„სულ გახარებული იქნები“
„სულ გახარებული იქნები“
„იზეიმე დღესასწაული იეჰოვასთვის . . . და სულ გახარებული იქნები“ (მეორე კანონი 16:15).
1. ა) რა საკამათო საკითხები წამოჭრა სატანამ? ბ) რა იწინასწარმეტყველა იეჰოვამ ადამისა და ევას ურჩობის შემდეგ?
სატანის წაქეზებით ადამი და ევა ეურჩნენ თავიანთ შემოქმედს. იმ დროს სატანამ ორი მნიშვნელოვანი საკამათო საკითხი წამოჭრა. პირველი, მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას სიმართლე და მისი მმართველობის სამართლიანობა; მეორე, სატანის აზრით, ადამიანები ღმერთს გამორჩენის მიზნით ემსახურებიან. ეს უკანასკნელი უფრო ცხადი გახდა იობის დროს (დაბადება 3:1—6; იობი 1:9, 10; 2:4, 5). იეჰოვამ მალევე მიიღო ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად. ადამი და ევა ჯერ ისევ ედემის ბაღში იყვნენ, როცა იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, როგორ გააკეთებდა ამას. მან იწინასწარმეტყველა შთამომავლის მოსვლა; ეს შთამომავალი თავს გაუჭეჭყავდა სატანას მას შემდეგ, რაც სატანა ქუსლს დაუგესლავდა მას (დაბადება 3:15).
2. როგორ ჰფენდა იეჰოვა ნათელს დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას?
2 დროთა განმავლობაში იეჰოვა ნათელს ჰფენდა ამ წინასწარმეტყველებას, რითაც მიანიშნებდა, რომ ის აუცილებლად შესრულდებოდა. მაგალითად, ღმერთი აბრაამს დაჰპირდა, რომ აღთქმული შთამომავალი მის საგვარეულო ხაზში მოვიდოდა (დაბადება 22:15—18). აბრაამის შვილიშვილი იაკობი ისრაელის თორმეტი ტომის წინაპარი გახდა. ძვ. წ. 1513 წელს ისრაელი ერად ჩამოყალიბდა და იეჰოვამ მათ კანონთა კრებული მისცა. კანონის თანახმად, მათ ყოველწლიური დღესასწაულების აღნიშვნაც მოეთხოვებოდათ. როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, ეს დღესასწაულები „მომავლის ჩრდილი“ იყო (კოლოსელები 2:16, 17; ებრაელები 10:1). ისინი იმის პირველსახე იყო, თუ როგორ შესრულდებოდა იეჰოვას განზრახვა აღთქმულ შთამომავალზე. ისრაელები დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულებს. მათი მოკლე მიმოხილვა იეჰოვას აღთქმებისადმი რწმენას განგვიმტკიცებს.
აღთქმული შთამომავლის მოსვლა
3. ვინ იყო აღთქმული შთამომავალი და როგორ დაიგესლა ის ქუსლში?
3 წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან 4 000 წელზე მეტი გავიდა აღთქმული შთამომავლის, იესოს მოსვლამდე (გალატელები 3:16). სრულყოფილმა იესომ სიკვდილამდე უმწიკვლობა შეინარჩუნა და სატანის ბრალდებების სიცრუე დაამტკიცა. ვინაიდან იესო უცოდველი იყო, მის სიკვდილს უდიდესი ფასი ჰქონდა. ამიტომ იესოს შეეძლო ერთგული ადამიანები ცოდვისა და სიკვდილისგან ეხსნა. წამების ბოძზე იესოს სიკვდილი აღთქმული შთამომავლის ქუსლში დაგესვლას ნიშნავდა (ებრაელები 9:11—14).
4. რა განასახიერებდა იესოს მსხვერპლს?
4 იესო ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს მოკვდა *. ისრაელები 14 ნისანს დიდი სიხარულით აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს. ყოველ წელს ამ დღესასწაულზე ოჯახში ჭამდნენ უნაკლო კრავის ხორცს. ეს მათ შეახსენებდა, თუ რა როლს ასრულებდა კრავის სისხლი ისრაელი პირმშოების გადარჩენაში, როცა ძვ. წ. 1513 წლის 14 ნისანს შემმუსვრელმა ანგელოზმა ეგვიპტელთა პირმშოებს მუსრი გაავლო (გამოსვლა 12:1—14). საპასექო კრავი იესოს განასახიერებდა. როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა „შეწირულ იქნა ქრისტე, ჩვენი პასექი“ (1 კორინთელები 5:7). საპასექო კრავის სისხლის მსგავსად, იესოს სისხლმაც ბევრს მოუტანა ხსნა (იოანე 3:16, 36).
