იეჰოვა აძლევს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“
იეჰოვა აძლევს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“
„თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:13).
1. როდის გვჭირდება განსაკუთრებით წმინდა სულის დახმარება?
„ჩემი ძალებით ამას ვერ გავუმკლავდები. მხოლოდ წმინდა სულის დახმარებით თუ შევძლებ ამ განსაცდელის გადატანას!“ გითქვამთ ოდესმე მსგავსი სიტყვები? ქრისტიანთა უმრავლესობას უთქვამს. შეიძლება ასეთი სიტყვები თქვენც წარმოგითქვამთ მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ სერიოზული დაავადება გაქვთ; ან როცა თქვენი საყვარელი მეუღლე გარდაიცვალა; ან კიდევ მაშინ, როცა დეპრესიაში ჩავარდით. თქვენ ალბათ არაერთხელ დარწმუნებულხართ, რომ ცხოვრებაში სერიოზულ პრობლემებთან გამკლავება მხოლოდ იმიტომ შეძელით, რომ იეჰოვამ მოგცათ წმინდა სული — „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7—9; ფსალმუნი 40:1, 2).
2. ა) რა სირთულეებს ხვდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები? ბ) რა კითხვები იქნება განხილული ამ სტატიაში?
2 ჭეშმარიტ ქრისტიანებს ამ უღვთო ქვეყნიერებაში ყოველდღიურად უწევთ წინააღმდეგობებისა და ზეწოლების ატანა (1 იოანე 5:19). გარდა ამისა, ქრისტეს მიმდევრებს სატანა ეშმაკი გააფთრებული ებრძვის, რადგან ისინი ‘იცავენ ღვთის მცნებებს და მათ იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრიათ’ (გამოცხადება 12:12, 17). ამიტომ ღვთის წმინდა სულის დახმარება დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ წმინდა სული კვლავაც დაგვეხმაროს? რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა მზად არის, გაგვაძლიეროს განსაცდელების დროს? ამ კითხვებზე პასუხებს გვცემს იესოს მიერ მოყვანილი ორი მაგალითი.
ილოცეთ დაჟინებით
3, 4. რა მაგალითი მოიყვანა იესომ და როგორ დაუკავშირა ისინი ლოცვას?
3 ერთხელ ერთმა მოწაფემ იესოს სთხოვა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). იესომ თავის მოწაფეებს ორი მაგალითი მოუყვანა, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება. პირველი მაგალითი არის მამაკაცზე, რომელსაც სტუმარი ეწვია, მეორე კი მამაზე, რომელიც თავის ვაჟს უსმენს. განვიხილოთ ეს მაგალითები.
4 იესომ თქვა: „რომელიმე თქვენგანს მეგობარი რომ ჰყავდეს, შუაღამისას მიადგეს მას და უთხრას, მეგობარო, სამი პური მასესხე, მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი მაქვს, რომ სუფრა გავუშალოო, მან კი შიგნიდან გამოსძახოს, ნუ მაწუხებ, კარი ჩაკეტილია, ბავშვები ლოგინში მიწვანან, ვერ წამოვდგები, ვერაფერს მოგცემო, გეუბნებით: თუმცა მეგობარია, შეიძლება არ ადგეს და არაფერი მისცეს, მაგრამ თუ დაიჟინებს, უეჭველად ადგება და მისცემს მას ყველაფერს, რაც სჭირდება“. შემდეგ იესომ ახსნა, თუ როგორ უკავშირდება ეს მაგალითი ლოცვას. მან თქვა: „ამიტომ გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ, რადგან ვინც ითხოვს, იღებს, ვინც ეძებს, პოულობს, და ვინც აკაკუნებს, გაეღება“ (ლუკა 11:5—10).
5. რას ვსწავლობთ ლოცვასთან დაკავშირებით მასპინძლის შესახებ მოყვანილი მაგალითიდან?
