არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენ ვიბრძოდით სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად

ჩვენ ვიბრძოდით სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად

ბიოგრაფია

ჩვენ ვიბრძოდით სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად

მოგვითხრო როლფ ბრიუგემაიერმა

პირველი წერილი, რომელიც ციხეში მივიღე, მეგობრისგან იყო. ის მატყობინებდა, რომ დედაჩემიც და ჩემი უმცროსი ძმებიც — პიტერი, იოხენი და მანფრედი — დაპატიმრებულები იყვნენ, უმცროსი დები კი უპატრონოდ დარჩნენ. რატომ დევნიდა აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა ჩვენს ოჯახს? რა დაგვეხმარა სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში?

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ჩვენი უდარდელი ბავშვობაც დამთავრდა; ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ ომის სისასტიკე. მამაჩემი გერმანიის ჯარში იბრძოდა; ის ტყვედ ჩავარდა და დაიღუპა. დედაჩემს მარტოს უნდა აღეზარდა ექვსი შვილი, რომელთაგან უფროსი 16 წლის იყო, უმცროსი კი — ერთის.

იმ ეკლესიამ, სადაც დედა დადიოდა, გული აუცრუა მას რელიგიაზე; მას ღვთის შესახებ არაფრის გაგონება აღარ სურდა. მაგრამ 1949 წელს ერთი თავაზიანი ქალბატონი, ილზე ფუქსი, კარდაკარ მსახურებისას ჩვენთან მოვიდა და ღვთის სამეფოს შესახებ გვესაუბრა. მის მიერ დასმულმა კითხვებმა და მსჯელობამ დედას ინტერესი გაუღვივა. ბიბლიის შესწავლამ მას იმედი მისცა.

თავიდან ბიჭები სკეპტიკურად ვიყავით განწყობილნი. ნაცისტებისა და შემდეგ კომუნისტების დაპირებებმა მხოლოდ იმედგაცრუებამდე მიგვიყვანა. ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებდით ნებისმიერ ახალ დაპირებას. თუმცა ძალიან იმოქმედა იმის გაგებამ, რომ სამხედროებისთვის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო ზოგიერთი მოწმე საკონცენტრაციო ბანაკებში აღმოჩნდა. მომდევნო წელს დედა, პიტერი და მე მოვინათლეთ.

ჩვენი უმცროსი ძმა მანფრედიც მოინათლა, თუმცა, როგორც ჩანს, ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მის გულში ფესვი ღრმად ვერ გაიდგა. ამიტომ, როცა 1950 წელს კომუნისტებმა ჩვენი საქმიანობა აკრძალეს, საიდუმლო პოლიციის, საყოველთაოდ ცნობილი „შტაზის“, ზეწოლით მანფრედმა გასცა კრებების ადგილსამყოფელი. შედეგად დედაჩემი და ჩემი ძმებიც დააპატიმრეს.

მსახურება აკრძალვის პერიოდში

აკრძალვის გამო აღმოსავლეთ გერმანიაში ფარულად შეგვქონდა ბიბლიური ლიტერატურა. მე დასავლეთ ბერლინიდან გადამქონდა ის. ბევრჯერ დავაღწიე თავი პოლიციას, მაგრამ 1950 წლის ნოემბერში მაინც დამიჭირეს.

„შტაზის“ წარმომადგენლებმა სარდაფის უფანჯრო საკანში ჩამაგდეს. დღისით დაძინების საშუალებას არ მაძლევდნენ, ღამით კი დაკითხვებს მიწყობდნენ და ზოგჯერ მცემდნენ კიდეც. არანაირი ურთიერთობა არ მქონდა ოჯახის წევრებთან, სანამ 1951 წელს, მარტის თვეში ჩემს სასამართლო პროცესზე არ ვნახე დედაჩემი, პიტერი და იოხენი. მე ექვსი წლით პატიმრობა მომისაჯეს.