‘მკვდართაგან პირველი ნაყოფი’
5, 6. ა) როდის აღდგა იესო და კანონში რა იყო მისი აღდგომის წინასახეობა? ბ) როგორ შეუწყო ხელი იესოს აღდგომამ დაბადების 3:15-ის შესრულებას?
5 მესამე დღეს იესო მკვდრეთით აღდგა, რათა მამისთვის თავისი მსხვერპლი წარედგინა (ებრაელები 9:24). იესოს აღდგომას სხვა დღესასწაული განასახიერებდა. 15 ნისანს უფუარობის დღესასწაული იწყებოდა. 16 ნისანს კი ისრაელებს ადრეული მოსავლიდან ქერის პირველმოწეული ძნა მღვდელთან მიჰქონდათ იეჰოვას წინაშე შესარხევად (ლევიანები 23:6—14). ახ. წ. 33 წელს სწორედ 16 ნისანს იეჰოვამ ხელი შეუშალა სატანის ბოროტ განზრახვას, სამუდამოდ დაედუმებინა „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“. იეჰოვამ ამ დღეს აღადგინა იესო და მისცა მას უკვდავება (გამოცხადება 3:14; 1 პეტრე 3:18).
6 იესო გახდა „სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“ (1 კორინთელები 15:20). ის აღარ მომკვდარა მათგან განსხვავებით, ვინც მანამდე აღდგა. იესო ზეცაში იეჰოვას მარჯვნივ დაჯდა და ელოდა იმ დროს, როცა იეჰოვას ზეციერ სამეფოში გამეფდებოდა (ფსალმუნი 110:1; საქმეები 2:32, 33; ებრაელები 10:12, 13). გამეფების შემდეგ იესომ მიიღო ძალაუფლება, თავი გაეჭეჭყა სატანისთვის, დაუძინებელი მტრისთვის, და გაენადგურებინა მისი შთამომავლობა (გამოცხადება 11:15, 18; 20:1—3, 10).
აბრაამის შთამომავალთა რიცხვი იზრდება
7. რა იყო კვირების დღესასწაული?
7 ედემის ბაღში იეჰოვას მიერ აღთქმული შთამომავალი იესო იყო, რომლის მეშვეობითაც ის ‘ეშმაკის საქმეებს დაამსხვრევდა’ (1 იოანე 3:8). მაგრამ იეჰოვამ აბრაამს მიანიშნა, რომ მისი შთამომავლობა ერთი ადამიანით კი არ შემოიფარგლებოდა, არამედ „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გამრავლდებოდა (დაბადება 22:17). ამ შთამომავლობის გამოჩენაზე მიანიშნებდა კიდევ ერთი დღესასწაული — კვირების დღესასწაული, რომელსაც ისრაელები 16 ნისანიდან 50 დღის გასვლის შემდეგ ზეიმობდნენ. კანონში ეწერა: „მეშვიდე შაბათის მომდევნო დღემდე დაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ იეჰოვას ახალი მარცვლეული შესაწირავი. თქვენი საცხოვრებელი ადგილებიდან შესარხევ შესაწირავად მიიტანეთ ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი ორი პური. გაფუვდეს და ისე გამოცხვეს, როგორც პირველი ნაყოფი იეჰოვასთვის“ * (ლევიანები 23:16, 17, 20).
8. რა ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?
8 იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს კვირების დღესასწაულს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს უწოდებდნენ. სწორედ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დიდმა მღვდელმთავარმა, მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ, წმინდა სული მოაფინა იერუსალიმში შეკრებილ 120 მოწაფეს. ამგვარად, ეს მოწაფეები ღვთის ცხებული ძეები და იესოს ძმები გახდნენ (რომაელები 8:15—17). მათგან ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ წარმოიშვა (გალატელები 6:16). მათი რიცხვი 144 000-მდე უნდა გაზრდილიყო (გამოცხადება 7:1—4).
9, 10. რა გაგებით განასახიერებდა ორი პური ცხებულ ქრისტიანთა კრებას ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?