5 ამ მაგალითში მოყვანილი მამაკაცის შემთხვევა ნათლად გვიჩვენებს, როგორ უნდა ვილოცოთ. ყურადღება მიაქციეთ, იესომ აღნიშნა, რომ ამ მამაკაცმა მიიღო ის, რაც სჭირდებოდა, ლუკა 11:8). ბერძნული სიტყვა, რომელიც „დაჟინებად“ არის ნათარგმნი, ერთხელ გვხვდება ბიბლიაში და სიტყვასიტყვით ნიშნავს „უსირცხვილობას“. უსირცხვილობა უარყოფითი თვისებაა, მაგრამ უსირცხვილობა ანუ დაჟინება დადებით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს, თუ ადამიანი მას კარგი მიზნის განსახორციელებლად ავლენს. იმავეს თქმა შეიძლება ზემოაღნიშნულ მაგალითში მოხსენიებულ მასპინძელზე. მას არ შერცხვა, დაჟინებით მოეთხოვა ის, რაც სჭირდებოდა. რაკი იესომ მასპინძელი ჩვენთვის მაგალითად მოიყვანა, აქედან ვსწავლობთ, რომ დაჟინებით უნდა ვილოცოთ. იეჰოვას სურს, რომ გამუდმებით ‘ვითხოვოთ, ვეძებოთ და ვაკაკუნოთ’. ის მისცემს „წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“.
რადგან „დაჟინებით“ ითხოვდა (6. რამდენად მნიშვნელოვანი იყო სტუმართმოყვარეობის გამოვლენა იესოს დროს?
6 იესომ არა მარტო ის გვიჩვენა, რომ დაჟინებით უნდა ვილოცოთ, არამედ ისიც, თუ რატომ უნდა ვილოცოთ. უკეთესად რომ გავიგოთ ეს მაგალითი, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ, თუ რა სერიოზულად ეკიდებოდნენ იესოს მსმენელები სტუმართმოყვარეობას. წმინდა წერილებში იმის მრავალი შემთხვევაა ჩაწერილი, თუ როგორ ზრუნავდნენ მასპინძლები სტუმრებზე, განსაკუთრებით კი ღვთის მსახურები (დაბადება 18:2—5; ებრაელები 13:2). თუ ვინმე სტუმართმოყვარეობას არ გამოავლენდა, ეს დიდი სირცხვილი იყო (ლუკა 7:36—38, 44—46). მოდი მხედველობაში გვქონდეს ეს და კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იესოს მაგალითს.
7. რატომ არ ერიდება მასპინძელს, გააღვიძოს მეგობარი?
7 მასპინძელთან სტუმარი შუაღამისას მიდის. მასპინძელი თავს ვალდებულად თვლის, გაუმასპინძლდეს სტუმარს, მაგრამ ‘არაფერი აქვს, რომ სუფრა გაუშალოს’. მისი აზრით, მან სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. რადაც უნდა დაუჯდეს, მასპინძელმა პური უნდა იშოვოს. ამიტომ ის მიდის თავის მეგობართან და არ ერიდება მისი გაღვიძება. „მეგობარო, სამი პური მასესხე“, — ეუბნება მასპინძელი. ის დაჟინებით სთხოვს მეგობარს მანამ, სანამ არ იღებს, რაც სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას, იყოს კარგი მასპინძელი.
დაჟინებით ვითხოვოთ ის, რაც აუცილებლად გვჭირდება
8. რა აღგვძრავს, რომ ღმერთს დაჟინებით ვთხოვოთ წმინდა სული?
8 ამ მაგალითიდან გამომდინარე, რატომ უნდა ვილოცოთ დაჟინებით? მასპინძელი დაჟინებით ითხოვდა პურს, რადგან თავს ვალდებულად თვლიდა, შეესრულებინა თავისი, როგორც მასპინძლის, მოვალეობა (ესაია 58:5—7). წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ იქნებოდა კარგი მასპინძელი. მსგავსად ამისა, რადგან გვესმის, რომ ღვთის წმინდა სულის დახმარება აუცილებლად გვესაჭიროება ჩვენი ქრისტიანული მსახურების შესასრულებლად, უნდა ვილოცოთ და ვთხოვოთ ღმერთს, მოგვცეს წმინდა სული (ზაქარია 4:6). წმინდა სულის დახმარების გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ (მათე 26:41). რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? თუ გვესმის, რომ ღვთის სული აუცილებლად გვჭირდება, ჩვენ უფრო დაჟინებით ვთხოვთ მას ღმერთს.
