არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პატიოსნება ფასობს

პატიოსნება ფასობს

პატიოსნება ფასობს

უპატიოსნობა პირველად ედემის ბაღში გამოვლინდა. მიუხედავად ამისა, პატიოსნება დღემდე ფასობს მრავალ კულტურასა და საზოგადოებაში, ხოლო ტყუილი და თაღლითობა მიუღებელი და საძრახისია. მართალაც საამაყოა, როცა პატიოსანი ადამიანის სახელი გაქვს. თუმცა ბევრი ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის, რომ დღევანდელ საზოგადოებაში პატიოსნად ცხოვრება არახელსაყრელია. თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე? ღირს პატიოსნად ცხოვრება? როგორ განსაზღვრავთ, რა არის პატიოსნება და რა — არა?

თუ გვსურს, ღვთის მოსაწონები ვიყოთ, პატიოსნებას უნდა ვავლენდეთ საუბარსა და მოქმედებაში. პავლე მოციქული თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „თითოეულმა თქვენგანმა მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ (ეფესოელები 4:25). მან აგრეთვე თქვა: „გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრაელები 13:18). ჩვენ პატიოსნად ადამიანების მოწონების დამსახურების მიზნით კი არ ვიქცევით, არამედ გვინდა შემოქმედს ვასიამოვნოთ და პატივი მივაგოთ.

მოერიდეთ თვალთმაქცობას

მრავალ ქვეყანაში ადამიანები გამორჩენის მიზნით თავიანთ ნამდვილ სახეს მალავენ. ისინი აყალბებენ საბუთებს და პირადობის მოწმობებს, რათა სხვა ქვეყანაში არალეგალურად გადავიდნენ, ასევე დიპლომებს, რათა იშოვონ სამუშაო ან დაიკავონ თანამდებობა, რისი კვალიფიკაციაც არ გააჩნიათ. ზოგი მშობელი შვილის დაბადების მოწმობას აყალბებს, რომ შვილს განათლების პერიოდი გაუხანგრძლივოს.

მაგრამ ღვთის მოსაწონები რომ ვიყოთ, არ უნდა ვიცრუოთ. ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის არის „ჭეშმარიტების ღმერთი“ და პატიოსნებას მოელის მათგან, ვისაც მასთან მეგობრობა სურს (ფსალმუნი 31:5). თუ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გვსურს, არ უნდა დავემსგავსოთ „ცრუ ხალხს“, „თვალთმაქცებს“ (ფსალმუნი 26:4).

ადამიანები ხშირად მალავენ სიმართლეს, რომ თავიანთ დანაშაულზე პასუხი არ აგონ. ასეთი რამ შეიძლება ქრისტიანულ კრებაშიც მოხდეს. მაგალითად, ერთ კრებაში ახალგაზრდამ უხუცესებთან აღიარა, რომ ცოდვა ჩაიდინა. მაგრამ არაფერი უთქვამს ქურდობის შესახებ, თუმცა ამის დამამტკიცებელი ფაქტები არსებობდა. ბოლოს ის ქურდობაში ამხილეს და კრებიდან გარიცხეს. რამდენად გონივრული იქნებოდა, მას ბოლომდე ეღიარებინა თავისი დანაშაული და დახმარება მიეღო იეჰოვასთან ძვირფასი ურთიერთობის აღსადგენად! ბიბლიაში ვკითხულობთ: „იეჰოვასგან აღზრდას უმნიშვნელოდ ნუ ჩათვლი და გულს ნუ გაიტეხ, როცა ის შეცდომაზე მოგითითებს, რადგან იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს“ (ებრაელები 12:5, 6).

შესაძლოა ძმამ, რომელიც კრებაში პასუხისმგებლობისკენ ისწრაფვის, დამალოს თავისი პრობლემები ან წარსულში ჩადენილი ცოდვები. მაგალითად, სრული დროით მსახურებაზე ბლანკის შევსებისას, მან შეიძლება სრული ინფორმაცია არ ჩაწეროს თავისი ფიზიკური და ზნეობრივი მდგომარეობის შესახებ იმის შიშით, რომ უარს მიიღებს. შეიძლება ის ფიქრობს, რომ ტყუილს არ ამბობს, მაგრამ სინამდვილეში გულწრფელია სხვების წინაშე? დაფიქრდით იგავების 3:32-ში ჩაწერილ სიტყვებზე: „სისაძაგლეა იეჰოვასთვის მზაკვარი ადამიანი, მართლებთან კი ახლოს არის ღმერთი“.

