არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწორმა გადაწყვეტილებამ მრავალი კურთხევა მომიტანა

სწორმა გადაწყვეტილებამ მრავალი კურთხევა მომიტანა

ბიოგრაფია

სწორმა გადაწყვეტილებამ მრავალი კურთხევა მომიტანა

მოგვითხრო პოლ კუშნირმა

დედაჩემის მშობლები 1897 წელს უკრაინიდან კანადაში გადავიდნენ საცხოვრებლად და დასახლდნენ იორკტონთან (სასკაჩევანი). მათ ოთხი შვილი ჰყავდათ — სამი ბიჭი და ერთი გოგო, მარინკა. მე 1923 წელს დავიბადე და ოჯახში მეშვიდე ბავშვი ვიყავი. მაშინ უბრალოდ და უშფოთველად ვცხოვრობდით. საჭმელი და თბილი ტანსაცმელი არ გვაკლდა. მთავრობისგან სხვადასხვა დახმარებას ვიღებდით. მეზობლებთან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ყოველთვის მზად ვიყავით, ერთმანეთს დავხმარებოდით. 1925 წლის მიწურულს სახლში გვეწვია ბიბლიის მკვლევარი (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს). ამ სტუმრობის შემდეგ ჩემმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ.

ჩვენი ოჯახი იგებს ჭეშმარიტებას

დედამ წაიკითხა ბიბლიის მკვლევარის მიერ დატოვებული ბუკლეტები და მალევე მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა. მან სწრაფად წაიწია სულიერად და 1926 წელს მოინათლა. მას შემდეგ, რაც დედა ბიბლიის მკვლევარი გახდა, ჩვენი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ჩვენი ოჯახი სტუმართმოყვარე იყო. ჩვენთან ხშირად რჩებოდნენ პილიგრიმები (დღეს მათ მიმომსვლელი ზედამხედველები ეწოდებათ) და სხვა ბიბლიის მკვლევარები. 1928 წელს მიმომსვლელმა ზედამხედველმა გვიჩვენა „შემოქმედების ფოტოდრამის“ გამარტივებული ვერსია „ევრიკადრამა“. მან ბავშვებს გვთხოვა სათამაშო ბაყაყი, რომელიც ტკაცუნობდა. ყოველი დატკაცუნება იმას ნიშნავდა, რომ სლაიდი უნდა შეცვლილიყო. ბავშვებს გვიხაროდა, რომ ჩვენც შევიტანეთ წვლილი დრამის ჩვენებაში.

მიმომსვლელი ზედამხედველი, ემილ ზარიცკი, ხშირად მოდიოდა ჩვენთან სტუმრად თავისი ავტოფურგონით. მას ზოგჯერ თან ახლდა მოზრდილი ვაჟი, რომელიც ბავშვებს სრული დროით ანუ პიონერად მსახურებისკენ გვახალისებდა. ჩვენთან ბევრი პიონერიც რჩებოდა. ერთხელ ერთ პიონერს პერანგის გაკერვა დასჭირდა და, სანამ გაკერავდა, დედამ მას სხვა პერანგი მისცა. წასვლისას მას შემთხვევით თან გაჰყვა ეს პერანგი. დიდი ხნის შემდეგ მან გამოგვიგზავნა ის და ბოდიში მოიხადა. „ათი ცენტი არ მქონდა, რომ ფოსტით გამომეგზავნა“, — გვწერდა ის. ჩვენ კი ვფიქრობდით, ნეტა თავისთვის დაეტოვებინაო! ძალიან მსურდა, პიონერებივით თავგანწირული ვყოფილიყავი. მადლიერი ვარ, რომ დედა სტუმართმოყვარეობას ავლენდა. ამან გაამდიდრა ჩვენი ცხოვრება და განგვიმტკიცა საძმოსადმი სიყვარული (1 პეტრე 4:8, 9).