9, 10. ა) მოიყვანეთ მაგალითი, თუ რატომ უნდა ვთხოვოთ ღმერთს დაჟინებით წმინდა სული. ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და რატომ?
9 ეს მაგალითი უკეთესად რომ გაიგოთ, წარმოიდგინეთ ასეთი რამ: დავუშვათ, თქვენი ოჯახის წევრი შუაღამისას ავად გახდა. წახვიდოდით და გააღვიძებდით ექიმს? რა თქმა უნდა არა, თუ ავადმყოფს სერიოზული არაფერი სჭირს. მაგრამ, თუ მას გულის შეტევა აქვს, თქვენ ნამდვილად არ მოგერიდებოდათ ექიმის მოყვანა. რატომ? იმიტომ, რომ ავადმყოფს სასწრაფოდ სჭირდება დახმარება და ექიმს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ. თუ დროულ დახმარებას არ აღმოუჩენთ, ავადმყოფი შეიძლება დაიღუპოს. მსგავსადვე, ჭეშმარიტ ქრისტიანებს გამუდმებით ესაჭიროებათ დახმარება, რადგან სატანა „დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი“ და ჩვენს გადაყლაპვას ცდილობს (1 პეტრე 5:8). სულიერად ცოცხლები რომ დავრჩეთ, აუცილებლად გვჭირდება ღვთის წმინდა სული. თუ ღმერთს დახმარებისთვის არ მივმართავთ, ეს დამღუპველი იქნება ჩვენთვის. ამიტომ, დაჟინებით უნდა ვთხოვოთ ღმერთს, მოგვცეს წმინდა სული (ეფესოელები 3:14—16). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ძალების შენარჩუნებას, რათა ‘ბოლომდე მოვითმინოთ’ (მათე 10:22; 24:13).
10 აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, დროდადრო ვკითხოთ საკუთარ თავს: „ნამდვილად დაჟინებით ვლოცულობ?“ როცა გვესმის, რომ აუცილებლად გვჭირდება ღვთის დახმარება, წმინდა სულის შესახებ უფრო დაჟინებით ვილოცებთ.
რა აღგვძრავს, ვილოცოთ რწმენით?
11. როგორ დაუკავშირა იესომ მამისა და შვილის მაგალითი ლოცვას?
11 იესოს მიერ მასპინძლის შესახებ მოყვანილი მაგალითი ყურადღებას ამახვილებს მასზე, ვინც ლოცულობს — მორწმუნე ადამიანზე. შემდეგი მაგალითი კი ეხება მას, ვინც ლოცვებს ისმენს — იეჰოვა ღმერთს. იესომ იკითხა: „რომელი მამაა თქვენ შორის, რომ შვილმა თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს? ან კვერცხი სთხოვოს და მორიელი მიაწოდოს?“ შემდეგ იესო ამბობს: „ამიტომ, თუკი თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს!“ (ლუკა 11:11—13).
12. როგორ გვიჩვენებს მამისა და შვილის მაგალითი, რომ იეჰოვა მზად არის შეისმინოს ჩვენი ლოცვები?
12 იესომ ამ მაგალითიდან გვიჩვენა, თუ როგორ უყურებს იეჰოვა მათ, ვინც ლოცვებით მიმართავს მას (ლუკა 10:22). განვიხილოთ, რა განსხვავებაა ზემოთ მოყვანილ ორ მაგალითს შორის. პირველ მაგალითში მოხსენიებული მამაკაცისგან განსხვავებით, რომელიც უხალისოდ დაეხმარა მეგობარს, იეჰოვა იმ მზრუნველ მშობელს ჰგავს, რომელიც სიხარულით ასრულებს შვილის თხოვნას (ფსალმუნი 50:15). შემდეგ იესომ დაგვანახვა განსხვავება მიწიერ მამასა და ზეციერ მამას შორის. მან თქვა, რომ, თუ ხორციელი მამა, რომელიც მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო „ბოროტია“, კარგს აძლევს შვილს, რამდენად მეტს გააკეთებს კეთილი ზეციერი მამა და მისცემს წმინდა სულს თავის თაყვანისმცემლებს (იაკობი 1:17).
13. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, როცა იეჰოვას ლოცვით მივმართავთ?
