იეჰოვა ‘გააჩენს სამართალს’
იეჰოვა ‘გააჩენს სამართალს’
„განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ?“ (ლუკა 18:7).
1. ვისი მაგალითებია გამამხნევებელი თქვენთვის და რატომ?
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს შორის არიან ისეთები, რომლებიც მრავალი წელია, რაც იეჰოვას ერთგულად ემსახურებიან. იცნობთ ასეთ და-ძმებს? შესაძლოა გახსენდებათ ხანდაზმული და, რომელიც დიდი ხნის წინ მოინათლა და იშვიათად აცდენს კრების შეხვედრებს; ან ასაკოვანი ძმა, რომელიც ყოველკვირეულად აქტიურად თანამშრომლობს კრებასთან სამქადაგებლო მსახურებაში და ამას უკვე მრავალი წელია აკეთებს. ამ ერთგული ქრისტიანებიდან მრავალი ფიქრობდა, რომ არმაგედონი დღეისთვის უკვე მომხდარი იქნებოდა. მაგრამ ეს უსამართლო ქვეყნიერება კვლავაც არსებობს. მიუხედავად ამისა, არც იეჰოვას დაპირებებისადმი მათი ნდობა შესუსტებულა და არც მათი გადაწყვეტილება, ‘ბოლომდე მოითმინონ’ (მათე 24:13). იეჰოვას ასეთი ერთგული მსახურების მტკიცე რწმენა ნამდვილად გამამხნევებელია მთელი კრებისთვის (ფსალმუნი 147:11).
2. რა სამწუხარო შემთხვევები ხდება?
2 ზოგჯერ შეიძლება პირიქით ხდებოდეს. ზოგი ქრისტიანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ღმერთს, მაგრამ თანდათანობით იეჰოვასადმი მათი რწმენა შესუსტდა და ქრისტიანულ კრებასთან კავშირი გაწყვიტეს. სამწუხაროა, რომ ისინი ჩამოშორდნენ იეჰოვას. ჩვენ მთელი გულით გვსურს, დავეხმაროთ ‘დაკარგულ ცხვარს’, დაუბრუნდეს სამწყსოს (ფსალმუნი 119:176; რომაელები 15:1). და მაინც, მაშინ როცა ზოგი რწმენას კარგავს, ბევრი ღვთის ერთგული რჩება. ამიტომაც წამოიჭრება კითხვები: რა ეხმარება მრავალს, იეჰოვას დაპირებებისადმი რწმენა შეინარჩუნოს? რა განგვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ ‘იეჰოვას დიდი დღე’ ახლოსაა? (სოფონია 1:14). განვიხილოთ ლუკას სახარებაში მოცემული მაგალითი.
გაფრთხილება მათთვის, ვინც ‘კაცის ძის მოსვლის დროს’ ცხოვრობს
3. განსაკუთრებით ვის შეეხებოდა მაგალითი ქვრივსა და მოსამართლეზე და რატომ?
3 ლუკას სახარების მე-18 თავში იესოს მოჰყავს მაგალითი ქვრივსა და მოსამართლეზე. ეს მასპინძლის შესახებ იმ მაგალითის მსგავსია, რომელიც წინა სტატიაში განვიხილეთ (ლუკა 11:5—13). მაგრამ კონტექსტი გვიჩვენებს, რომ მაგალითი ქვრივსა და მოსამართლეზე განსაკუთრებით შეეხებოდა მათ, ვინც იცხოვრებდა იმ დროს, როცა კაცის ძე მოვიდოდა სამეფო ძალაუფლებით. ეს დრო 1914 წლიდან დაიწყო (ლუკა 18:8) *.
4. რა თქვა იესომ, ვიდრე ლუკას მე-18 თავში ჩაწერილ მაგალითს მოიყვანდა?
4 ვიდრე იესო მაგალითს მოიყვანდა, მან აღნიშნა, რომ მისი სამეფო ძალაუფლებით მოსვლა ისეთივე აშკარა იქნებოდა, როგორც ელვა, რომელიც „ანათებს ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე“ (ლუკა 17:24; 21:10, 29—33). მიუხედავად ამისა, „უკანასკნელ დროს“ მცხოვრები ხალხის უმრავლესობა ყურადღებას არ მიაქცევდა ამის უტყუარ მტკიცებას (დანიელი 12:4). რატომ? იმავე მიზეზის გამო, რა მიზეზითაც ნოესა და ლოტის დროს ხალხმა უგულებელყო იეჰოვას გაფრთხილებები. იმ დროს „ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდულობდნენ, ყიდდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ“ მანამდე, ვიდრე ყველა არ მოისპო (ლუკა 17:26—29). ისინი იმიტომ დაიხოცნენ, რომ ყოველდღიურ საქმეებში იყვნენ ჩაფლულნი და ღვთის ნებას არ ასრულებდნენ (მათე 24:39). დღესაც ხალხი ანალოგიური საქმეებით არის დაკავებული და ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ამ უღვთო ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა (ლუკა 17:30).
