არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ებლა დავიწყებული ქალაქი კვლავ ყურადღების ცენტრშია

ებლა დავიწყებული ქალაქი კვლავ ყურადღების ცენტრშია

ებლა დავიწყებული ქალაქი კვლავ ყურადღების ცენტრშია

1962 წლის ზაფხულში ახალგაზრდა იტალიელი არქეოლოგი პაოლო მატია სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე დაბლობებზე გათხრებს აწარმოებდა. მაშინ ის ვერც კი წარმოიდგენდა, თუ რას აღმოაჩენდა. არქეოლოგებისთვის სირიის ტერიტორია დიდ ინტერესს არ იწვევდა. მაგრამ ჰალაბიდან სამხრეთით დაახლოებით 60 კილომეტრით მდებარე თელ-მარდიხში გათხრები დაიწყო. ორი წლის შემდეგ იქ ისეთი რამ აღმოაჩინეს, რასაც ბევრი „მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ აღმოჩენად“ მიიჩნევს.

უძველესი წარწერები ადასტურებს, რომ ერთ დროს არსებობდა ქალაქი ებლა. მაგრამ არავინ იცოდა, ახლო აღმოსავლეთის რომელი შემაღლებული ადგილის ქვეშ შეიძლებოდა ყოფილიყო ჩამარხული ეს ქალაქი. ერთ-ერთ ნაპოვნ წარწერაში მოხსენიებულია აქადის მეფის, სარგონის, გამარჯვება „მარიზე, იარმუთსა და ებლაზე“. სხვა წარწერის თანახმად შუმერების მეფე გუდეა მოიხსენიებს ძვირფასი ხის მასალას, რომელსაც მისთვის „იბლას [ებლას] მთებიდან“ ეზიდებოდნენ. სახელი ებლა აგრეთვე გვხვდება ფარაონ თუტმოს III-ის მიერ დაპყრობილ იმ უძველესი ქალაქების სიაში, რომელიც კარნაკში (სატაძრო კომპლექსი ძველ ეგვიპტეში) იპოვეს. ამიტომაც გასაგებია, თუ რატომ ცდილობდნენ არქეოლოგები ებლას აღმოჩენას.

შემდგომი გათხრები უფრო ნაყოფიერი გამოდგა. 1968 წელს აღმოაჩინეს ებლას მეფის, იბით-ლიმის, ქანდაკების ნაწილი. მასზე აქადურ ენაზე ამოკვეთილი იყო ფიცის სიტყვები, საიდანაც ჩანდა, რომ ეს ქანდაკება ეძღვნებოდა ქალღმერთ იშთარს, რომელიც „ებლას მშვენება“ იყო. მართლაც, არქეოლოგიურმა გათხრებმა ნათელი მოჰფინა „ახალ ენას, ისტორიასა და კულტურას“.

1974—1975 წლებში აღმოჩენილ ფირფიტაზე, რომელზეც ლურსმული წარწერა იყო გაკეთებული, რამდენჯერმე მეორდებოდა ქალაქის ძველი სახელი, რამაც დაადასტურა, რომ თელ-მარდიხი იგივე ებლა იყო. გათხრებმა ასევე ცხადყო, რომ ეს ქალაქი ორჯერ მაინც იყო ნამოსახლარი. პირველი დაპყრობის შემდეგ ებლა გაპარტახდა. შემდეგ ქალაქი აღადგინეს, მაგრამ კვლავ განადგურდა და საუკუნეების განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

ქალაქი მდიდარი ისტორიით

უძველესი ქალაქების უმეტესობა გაშენებული იყო პლატოებზე, რომლებსაც ქმნიდა დანალექი ქანები, როგორიც იყო მაგალითად, მდინარე ტიგროსსა და ევფრატს შორის, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა სოფლის მეურნეობის განსავითარებლად. ბიბლიაში მოხსენიებული პირველი ქალაქები შუამდინარეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა (დაბადება 10:10). ვარაუდობენ, რომ სახელი ებლა ნიშნავს „თეთრ ქვას“, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქი კირქვიან ნიადაგზე იყო გაშენებული. როგორც ჩანს, ქალაქის აქ გაშენება იმიტომ არჩიეს, რომ კირქვიანი შრეების გამო ეს ადგილი ბუნებრივი წყლით მდიდარი იყო, რასაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი ეკისრა მდინარეებისგან დაშორებული ტერიტორიებისთვის.