13 რას ვსწავლობთ ამ მაგალითიდან? შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ, როცა ზეციერ მამას წმინდა სულს ვთხოვთ, ის აუცილებლად შეგვისრულებს სათხოვარს (1 იოანე 5:14). როდესაც ღმერთს დაჟინებით მივმართავთ ლოცვით, იეჰოვა არასოდეს გვეტყვის: „ნუ მაწუხებ, კარი ჩაკეტილია“ (ლუკა 11:7). ამის საპირისპიროდ, იესომ თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ“ (ლუკა 11:9, 10). დიახ, იეჰოვა „იმ დღესვე გვიპასუხებს, რა დღესაც მოვუხმობთ“ (ფსალმუნი 20:9; 145:18).
14. ა) რა არასწორი თვალსაზრისი აქვს ზოგს, ვინც განსაცდელებს ხვდება? ბ) განსაცდელების მიუხედავად, რატომ უნდა ვილოცოთ რწმენით?
14 იესოს მიერ მოყვანილი მზრუნველი მშობლის მაგალითი, აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იეჰოვას სიკეთეზე, რომელიც ბევრად აღემატება ნებისმიერი მშობლის სიკეთეს. ამიტომ, არასოდეს უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვა უკმაყოფილოა ჩვენით და განსაცდელებსაც სწორედ ამიტომ ვხვდებით. სინამდვილეში ჩვენს მთავარ მოწინააღმდეგეს, სატანას, სურს გვაფიქრებინოს, რომ განსაცდელები იეჰოვასგან მომდინარეობს (იობი 4:1, 7, 8; იოანე 8:44). ბიბლია უარყოფს ასეთ თვალსაზრისს. იეჰოვა ‘არავის სცდის ბოროტებით’ (იაკობი 1:13). ღმერთი „გველისა“ და „მორიელის“ მსგავს განსაცდელებს არ გვატეხს თავს. ჩვენი ზეციერი მამა ‘აძლევს იმას, რაც კარგია, ვინც სთხოვს’ (მათე 7:11; ლუკა 11:13). მართლაც, რაც უფრო მეტად ჩავწვდებით იეჰოვას სიკეთეს და იმას, რომ მზად არის, დაგვეხმაროს, მით უფრო მეტად ვიქნებით აღძრულნი, რწმენით ვილოცოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენც შეგვეძლება იმის თქმა, რაც ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ნამდვილად მომისმინა ღმერთმა, ყურად იღო ჩემი ლოცვის ხმა“ (ფსალმუნი 10:17; 66:19).
როგორ გვეხმარება წმინდა სული
15. ა) რას დაჰპირდა იესო თავის მოწაფეებს? ბ) რა არის ის ერთ-ერთი მხარე, რაშიც გვეხმარება წმინდა სული?
15 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რაშიც მოწაფეებს ზემოხსენებული მაგალითებით არწმუნებდა. ის წმინდა სულზე ლაპარაკობდა, როცა თქვა: „მე ვთხოვ მამას და ის მოგცემთ სხვა დამხმარეს, რათა მარადიულად თქვენთან იყოს“ (იოანე 14:16). იესო დაჰპირდა მათ დამხმარეს ანუ წმინდა სულს, რომელიც მუდამ თავის მიმდევრებთან იქნებოდა. ეს სული ჩვენ დღესაც გვეხმარება. რომელია ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე, რაშიც წმინდა სულის მხარდაჭერას ვგრძნობთ? ის სხვადასხვა განსაცდელის გადატანაში გვეხმარება. როგორ? მოციქულმა პავლემ, რომელიც განსაცდელებს ხვდებოდა, კორინთელ ქრისტიანებს მისწერა, თუ როგორ ეხმარებოდა წმინდა სული. მოდი მოკლედ განვიხილოთ, თუ რა დაწერა მან.
16. როგორ შეიძლება, ისეთივე მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, როგორშიც პავლე იყო?