5. ა) ვის ეხებოდა იესოს გაფრთხილება და რატომ? ბ) რატომ დაკარგა ზოგმა რწმენა?
5 იესო წუხდა თავის მიმდევრებზე, რადგან იცოდა, რომ სატანის ქვეყნიერება მათზეც მოახდენდა გავლენას და ზოგი უკანაც კი დაბრუნდებოდა „დარჩენილი ნივთებისთვის“ (ლუკა 17:22, 31). ასეთი რამ მართლაც დაემართა ზოგ ქრისტიანს. წლების განმავლობაში ისინი ელოდნენ, თუ როდის გაანადგურებდა იეჰოვა ამ ბოროტ ქვეყნიერებას. მაგრამ, რაკი არმაგედონი არ მოხდა იმ დროს, როცა მას ელოდნენ, მათ ენთუზიაზმი დაკარგეს და გაუნელდათ იმის რწმენა, რომ იეჰოვას სასამართლოს დღე ახლოსაა. მათ დაკარგეს მსახურების ხალისი და თანდათანობით იმდენად ჩაეფლნენ ყოველდღიურ საქმეებში, რომ ძალიან მცირე დროს უთმობდნენ სულიერ საკითხებს (ლუკა 8:11, 13, 14). დროთა განმავლობაში ისინი, ასე ვთქვათ, ‘დარჩენილ ნივთებს დაუბრუნდნენ’. რა სამწუხაროა!
საჭიროა, ‘ყოველთვის ვილოცოთ’
6—8. ა) მოკლედ მოყევით ქვრივისა და მოსამართლის მაგალითი. ბ) რას გაუსვა ხაზი იესომ ამ მაგალითით?
6 რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვას დანაპირებისადმი ნდობა არ შეგვისუსტდეს? (ებრაელები 3:14). იესომ ეს საკითხი სწორედ მას შემდეგ წამოჭრა, რაც მოწაფეები გააფრთხილა, რომ სატანის ბოროტ ქვეყნიერებას არ დაბრუნებოდნენ.
7 ლუკა მოგვითხრობს, რომ იესომ მოწაფეებს „მაგალითი მოუყვანა იმაზე, რომ საჭიროა ყოველთვის ილოცონ და სულით არ დაეცნენ“. მან თქვა: «ერთ ქალაქში იყო ერთი მოსამართლე, რომელსაც ღვთისა არ ეშინოდა და პატივს არავის სცემდა. იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი, რომელიც განუწყვეტლივ დადიოდა მასთან და სთხოვდა, მე და ჩემი მომჩივანი სამართლიანად განგვსაჯეო. მოსამართლე დიდხანს უარობდა, მაგრამ მერე გულში თქვა: „ღვთისა არ მეშინია და პატივს არავის ვცემ, მაგრამ, რადგან ამ ქვრივმა ასე შემაწუხა, გავუჩენ სამართალს, რომ აღარ მოვიდეს და ბოლო არ მომიღოს“ ».
8 როცა თხრობა დაამთავრა, იესომ აღნიშნა: „გაიგეთ, რა თქვა უმართლო მოსამართლემ? განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ, თუმცა სულგრძელია მათ მიმართ? გეუბნებით: მალე გაუჩენს მათ სამართალს. მაგრამ პოვებს კაცის ძე რწმენას დედამიწაზე, როცა მოვა?“ (ლუკა 18:1—8).
„სამართლიანად განგვსაჯე“
9. რაზე ამახვილებს ყურადღებას ქვრივისა და მოსამართლის მაგალითი?
9 ჩვენთვის ნათელია, რის თქმა უნდოდა იესოს ამ თვალსაჩინო მაგალითით. ამას ვიგებთ როგორც მაგალითში მოყვანილი მოქმედი პირებისგან, ისე იესოს სიტყვებიდან. ქვრივი ევედრებოდა მოსამართლეს: „სამართლიანად განგვსაჯე“. მოსამართლემ კი თქვა: „გავუჩენ სამართალს“. იესომ დასვა კითხვა: ‘განა ღმერთი არ გააჩენს სამართალს?’ და შემდეგ იეჰოვას შესახებ თქვა: „მალე გაუჩენს მათ სამართალს“ (ლუკა 18:3, 5, 7, 8). მაგრამ, როდის ‘გააჩენს ღმერთი სამართალს’?