მამა არ გახდა ბიბლიის მკვლევარი, მაგრამ არც წინააღმდეგობას გვიწევდა. 1930 წელს ერთდღიანი კონგრესის ჩასატარებლად მან ძმებს დიდი ფარდულიც კი დაუთმო. მაშინ მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი, მაგრამ ამ სასიხარულო კონგრესმა, რომელიც ღირსეულად ჩატარდა, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მამა 1933 წელს დაიღუპა. დედას მარტოს მოუწია რვა შვილის აღზრდა, თუმცა მას ოდნავაც არ განელებია იმის სურვილი, რომ ჭეშმარიტების გზაზე დავეყენებინეთ. მე ყოველთვის თან დავყავდი შეხვედრებზე. მაშინ მეჩვენებოდა, რომ კრების შეხვედრა ძალიან დიდხანს გრძელდებოდა და მინდოდა იმ ბავშვებთან ერთად ვყოფილიყავი, რომლებსაც მშობლები გარეთ სათამაშოდ უშვებდნენ. მაგრამ დედის ხათრით ბოლომდე ვრჩებოდი შეხვედრაზე. როცა დედა საჭმელს ამზადებდა, ხშირად ზეპირად ამბობდა ბიბლიურ მუხლს და მეკითხებოდა, სად ეწერა ის. 1933 წელს დიდი მოსავალი გვქონდა. ამან დედას საშუალება მისცა, მანქანა ეყიდა. ზოგი მეზობელი ამბობდა, რომ ის ფულს ფლანგავდა, მაგრამ დედა ფიქრობდა, რომ მანქანა თეოკრატიულ საქმიანობაში დაგვეხმარებოდა. ის მართალი იყო.

სხვების დახმარებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე

ახალგაზრდის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელიც გავლენას მოახდენს მის მომავალზე. ჩემმა უფროსმა დებმა, ჰელენმა და ქეიმ, პიონერული მსახურება დაიწყეს. ერთ-ერთი პიონერი, რომელიც ჩვენთან სტუმრად რჩებოდა, შესანიშნავი ახალგაზრდა მამაკაცი, ჯონ ჯაზუსკი იყო. დედამ სთხოვა ჯონს, დარჩენილიყო და მეურნეობაში დახმარებოდა. მოგვიანებით ჯონი ქეიზე დაქორწინდა და ისინი ახლომახლო ტერიტორიებზე მსახურობდნენ პიონერებად. როცა 12 წლის ვიყავი, სკოლის არდადეგებზე მათ თავისთან მიმიწვიეს, რათა სამქადაგებლო მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა. მაშინ ვიგრძენი, რას ნიშნავდა პიონერად მსახურება.

დროთა განმავლობაში მე და ჩემი ძმა ჯონი მეტ-ნაკლებად ვახერხებდით სამეურნეო საქმეების გაძღოლას. ეს დედას ზაფხულის თვეებში დამხმარე პიონერად მსახურების შესაძლებლობას აძლევდა. ის იყენებდა ორთვალა საზიდარს, რომელშიც ჩვენი ბებერი ცხენი იყო შებმული. მამა ამ ჯიუტ ცხენს საულს ეძახდა, დედისთვის კი ის მორჩილი ცხოველი იყო. მე და ჯონს გვიყვარდა სამეურნეო საქმეები, მაგრამ ჩვენი გული თანდათანობით პიონერული მსახურებისკენ გადაიხარა, რადგან მსახურებიდან დაბრუნების შემდეგ დედა ყოველთვის გვიყვებოდა შემთხვევებს. 1938 წლიდან აქტიურად შევუდექი ქადაგებას და 1940 წლის 9 თებერვალს მოვინათლე.

