„გალაადის“ კურსდამთავრებულები გულში ჩამწვდომ მითითებებს ისმენენ
„გალაადის“ კურსდამთავრებულები გულში ჩამწვდომ მითითებებს ისმენენ
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 121-ე კლასის გამოსაშვები პროგრამა 2006 წლის 9 სექტემბერს „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში, პატერსონში (ნიუ-იორკი) ჩატარდა. პროგრამა ძალიან გამამხნევებელი იყო.
პროგრამა გახსნა ჯეფრი ჯექსონმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა. ის მიესალმა 56 კურსდამთავრებულს და 6 366 დამსწრეს, რომელთაგან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან იყო ჩამოსული. მან განიხილა 86-ე ფსალმუნის მე-11 მუხლი, სადაც წერია: „მასწავლე შენი გზა, იეჰოვა. ვივლი შენი ჭეშმარიტებით. მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“. ძმა ჯექსონმა ამ მუხლის სამ მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა აუდიტორიის ყურადღება. მან თქვა: „პირველ წინადადებაში საუბარია სწავლებაზე, მეორეში — სწავლების გამოყენებაზე, ხოლო მესამეში — მოტივებზე. სამივე ასპექტი განსაკუთრებით ყურადსაღებია თქვენთვის, მისიონერებო, რადგან ახალი დავალების შესრულებას იწყებთ“. შემდეგ მან გამოაცხადა, რომ წარმოდგენილი იქნებოდა მოხსენებები და ინტერვიუები, რომლებშიც ეს სამი ასპექტი განიხილებოდა.
გულში ჩამწვდომი მითითებები
უილიამ მალენფანტმა, მთავარი სამმართველოს თანამშრომელმა, განიხილა თემა სათაურით „ცხოვრების საუკეთესო გზა“. მან მართას დის, მარიამის მაგალითი მოიყვანა. ერთხელ იესო მათ ოჯახს ესტუმრა. მარიამი იესოს ფეხებთან დაჯდა და უსმენდა, რადგან მისთვის სულიერი საკითხები უმნიშვნელოვანესი იყო. იესომ უთხრა მართას: „მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას“ (ლუკა 10:38—42). მომხსენებელმა აღნიშნა: „მარიამს ყოველთვის ემახსოვრება, იესოს ფეხებთან რომ იჯდა და პირადად ისმენდა იესოსგან ჭეშმარიტების სიტყვებს, რადგან მან უკეთესი აირჩია“. მან შეაქო კურსდამთავრებულები, რომ მათაც უკეთესი აირჩიეს და უთხრა: „თქვენმა არჩევანმა ცხოვრების საუკეთესო გზაზე დაგაყენათ“.
შემდეგი მოხსენებით „შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე“, რომელიც დაფუძნებული იყო რომაელების 13:14-ზე, გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ენტონი მორისი. როგორ შეგვიძლია შევიმოსოთ იესო ქრისტე? მან განმარტა, რომ „იესო ქრისტეთი შემოსვა ნიშნავს მისი ცხოვრების წესის მიყოლას“. სხვა სიტყვებით, ეს ნიშნავს იესოს ქცევისა და აზროვნების მიბაძვას. მომხსენებელმა აღნიშნა: „ადამიანები იესოსთან თავს კარგად გრძნობდნენ, რადგან ის გულწრფელ ინტერესს ავლენდა მათ მიმართ და ისინი ხედავდნენ ამას“. მან თქვა, რომ „გალაადის“ კურსდამთავრებულებმა დიდი ცოდნა მიიღეს, რათა ‘ჩასწვდნენ, რა არის ჭეშმარიტების სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე’, რის შესახებაც საუბარია ეფესოელების 3:18-ში. მან მე-19 მუხლიც ამოიკითხა: „და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება“. ძმა მორისმა კურსდამთავრებულებს მოუწოდა: „პირადი შესწავლის დროს დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიბაძოთ ქრისტეს თანაგრძნობის გამოვლენაში და ‘შეიმოსოთ უფალი იესო ქრისტე’“.
სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორების ბოლო რჩევები
სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორმა, უოლეს ლივერანსმა, წარმოთქვა მოხსენება, რომელიც დაფუძნებული იყო იგავების 4:7-ზე. მან აღნიშნა, რომ თუმცა ღვთის სიბრძნე მნიშვნელოვანია, მასთან ერთად „გაგების უნარიც“ უნდა შევიძინოთ. ამაში იგულისხმება ცალკეული ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება, რათა ჩავწვდეთ ამა თუ იმ საკითხის არსს. მომხსენებელმა ასევე აღნიშნა, რომ გაგების უნარის შეძენას სიხარული მოაქვს. მაგალითად, ნეემიას დროს ლევიანები ხალხს „კანონს განუმარტავდნენ“ და მის „გაგებაში ეხმარებოდნენ“. შედეგად, ხალხი გაემართა „სამხიარულოდ, რადგან გაიგეს მათთვის გადაცემული სიტყვები“ (ნეემია 8:7, 8, 12). ძმა ლივერანსმა განმარტა: „სხვა ყველაფერთან ერთად ღვთის წმინდა სულით შთაგონებული სიტყვის გაგებას სიხარული მოაქვს“.
მარკ ნიუმარმა, სკოლა „გალაადის“ კიდევ ერთმა ინსტრუქტორმა, განიხილა თემა: „სინამდვილეში ვინ არის შენი მტერი?“ საომარი მოქმედებების დროს ხშირად ჯარისკაცებს თანამებრძოლების მიერ გასროლილი ბრმა ტყვია კლავთ. „რა შეიძლება მოხდეს სულიერ ბრძოლაში? — იკითხა მან. — ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შეგვეშალოს, სინამდვილეში ვინ არის ჩვენი მტერი და თანამებრძოლებს არ მივაყენოთ ზიანი“. ზოგს შური უბრმავებს გონებას. შურით აღვსილი მეფე საული დავითის, იეჰოვას თაყვანისმცემლის, მოკვლას ცდილობდა, მაშინ როცა, მისი ნამდვილი მტრები ფილისტიმელები იყვნენ (1 სამუელი 18:7—9; 23:27, 28). მომხსენებელმა განაგრძო: „როგორ მოიქცევით, თუ ისეთ მისიონერთან მოგიწევთ მსახურება, რომელიც ბევრ რამეში გჯობნით? მიაყენებთ თქვენს თანამებრძოლს კრიტიკული შენიშვნებით ჭრილობას თუ აღიარებთ, რომ ბევრი რამ მას უკეთესად გამოსდის? თუ სხვების ნაკლზე ვამახვილებთ ყურადღებას, შესაძლოა, დაგვავიწყდეს, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მტერი. ებრძოლეთ ნამდვილ მტერს, სატანას!“
საინტერესო შემთხვევები და ინტერვიუები
მომდევნო მოხსენებით, „გააკეთე მახარობლის საქმე“, გამოვიდა სკოლა „გალაადის“ ინსტრუქტორი ლორენს ბოუენი. მის გამოსვლაში ჩართული იყო ინტერვიუები და შემთხვევები. მან თქვა, რომ „კურსდამთავრებულების მთავარი საქმე სასიხარულო ცნობის გაცხადებაა, რასაც ეს კლასი აკეთებდა კიდეც ყველგან“. კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს საინტერესო შემთხვევების ინსცენირება.
შემდეგი ორი თემა წაიკითხეს ძმებმა, მაიკლ ბერნეტმა და სკოტ შოფნერმა, რომლებიც ბეთელის ოჯახის წევრები არიან. მათ ინტერვიუები აიღეს ავსტრალიის, ბარბადოსის, კორეისა და უგანდის ფილიალების კომიტეტის წევრებისგან. მათ ილაპარაკეს იმაზე, თუ რა კეთდება მისიონერებისთვის. მაგალითად, ისინი უზრუნველყოფენ მათ შესაფერისი საცხოვრებლით და ზრუნავენ მათ ჯანმრთელობაზე. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ წარმატებული მისიონერი ის არის, ვინც ეგუება ადგილობრივ პირობებს.