10. ა) როდის აღსრულდა სამართალი პირველ საუკუნეში? ბ) როდის და როგორ აღსრულდება სამართალი ღვთის ხალხისთვის დღეს?
10 პირველ საუკუნეში ‘დრო, როცა უნდა აღსრულებულიყო სამართალი’ (ანუ „შურისგების დღეები“, კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი) დადგა ახ. წ. 70 წელს, როდესაც იერუსალიმი და ტაძარი განადგურდა (ლუკა 21:22). დღეს კი ღვთის ხალხისთვის სამართალი აღსრულდება „იეჰოვას დიდ დღეს“ (სოფონია 1:14; მათე 24:21). იმ დროს იეჰოვა ‘მიუზღავს მათ, ვინც მის ხალხს აგდებს გასაჭირში’. ეს მოხდება მაშინ, როცა იესო ქრისტე „შურს იძიებს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და ვინც არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თესალონიკელები 1:6—8; რომაელები 12:19).
11. რა გაგებით მოვა სასამართლოს დღე „მალე“?
11 მაგრამ, როგორ უნდა გავიგოთ იესოს სიტყვები, რომლებითაც გვარწმუნებს, რომ იეჰოვა „მალე“ აღასრულებს სამართალს? ღვთის სიტყვა გვიჩვენებს, რომ, „თუმცა [იეჰოვა] სულგრძელია“, ის დანიშნულ დროს გააჩენს სამართალს (ლუკა 18:7, 8; 2 პეტრე 3:9, 10). ნოეს წარღვნის დროს ბოროტები მაშინვე განადგურდნენ. ლოტის დღეებში ციდან წამოსულმა ცეცხლმა ბოროტები მოსპო. იესომ თქვა: „ასევე იქნება იმ დღეს, როცა კაცის ძე გამოცხადდება“ (ლუკა 17:27—30). ბოროტები კვლავ ‘მოულოდნელად განადგურდებიან’ (1 თესალონიკელები 5:2, 3). ნამდვილად, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა არ დაუშვებს, სატანის ქვეყნიერებამ ერთი დღითაც მეტ ხანს იარსებოს, ვიდრე ამას ღვთის სამართლიანობა მოითხოვს.
„ღმერთი გააჩენს სამართალს“
12, 13. ა) რას ვსწავლობთ ღვთის შესახებ იესოს მაგალითიდან ქვრივსა და მოსამართლეზე? ბ) რატომ უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვა შეისმენს ჩვენს ლოცვებს და სამართალს გაგვიჩენს?
12 იესოს მიერ მოყვანილი მაგალითი ქვრივსა და მოსამართლეზე სხვა მნიშვნელოვან მხარეებზეც ამახვილებს ყურადღებას. ამ მაგალითის მოყვანისას იესომ თქვა: „გაიგეთ, რა თქვა უმართლო მოსამართლემ? განა ღმერთი არ გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს?“ რასაკვირველია, იესო არ ადარებდა იეჰოვას ამ მოსამართლეს, თითქოს ღმერთი ასე ექცეოდეს თავის თაყვანისმცემლებს. პირიქით, იესომ ხაზი გაუსვა მოსამართლესა და ღმერთს შორის არსებულ სხვაობას და ამით თავის მიმდევრებს იეჰოვას შესახებ მნიშვნელოვანი რამ ასწავლა. რა სხვაობაა ღმერთსა და მოსამართლეს შორის?
13 იესოს მაგალითში მოსამართლე „უმართლო“ იყო, ღმერთი კი „მართალი მოსამართლეა“ (ფსალმუნი 7:11; 33:5). მოსამართლეს არ აინტერესებდა ქვრივი, როგორც პიროვნება, მაგრამ იეჰოვა დაინტერესებულია თითოეული ადამიანით (2 მატიანე 6:29, 30). მოსამართლეს არ სურდა ქვრივის დახმარება, მაგრამ იეჰოვას არა თუ სურს, არამედ ის მზად არის, დაეხმაროს ყველა თავის მსახურს (ესაია 30:18, 19). რას ვსწავლობთ აქედან? თუკი უმართლო მოსამართლემ შეისმინა ქვრივის თხოვნა და სამართალი გაუჩინა მას, მით უფრო იეჰოვა შეისმენს თავისი ხალხის ლოცვებს და უეჭველად გაუჩენს მათ სამართალს (იგავები 15:29).
