არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან ესაია (ნაწილი 1)

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან ესაია (ნაწილი 1)

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან ესაია (ნაწილი 1)

„ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“ იეჰოვა ღმერთის ამ მოწვევას ესაია, ამოცის ძე, ასე ეხმაურება: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ესაია 1:1; 6:8). ამ დროს ესაია წინასწარმეტყველებას იწყებს. მისი საქმიანობის შესახებ ვკითხულობთ ბიბლიის წიგნში, რომელიც მის სახელს ატარებს.

ესაია წინასწარმეტყველმა თავად დაწერა ეს წიგნი. მასში აღწერილია მოვლენები, რომლებიც 46 წლის მანძილზე — დაახლოებით ძვ. წ. 778—732 წლებში — მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში იუდასთვის, ისრაელისა და მეზობელი ერებისთვის გამოტანილი განაჩენია ჩაწერილი, ეს წიგნის მთავარი თემა არ არის. ძირითადად, წიგნში საუბარია იმაზე, თუ როგორ იხსნის იეჰოვა თავის ხალხს (ესაია 25:9). თვით ესაიას სახელი ნიშნავს: ხსნა იეჰოვასგანაა. ამ სტატიაში განვიხილავთ მნიშვნელოვან აზრებს ესაიას 1:1—35:10-დან.

„მხოლოდ ნაწილი დაუბრუნდება“

(ესაია 1:1—12:6)

ბიბლიაში არ არის ნათქვამი, იყო თუ არა ესაია წინასწარმეტყველად დანიშნული მაშინ, როცა თავისი წიგნის პირველ ხუთ თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გამოაცხადა (ესაია 6:6—9). ნათელია, იმ დროს იუდა და იერუსალიმი სულიერად „თავიდან ფეხისგულამდე“ დასნეულებულები იყვნენ (ესაია 1:6). იმ დროს კერპთაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული; ხალხის წინამძღოლები გაირყვნენ; ქალები გააამპარტავნდნენ; ჭეშმარიტი ღვთისთვის მათი თაყვანისმცემლობა მიუღებელი იყო. ესაიას დაევალა, კვლავ მისულიყო და ელაპარაკა მათთან, ვისაც არაფერი ესმოდა და არც არაფრის გაგება უნდოდა.

იუდაზე გაერთიანებული ძალებით თავდასხმას გეგმავს ისრაელი და სირია. იუდა რომ დაერწმუნებინა ისრაელისა და სირიის კავშირის წარუმატებლობაში, იეჰოვამ ესაია და მისი შვილები დააყენა „ნიშნებად და სასწაულებად“ (ესაია 8:18). უსასრულო მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, როცა „მშვიდობის მთავარი“ იმეფებს (ესაია 9:6, 7). იეჰოვა ასურეთსაც გაასამართლებს, რომელიც „[მისი] რისხვის კვერთხია“. საბოლოოდ, იუდეველებს ტყვედ წაასხამენ და უკან „მხოლოდ ნაწილი დაბრუნდება“ (ესაია 10:5, 21, 22). ნამდვილი სამართალი მხოლოდ ‘იესეს ძირკვიდან ამოსული ყლორტის’ მეფობის დროს დამყარდება (ესაია 11:1).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:8, 9. რა გაგებით ჰგავდა სიონის ასული „ვენახში მიტოვებულ საჩრდილობელს, კიტრის ბაღჩაში დადგმულ საყარაულო ქოხს“? ასურეთის შემოსევის დროს იერუსალიმი დაუცველი ჩანდა, როგორც ვენახში მიტოვებული საჩრდილობელი; მტერი ფიქრობდა, რომ კიტრის ბაღჩაში დადგმული საყარაულო ქოხის მსგავსად, მისი აღება ადვილი იქნებოდა. მაგრამ იეჰოვამ დაიცვა იუდა და არ დაუშვა, რომ ის სოდომსა და გომორას დამსგავსებოდა.

1:18. რა არის ნაგულისხმევი სიტყვებში: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები“? აქ არ იგულისხმება მსჯელობა ორმხრივი შეთანხმების მისაღწევად. ეს სიტყვები მიუთითებს სასამართლოზე, რომლის დროსაც სამართლიანი მოსამართლე, იეჰოვა, ისრაელებს შესაძლებლობას მისცემს, გამოსწორდნენ და განიწმინდონ.

6:8ა. რატომ გამოიყენება ამ მუხლში პირველი პირის მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი? პირველი პირის მხოლობითი რიცხვი გამოყენებულია იეჰოვასთან მიმართებაში, ხოლო მრავლობითი რიცხვი იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვასთან სხვა პიროვნებაც არის. ეს არის მისი „მხოლოდშობილი ძე“ (იოანე 1:14; 3:16).