გამამხნევებელი დასკვნა
პროგრამის მთავარი თემით, „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას“, გამოვიდა ჯონ ბარი, რომელიც დიდი ხანია ხელმძღვანელი საბჭოს წევრია. მან განიხილა გამოცხადების 14:6, 7, სადაც წერია: «ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის. ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი“».
ძმა ბარმა მოუწოდა კურსდამთავრებულებს, ყოველთვის ხსომებოდათ სამი მნიშვნელოვანი აზრი ამ ანგელოზთან დაკავშირებით. პირველი, ანგელოზი მარადიულ სასიხარულო ცნობას აუწყებს, რომ ქრისტე უკვე ფლობს სამეფო ძალაუფლებას. მან თქვა: „ჩვენ გვწამს, რომ იესო 1914 წელს გამეფდა. ამიტომ ეს სახარება უნდა ემცნოს ყველას“. მეორე, ანგელოზი ამბობს: „გეშინოდეთ ღვთისა“. მომხსენებელმა განმარტა, რომ კურსდამთავრებულები უნდა დაეხმარონ ბიბლიის შემსწავლელებს, ჰქონდეთ ღვთისადმი მოწიწება, რათა ყოველთვის მის მოსაწონად იქცეოდნენ. მესამე, ანგელოზი იძლევა ბრძანებას: „დიდება მიაგეთ მას [ღმერთს]“. ძმამ მიმართა მათ: „არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი მსახურებით ღმერთს უნდა განვადიდებდეთ და არა საკუთარ თავს“.
ძმა ბარმა „სასამართლოს საათის“ შესახებ მსჯელობისას თქვა: „საბოლოო განაჩენის გამოტანამდე დრო ცოტა დარჩა. სანამ აღსასრული დამდგარა, ადამიანებმა უნდა მოისმინონ სასიხარულო ცნობა“.
ამ სიტყვების შემდეგ 56 კურსდამთავრებულს დიპლომები გადასცეს. ისინი დედამიწის სხვადასხვა ნაწილში დაინიშნენ მისიონერებად. კურსდამთავრებულთა და სხვა დამსწრეთა გულებს ღრმად შეეხო რჩევები, რომლებიც ამ შესანიშნავ შეხვედრაზე მოისმინეს.
[ჩარჩო 17 გვერდზე]
კლასის სტატისტიკური მონაცემები
წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 6
ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 25
სტუდენტების რაოდენობა: 56
საშუალო ასაკი: 35,1
ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 18,3
სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების რაოდენობა: 13,9
[სურათი 18 გვერდზე]
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 121-ე კლასი
რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.
1)ი. ფოქსი, დ. კუნიკი, ს. უილკინსონი, ს. კაუამოტო, ჯ. კონსოლანდი, ქ. მეიენი; 2) ნ. სანტიაგო, რ. კლენსი, მ. ფიშერი, ლ. დე ებრუ, ე. დეივისი; 3) ჯ. ჰუანგი, დ. ჰოფმანი, ლ. რიჯუეი, ჯ. იბრაჰიმი, ა. დაბელშტინი, მ. ბაკაბეკი; 4) მ. პეტერსი, ქ. ჯოუნსი, შ. ფორდი, ს. პარა, დ. როტროკი, მ. ტატლო, ე. პერეზი; 5) ფ. დე ებრუ, შ. კაუამოტო, ს. აივზი, ჯ. ბერდო, ჯ. ჰუანგი, დ. უილკინსონი; 6) ა. ფოქსი, ჯ. ბაკაბეკი, პ. სიკაუსკი, ქ. ფორია, ს. მეიენი, ე. კონსოლანდი, უ. რიჯუეი; 7) ბ. პარა, ბ. პერეზი, ფ. ტატლო, მ. სანტიაგო, ი. იბრაჰიმი, ქ. კუნიკი; 8) კ. ბურდო, ბ. სიკაუსკი, კ. აივზი, ა. ფორდი, ჯ. როტროკი, დ. ჰოფმანი, მ. დეივისი; 9) კ. პეტერსი, ქ. დაბელშტინი, კ. ჯოუნსი, ს. კლენსი, ი. ფიშერი, ს. ფორია.