გახსოვთ თუ არა?
გახსოვთ თუ არა?
ყურადღებით წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? შეამოწმეთ, რამდენად შეძლებთ შემდეგ კითხვებზე პასუხების გაცემას.
• რა დაეხმარება ჭეშმარიტ ქრისტიანს, როდესაც ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას?
სულიერად განამტკიცეთ საკუთარი თავი და ოჯახის სხვა ერთგული წევრები. კვლავაც აქტიურად მიიღეთ მონაწილეობა სულიერ საქმიანობაში. მზად იყავით სხვების დასახმარებლად. არასოდეს დაკარგოთ იმედი, რომ თქვენი ოჯახის წევრი შეიძლება დაუბრუნდეს ჭეშმარიტებას. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს. სწორი თვალსაზრისი იქონიეთ იეჰოვასგან მომდინარე აღმზრდელობით ზომებზე და თქვენი გრძნობები მეგობრებს გაუზიარეთ (9/1, გვერდები 17—21).
• ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, რომელი ორი საშუალებით ვიგებთ, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია მოვლენები, რომლებიც „ქვეყნიერების აღსასრულის“ დროს განვითარდებოდა (მათე 24:3, 7, 8; ლუკა 21:11). წმინდა წერილები ასევე მოიხსენიებს იმ ცვლილებებს, რომლებიც „ბოლო დღეებში“ მცხოვრებ ადამიანთა აზროვნებასა და მოქმედებებში მოხდებოდა (2 ტიმოთე 3:1—5). აღსანიშნავია ისიც, რომ „ბოლო დღეებში“ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა უნდა ყოფილიყო ნაქადაგები (9/15, გვერდები 4—6).
• რატომ არ არის მარადიული სიცოცხლე დამოკიდებული მეცნიერულ მიღწევებზე?
მეცნიერები მთელ ძალისხმევას ახმარენ, რომ ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივონ. ისინი ცდილობენ გაახანგრძლივონ ძველი უჯრედების ახლით ჩანაცვლების პროცესი; ასევე მიმართავენ თერაპიულ კლონირებას და პაციენტებს ახალ, შეთავსებად ორგანოებს უნერგავენ. მაგრამ ბიბლია გვიჩვენებს, რომ მარადიული სიცოცხლის მოპოვება მხოლოდ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზეა შესაძლებელი (10/1, გვერდები 3—5).
• იუდეველთა რიტუალური განბანა ნათლობის წინასახეობა იყო?
არა. იუდეველები თავადვე ასრულებდნენ განწმენდის რიტუალებს, რაც იოანეს მიერ შესრულებული ნათლობისგან სრულიად განსხვავდებოდა. მოსეს კანონის თანახმად, ღვთის თაყვანისმცემელი იმდენჯერ უნდა განწმენდილიყო, რამდენჯერაც გაუწმინდურდებოდა, მაგრამ ქრისტიანული ნათლობით ადამიანი მხოლოდ ერთხელ ინათლება, რაც იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშანია (10/15, გვერდები 12, 13).
• რა არის მსახურებაში დახელოვნების სკოლა?
ეს არის ორთვიანი სწავლების კურსი, სადაც სტუდენტები დეტალურად სწავლობენ ბიბლიას. ამ სკოლაში სწავლა შეუძლიათ დაუქორწინებელ უხუცესებსა და მომსახურეებს. შემდეგ კურსდამთავრებულები შეიძლება დანიშნონ იქ, სადაც დიდი მოთხოვნილებაა; ისინი შესაძლოა დაბრუნდნენ თავიანთ კრებებში ან გაგზავნონ თავიანთი ქვეყნის სხვა მხარეში, ან კიდევ სხვა ქვეყანაში (11/15, გვერდები 10, 11).
• ვინ არის ან რა არის „ანტიქრისტე“, რომელიც მოხსენიებულია 1 იოანეს 2:18-სა და 4:3-ში?
ფართო გაგებით ანტიქრისტე შეიძლება ეწოდოს ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ქრისტეს ან თავს ქრისტედ ან მის წარმომადგენლად აცხადებს. იესოს და იოანეს სიტყვები იმაზე მოწმობს, რომ ანტიქრისტე ერთი პიროვნება კი არ არის, არამედ ცალკეული ანტიქრისტეებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც ცრუ სწავლებებს ავრცელებს და ღვთის სამეფოს უარყოფს (12/1, გვერდები 4—6).