ჩემი სასამართლო პროცესიდან ექვსი დღის შემდეგ პიტერი, იოხენი და დედა დააპატიმრეს. იმ პერიოდში 11 წლის ჰანელორეზე თანამორწმუნე ზრუნავდა, 7 წლის საბინაზე კი — დეიდა. „შტაზის“ ხალხი დედაჩემსა და ჩემს ძმებს ისე ექცეოდა როგორც საშიშ დამნაშავეებს; მათ ფეხსაცმლის თასმებიც კი ჩამოართვეს. დაკითხვების დროს ისინი ფეხზე უნდა მდგარიყვნენ. მათაც ექვს-ექვსი წელი მიუსაჯეს.

1953 წელს ზოგიერთ პატიმარ მოწმეს დაგვავალეს სამხედრო აეროდრომის აშენება, რაზეც უარი განვაცხადეთ. ამის გამო 21 დღის განმავლობაში იზოლირებულები ვიყავით — არ გვამუშავებდნენ, წერილებს ვერ ვიღებდით და ცოტას გვაჭმევდნენ. ზოგი ქრისტიანი და თავისი მცირე ულუფიდან პურს ჩუმად გვაწვდიდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ენი, რომელიც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ცოლად მოვიყვანე. ენი 1956 წელს გაათავისუფლეს, მე კი — 1957 წელს. ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ დაიბადა ჩვენი ქალიშვილი რუთი. დაახლოებით იმავე პერიოდში დაქორწინდნენ პიტერი, იოხენი და ჰანელორე.

ჩემი გათავისუფლების შემდეგ სამი წელიც არ იყო გასული, რომ ისევ დამაპატიმრეს. „შტაზის“ ოფიცერი ჯაშუშობაზე ჩემს დაყოლიებას ცდილობდა. მან მითხრა: „ბატონო ბრიუგემაიერო, დაფიქრდით: თქვენ იცით, რა არის ციხე და არ გვინდა, რომ კვლავ იქ აღმოჩნდეთ. შეგიძლიათ იეჰოვას მოწმედ დარჩეთ, განაგრძოთ ბიბლიის შესწავლა და ქადაგება. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ უახლესი ინფორმაცია მოგვაწოდოთ. იფიქრეთ თქვენს ცოლსა და პატარა ქალიშვილზე“. ამ ბოლო სიტყვებმა თავზარი დამცა. მაგრამ ვიცოდი, რომ ციხეში ყოფნისას იეჰოვა უკეთესად იზრუნებდა ჩემს ოჯახზე. და ეს ასეც მოხდა!

მთავრობა აიძულებდა ენს, სრულ განაკვეთზე ემუშავა, ბავშვს კი სხვები მოუვლიდნენ, მაგრამ ის ვერ დაიყოლიეს. ენი ღამით მუშაობდა და დღისით რუთს უვლიდა. თანამორწმუნეები იმდენად ზრუნავდნენ მატერიალურად ჩემს ოჯახზე, რომ ენი სხვების დახმარებასაც ახერხებდა. მე კი ისევ თითქმის ექვსი წელი გავატარე ციხეში.

რწმენის შენარჩუნება ციხეში

ციხეში მოხვედრისთანავე საკანში მყოფმა მოწმეებმა მკითხეს, ახალი ხომ არაფერი გამოიცა. ბედნიერი ვიყავი, რომ გულმოდგინედ ვიკვლევდი „საგუშაგო კოშკს“ და რეგულარულად ვესწრებოდი კრების შეხვედრებს, რამაც საშუალება მომცა, ძმები სულიერად გამემხნევებინა!

მცველებს ბიბლია ვთხოვეთ, მაგრამ მათ გვიპასუხეს: „გინდ პატიმარი ყაჩაღისთვის მიგიცია იარაღი და გინდ იეჰოვას მოწმისთვის ბიბლია“. ყოველ დღე პასუხისმგებელი ძმები წყვეტდნენ, თუ რომელ ბიბლიურ მუხლს განვიხილავდით. დღის განმავლობაში ნახევარი საათით ვსეირნობდით ეზოში, მაგრამ ვარჯიშსა და სუფთა ჰაერზე მეტად იმ დღისთვის შერჩეული მუხლი გვაინტერესებდა. თუმცა ერთმანეთისგან ხუთი მეტრი გვაშორებდა და საუბრის უფლებაც არ გვქონდა, მაინც ვახერხებდით ამ ბიბლიური მუხლის ერთმანეთისთვის გადაცემას. საკანში ვბრუნდებოდით და ვაჯამებდით გაგონილს, შემდეგ კი დღის ბიბლიურ მუხლზე ვმსჯელობდით.