უპირველესად, ჩვენ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ გულწრფელები. ხშირად ვიჯერებთ იმას, რისი დაჯერებაც გვსურს და არა იმას, რაც სინამდვილეშია. რა ადვილია საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება! მაგალითად, მეფე საულმა, თავი რომ გაემართლებინა, სხვას დააბრალა თავისი დანაშაული. შედეგად, იეჰოვამ მას მეფობა წაართვა (1 სამუელი 15:20—23). როგორ განსხვავდებოდა ის მეფე დავითისგან, რომელიც ლოცულობდა: «ბოლოს ვაღიარე ცოდვა შენ წინაშე და დანაშაული არ დამიფარავს, ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს იეჰოვას წინაშე“. შენც მაპატიე ჩემი ცოდვა და დანაშაული» (ფსალმუნი 32:5).

პატიოსნება ჯილდოვდება

ჩვენი პატიოსანი თუ უპატიოსნო საქციელით სხვებს წარმოდგენას ვუქმნით ჩვენზე. ერთხელაც რომ მოვიტყუოთ, სხვების თვალში ნდობას დავკარგავთ. ნდობის აღდგენა კი არც ისე ადვილია. მაგრამ პატიოსნები და გულწრფელები თუ ვართ, სანდო და ერთგული ადამიანის სახელი გვექნება. იეჰოვას მოწმეებს სწორედ ასეთი რეპუტაცია აქვთ. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა შეამჩნია, რომ მისი ხელქვეითები კომპანიას ატყუებდნენ, ამიტომ საქმეში პოლიცია ჩარია. როცა გაიგო, რომ იეჰოვას მოწმე, რომელიც იქ მუშაობდა, დაკავებულთა შორის იყო, სასწრაფოდ წავიდა მის გასათავისუფლებლად. საინტერესოა, რატომ? მან იცოდა, რომ იეჰოვას მოწმე პატიოსანი მუშა იყო და დანაშაულში ბრალი არ მიუძღვოდა. იეჰოვას მოწმემ სამსახური შეინარჩუნა, მაშინ როცა სხვები გაათავისუფლეს. რამდენად გახარებულნი იყვნენ თანაქრისტიანები, რომ ამ ძმამ თავისი საქციელით იეჰოვა განადიდა.

კარგი საქციელი შეუმჩნეველი არ რჩება. აფრიკაში, ერთ-ერთ დასახლებაში საჭირო გახდა ხიდის შეკეთება, რადგან ზოგი ფიცარი მოპარული იყო. მოსახლეობამ ფიცრების საყიდლად ფულის შეგროვება გადაწყვიტა, მაგრამ ვის ანდობდნენ თანხას? ყველა თანახმა იყო, რომ ეს იეჰოვას მოწმე ყოფილიყო.

აფრიკის ერთ ქვეყანაში პოლიტიკური და ეთნიკური დაპირისპირება დაიწყო. იეჰოვას მოწმე, რომელიც ერთ-ერთ საერთაშორისო კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, ამ კომპანიამ სხვა ქვეყანაში გაგზავნა, რადგან მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ამ კომპანიამ იზრუნა, რომ ამ ძმას თვეების განმავლობაში სამუშაო ჰქონოდა, ვიდრე ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. რატომ მიიღო კომპანიამ ასეთი გადაწყვეტილება? ადრე იეჰოვას მოწმემ მხარი არ დაუჭირა კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებულ თაღლითურ გეგმას; ამიტომ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარებოდა მის პატიოსნებაში. დაეხმარებოდა მას კომპანია, საეჭვო რეპუტაცია რომ ჰქონოდა?

იგავების 20:7-ში ნათქვამია, რომ „მართალი უმწიკვლობით დადის“. პატიოსანი ადამიანი უმწიკვლოა. ის არასოდეს თაღლითობს და იტყუება. ვის არ სურს, რომ ასე ექცეოდნენ? პატიოსნებას ჭეშმარიტ თაყვანიმცემლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ამით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი და მოყვასი და გვსურს, მივყვეთ იესოს მიერ დადგენილ პრინციპს: „ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12; 22:36—39).

პატიოსნად მოქმედება შეიძლება ზოგჯერ ძვირად დაგვიჯდეს, მაგრამ შედეგად სუფთა სინდისი გვექნება, რაც ძალიან ძვირფასია. ადრე თუ გვიან პატიოსნებისთვის დავჯილდოვდებით. მართლაც, იეჰოვასთან კარგ ურთიერთობას არაფერი შეედრება. ღირს იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭება მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანების მოწონება დავიმსახუროთ ან უკანონო მოქმედებით გამორჩენა გვქონდეს? სირთულეების მიუხედავად, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებში: „ბედნიერია იეჰოვაზე მინდობილი კაცი, რომელსაც არც თავხედი ხალხისკენ მიუქცევია პირი და არც მათკენ, ვინც სიცრუის გზაზე გადაუხვია“ (ფსალმუნი 40:4).

[სურათები 18 გვერდზე]

ჭეშმარიტი ქრისტიანები არც იძენენ და არც იყენებენ ყალბ საბუთებს.