ადამიანი, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე და ხალხი
ადამიანი, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე და ხალხი
დენიელ სიდლიკმა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე მსახურობდა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში, 2006 წლის 18 აპრილს, 87 წლის ასაკში მიწიერი ცხოვრება დაასრულა. ბრუკლინის (ნიუ-იორკი) ბეთელის ოჯახში მან დაახლოებით 60 წელი იმსახურა.
ძმა დენიმ, როგორც მას ახლო მეგობრები სიყვარულით უწოდებდნენ, ბეთელში მსახურება 1946 წელს დაიწყო. მანამდე ის სპეციალური პიონერი იყო კალიფორნიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს. ამის შესახებ ის ყვება თავის ბიოგრაფიაში, რომელიც დაიბეჭდა 1985 წლის 1 ივნისის „საგუშაგო კოშკში“ [ინგლ.], სათაურით „რაოდენ ძვირფასია შენთან მეგობრობა, ღმერთო!“
ძმა სიდლიკი ძალიან უბრალო და უშუალო ადამიანი იყო. მისი დადებითი განწყობა და სიცოცხლის სიყვარული აირეკლებოდა იმ სიტყვებში, რომლითაც ხშირად იწყებდა დილის თაყვანისცემას ბეთელში: „რა კარგია, რომ ცოცხლები ვართ და შეგვიძლია ვემსახუროთ ჭეშმარიტ და ცოცხალ ღმერთს“. ეს განწყობა მის საჯარო მოხსენებებშიც შეიმჩნეოდა; ზოგიერთი მათგანი ასე იყო დასათაურებული: „ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა!“, „ავირეკლოთ იეჰოვას სიხარული“, „ნუ ჩააქრობთ ღვთის სულს“ და „საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა“.
1970 წელს ძმა სიდლიკმა ცოლად მოიყვანა მარინა ჰოდსონი ინგლისიდან, რომელსაც ის ღვთისგან გამოგზავნილ დამხმარეს უწოდებდა. ისინი 35 წელზე მეტ ხანს ერთად ემსახურებოდნენ იეჰოვას.
ბეთელში ძმა სიდლიკი სხვადასხვა განყოფილებაში მსახურობდა, მათ შორის ტიპოგრაფიასა და სამწერლო განყოფილებაში. ის ასევე მუშაობდა რადიოსადგურ WBBR-ში. 1974 წლის ნოემბერში ის ხელმძღვანელი საბჭოს წევრად დაინიშნა, რის შემდეგაც კადრებისა და სამწერლო კომიტეტებში მსახურობდა.
კადრების კომიტეტში მან 30 წელზე მეტი იმსახურა. ამ განყოფილებაში მუშაობისას განსაკუთრებით გამოჩნდა მისი სიყვარული ადამიანებისადმი. ის თავისი ომახიანი ხმით ამხნევებდა სხვებს და ყოველთვის იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ იეჰოვასადმი მსახურება დიდი პატივი იყო. ის ხშირად ამბობდა, რომ ნამდვილი ბედნიერება დამოკიდებულია არა გარეშე ფაქტორებზე, არამედ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასა და სიცოცხლისადმი დამოკიდებულებაზე.
ძმა სიდლიკი ბეთელის ოჯახისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ის ყოველთვის ემახსოვრებათ როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარდა სიცოცხლე და ხალხი. დარწმუნებულნი ვართ, რომ ის მათ შორისაა, ვისზეც გამოცხადების 14:13-ში ნათქვამია: „ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ამიერიდან უფალთან ერთობაში კვდებიან. ასე ამბობს სული: დაისვენონ თავიანთი შრომისგან, რადგან მათი საქმეები თან მიჰყვება მათ“.