6:11. რას გულისხმობდა ესაია, როცა ღმერთს ეკითხებოდა: „როდემდე იეჰოვა?“ ესაია არ კითხულობდა, თუ რამდენ ხანს მოუწევდა იეჰოვას ცნობის გადაცემა ურჩი ხალხისთვის. მას აინტერესებდა, კიდევ რამდენ ხანს შეურაცხყოფდა ეს სულიერად დაავადებული ხალხი ღვთის სახელს.

7:3, 4. რატომ დაიხსნა იეჰოვამ ბოროტი მეფე ახაზი? სირიისა და ისრაელის მეფეები გეგმავდნენ იუდას მეფის ტახტიდან ჩამოგდებას და მის ადგილას მათი მონა-მორჩილის, ტაბელის ვაჟის გამეფებას, რომელიც დავითის შთამომავალი არ იყო. სატანის ამ ჩანაფიქრის მიზანი იყო, რომ დავითთან დადებული შეთანხმება სამეფოზე არ განხორციელებულიყო. იეჰოვამ იხსნა ახაზი, რათა მისი საგვარეულო ხაზით მოსულიყო აღთქმული „მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:6).

7:8. როგორ შესრულდა სიტყვები: „სამოცდახუთ წელიწადში გაცამტვერდება ეფრემი“? ათი ტომის სამეფოდან ხალხის განდევნა და მათ ადგილას უცხოტომელების დასახლება „ისრაელის მეფე ფეკახის დროს“ დაიწყო. ესაიას მიერ ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმის შემდეგ ეს მალევე მოხდა (2 მეფეები 15:29). ასე გაგრძელდა ასურეთის მეფე ასარხადონის დრომდე, რომელიც სინახერიბის ვაჟი და მემკვიდრე იყო (2 მეფეები 17:6; ეზრა 4:1, 2; ესაია 37:37, 38). ასურელების მიერ ხალხის გადასახლება მიმდინარეობდა 65 წლის განმავლობაში, რის შესახებაც საუბარია ესაიას 7:8-ში.

11:1, 10. როგორ შეიძლება, რომ იესო ქრისტე იყოს როგორც „ყლორტი იესეს ძირკვიდან“, ისე „იესეს ფესვი“? (რომაელები 15:12). იესო იყო „ყლორტი იესეს ძირკვიდან“, რადგან ის იესეს ვაჟის, დავითის, შთამომავალი იყო (მათე 1:1—6; ლუკა 3:23—32). მაგრამ სამეფო ძალაუფლების მიღების შემდეგ, იესოს მდგომარეობა შეიცვალა. მას მიეცა ძალა და ძალაუფლება, რათა მორჩილ ადამიანებს მიანიჭოს მარადიული სიცოცხლე დედამიწაზე; ამგვარად ის მათი „მარადიული მამა“ გახდა (ესაია 9:6). ამიტომ ის არის თავისი წინაპრების, მათ შორის იესეს „ფესვი“.

რას ვსწავლობთ:

1:3. თუ შემოქმედის მოთხოვნებს არ ვასრულებთ, ხარზე ან ვირზე უფრო შეუგნებლები ვართ. მაგრამ, თუ მადლიერებას განვივითარებთ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს, არ მოვიქცევით უგუნურად და არ მივატოვებთ მას.

1:11—13. თვალთმაქცური რიტუალები და ფორმალური ლოცვები სძულს იეჰოვას. ღვთის თაყვანისმცემლობაში ჩვენ გულის სწორი მოტივი უნდა გვქონდეს.

1:25—27; 2:2; 4:2, 3. იუდეველთა ტყვეობა და იუდას გაპარტახება მაშინ დასრულდა, როცა მომნანიე იუდეველთა დარჩენილი ნაწილი იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა. იეჰოვა გულმოწყალეა მომნანიე შემცოდველების მიმართ.

2:2—4. გულმოდგინე ქადაგებით და მოწაფეების მომზადებით ვეხმარებით სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, ისწავლონ მშვიდობა და მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან.

4:4. იეჰოვა გაწმენდს ზნეობრივად უწმინდურ და სისხლის ღვრაში დამნაშავე ადამიანებს.

5:11—13. ვინც გართობისას თავშეკავებას და ზომიერებას არ ავლენს, ცოდნის თანახმად არ იქცევა (რომაელები 13:13).