ნალექების სიმცირის გამო ებლას მიდამოებში დიდი რაოდენობით მხოლოდ მარცვლეული, ყურძენი და ზეთისხილი მოჰყავდათ. ამ ადგილზე აგრეთვე კარგი საძოვრები იყო შინაური ცხოველებისთვის, განსაკუთრებით კი ცხვრისთვის. კომერციული თვალსაზრისით ებლას ტერიტორია, რომელიც შუამდინარეთსა და ხმელთაშუა ზღვისპირეთს შორის მდებარეობდა, კარგი ადგილი იყო ხის მასალით, ლითონებითა და ნახევრად ძვირფასი ქვებით ვაჭრობისთვის. ქალაქის მთელ რეგიონში დაახლოებით 200 000 ადამიანი შედიოდა, რომელთა ათი პროცენტიც დედაქალაქში ცხოვრობდა.

გათხრების შედეგად აღმოჩენილი დიდი სასახლის ნანგრევები ადასტურებს, რომ ქალაქი ცივილიზაციის გზას ადგა. სასახლის შესასვლელი კარიბჭის სიმაღლე 12—15 მეტრი იყო. ხელისუფლებაში მყოფ მოხელეთა რიცხვის ზრდის გამო დროთა განმავლობაში სასახლე უფრო გააფართოეს. იქ იერარქიული წყობა იყო; ხელისუფლების მოხელეები თავიანთი „ბატონებისა“ და „მმართველების“ დავალებებს ასრულებდნენ, რომლებიც თავის მხრივ მეფე-დედოფალს ემორჩილებოდნენ.

აღმოჩენილია 17 000-ზე მეტი თიხის ფირფიტა და ფრაგმენტი. თავდაპირველად აღმოაჩინეს დაახლოებით 4 000-ზე მეტი მთლიანი ფირფიტა, რომლებიც ხის თაროებზე ელაგა. ეს დოკუმენტები მოწმობდა, რომ ებლას ვაჭრობის მხრივ საკმაოდ დიდი წარმატებები ჰქონდა. მაგალითად, ქალაქ ებლას სავაჭრო კავშირი ჰქონდა ეგვიპტესთან, რაზეც ორი ფარაონის სამეფო ნიშნები მეტყველებს. ეს ფირფიტები უმთავრესად ლურსმული დამწერლობით იყო შესრულებული შუმერულ ენაზე. მაგრამ ზოგზე ებლური (უძველესი სემიტური ენა) წარწერები იყო გაკეთებული, რის წყალობითაც შესაძლებელი იყო ამ დოკუმენტების გაგება. აღმოსავლეთმცოდნეები გაოცებულები იყვნენ ამ უძველესი სემიტური ენის აღმოჩენით. საინტერესოა, რომ ზოგ ფირფიტაზე ერთი და იგივე ჩამონათვალი როგორც შუმერულ, ისე ებლურ ენებზე იყო შესრულებული. ერთი წიგნი ამ მონაპოვარს „ჩვენამდე მოღწეულ ყველაზე უძველეს ლექსიკონს“ უწოდებს („Ebla—Alle origini della civiltà urbana“).

როგორც ჩანს, ებლას ძლიერი ჯარი ჰყავდა. ამ დასკვნის გაკეთება იქიდან შეიძლება, რომ გათხრების დროს აღმოჩენილ სხვადასხვა საგანზე ამოკვეთილი იყო სცენები, რომლებშიც ასახული იყო, თუ როგორ სჯიდნენ ებლელი მეომრები თავიანთ მტრებს, ზოგან კი ისინი მტრის მოკვეთილ თავებთან ერთად იყვნენ გამოსახული. მაგრამ ებლას ძლევამოსილებას მაშინ დაესვა წერტილი, როცა მსოფლიო არენაზე ასურეთი და ბაბილონი გამოჩნდა. ძნელია ზუსტად დავასკვნათ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, თავდაპირველად სარგონ I-მა (ეს ის სარგონი არ არის, რომელიც ესაიას 20:1-შია მოხსენიებული) და შემდგომ მისმა შვილიშვილმა ნარამსუენმა გაილაშქრეს ებლას წინააღმდეგ. არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, რომ ებლას მტრებმა მოულოდნელად საშინელი იერიში მიიტანეს მასზე.

როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, გარკვეული დროის შემდეგ ქალაქი აღდგა და კვლავ მნიშვნელოვანი რეგიონი გახდა. ახალი ქალაქი დეტალური გეგმით გააშენეს, რამაც ებლას უფრო მეტი გრანდიოზულობა შემატა. ქალაქის ქვედა ნაწილში ერთი წმინდა ადგილი ჰქონდათ, რომელიც ქალღმერთ იშთარისთვის იყო განკუთვნილი; ბაბილონელები იშთარს ნაყოფიერების ქალღმერთად მიიჩნევდნენ. შესაძლოა გსმენიათ იშთარის ჭიშკრის შესახებ, რომელიც ბაბილონის ნანგრევებშია აღმოჩენილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ებლაში იყო შენობა, სადაც ლომები ჰყავდათ; ეს ქალღმერთ იშთარისთვის მიძღვნილ წმინდა ადგილად ითვლებოდა. ახლა კი ყურადღება ებლაში გავრცელებულ რელიგიაზე გავამახვილოთ.

ებლა და რელიგია

ისევე როგორც ძველ აღმოსავლეთში, ებლაშიც იყო ღმერთების პანთეონი. მათ შორის იყო ბაალი, ჰადადი (სახელი, რომელიც სირიის სხვადასხვა მეფის სახელების შემადგენელი ნაწილი იყო) და დაგონი (1 მეფეები 11:23; 15:18; 2 მეფეები 17:16). ებლას მოსახლეობა პატივს მიაგებდა როგორც ამ, ისე სხვა ხალხის ღმერთებსაც. არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ხალხი მეფის წინაპრებს აღმერთებდა და თაყვანს სცემდა.

ებლას მოსახლეობა ბოლომდე არ ენდობოდა თავიანთ ღმერთებს. ახალ ქალაქს ორმაგი შთამბეჭდავი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული, რაც ალბათ მტრებსაც კი ანცვიფრებდა. გარეთა კედლის გარშემოწერილობა დაახლოებით 3 კილომეტრი იყო. გალავნის ნანგრევები დღესაც აშკარად შესამჩნევია.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი აღადგინეს, ებლა კვლავ განადგურდა. შესაძლოა ხეთელებმა ძვ. წ. დაახლოებით 1600 წელს საბოლოო იერიში მიიტანეს ერთ დროს ძლევამოსილ ქალაქზე. ერთი ძველი პოემის თანახმად ებლა „თიხის ვაზასავით დაიმსხვრა“. მალე ებლა დავიწყებას მიეცა. 1098 წელს იერუსალიმში შესული ჯვაროსნების მიერ დაწერილი დოკუმენტი ადგილს, სადაც ერთ დროს ებლა მდებარეობდა, მარდიხის სახელმწიფო ავანპოსტად მოიხსენიებს. ქალაქი ებლა დავიწყებული იყო საუკუნეების განმავლობაში, ვიდრე მას კვლავ აღმოაჩენდნენ.

[ჩარჩო 14 გვერდზე]

აქვს ებლას კავშირი ბიბლიასთან?