9 ორი საფუვრიანი პური, რომელსაც მღვდელი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვას წინაშე არხევდა, ცხებულ ქრისტიანთა კრებას განასახიერებდა. საფუვრიანი პურები იმაზე მიუთითებდა, რომ ცხებული ქრისტიანები მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან არ იყვნენ თავისუფლები. მიუხედავად ამისა, მათ იესოს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვასთან მიახლოების საშუალება ჰქონდათ (რომაელები 5:1, 2). რატომ სწირავდა მღვდელი ორ პურს? შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ღვთის ცხებული ძეები ჯერ იუდეველებისგან, შემდეგ კი უცხოტომელებისგან შეიკრიბებოდნენ (გალატელები 3:26—29; ეფესოელები 2:13—18).
10 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეწირული პური ხორბლის მოსავლის პირველნაყოფი იყო. შესაბამისად, სულითცხებულ ქრისტიანებს ეწოდებათ „მის ქმნილებათა შორის ერთგვარი პირველი ნაყოფი“ (იაკობი 1:18). იესოს სისხლის საფუძველზე, პირველად მათ მიეტევათ ცოდვები და ზეცაში უკვდავების მიღების შესაძლებლობა მიეცათ, სადაც იესოსთან ერთად იმეფებენ (1 კორინთელები 15:53; ფილიპელები 3:20, 21; გამოცხადება 20:6). ახლო მომავალში ისინი ‘დამწყემსავენ [ერებს] რკინის კვერთხით’ და დაინახავენ, როგორ ‘შეიმუსრება სატანა მათ ფეხქვეშ’ (გამოცხადება 2:26, 27; რომაელები 16:20). მოციქულმა იოანემ დაწერა: „ესენი მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ (გამოცხადება 14:4).
დღე, რომელიც ხსნაზე მიუთითებდა
11, 12. ა) რა ხდებოდა გამოსყიდვის დღეს? ბ) რა სარგებლობას იღებდა ისრაელი შეწირული ხარითა და თხებით?
11 ეთანის (მოგვიანებით მას თიშრი ეწოდა) * მეათე დღეს ისრაელები კიდევ ერთ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. იგი მიუთითებდა კურთხევებზე, რომელთაც იესოს მსხვერპლი მოიტანდა. ამ დღეს მთელი ერი იკრიბებოდა გამოსყიდვის დღის აღსანიშნავად. ისინი მსხვერპლს სწირავდნენ თავიანთი ცოდვების გამოსასყიდად (ლევიანები 16:29, 30).
12 გამოსყიდვის დღეს მღვდელმთავარი კლავდა ხარს, სისხლს წმინდათაწმინდაში კიდობნის სახურავის წინ შვიდჯერ აპკურებდა და ამგვარად, იეჰოვას წინაშე წარადგენდა შესაწირავის სისხლს. ეს მსხვერპლი განკუთვნილი იყო მღვდელმთავრისა და მისი სახლის ანუ მღვდლებისა და ლევიანების ცოდვების გამოსასყიდად. შემდეგ მღვდელმთავარს ორი თხა მიჰყავდა. ერთს ხალხის ცოდვის შესაწირავად კლავდა. თხის სისხლსაც წმინდათაწმინდაში კიდობნის სახურავის წინ ასხურებდა. მეორე თხას მღვდელმთავარი ხელებს ადებდა და ისრაელის ძეების ცოდვებს აღიარებდა. შემდეგ თხას უდაბნოში უშვებდა, რათა სიმბოლური გაგებით ერის ცოდვები თან წაეღო (ლევიანები 16:3—16, 21, 22).
13. როგორ განასახიერებდა იესოს როლს ის, რაც გამოსყიდვის დღეს ხდებოდა?
13 მსგავსად ამისა, დიდი მღვდელმთავრის, იესოს სისხლის წყალობით ადამიანებს ცოდვები ეპატიებათ. იესოს სისხლით ცოდვები ჯერ სულიერ სახლს, 144 000 ცხებულ ქრისტიანს ეპატიება; ისინი მართლებად არიან აღიარებულნი და იეჰოვას თვალში წმინდები არიან (1 პეტრე 2:5; 1 კორინთელები 6:11). ხარის შეწირვა ამის სიმბოლო იყო. ამგვარად, მათ შეუძლიათ ზეციერი მემკვიდრეობის მიღება. იესოს სისხლს ასევე ხსნა მოაქვს მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც სწამთ იესო ქრისტე. ამაზე მიუთითებს თხის შეწირვა. ისინი მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე, სამკვიდროზე, რომელიც ადამმა და ევამ დაკარგეს (ფსალმუნი 37:10, 11). დაღვრილი სისხლის საფუძველზე იესოს, ასე ვთქვათ, მიაქვს კაცობრიობის ცოდვები ისევე, როგორც მეორე თხას მიჰქონდა ისრაელის ცოდვები უდაბნოში (ესაია 53:4, 5).