ცოტა ხნის შემდეგ კრებაში მსახურად დამნიშნეს. კრების დოკუმენტაციას ვაწარმოებდი და დიდ სიხარულს მანიჭებდა, როდესაც ზრდას ვხედავდი. სამქადაგებლო უბანი მქონდა პატარა ქალაქში, რომელიც სახლიდან დაახლოებით 15 კილომეტრით იყო დაშორებული. ზამთარში იქ ყოველკვირა დავდიოდი ფეხით და ერთ ან ორ ღამეს ვათევდი დაინტერესებული ოჯახის სახლის სხვენზე. ერთხელ ლუთერან მქადაგებელს შევხვდი, რომელსაც არც თუ ისე ტაქტიანად ვესაუბრე. ის დამემუქრა, რომ პოლიციას გამოუძახებდა, თუ მის მრევლს თავს არ დავანებებდი. შეშინების ნაცვლად, უფრო გაბედულად განვაგრძე ქადაგება.

1942 წელს ქეი და ჯონი კლივლენდში (ოჰაიო, აშშ) კონგრესზე აპირებდნენ წასვლას. ძალიან გამიხარდა, როცა მათ მეც დამპატიჟეს. ამ კონგრესმა საუკეთესო შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ის დამეხმარა სამომავლო მიზნების განსაზღვრაში. ძმა ნეითან ნორმა, რომელიც იმ დროისთვის იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, გამოაცხადა, რომ 10 000 პიონერი იყო საჭირო. გადავწყვიტე, ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი.

1943 წლის იანვარში ჩვენი კრება მოინახულა მიმომსვლელმა მსახურმა, ჰენრიმ. მან წაიკითხა მოხსენება, რომელმაც ენთუზიაზმით აგვავსო. მეორე დღეს ძალიან ციოდა, -40°C იყო და ჩრდილო-დასავლეთის ცივი ქარი ქროდა. ასეთ ამინდში, ჩვეულებრივ, სახლში ვრჩებოდით ხოლმე, მაგრამ ჰენრის ძალიან უნდოდა მსახურება. ის სხვებთან ერთად 11 კილომეტრით დაშორებულ სოფელში ცხენშებმული მარხილით წავიდა. მე კი მარტო წავედი და მოვინახულე ერთი ოჯახი. მათ ხუთი ვაჟი ჰყავდათ. ისინი ბიბლიის შესწავლაზე დამთანხმდნენ და დროთა განმავლობაში ჭეშმარიტება მიიღეს.

ქადაგება აკრძალვის დროს

მეორე მსოფლიო ომის დროს კანადაში ჩვენი საქმიანობა აკრძალული იყო და ბიბლიურ ლიტერატურას ვმალავდით. სახლში ბევრი სამალავი გვქონდა. პოლიცია ხშირად გვაკითხავდა, მაგრამ ვერაფერს პოულობდა. ქადაგების დროს მხოლოდ ბიბლიას ვიყენებდით; ჩვენ პატარა ჯგუფებად ვიკრიბებოდით; მე და ჩემი ძმა ჯონი მალულად კურიერის როლს ვასრულებდით.

ომის დროს ჩვენი კრება მონაწილეობდა ბუკლეტის, „ნაციზმის აღსასრულის“, გავრცელებაში. მას შუაღამით ვავრცელებდით. ცხადია, ვნერვიულობდი. ჩუმად მივდიოდით ყოველ სახლთან და ბუკლეტს კართან ვტოვებდით. ასეთი შიში არასდროს განმიცდია. როდესაც ბოლო ბუკლეტი გავავრცელე, შვებით ამოვისუნთქე. შემდეგ სასწრაფოდ დავბრუნდით მანქანასთან, შევამოწმეთ, ყველა ადგილზე იყო თუ არა და გავუჩინარდით ღამის სიბნელეში.