14. რატომ არ უნდა დავკარგოთ იმის რწმენა, რომ სასამართლოს დღე დადგება?
14 ამიტომ, ვისაც იეჰოვას სასამართლოს დღის მოსვლის რწმენა უნელდება, ის ძალიან დიდ იობი 9:12). ღვთის ერთგულება კი არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ, არამედ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: დავრჩები კი პირადად მე ერთგული? სწორედ ეს კითხვა წამოჭრა იესომ თავისი მაგალითის ბოლოს.
შეცდომას უშვებს. რატომ? როდესაც ასეთი ადამიანი კარგავს იმის რწმენას, რომ „იეჰოვას დიდი დღე“ ახლოსაა, ამით იეჰოვას უნდობლობას უცხადებს და ფიქრობს, რომ ღმერთი არ შეასრულებს თავის დანაპირებს. მაგრამ არავის შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ ასრულებს თავის სიტყვას („პოვებს კაცის ძე ასეთ რწმენას დედამიწაზე?“
15. ა) რა შეკითხვა დასვა იესომ და რატომ? ბ) რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
15 იესომ დამაფიქრებელი კითხვა დასვა: „პოვებს კაცის ძე ასეთ რწმენას დედამიწაზე, როცა მოვა?“ (ლუკა 18:8, სქოლიო; „ახალი ქვეყნიერების თარგმანი სქოლიოებით“, [ინგლ.]). ამ სიტყვებში იესო ზოგად რწმენას კი არ გულისხმობდა, არამედ კონკრეტულს — ისეთს, როგორიც ქვრივს ჰქონდა. იესოს პასუხი არ გაუცია საკუთარ კითხვაზე. მან ეს კითხვა იმ მიზნით დასვა, რომ მოწაფეები დაფიქრებულიყვნენ, ჰქონდათ თუ არა ასეთი რწმენა. ხომ არ უსუსტდებოდათ მათ რწმენა? იმ საშიშროების წინაშე ხომ არ იდგნენ, რომ დაბრუნებოდნენ იმას, რაც ერთ დროს მიატოვეს? თუ პირიქით, ქვრივი ქალის მსგავსი რწმენა ჰქონდათ? ჩვენც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: როგორ რწმენას პოვებს „კაცის ძე“ ჩემში?
16. როგორი რწმენა ჰქონდა ქვრივს?
16 მათ შორის რომ ვიყოთ, ვისაც იეჰოვა სამართალს გაუჩენს, საჭიროა ქვრივის მსგავსი რწმენა გვქონდეს. როგორი რწმენა ჰქონდა მას? მან იმით გამოავლინა რწმენა, რომ, „განუწყვეტლივ დადიოდა [მოსამართლესთან] და სთხოვდა. . . სამართლიანად განგვსაჯეო“. ქვრივი გამუდმებით სთხოვდა სამართლის გაჩენას უმართლო კაცს. მსგავსად ამისა, ღვთის მსახურები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ იეჰოვა გაუჩენს მათ სამართალს, თუნდაც მანამდე იმაზე მეტი დრო გავიდეს, ვიდრე მათ ჰგონიათ. გარდა ამისა, ღვთის მსახურები იმით გამოხატავენ ღვთის დანაპირებისადმი თავიანთ რწმენას, რომ დაჟინებით ლოცულობენ — ‘დღედაღამ შეღაღადებენ იეჰოვას’ (ლუკა 18:7). თუ ქრისტიანი აღარ ლოცულობს იმაზე, რომ ღმერთმა სამართალი გაუჩინოს, ამით ეჭვი შეაქვს, რომ ღმერთი თავისი ხალხის სასარგებლოდ იმოქმედებს.
17. რატომ უნდა ვილოცოთ გამუდმებით და გვწამდეს, რომ იეჰოვას სასამართლოს დღე აუცილებლად დადგება?