1976 წელს ერთ ჟურნალში გამოცემულმა სტატიამ ბიბლეისტების ინტერესი გამოიწვია („Biblical Archeologist“). ებლაში ნაპოვნი ფირფიტების ერთმა შემსწავლელმა სხვა საკითხებთან ერთად იმის ალბათობა დაუშვა, რომ ფირფიტებზე დაწერილი იყო იმ ადამიანებისა და ადგილების სახელები, რომლებიც საუკუნეების შემდეგ მოიხსენია ბიბლიამ. ზოგმა მკვლევარმა იმის მტკიცებაც კი დაიწყო, თითქოს არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ებლა წიგნ „დაბადებას“ უკავშირდებოდა და მის სრულ უტყუარობას კიდევ ერთხელ ამტკიცებდა *. იეზუიტი მიჩელ დაჰუდი აცხადებს, რომ „[ებლას] თიხის ფირფიტებმა ნათელი მოჰფინა იმ ადგილებს ბიბლიაში, რომლებიც ბურუსით იყო მოცული“. მაგალითად, მისი აზრით ამ აღმოჩენის წყალობით შესაძლებელი გახდებოდა „გაერკვიათ, თუ რა დროიდან მოიხსენიებდნენ ძველად ისრაელის ღმერთის სახელს“.

დღესდღეობით ამ ფირფიტებს დიდი ყურადღებით იკვლევენ. რადგან ებრაული და ებლური ენები სემიტური ენების ჯგუფს მიეკუთვნება, ამიტომ შესაძლებელია, რომ ამ ფირფიტებზე მოხსენიებული ზოგი ქალაქისა და ადამიანის სახელი ზუსტად ემთხვეოდეს იმ სახელებს, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. მაგრამ ეს იმას არ ამტკიცებს, რომ ეს სახელები ერთსა და იმავე ადგილებსა და ადამიანებს ეხება. თუ რა გავლენას მოახდენს ებლას აღმოჩენები ბიბლიური ტექსტების გამოკვლევაზე, ეს მომავლის საკითხია. ზემოთ მოხსენიებულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა ღვთის სახელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას არასოდეს უთქვამს, რომ ებლაში ნაპოვნ ტექსტებში „იაჰვე“ მოიხსენიება. ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ ლურსმული დამწერლობიდან გადმოთარგმნილი სიტყვა ია მიუთითებს ებლას პანთეონის მრავალი ღმერთებიდან ერთ-ერთზე, ხოლო მრავალი სწავლულის აზრით, ეს უბრალოდ გრამატიკული ნიშანია. როგორც უნდა იყოს, აქ არ არის მოხსენიებული ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა (მეორე კანონი 4:35; ესაია 45:5).

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უჭერს მხარს არქეოლოგია ბიბლიის უტყუარობას, იხილეთ წიგნი „ბიბლია — ღვთის სიტყვაა თუ ადამიანის?“ [რუს.], თავი 4 (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

[რუკა⁄სურათი 12 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ხმელთაშუა ზღვა

ქანაანი

სირია

ჰალაბი

ებლა (თელ-მარდიხი)

მდინარე ევფრატი

[საავტორო უფლება]

Archaeologist: Missione Archeologica Italiana a Ebla – Università degli Studi di Roma ‘La Sapienza’

[სურათი 12, 13 გვერდებზე]

ოქროს ყელსაბამი, რომელიც ძვ. წ. დაახლოებით 1750 წლით არის დათარიღებული.

[სურათი 13 გვერდზე]

დიდი სასახლის ნანგრევები.

[სურათი 13 გვერდზე]

მხატვრის წარმოდგენით ასახული თიხის ფირფიტები, რომლებიც არქივში ინახება.

[სურათი 13 გვერდზე]

ფირფიტა ლურსმული დამწერლობით.

[სურათი 13 გვერდზე]

ეგვიპტური ხელკეტი (ძვ. წ. 1750—1700 წწ.).

[სურათი 13 გვერდზე]

მტრის თავებთან მდგომი ებლელი მეომარი.

[სურათი 14 გვერდზე]

ქალღმერთ იშთარისთვის მიძღვნილი სტელა.

[საავტორო უფლება]

Missione Archeologica Italiana a Ebla – Università degli Studi di Roma ‘La Sapienza’

[სურათის საავტორო უფლება 13 გვერდზე]

All images (except palace remains): Missione Archeologica Italiana a Ebla – Università degli Studi di Roma ‘La Sapienza’