პიონერად მსახურება, დაპატიმრება და დაუვიწყარი კონგრესები

1943 წლის 1 მაისს დედას დავემშვიდობე. როცა დანიშნულების ადგილზე ჩავედი, 20 დოლარისა და პატარა ჩემოდნის გარდა არაფერი მქონდა. მე პიონერად უნდა მემსახურა. ძმა ტომ ტრიუპმა და მისმა ოჯახმა სიხარულით მიმიღეს ქვილ ლეიკში (სასკაჩევანი). მომდევნო წელს გადავედი მოშორებულ ტერიტორიაზე ვეიბორნში (სასკაჩევანი). აქ 1944 წლის 24 დეკემბერს ქუჩაში ქადაგების დროს დამაკავეს. გარკვეული დრო ადგილობრივ ციხეში ვიყავი, შემდეგ კი ჯასპერის (ალბერტა) შრომა-გასწორების კოლონიაში გადამიყვანეს. ჩემთან ერთად სხვა მოწმეებიც იყვნენ. გარშემო იეჰოვას დიდებული შემოქმედება, კანადის კლდოვანი მთები გვერტყა. 1945 წლის დასაწყისში კოლონიის ზედამხედველებმა ედმონტონში (ალბერტა) კრების შეხვედრაზე წასვლის ნება დაგვრთეს. ძმა ნორმა წარმოადგინა გამამხნევებელი ანგარიში მსოფლიო საქმიანობის წინსვლის შესახებ. ერთი სული გვქონდა, როდის გაგვათავისუფლებდნენ, რომ კვლავაც აქტიურად გაგვეგრძელებინა მსახურება.

გათავისუფლების შემდეგ განვაახლე პიონერად მსახურება. მალე გამოცხადდა, რომ ლოს-ანჯელესში (კალიფორნია) გაიმართებოდა კონგრესი სახელწოდებით „მსოფლიო ზრდა“. ძმამ, რომელიც ჩემთან ერთად მსახურობდა პიონერად, თავის სატვირთო მანქანაში 20 დასაჯდომი ადგილი გააკეთა. ჩვენი მოგზაურობა 1947 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. ჩვენ უნდა გადაგველახა 7 200 კილომეტრი. გზად უნდა გაგვევლო ტრამალები, უდაბნოები და უმშვენიერესი ადგილები, მათ შორის იელოსტოუნისა და იოსემიტის ეროვნული პარკები. ამ დაუვიწყარმა მოგზაურობამ 27 დღეს გასტანა.

კონგრესმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა კონგრესის საქმეებში, ამიტომ დღის განმავლობაში მომწესრიგებლად ვმსახურობდი, ღამით კი ტერიტორიას ვდარაჯობდი. იქ დავესწარი შეხვედრას, რომელიც გათვალისწინებული იყო მისიონერად მსახურების მსურველთათვის და შევავსე ანკეტა, თუმცა მიწვევის იმედი არ მქონდა. 1948 წელს გადავედი კვებეკში (კანადა), სადაც პიონერებზე დიდი მოთხოვნილება იყო (ესაია 6:8).

„გალაადი“ და მისიონერული მსახურება

1949 წელს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მიმიწვიეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მე-14 კლასში. სწავლების ამ კურსმა რწმენა გამიძლიერა და იეჰოვასთან უფრო დამაახლოვა. ჯონმა და ქეიმ ჩემამდე დაამთავრეს მე-11 კლასი და მისიონერებად მსახურობდნენ ჩრდილოეთ როდეზიაში (ამჟამად ზამბია). ჩემმა ძმამ, ჯონმა, „გალაადი“ 1956 წელს დაამთავრა. თავის მეუღლესთან, ფრიდასთან ერთად, ის ბრაზილიაში 32 წელი, სიცოცხლის ბოლომდე მსახურობდა.

გამოსაშვებ დღეს, 1950 წლის თებერვალში, ორი გამამხნევებელი დეპეშა მივიღე, ერთი დედისგან, მეორე კი ტრიუპების ოჯახისგან ქვილ ლეიკიდან. ტრიუპები მწერდნენ: „ჩვენო კურსდამთავრებულო, ეს შენთვის განსაკუთრებული დღეა; დღე, რომელიც ყოველთვის გემახსოვრება. გისურვებთ წარმატებასა და სიხარულს“.