ერთხელაც ერთმა პატიმარმა დაგვასმინა. მე სამარტოო საკანში ჩამსვეს. რა ბედნიერი ვიყავი, რომ ამ დროისთვის უკვე ზეპირად ვიცოდი ასობით ბიბლიური მუხლი! ამ უქმე დღეების განმავლობაში სხვადასხვა ბიბლიურ საკითხზე ვფიქრობდი. შემდეგ სხვა ციხეში გადამიყვანეს, სადაც საკანში ჩემ გარდა კიდევ ორი მოწმე იჯდა. ყველაზე სასიხარულო კი ის იყო, რომ მცველმა ბიბლია მოგვცა. სამარტოო საკანში გატარებული ექვსი თვის შემდეგ ძალიან ვაფასებდი, რომ კვლავ მომეცა თანამორწმუნეებთან ბიბლიურ თემებზე საუბრის შესაძლებლობა.

ჩემმა ძმამ პიტერმა გვიამბო, რა დაეხმარა ციხეში ყოფნისას: „წარმოვიდგინე, რომ ახალ ქვეყნიერებაში ვცხოვრობდი. გამუდმებით ბიბლიურ მუხლებზე ვფიქრობდი. ძმები ერთმანეთს ბიბლიურ შეკითხვებს ვუსვამდით ან მუხლების ცოდნაში ვამოწმებდით. ამან ძალიან გაგვაძლიერა. ციხეში ცხოვრება ადვილი არ იყო. ზოგჯერ 11 კაცი ვიყავით ერთ საკანში, რომლის ფართობიც მხოლოდ 12 კვადრატული მეტრი იყო. ეს იყო ჩვენი სასადილო, საძინებელი, აბაზანა და საპირფარეშოც კი. ნერვები დაწყვეტაზე გვქონდა“.

ჩემმა მეორე ძმამ, იოხენმა თავისი პატიმრობის შესახებ თქვა: „ვმღეროდი იმ საგალობლებს, რომლებიც ზეპირად მახსოვდა. ყოველდღე ვფიქრობდი რომელიმე ბიბლიურ მუხლზე. გათავისუფლების შემდეგაც ვაგრძელებდი ასეთ სულიერ სწავლებას. მთელი ოჯახი ყოველდღე ერთად განვიხილავდით ბიბლიის ყოველდღიურ მუხლს და ერთად ვემზადებოდით კრების შეხვედრებისთვის“.

დედას ციხიდან ათავისუფლებენ

დაახლოებით ორწლიანი პატიმრობის შემდეგ დედა ციხიდან გაათავისუფლეს. მან ჰანელორესა და საბინასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მათ რწმენას კარგი საფუძველი ჩაუყარა. ის აგრეთვე ასწავლიდა გოგონებს, როგორ გამკლავებოდნენ სკოლაში რწმენის გამო წამოჭრილ პრობლემებს. ჰანელორე ამბობს: „ოჯახში ერთმანეთს მხარში ვედექით, ამიტომ არასასიამოვნო შედეგების არ გვეშინოდა. ჩვენი ოჯახი იმდენად შეკრული იყო, რომ პრობლემებს ადვილად ვუმკლავდებოდით“.

ჰანელორე დასძენს: «ძმებს სულიერ საზრდოს ვუგზავნიდით ციხეში. გასანთლულ ქაღალდზე წვრილად ვწერდით მთლიან „საგუშაგო კოშკს“. შემდეგ წყალგაუმტარ ქაღალდში ვახვევდით და ამანათში ქლიავის ჩირში ვდებდით, რასაც ყოველთვე ვუგზავნიდით ციხეში. გვიხაროდა, როცა ვიგებდით, რომ ქლიავის ჩირი „ძალიან გემრიელი“ იყო. მთელი ყურადღება ამ საქმეზე გვქონდა გადატანილი. ეს შესანიშნავი დრო იყო!»