16 თავდაპირველად, პავლემ თანამორწმუნეებს უთხრა, რომ ‘სხეულში ეკალი ჰქონდა’, რაც მისთვის ერთ-ერთი განსაცდელი იყო. შემდეგ მან თქვა: „სამჯერ შევევედრე უფალს [იეჰოვას], რომ მოეშორებინა იგი“ (2 კორინთელები 12:7, 8). მუდარის მიუხედავად პავლეს „ეკალი“ არ მოშორებია. შეიძლება თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ. პავლეს მსგავსად შეიძლება დაჟინებით და რწმენით ლოცულობთ, რომ იეჰოვამ გაგათავისუფლოთ განსაცდელისგან, მაგრამ არაერთი თხოვნის მიუხედავად პრობლემა გადაუჭრელი რჩება. ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვა არ პასუხობს თქვენს ლოცვებს და მისი წმინდა სული არ გეხმარებათ? სრულიადაც არა! (ფსალმუნი 10:1, 17). ვნახოთ, რას ამბობს შემდეგ მოციქული პავლე.
17. როგორ უპასუხა ღმერთმა პავლეს ლოცვებს?
17 ლოცვის საპასუხოდ იეჰოვამ პავლეს უთხრა: „გეყოფა ჩემი წყალობა, რადგან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. პავლემ დაწერა: „ამიტომ უდიდესი სიამოვნებით ვიამაყებ ჩემი სისუსტეებით, რათა კარავივით გადამეფაროს ქრისტეს ძალა“ (2 კორინთელები 12:9; ფსალმუნი 147:5). პავლე გრძნობდა, რომ ქრისტეს მეშვეობით ღმერთი იცავდა მას და მისი ძალა კარავივით ჰქონდა გადაფარებული. დღეს იეჰოვა ასეთი სახით პასუხობს ჩვენს ლოცვებს. ღმერთი იცავს თავის მსახურებს, ასე ვთქვათ, კარავს შლის მათზე.
18. რატომ შეგვიძლია განსაცდელების ატანა?
18 წვიმას და ქარს კარავი, რა თქმა უნდა, ვერ აჩერებს, მაგრამ ის გარკვეულწილად იცავს ადამიანს, რომელიც კარავშია. მართალია, ჩვენი თავშესაფარი, „ქრისტეს ძალა“, არ გვარიდებს განსაცდელებსა და სირთულეებს, რომლებსაც ვხვდებით, მაგრამ ის სულიერად გვიცავს ამ ქვეყნიერებისა და მისი მმართველის, სატანის, შემოტევებისგან (გამოცხადება 7:9, 15, 16). ასე რომ, თუ ისეთი განსაცდელის ატანა გიწევთ, რომელიც ‘არ გშორდებათ’, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ხედავს თქვენს მდგომარეობას და პასუხობს თქვენი ‘ყვირილის ხმას’ (ესაია 30:19; 2 კორინთელები 1:3, 4). პავლემ დაწერა: „ღმერთი ერთგულია და არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13; ფილიპელები 4:6, 7).
19. რა უნდა გავაკეთოთ და რატომ?
19 უღვთო ქვეყნიერების ამ ‘ბოლო დღეებში ძნელად ასატანი დრო დადგებოდა’ (2 ტიმოთე 3:1). მიუხედავად ამისა, ღვთის მსახურებისთვის შეუძლებელი არ არის ამ დროსთან გამკლავება. რატომ? იმიტომ, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს, რომლებიც დაჟინებითა და რწმენით მიმართავენ მას, უხვად აძლევს წმინდა სულს, რათა მხარი დაუჭიროს და დაიცვას ისინი. მოდი ყოველდღიურად ვთხოვოთ ღმერთს ლოცვაში წმინდა სული (ფსალმუნი 34:6; 1 იოანე 5:14, 15).
როგორ უპასუხებდით?
• რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღვთის წმინდა სული მივიღოთ?
• რატომ შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი გვიპასუხებს ლოცვებზე და მოგვცემს წმინდა სულს?
• როგორ გვეხმარება წმინდა სული განსაცდელების ატანაში?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
რას ვსწავლობთ იესოს მაგალითიდან, რომელშიც მასპინძელი დაჟინებით ითხოვს დახმარებას?
[სურათი 22 გვერდზე]
დაჟინებით სთხოვთ ღმერთს ლოცვაში წმინდა სულს?
[სურათი 23 გვერდზე]
რა შეგვიძლია ვისწავლოთ იეჰოვას შესახებ მზრუნველი მშობლის მაგალითიდან?