17 თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რა ვითარებაში იმყოფებოდა ქვრივი, დავინახავთ, რომ ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, გამუდმებით ვილოცოთ. ვნახოთ, რა განსხვავებაა მისსა და ჩვენს მდგომარეობას შორის. ქვრივი მიდიოდა მოსამართლესთან მიუხედავად იმისა, რომ არავინ ურჩევდა მას, ასე მოქცეულიყო; ჩვენ კი ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ‘გამუდმებით ვილოცოთ’ (რომაელები 12:12). ქვრივს არ ჰქონდა იმის გარანტია, რომ მოსამართლე შეისმენდა მის თხოვნას, იეჰოვა კი გვარწმუნებს, რომ სამართალს გაგვიჩენს. თავისი წინასწარმეტყველის პირით იეჰოვამ განაცხადა: „რომც დაყოვნდეს, დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება, არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3; ფსალმუნი 97:10). ქვრივს არ ჰყავდა დამხმარე, რომელიც შუამავლობას გაუწევდა, ჩვენ კი გვყავს ძლიერი დამხმარე, იესო, რომელიც „ღვთის მარჯვნივ არის და გვშუამავლობს კიდეც“ (რომაელები 8:34; ებრაელები 7:25). აქედან გამომდინარე, თუკი ქვრივი, მიუხედავად მისი რთული მდგომარეობისა, განუწყვეტლივ მიმართავდა მოსამართლეს თხოვნით იმ იმედით, რომ ის სამართალს გაუჩენდა, რამდენად მეტად უნდა გვწამდეს ჩვენ, რომ იეჰოვას სასამართლოს დღე აუცილებლად დადგება!
18. როგორ გაგვიძლიერებს რწმენას ლოცვა და როგორ დაგვეხმარება, რომ ღმერთმა სამართალი გაგვიჩინოს?
18 ქვრივის მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ ლოცვასა და რწმენას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს და რომ გამუდმებული ლოცვებით შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ იმას, რაც რწმენას შეგვისუსტებდა. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორმალური ლოცვები დაეხმარება ადამიანს, რწმენა არ დაკარგოს (მათე 6:7, 8). ჩვენ გვესმის, რომ მთლიანად ღმერთზე ვართ დამოკიდებული, და ამიტომაც ვლოცულობთ; ეს კი ღმერთთან გვაახლოებს და რწმენას გვიძლიერებს. და რაკი რწმენა აუცილებელია ხსნისთვის, ამიტომაც იესომ მოუწოდა თავის მოწაფეებს, ‘ყოველთვის ელოცათ და სულით არ დაცემულიყვნენ’ (ლუკა 18:1; 2 თესალონიკელები 3:13). მართლაც, „იეჰოვას დიდი დღის“ დადგომა არ არის დამოკიდებული ჩვენს ლოცვებზე — ის აუცილებლად მოვა, ვილოცებთ ამისთვის თუ არა. მაგრამ, გაგვიჩენს თუ არა ღმერთი პირადად ჩვენ სამართალს და გადავრჩებით თუ არა ღვთის ომში, ნამდვილად დამოკიდებულია ჩვენს რწმენასა და იმაზე, როგორ ვლოცულობთ.
19. როგორ ცხადვყოფთ, რომ მტკიცედ გვწამს იესოს სიტყვების: ‘ღმერთი გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს’?
19 როგორც გვახსოვს, იესომ დასვა კითხვა: „პოვებს კაცის ძე ასეთ რწმენას დედამიწაზე, როცა მოვა?“ როგორ უპასუხებდით ამ დამაფიქრებელ კითხვას? გვიხარია, რომ დღეს იეჰოვას მილიონობით ერთგული მსახური მთელ მსოფლიოში თავისი ლოცვებით, მოთმინებითა და შეუპოვრობით ცხადყოფს, რომ ასეთი რწმენა აქვს! ამგვარად, იესოს კითხვას დადებითი პასუხი ეცემა! მართლაც, მიუხედავად იმ უსამართლობისა, რომელსაც დღეს სატანის ქვეყნიერებაში ვაწყდებით, ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ ღმერთი „გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს“.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ამ მაგალითის უკეთესად გაგებაში დაგეხმარებათ ლუკას 17:22—33-ის წაკითხვა. ყურადღება მიაქციეთ, როგორ უკავშირდება ლუკას 17:22, 24, 30-ში „კაცის ძის“ შესახებ მოცემული ინფორმაცია ლუკას 18:8-ში წამოჭრილ კითხვას.
გახსოვთ?
• რატომ დაკარგა ზოგმა ქრისტიანმა რწმენა?
• რატომ შეგვიძლია მტკიცედ გვწამდეს, რომ იეჰოვას სასამართლოს დღე მალე დადგება?
• რატომ უნდა ვილოცოთ გამუდმებით?
• როგორ დაგვეხმარება დაჟინებით ლოცვა, რომ არ დავკარგოთ რწმენა?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
რაზე მახვილდება ყურადღება ქვრივისა და მოსამართლის მაგალითში?
[სურათები 29 გვერდზე]
დღეს მილიონებს მტკიცედ სწამთ, რომ ღმერთი ‘გაუჩენს მათ სამართალს’.