რა არის თქვენთვის წარმატება?
რა არის თქვენთვის წარმატება?
ბატონი ჯესი ლივერმორი უოლ-სტრიტზე აქციებით ვაჭრობდა. თავის საქმეში ყოველთვის აღწევდა წარმატებას და შედეგად დიდძალი სიმდიდრე დააგროვა. ის ძვირფას ტანსაცმელს ატარებდა; ოცდაცხრაოთახიან სასახლეში ცხოვრობდა, შავი „როლს-როისი“ ჰყავდა და პირადი მძღოლი ემსახურებოდა.
დეივიდსაც * კარგი კარიერა ჰქონდა. ის დიდი გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი მენეჯერი იყო, მომავალში კი ამ კომპანიის ერთ-ერთი შტოს პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. მას ხიბლავდა სიმდიდრე და პრესტიჟი. მაგრამ დეივიდმა სამსახურიდან წამოსვლა გადაწყვიტა. ის იხსენებს: „ვიცოდი, რომ ასეთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობის შანსი აღარ მექნებოდა“. მცდარი გადაწყვეტილება მიიღო დეივიდმა?
მრავალი ფიქრობს, რომ წარმატება დამოკიდებულია ფულზე, დიდებასა და ძალაუფლებაზე. სიმდიდრის მიუხედავად, ბევრი შინაგან სიცარიელეს განიცდის და სიცოცხლის აზრს კარგავს. როგორც ჩანს, სწორედ ასეთ მდგომარეობაში იყო ბატონი ლივერმორი. სიმდიდრის მიუხედავად, მისი სიცოცხლე უბედურებით, დარდითა და მწუხარებით იყო სავსე. ის დეპრესიით იტანჯებოდა, ოჯახიც არაერთხელ დაენგრა, შვილებთან ცივი დამოკიდებულება ჰქონდა და ბოლოს ქონების დიდი ნაწილიც დაკარგა. ერთხელაც, ბატონი ლივერმორი ერთ-ერთი მდიდრული სასტუმროს ბარში თავის დანაკარგს მისტიროდა. მან სასმელი შეუკვეთა, ამოიღო ტყავის უბის წიგნაკი და ცოლისთვის
გამოსამშვიდობებელი წერილის წერას შეუდგა. სასმელი ბოლომდე დალია, ნახევრად ბნელ გასახდელში გავიდა და თავი მოიკლა.თვითმკვლელობის მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ ლივერმორის შემთხვევა ადასტურებს ბიბლიის სიტყვების ჭეშმარიტებას: ‘ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის . . . მრავალ ტკივილს აყენებს საკუთარ თავს’ (1 ტიმოთე 6:9, 10).
იქნებ ცდება ის, ვინც წარმატების საზომად სიმდიდრეს, მაღალ მდგომარეობას და დიდებას მიიჩნევს? წარმატებულ ადამიანად თვლით თავს? რის საფუძველზე ფიქრობთ ასე? რა ახდენს გავლენას თქვენს თვალსაზრისზე? მომდევნო სტატიაში განხილული იქნება სანდო რჩევები, რომლებიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა წარმატების მიღწევაში. წაიკითხეთ და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ გახდეთ წარმატებული ადამიანი.
[სქოლიო]
^ აბზ. 3 სახელი შეცვლილია.