დამნიშნეს ქალაქ კვებეკში, თუმცა ცოტა ხნით დავრჩი ნიუ-იორკის შტატში საზოგადოების ფერმაში, სადაც მაშინ სკოლა „გალაადი“ ტარდებოდა. ერთ დღეს ძმა ნორმა მკითხა, თუ მქონდა ბელგიაში მსახურების სურვილი. რამდენიმე დღის შემდეგ კი ისევ მკითხა, ჰოლანდიაში მსახურებაზე თუ ვიქნებოდი თანახმა. მივიღე დანიშვნის შესახებ წერილი, სადაც ეწერა, რომ „ფილიალის მსახურის მოვალეობა უნდა შემესრულებინა“. გაოგნებული დავრჩი.

1950 წლის 24 აგვისტოს გემით გავემგზავრე ჰოლანდიაში. მგზავრობას 11 დღე დასჭირდა; ამ დროს წავიკითხე ახალგამოცემული „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. 5 სექტემბერს ჩავედი როტერდამში, სადაც ბეთელის ოჯახმა გულთბილად მიმიღო. თუმცა მეორე მსოფლიო ომმა ქვეყანა გააპარტახა, ძმები მაინც ახერხებდნენ მსახურებას. როცა ვიგებდი, როგორ ინარჩუნებდნენ ძმები ერთგულებას სასტიკი დევნის დროს, ვფიქრობდი, რომ მათთვის ადვილი არ იქნებოდა მსახურება ფილიალის ისეთი გამოუცდელი და ახალგაზრდა მსახურის ხელმძღვანელობით, როგორიც მე ვიყავი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ჩემი შიში უსაფუძვლო იყო.

ცხადია, იყო საკითხები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა. მე კონგრესის დაწყებამდე ჩავედი და გაოცებული დავრჩი იმით, რომ ათასობით დელეგატი კონგრესის მიმდებარე ტერიტორიაზე ათევდა ღამეს. ძმებს ვურჩიე, რომ მომდევნო კონგრესისთვის დელეგატები სახლებში დაგვებინავებინა. მათ ეს აზრი მოეწონათ, მაგრამ თავიანთ ქვეყანაში შეუძლებლად მიაჩნდათ ამის გაკეთება. მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დელეგატების ნახევარს კონგრესის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეთია ღამე, ნახევარი კი ქალაქში დაგვებინავებინა მათთან, ვინც იეჰოვას მოწმე არ იყო. შედეგებით კმაყოფილმა ყველაფერი ვაცნობე კონგრესზე ჩამოსულ ძმა ნორს. მაგრამ, როდესაც „საგუშაგო კოშკში“ ჩვენი კონგრესის შესახებ ანგარიში წავიკითხე, ეს კმაყოფილების გრძნობა მალევე გამიქრა. იქ ეწერა: „დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგში ძმები რწმენას გამოავლენენ და დელეგატებს საცხოვრებლით უზრუნველყოფენ ისეთ ადგილებში, სადაც დამოწმების კარგი საშუალება იქნება, კერძოდ, მოქალაქეთა სახლებში“. „შემდეგში“ ზუსტად ასე მოვიქეცით.

1961 წლის ივლისში ჩვენი ფილიალიდან ორი წარმომადგენელი მიიწვიეს ლონდონში შეხვედრაზე, რომელსაც სხვა ფილიალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ძმა ნორმა გამოაცხადა, რომ „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უნდა გამოცემულიყო სხვა ენებზეც, მათ შორის ჰოლანდიურზე. ამის გაგებამ ძალიან გაგვახარა! ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა, რა დიდ შრომას მოითხოვდა ეს პროექტი. ორი წლის შემდეგ, 1963 წელს, წილად მხვდა პატივი, მონაწილეობა მიმეღო ნიუ-იორკში ჩატარებული კონგრესის პროგრამაში, რომლის დროსაც გამოცხადდა ჰოლანდიურ ენაზე „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემა.

სხვა გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობები

1961 წელს ცოლად მოვიყვანე ლიდა ვამელინკი. მისმა ოჯახმა ჭეშმარიტება გაიგო 1942 წელს, როცა ნაცისტები დევნიდნენ იეჰოვას მოწმეებს. 1950 წელს ლიდამ პიონერად დაიწყო მსახურება, 1953 წელს კი ბეთელში მიიწვიეს. ბეთელსა თუ კრებაში მისმა გულმოდგინედ მსახურებამ დამარწმუნა, რომ ის ერთგულად დამიჭერდა მხარს მსახურებაში.

ქორწინებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ბრუკლინში დამატებითი სწავლების ათთვიან კურსზე მიმიწვიეს. მაშინ ქმრებთან ერთად ცოლების იქ ყოფნა არ იყო გათვალისწინებული. ლიდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ის მეუბნებოდა, რომ ხელიდან არ გამეშვა ეს შესაძლებლობა. მოგვიანებით ლიდას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თუმცა ბეთელში მსახურებას მაინც ვაგრძელებდით. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ უფრო გონივრული იქნებოდა, თუ სრული დროით ბეთელის გარეთ ვიმსახურებდით. ჩვენ მიმოსვლითი მსახურება დავიწყეთ. ცოტა ხნის შემდეგ ჩემმა ცოლმა სერიოზული ოპერაცია გაიკეთა. თანამორწმუნეების მხარდაჭერით ჩვენ გადავიტანეთ ეს რთული პერიოდი და ერთი წლის შემდეგ საოლქო მსახურების დაწყებაც კი შევძელით.

მიმოსვლით მსახურებაში შვიდი წელი გავატარეთ. შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი — ბეთელში სამეფო მსახურების სკოლის მასწავლებლად მიმიწვიეს. ჩვენ დავთანხმდით მიწვევაზე მიუხედავად იმისა, რომ მიმოსვლითი მსახურების დატოვება ადვილი არ იყო. 47 კლასთან ჩატარებულმა ორკვირიანმა კურსებმა შესანიშნავი შესაძლებლობა მომცა, რომ კრების უხუცესებისთვის სულიერი ძღვენი გამეზიარებინა.

იმ პერიოდში დედასთან ჩასვლას ვაპირებდი. მაგრამ მოულოდნელად, 1977 წლის 29 აპრილს, მივიღეთ დეპეშა, რომელიც დედის სიკვდილს გვატყობინებდა. სამწუხარო იყო, რომ მეტად ვეღარ გავიგებდი მის თბილ ხმას და ვეღარ ვეტყოდი, თუ რამდენად მადლიერი ვიყავი ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა.

სამეფო მსახურების სკოლის დასრულების შემდეგ ბეთელის ოჯახის წევრობა შემოგვთავაზეს. მომდევნო ათი წელი ფილიალის კომიტეტის კოორდინატორად ვმსახურობდი. შემდეგ ხელმძღვანელმა საბჭომ ახალი კოორდინატორი დანიშნა, რომელიც უკეთ გაართმევდა თავს ამ მოვალეობას. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ.

ვმსახურობ შესაძლებლობიდან გამომდინარე

მე და ლიდა ორივენი 83 წლის ვართ. 60 წელზე მეტია, რაც სრული დროით ვმსახურობ, აქედან 45 წელი — ჩემს ერთგულ მეუღლესთან ერთად. ლიდა ყოველთვის თვლიდა, რომ ჩემი მხარდაჭერა ნებისმიერ დანიშნულებაში იეჰოვასადმი მისი მსახურების ნაწილი იყო. ამჟამად ბეთელში და კრებაში იმდენს ვაკეთებთ, რამდენიც შეგვიძლია (ესაია 46:4).

დროდადრო ვიხსენებთ ჩვენი ცხოვრების დაუვიწყარ მომენტებს. დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს ის, რაც იეჰოვას მსახურებაში გავაკეთეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ახალგაზრდობაში მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესო იყო. დღესაც გვსურს, მთელი ძალით ვემსახუროთ იეჰოვას და განვადიდოთ ის.

[სურათი 13 გვერდზე]

მე, ჩემი უფროსი ძმა ბილი და ჩვენი ცხენი საული.

[სურათი 15 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღეს, 1961 წლის აგვისტო.

[სურათი 15 გვერდზე]

მე და ლიდა დღეს.