ჩვენი საქმიანობა აკრძალვის პერიოდში

პიტერი იხსენებს, რა მდგომარეობა იყო აკრძალვის დროს აღმოსავლეთ გერმანიაში ათწლეულების მანძილზე: «პატარა ჯგუფებად ვიკრიბებოდით კერძო სახლებში. შეხვედრებზე ყველა ცალ-ცალკე მოდიოდა და სხვადასხვა დროს მიდიოდა შეხვედრიდან. თითოეულ შეხვედრაზე შემდგომი შეხვედრის დროს ვადგენდით. ვინაიდან არსებობდა საშიშროება, რომ „შტაზი“ გვისმენდა, შეხვედრის დროს თითებით ვანიშნებდით ან ფურცელზე ვწერდით».

ჰანელორე ამბობს: „დროდადრო კონგრესის პროგრამის აუდიოჩანაწერებს ვიღებდით. ეს ერთად შეკრების კარგი შესაძლებლობა იყო. ჩვენი პატარა ჯგუფი რამდენიმე საათით იკრიბებოდა ბიბლიური მოხსენებების მოსასმენად. თუმცა მომხსენებლებს ვერ ვხედავდით, ყურადღებით ვუსმენდით და ჩანაწერებსაც ვაკეთებდით“.

პიტერი ამბობს: „ქრისტიანი ძმები სხვა ქვეყნებში ძალას არ იშურებდნენ ჩვენთვის ბიბლიური ლიტერატურის მოსაწოდებლად. დაახლოებით ათი წლის მანძილზე, 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემამდე, ისინი ჩვენთვის პატარა ფორმატის პუბლიკაციებს ბეჭდავდნენ. ზოგს იმის გამო, რომ აღმოსავლეთ გერმანიაში სულიერი საზრდო გადაჰქონდა, მანქანის, ფულისა და თავისუფლების დაკარგვაც კი ემუქრებოდა. ერთ საღამოსაც იეჰოვას მოწმე ცოლ-ქმარს ველოდებოდით, მაგრამ ისინი არ ჩანდნენ. პოლიციამ მათ ლიტერატურა უპოვა და მანქანა ჩამოართვა. საფრთხის მიუხედავად, ფიქრადაც არ მოგვსვლია, ეს საქმე მშვიდ ცხოვრებაზე გაგვეცვალა“.

ჩემი უმცროსი ძმა მანფრედი, რომელმაც 1950 წელს გვიღალატა, ყვება, რა დაეხმარა რწმენის აღდგენასა და შენარჩუნებაში: „რამდენიმე თვის პატიმრობის შემდეგ დასავლეთ გერმანიაში გადავედი და ჭეშმარიტება მივატოვე. აღმოსავლეთ გერმანიაში 1954 წელს დავბრუნდი და ერთ წელიწადში დავქორწინდი. მალე ჩემმა ცოლმა ჭეშმარიტება მიიღო და 1957 წელს მოინათლა. დროთა განმავლობაში სინდისმა შემაწუხა და ჩემი ცოლის დახმარებით კრებას დავუბრუნდი.

თანაქრისტიანებმა, რომლებიც ადრეც მიცნობდნენ, ისეთი სიყვარულით მიმიღეს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ისინი მიღიმოდნენ და გულში მიკრავდნენ. ეს მართლაც შესანიშნავი იყო! ბედნიერი ვიყავი, იეჰოვას და ძმებს რომ შევურიგდი“.

სულიერი ბრძოლა გრძელდება

ჩვენი ოჯახის თითოეული წევრი რწმენისთვის იბრძოდა. პიტერი ამბობს: „დღეს უფრო მეტი მატერიალური თუ სხვა სახის მახეა დაგებული, ვიდრე ოდესმე. აკრძალვის პერიოდში კმაყოფილი ვიყავით იმით, რაც გვქონდა. მაგალითად, არც ერთ ჩვენგანს არ სურდა, რომ პირადი მიზეზების გამო გადასულიყო სხვა ჯგუფში და არც არავინ წუწუნებდა, რომ შეხვედრები ძალიან შორს ან ძალიან გვიან ტარდებოდა. ერთად შეკრება ყოველთვის დიდ სიხარულს გვანიჭებდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ჩვენგანს ღამის 11 საათამდე უწევდა ლოდინი, რათა სახლში დაბრუნებულიყო.