5:21—23. ქრისტიანი უხუცესი არ უნდა იყოს „ბრძენი საკუთარ თვალში“. ის ზომიერებას უნდა ავლენდეს „ღვინის სმაში“ და არ უნდა იყოს მიკერძოებული.

11:3ა. იესომ თავისი ცხოვრებითა და სწავლებით დაგვანახვა, რომ იეჰოვას შიშს სიხარული მოაქვს.

„იეჰოვა შეიწყალებს იაკობს“

(ესაია 13:1—35:10)

მე-13—23 თავებში ერების განაჩენზეა საუბარი. მაგრამ „იეჰოვა შეიწყალებს იაკობს“ და სამშობლოში დააბრუნებს ისრაელის ყველა ტომს (ესაია 14:1). 24—27-ე თავებში მოცემულია ცნობა იუდას გაპარტახებისა და აღდგენის შესახებ. იეჰოვა რისხდება „ეფრემის [ისრაელის] ლოთებზე“, რადგან ისინი სირიის მოკავშირენი გახდნენ; მის რისხვას იწვევს ასევე იუდას „მღვდელი და წინასწარმეტყველი“, რადგან მათ სურთ, რომ ასურეთთან შეკრან კავშირი (ესაია 28:1, 7). „არიელზე [იერუსალიმზე]“ ვაია ნათქვამი, რადგან მფარველობის მისაღებად „ეგვიპტეში წასვლას აპირებენ“ (ესაია 29:1, სქოლიო; 30:1, 2). თუმცა ისიც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ იეჰოვა იხსნის იმათ, ვინც რწმენას გამოავლენს.

იეჰოვა იცავს „სიონის მთას“ როგორც „ფაფრიანი ლომი, რომელიც მსხვერპლს თავზე ადგას“ (ესაია 31:4). ღვთის დანაპირების თანახმად, დადგება დრო, როცა „სიმართლისთვის იმეფებს მეფე“ (ესაია 32:1). მართალია, ასურეთი ემუქრება იუდას, რის გამოც „მშვიდობის მაცნეები“ მწარედ ტირიან, მაგრამ იეჰოვა ჰპირდება თავის ხალხს, რომ ისინი სულიერად განიკურნებიან და „ეპატიებათ დანაშაული“ (ესაია 33:7, 22—24). „იეჰოვა გამწყრალია ყველა ხალხზე და განრისხებულია მთელ მათ ლაშქარზე“ (ესაია 34:2). იუდა სამუდამოდ არ იქნება გაპარტახებული. „გაიხარებს უდაბნო და უწყლო მხარე, იმხიარულებს ხრიოკი და ზაფრანასავით გაიფურჩქნება“ (ესაია 35:1).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

13:17. რა გაგებით არ აგდებენ არაფრად მიდიელები ვერცხლს და რატომ არ ახარებთ ოქრო? მიდიელები და სპარსელები გამარჯვებით მოპოვებულ დიდებას უფრო მნიშვნელოვნად თვლიდნენ, ვიდრე ნადავლს. მაგალითად, კიროსმა ტყვეობიდან დაბრუნებულ იუდეველებს სამშობლოში გაატანა ოქროსა და ვერცხლის ნივთები, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა წამოიღო იეჰოვას ტაძრიდან.

14:1, 2. რა გაგებით „დაატყვევებენ თავიანთ დამატყვევებლებს“ იეჰოვას ხალხი და „დაიმორჩილებენ იმ ხალხს, რომელიც სამუშაოდ მიერეკებოდა მათ“? ეს წინასწარმეტყველება შესრულდა ღვთის მსახურებზე, მაგალითად დანიელზე, რომელსაც ბაბილონში მაღალი თანამდებობა ეკავა მიდიისა და სპარსეთის ბატონობის დროს; სპარსეთის დედოფალ ესთერზე და მორდოქაიზე, რომელიც სპარსეთის იმპერიაში მეორე კაცი იყო.

20:2—5. მართლა სრულიად შიშველი დადიოდა ესაია სამი წლის მანძილზე? შესაძლოა, ესაიამ მხოლოდ ზედა სამოსელი გაიხადა და თხლად ჩაცმული დადიოდა (1 სამუელი 19:24).

21:1. რომელ მხარეს ეწოდება „ზღვის უდაბნო“? მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონი ზღვასთან ახლოს არ მდებარეობდა, ეს გამოთქმა მაინც მას ეხება. მიზეზი ისაა, რომ ევფრატისა და ტიგროსის მდინარეების ადიდების შედეგად ეს რეგიონი ყოველწლიურად იტბორებოდა და იქ ჭაობიანი „ზღვა“ წარმოიქმნებოდა.

