყვარულის წყაროა და მისი გამოვლენის უდიდეს მაგალითს გვაძლევს. მოციქულმა იოანემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ადამიანები ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილები; მან ჩადო ჩვენში სიყვარულის გამოვლენის უნარი. იეჰოვას უზენაესობა სიყვარულზეა დაფუძნებული. ის თავის ქვეშევრდომებად ირჩევს მათ, ვისაც მთელი გულით სურთ, მის სამართლიან მმართველობას დაექვემდებარონ. სიყვარული მართლაც საჭიროა, რომ ყველა ქმნილებას შორის მშვიდობა და ჰარმონია იყოს.
13. ა) რატომ მოითხოვებოდა ისრაელებისგან, ჰყვარებოდათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი? ბ) რატომ არის სამართლიანი იეჰოვას მოთხოვნა, გვიყვარდეს ის?
13 ჩვენ მადლიერები ვართ იმ ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ ჩვენთვის გააკეთა. ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ გვიყვარს ის. გაიხსენეთ, რა უპასუხა იესომ იუდეველებს: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი“. მათ არ მოეთხოვებოდათ, ჰყვარებოდათ ღმერთი, რომელთანაც გაცნობა და დაახლოება შეუძლებელი იყო. ისრაელებს უნდა ჰყვარებოდათ ღმერთი, რომელიც მათ მიმართ სიყვარულს ავლენდა. იეჰოვა იყო მათი ღმერთი. მან გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და აღთქმულ მიწაზე შეიყვანა; ის იცავდა მათ, მხარში ედგა და ზრუნავდა მათზე; ის სიყვარულით მოძღვრავდა მათ. დღეს იეჰოვა ჩვენი ღმერთია, რომელმაც თავისი ძე შემოგვწირა, რათა მარადიული სიცოცხლე გვქონოდა. იეჰოვა მართლაც სამართლიანად მოითხოვს, გვიყვარდეს ის! ჩვენი სიყვარული საპასუხოა, ვინაიდან გვიყვარს ღმერთი, რომელსაც ვუყვარვართ. ჩვენ გვიყვარს ის, ვინც „პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19).
14. რა მსგავსებაა იეჰოვას სიყვარულსა და მშობლის სიყვარულს შორის?
14 იეჰოვას ისე უყვარს ადამიანები, როგორც მოსიყვარულე მშობელს თავისი შვილები. არასრულყოფილების მიუხედავად, მოსიყვარულე მშობელი წლების მანძილზე ზრუნავს თავის შვილებზე და მზადაა, ნებისმიერი მსხვერპლი გაიღოს მათთვის. მშობლები ასწავლიან, ამხნევებენ, მხარს უჭერენ და მოძღვრავენ თავიანთ შვილებს, რათა ისინი ბედნიერები იყვნენ. რას ელიან მშობლები სანაცვლოდ? მათ სურთ, რომ შვილებს უყვარდეთ ისინი
და დააფასონ ის, რაც მშობლებმა მათ საკეთილდღეოდ გააკეთეს. განა გასაკვირია, რომ ჩვენს სრულყოფილ ზეციერ მამას სურდეს, მადლიერები ვიყოთ იმისთვის, რაც მან გაგვიკეთა?როგორ განვივითაროთ ღვთისადმი სიყვარული?
15. რა დაგვეხმარება ღვთისადმი სიყვარულის განვითარებაში?
15 ჩვენ ღმერთი არ გვინახავს და არც მისი ხმა გაგვიგია (იოანე 1:18). მიუხედავად ამისა, ის მოგვიწოდებს, თბილი ურთიერთობა გვქონდეს მასთან (იაკობი 4:8). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ვინმე რომ შევიყვაროთ, ჯერ უნდა გავიცნოთ, რადგან რთულია, ნამდვილად გვიყვარდეს ის, ვისაც არ ვიცნობთ. იეჰოვამ მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, რათა გავიცნოთ ის. ამიტომაც მოგვიწოდებს თავისი ორგანიზაციის მეშვეობით, რომ რეგულარულად ვიკითხოთ ბიბლია. სწორედ ბიბლიით ვეცნობით ღვთის პიროვნებას, მის თვისებებს. ბიბლიიდან ვიგებთ, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ადამიანებთან კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. წაკითხულზე ფიქრი დაგვეხმარება, ახლოს გავიცნოთ ღმერთი და უფრო მეტად შევიყვაროთ ის (რომაელები 15:4).
16. როგორ ზრდის ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს იესოს მსახურებაზე ფიქრი?