გახარებულები იეჰოვას წინაშე
14, 15. როგორ აღნიშნავდნენ კარვობის დღესასწაულს და რას შეახსენებდა ეს ისრაელებს?
14 გამოსყიდვის დღის შემდეგ ისრაელები ყველაზე სასიხარულო დღესასწაულს, კარვობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ (ლევიანები 23:34—43). ეს დღესასწაული 7 დღეს გრძელდებოდა (15—21 ეთანი) და მთავრდებოდა 22 ეთანს საზეიმო შეკრებით. ხალხი მოსავლის აღებას ზეიმობდა და ღმერთს მადლობას სწირავდა დიდი სიკეთისთვის. იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „იეჰოვა, შენი ღმერთი გიკურთხებს მოსავალს და შენი ხელის ყოველ საქმეს, და სულ გახარებული იქნები“ (მეორე კანონი 16:15). რა სასიხარულო დრო იქნებოდა ეს ისრაელებისთვის!
15 ამ დღესასწაულის დროს ისრაელები შვიდ დღეს კარვებში ცხოვრობდნენ. ეს მათ შეახსენებდა იმ დროს, როცა უდაბნოში იყვნენ და კარვებში ცხოვრობდნენ. დღესასწაულზე ისრაელებს კარგი შესაძლებლობა ჰქონდათ, იეჰოვას სიყვარულით აღსავსე მზრუნველობაზე ეფიქრათ (მეორე კანონი 8:15, 16). გარდა ამისა, ყველა ისრაელი, ღარიბი თუ მდიდარი, ერთნაირ კარვებში ცხოვრობდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ დღესასწაულის დროს ისინი თანასწორნი იყვნენ (ნეემია 8:14—16).
16. რას განასახიერებდა კარვობის დღესასწაული?
16 კარვობის დღესასწაული მოსავლის აღებასთან დაკავშირებული სასიხარულო დღესასწაული იყო, რომელიც განასახიერებდა მათ შეკრებას, ვინც იესო ქრისტეს მიმართ რწმენას გამოავლენდა. ეს შეკრება ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიწყო, როცა 120 მოწაფე ცხებული და „წმინდა სამღვდელოების“ ნაწილი გახდა. ისრაელები კარვებში რამდენიმე დღე ცხოვრობდნენ; მსგავსად ამისა, ცხებულებიც „დროებითი მცხოვრებლები“ არიან ამ უღვთო ქვეყნიერებაში. მათ ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ (1 პეტრე 2:5, 11). ამ „ბოლო დღეებში“ 144 000 ცხებული ქრისტიანის შეკრება დასასრულს უახლოვდება (2 ტიმოთე 3:1).
17, 18. ა) რა ცხადყოფს, რომ ცხებული ქრისტიანების გარდა სხვებიც იკურთხებიან ქრისტეს მსხვერპლით? ბ) ვინ იღებს დღეს კიდევ სარგებლობას სიმბოლური კარვობის დღესასწაულიდან და როდის მიაღწევს ის თავის კულმინაციას?
17 აღსანიშნავია, რომ კარვობის დღესასწაულზე 70 ხარს სწირავდნენ (რიცხვები 29:12—34). რიცხვი სამოცდაათი შვიდისა და ათის ნამრავლია. ბიბლიაში შვიდი და ათი ზეციერი და მიწიერი სრულყოფილების სიმბოლოა. იესოს მსხვერპლით იკურთხება ნოესგან წამოსული 70 ოჯახიდან ყველა ერთგული შთამომავალი (დაბადება 10:1—29). მსგავსად ამისა, ჩვენს დროში იკრიბება ყველა ერის ადამიანი, ვინც იესოს მიმართ რწმენას ავლენს და დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი აქვს.
18 მოციქულმა იოანემ ეს შეკრება ხილვაში ნახა. მან ჯერ ხმა მოისმინა, რომელიც აუწყებდა მას 144 000-ის უკანასკნელ წევრებზე ბეჭდის დასმას, შემდეგ კი დაინახა „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო“. ისინი იდგნენ იეჰოვასა და იესოს წინაშე და „ხელში პალმის ტოტები ეჭირათ“. ისინი „დიდი გასაჭირიდან“ ახალ ქვეყნიერებაში გადავლენ. ისინიც დროებითი მცხოვრებნი არიან ამ ქვეყნიერებაში და ელიან იმ დროს, როცა „კრავი დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება მათ“. იმ დროს „მოსწმენდს მათ ღმერთი ყოველ ცრემლს თვალებიდან“ (გამოცხადება 7:1—10, 14—17). ეს სიმბოლური კარვობის დღესასწაული თავის კულმინაციას მიაღწევს, როცა „უამრავი ხალხი“ და მათთან ერთად მკვდრეთით აღმდგარი ერთგული ადამიანები ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის შემდეგ მარადიულ სიცოცხლეს მიიღებენ (გამოცხადება 20:5).