1959 წელს დედამ გადაწყვიტა, 16 წლის საბინასთან ერთად დასავლეთ გერმანიაში გადასულიყო. მათ სურდათ, იმ ტერიტორიაზე ემსახურათ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო, ამიტომ ფილიალის რეკომენდაციით ისინი ბადენ-ვიურტემბერგის ქალაქ ელვანგენში გადავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ დედას სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, მისმა ენთუზიაზმმა აღძრა საბინა, 18 წლის ასაკში სრული დროით პიონერობა დაეწყო. საბინას გათხოვების შემდეგ დედამ მსახურების გაფართოების მიზნით მანქანის მართვა ისწავლა; ამ დროს ის 58 წლის იყო. ის სიკვდილამდე, 1974 წლამდე ერთგულად მსახურობდა სრული დროით.

ჩემი მეორე პატიმრობის დაახლოებით ექვსი წლის თავზე, 1965 წელს, დასავლეთ გერმანიაში გადამასახლეს. ამის შესახებ ჩემმა ოჯახმა არაფერი იცოდა. გარკვეული დროის შემდეგ ენი და რუთიც ჩემთან გადმოვიდნენ. ჩვენ გვსურდა იქ გვემსახურა, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო, ამიტომ ფილიალს მივმართეთ თხოვნით. ფილიალმა ნერდლინგენში (ბავარია) გადასვლა შემოგვთავაზა. იქ გაიზარდნენ ჩვენი შვილები, რუთი და იოჰანესი. ენმა პიონერული მსახურება დაიწყო. რუთმა დედას მიჰბაძა და სკოლის დამთავრებისთანავე სრული დროით მსახურებას შეუდგა. ჩვენი ორივე შვილი პიონერებზე დაქორწინდა. ახლა მათ თავიანთი ოჯახები აქვთ და ჩვენ ექვსი საყვარელი შვილიშვილი გვყავს.

1987 წელს ნაადრევად გავედი პენსიაზე, რათა ენთან ერთად პიონერად მემსახურა. სამი წლის შემდეგ ზელტერსში მიმიწვიეს ფილიალის გაფართოებაზე. ამ პროექტის დამთავრების შემდეგ ძმებს ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე გლაუკაუში პირველი საკონგრესო დარბაზის მშენებლობაში ვეხმარებოდი. მოგვიანებით ამ საკონგრესო დარბაზის მეთვალყურე ვიყავი. მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო ნორდლინგენში, ქალიშვილთან დავბრუნდით და პიონერად მსახურება განვაგრძეთ.

ძალიან მიხარია, რომ ჩემი და-ძმები და ჩვენი ოჯახების წევრთა უმეტესობა ჩვენს შესანიშნავ ღმერთს იეჰოვას ემსახურება. წლებმა დაგვანახვა, რომ სულიერ სიმტკიცეს თუ შევინარჩუნებთ, საკუთარ თავზე გამოვცდით ფსალმუნის 126:3-ში ჩაწერილს: „დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ ჩვენთვის. გახარებული ვართ“.

[სურათი 13 გვერდზე]

ჩვენი ქორწინების დღეს, 1957 წელი.

[სურათი 13 გვერდზე]

ოჯახთან ერთად 1948 წელს: (წინა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ) მანფრედი, დედა, საბინა, ჰანელორე, პიტერი; (უკანა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ) მე და იოხენი.

[სურათები 15 გვერდზე]

პატარა ფორმატის წიგნი, რომელსაც აკრძალვის დროს ვიყენებდით და „შტაზის“ მოსასმენი აპარატი“.

[საავტორო უფლება]

Forschungs– und Gedenkstätte NORMANNENSTRASSE

[სურათი 16 გვერდზე]

ჩემს და-ძმებთან ერთად: (წინა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ) ჰანელორე და საბინა; (უკანა რიგში მარცხნიდან მარჯვნივ) მე, იოხენი, პიტერი და მანფრედი.