24:13—16. რა გაგებით იქნებოდნენ იუდეველები „ხალხთა შორის, როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვისას, როგორც რთვლის შემდეგ მომცვრევისას“? როგორც ნაყოფი რჩება ხეზე ან რთვლის შემდეგ ყურძენი ვაზზე, ისე ცოტანი გადაურჩებოდნენ იერუსალმისა და იუდას განადგურებას. იუდეველები „სინათლის მხარეში [აღმოსალეთით მდებარე ბაბილონში]“ გადასახლდებოდნენ თუ „ზღვის კუნძულებზე [ხმელთაშუა ზღვაში]“, მათ ყველგან უნდა განედიდებინათ იეჰოვა.

24:21. ვის წარმოადგენენ „სიმაღლის ლაშქარი“ და „მიწის მეფეები“? „სიმაღლის ლაშქარში“ როგორც ჩანს, ბოროტი სულიერი ძალები იგულისხმება, „მიწის მეფეებში“ კი — დედამიწის მმართველები, რომლებიც დემონების ძლიერი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან (1 იოანე 5:19).

25:7. რა არის „საფარველი, რომელიც ყველა ხალხს ფარავს, და ნაქსოვი ქსოვილი, რომელიც ყველა ერს აფარია“? ეს შედარება ეხება კაცობრიობის ორ უდიდეს მტერს — ცოდვასა და სიკვდილს.

რას ვსწავლობთ:

13:20—22; 14:22, 23; 21:1—9. იეჰოვას წინასწარმეტყველური სიტყვა ყოველთვის სრულდება. ამას ბაბილონის შემთხვევა ცხადყოფს.

17:7, 8. ისრაელთა უმეტესობა არ უსმენდა იეჰოვას, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ეძებდნენ მას. მსგავსად ამისა, ქრისტიანული სამყაროდან ზოგი ეხმაურება სამეფოს შესახებ ცნობას.

28:1—6. მიუხედავად იმისა, რომ ასურეთი დაამხობდა ისრაელს, ღმერთი გადაარჩენდა ერთგულ ადამიანებს. განაჩენის აღსრულებისას იეჰოვა იმედს აძლევს მართლებს.

28:23—29. იეჰოვა ითვალისწინებს თითოეული ადამიანის მოთხოვნილებებსა და მდგომარეობას, როცა მათ გამოსწორებაში ეხმარება.

30:15. თუ გვინდა, რომ იეჰოვამ გადაგვარჩინოს, რწმენა უნდა გამოვავლინოთ და ‘დამშვიდებულები ვიყოთ’, ანუ ხსნას ადამიანებისგან არ უნდა ველოდოთ. თუ მშვიდად ანუ უშიშრად ვართ, ცხადვყოფთ, რომ ვენდობით იეჰოვას, რომელსაც ჩვენი დაცვა შეუძლია.

30:20, 21. ჩვენ შეგვიძლია „დავინახოთ“ იეჰოვა და „მოვუსმინოთ“ მას, თუ ყურად ვიღებთ იმას, რასაც იეჰოვა თავისი შთაგონებული სიტყვისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით გვეუბნება (მათე 24:45).

ესაიას წინასწარმეტყველება იეჰოვას სიტყვისადმი ნდობას გვიმტკიცებს

ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ღვთის სიტყვებისთვის, რომლებიც ესაიას წიგნში დაიწერა. უკვე შესრულებული წინასწარმეტყველებები გვიმტკიცებს რწმენას, რომ ‘იეჰოვას პირიდან გამოსული ყოველი სიტყვა უშედეგოდ არ დაუბრუნდება მას’ (ესაია 55:11).

ესაიას 9:7-სა და 11:1—5, 10-ში მესიის შესახებ ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გვიძლიერებს რწმენას, რომ იეჰოვა გვიხსნის. ესაიას წიგნში ასევე არის წინასწარმეტყველებები, რომლებიც დღეს დიდი მასშტაბით სრულდება ან მომავალში შესრულდება (ესაია 2:2—4; 11:6—9; 25:6—8; 32:1, 2). ამ წიგნიდან ნათლად ჩანს, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“ (ებრაელები 4:12).

[სურათი 8 გვერდზე]

ესაია და მისი შვილები იყვნენ „ნიშნებად და სასწაულებად . . . ისრაელში“.

[სურათი 8, 9 გვერდებზე]

იერუსალიმი „ვენახში მიტოვებულ საჩრდილობელს“ უნდა დამსგავსებოდა.

[სურათი 10 გვერდზე]

რა ეხმარება სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს, ‘თავიანთი მახვილებისგან სახნისები გამოჭედონ’?