16 უმთავრესად, იეჰოვასადმი სიყვარულს გაგვიძლიერებს იესოს ცხოვრებასა და მსახურებაზე ფიქრი. იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს, ამიტომ მას შეეძლო ეთქვა: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9). შეგვძრა იესოს მიერ გამოვლენილმა თანაგრძნობამ, როცა ქვრივს ერთადერთი ვაჟი გაუცოცხლა? (ლუკა 7:11—15). იმოქმედა ჩვენზე იმის გაგებამ, რომ ღვთის ძემ, ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულმა ადამიანმა, თავმდაბლურად დაჰბანა ფეხები თავის მოწაფეებს? (იოანე 13:3—5). შეეხო ჩვენს გულს იმის გაგება, რომ მასთან, ყველაზე დიდებულ და ბრძენ ადამიანთან, ყველა ადვილად მიდიოდა, მათ შორის ბავშვებიც? (მარკოზი 10:13, 14). თუ მადლიერებით ვფიქრობთ ამ ყოველივეზე, იმ ქრისტიანებს დავემსგავსებით, რომლებზეც პეტრე წერდა: „თუმცა არასოდეს გინახავთ იგი [იესო], მაინც გიყვართ“ (1 პეტრე 1:8). რაც მეტად შევიყვარებთ იესოს, მით მეტად შეგვიყვარდება იეჰოვა.
17, 18. რის შესახებ უნდა დავფიქრდეთ, რომ მეტად შევიყვაროთ იეჰოვა?
17 ღვთისადმი სიყვარულს განვივითარებთ, თუ ვიფიქრებთ იმაზე, რაც მან სიყვარულით გვიბოძა — მშვენიერ ქმნილებებზე, უამრავ გემრიელ საკვებზე, მეგობრებთან თბილ ურთიერთობასა და სხვა მრავალ რამეზე, რაც კმაყოფილებასა და სიამოვნებას გვანიჭებს (საქმეები 14:17). რაც მეტს ვიგებთ ღვთის შესახებ, მით მეტი მიზეზი გვაქვს, მადლიერები ვიყოთ მისი უსაზღვრო სიკეთისა და გულუხვობისთვის. დაფიქრდი, პირადად შენთვის რა გააკეთა იეჰოვამ. განა არ იმსახურებს ის ჩვენს სიყვარულს?
18 ღვთის უამრავი ძღვნიდან ერთ-ერთი ლოცვაა; ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს ვილოცოთ და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ „ლოცვების მომსმენი“ გვისმენს (ფსალმუნი 65:2). იეჰოვამ თავის საყვარელ ძეს მმართველობისა და გასამართლების ძალაუფლება მიანიჭა, მაგრამ არავის მისცა ჩვენი ლოცვების მოსმენის უფლება, მათ შორის თავის ძესაც კი. იეჰოვა პირადად ისმენს ჩვენს ლოცვებს. ამგვარად, ის თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს სიყვარულით და ეს უფრო გვაახლოებს მასთან.
19. იეჰოვას რომელი დანაპირები გვაახლოებს მასთან?
19 იეჰოვასთან გვაახლოებს იმაზე ფიქრი, რაც მან ადამიანებს აღუთქვა. ის დაგვპირდა, რომ ბოლოს მოუღებს ავადმყოფობას, წუხილსა და სიკვდილს (გამოცხადება 21:3, 4). ადამიანები გასრულყოფილდებიან და აღარასოდეს შეაწუხებთ დეპრესია, იმედგაცრუება და ტრაგედია. შიმშილი, სიღარიბე და ომები აღარ იარსებებს (ფსალმუნი 46:9; 72:16). დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ლუკა 23:43). ამ კურთხევებს იეჰოვა ვალდებულების გამო კი არ გვაძლევს, არამედ იმის გამო, რომ ვუყვარვართ.
20. მოსეს სიტყვების თანახმად, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასადმი სიყვარული?
20 ჩვენ საფუძვლიანი მიზეზები გვაქვს, გვიყვარდეს ღმერთი და მეტად გავიზარდოთ მის სიყვარულში. გავიძლიერებთ იეჰოვასადმი სიყვარულს და მივცემთ მას საშუალებას, რომ გვიხელმძღვანელოს? ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. მოსეს ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანია, იეჰოვასადმი სიყვარულის განვითარება და მისი შენარჩუნება. მან ისრაელებს უთხრა: „აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც, თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას. შენი სიცოცხლე და დღეგრძელობაა იგი“ (მეორე კანონი 30:19, 20).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რატომ უნდა გვიყვარდეს იეჰოვა?
• როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთისადმი სიყვარული?
• რა მიზეზების გამო გვიყვარს იეჰოვა?
• როგორ შეგვიძლია ღვთისადმი სიყვარულის განვითარება?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 20 გვერდზე]
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია სიყვარულის გამოვლენა, რასაც იეჰოვა ნამდვილად აფასებს.
[სურათები 23 გვერდზე]
„ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:9).