19. როგორ მოქმედებს ჩვენზე ისრაელთა დღესასწაულების განხილვა?
19 ძველი დღესასწაულები ჩვენც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ „სულ გახარებულები“ ვიყოთ. გვიხარია, რომ იეჰოვა ნათელს ჰფენდა ედემში წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას. ჩვენ ისიც გვიხარია, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენ თვალწინ თანდათანობით სრულდება. ჩვენთვის ცნობილია, რომ აღთქმული შთამომავალი მოვიდა და ქუსლში დაიგესლა. ახლა ის ზეცაში მეფობს. ამასთანავე, 144 000-დან უმეტესობა უკვე სიკვდილამდე ერთგული იყო. რა დარჩა შესასრულებელი? როდის შესრულდება ბოლომდე ეს წინასწარმეტყველება? ამ კითხვებს მომდევნო სტატიაში გაეცემა პასუხები.
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 ჩვენი კალენდრის მიხედვით ნისანი შეესაბამება მარტი/აპრილის თვეებს.
^ აბზ. 7 შესარხევ შესაწირავს, ორ პურს, ხშირად მღვდელი ორივე ხელის გულზე იდებდა, შლიდა ხელებს და პურს აქეთ-იქით არხევდა. ეს იეჰოვას წინაშე მხვერპლის წარდგენას ნიშნავდა (იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი II, გვერდი 528 [ინგლ.]. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).
^ აბზ. 11 ჩვენი კალენდრის მიხედვით ეთანი ანუ თიშრი შეესაბამება სექტემბერ/ოქტომბრის თვეებს.
შეგიძლიათ ახსნათ?
• რას განასახიერებდა საპასექო კრავი?
• რა შეკრებას განასახიერებდა ორმოცდამეათე დღის დღესასწაული?
• როგორ მიუთითებდა გამოსყიდვის დღე იმ კურთხევებზე, რომლებსაც იესოს გამოსასყიდი მოიტანდა?
• როგორ განასახიერებდა კარვობის დღესასწაული ქრისტიანების შეკრებას?
[სასწავლო კითხვები]
[ცხრილი 22, 23 გვერდებზე]
(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მოვლენა: განასახიერებდა:
პასექი 14 ნისანი საპასექო კრავის იესოს შეწირვა
დაკვლა
უფუარობის 15 ნისანი შაბათი
დღესასწაული 16 ნისანი ქერის შეწირვა იესოს აღდგომა
(15—21 ნისანი)
↑
50 დღე
↓
კვირების დღესასწაული ორი პურის იესომ წარუდგინა
(ორმოცდამეათე დღის 6 სივანი შეწირვა იეჰოვას თავისი
დღესასწაული) ცხებული ძმები
გამოსყიდვის 10 თიშრი ხარისა იესოს სისხლი
დღე და ორი დაიღვარა
თხის შეწირვა კაცობრიობის
გამოსასყიდად
კარვობის 15—21 თიშრი ისრაელები კარვებში ცხებულებისა და
დღესასწაული ცხოვრობდნენ, „უამრავი ხალხის“
(მოსავლის აღების ხარობდნენ მოსავლის შეკრება
დღესასწაული) აღებით, 70 ხარის შეწირვა
[სურათები 21 გვერდზე]
საპასექო კრავის სისხლის მსგავსად, იესოს სისხლი იხსნის მრავალ ადამიანს.
[სურათები 22 გვერდზე]
16 ნისანს ქერის მოსავლის პირველმოწეული ნაყოფის შეწირვა განასახიერებდა იესოს აღდგომას.
[სურათები 23 გვერდზე]
ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეწირული ორი პური განასახიერებდა ცხებულ ქრისტიანთა კრებას.
[სურათები 24 გვერდზე]
კარვობის დღესასწაული განასახიერებდა ცხებულებისა და ყველა ერიდან მოსული „უამრავი ხალხის“ სასიხარულო შეკრებას.