შეგვიძლია გავფართოვდეთ სიყვარულში?
შეგვიძლია გავფართოვდეთ სიყვარულში?
გემი დინებამ რომ არ წაიღოს, ჯაჭვმა, რომელსაც ღუზა უჭირავს, დიდ დატვირთვას უნდა გაუძლოს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ჯაჭვის რგოლები გამძლე და კარგად დამაგრებული იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯაჭვი გაწყდება.
ეს მაგალითი კარგად შეესაბამება ქრისტიანულ კრებას. კრება ძლიერი და ჯანსაღი რომ იყოს, მის წევრებს შორის ერთიანობა უნდა სუფევდეს. რა აერთიანებთ მათ? სიყვარული — უძლიერესი გამაერთიანებელი ძალა. გასაკვირი არ არის, რომ იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უთხრა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“. უდავოა, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე მეტს ნიშნავს. ეს არის თავგანწირული სიყვარული (იოანე 13:34, 35).
დავაფასოთ თანამორწმუნეები
ბევრ კრებაში სხვადასხვა ასაკის, რასის, ეროვნების, კულტურის, ენისა და სოციალური ფენის ადამიანები არიან. ყველას თავისი შეხედულება აქვს, ყველას მდგომარეობა განსხვავდება და თითოეულს თავისი საზრუნავი აქვს — შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ან ფინანსური პრობლემები. ასეთმა სხვადასხვაობამ შეიძლება გარკვეული სირთულე შეუქმნას ქრისტიანულ ერთობას. მაშ, რა დაგვეხმარება, სირთულეების მიუხედავად, გავფართოვდეთ სიყვარულში და შევინარჩუნოთ ერთიანობა? თუ კრების ყველა წევრს მთელი გულით დავაფასებთ, უფრო მეტად გვეყვარება ისინი.
მაგრამ, რას ნიშნავს დაფასება? ამაში იგულისხმება სათანადოდ შეფასება, ჯეროვნად აღიარება, მნიშვნელოვნად მიჩნევა და მადლიერების გამოხატვა. თუ თანამორწმუნეებს ვაფასებთ, ვიქნებით გულისხმიერები, პატივისცემას გამოვავლენთ მათდამი, დავაფასებთ მათ ღირსებას და მადლიერები ვიქნებით იმისათვის, რომ ღმერთს ემსახურებიან. შედეგად, ჩვენი სიყვარული მათ მიმართ გაძლიერდება. სიყვარულში რომ გავფართოვდეთ, მოკლედ განვიხილოთ, რა მისწერა პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ კორინთელ ქრისტიანებს.
კორინთელები „ვიწროდ“ იყვნენ
პავლემ კორინთელებს პირველი წერილი ახ. წ. 55 წელს მისწერა, მეორე წერილი კი — მომდევნო წელს. ამ წერილიდან ვიგებთ, რომ კორინთოს კრებაში ზოგიერთი არ აფასებდა თანამორწმუნეებს. კრების მდგომარეობას პავლე ასე აღწერს: „ბაგე გახსნილი გვაქვს თქვენთვის, კორინთელებო, გული კი — გაფართოებული. თქვენ ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ, არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში“ (2 კორინთელები 6:11, 12). რას გულისხმობდა პავლე „ვიწროდ“ ყოფნაში?
პავლე იმას გულისხმობდა, რომ ისინი გულგრილები იყვნენ. ბიბლიის ერთი მკვლევარის აზრით, კორინთელებს „ცხოვრებისეული სირთულეები, უსაფუძვლო ეჭვები . . . და შელახული თავმოყვარეობა უშლიდა ხელს პავლეს მიმართ სიყვარულის გამოვლენაში“.
ყურადღება მიაქციეთ, რა ურჩია მათ პავლემ: „გეუბნებით, როგორც ბავშვებს, თქვენც გაფართოვდით“ (2 კორინთელები 6:13). პავლემ მოუწოდა კორინთელებს, თანამორწმუნეების სიყვარულში გაფართოებულიყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ეჭვის თვალით შეეხედათ ერთმანეთისთვის და წვრილმანებს გამოჰკიდებოდნენ, მათ დადებითი განწყობა უნდა ჰქონოდათ თანამორწმუნეების მიმართ და დიდსულოვნები უნდა ყოფილიყვნენ.
სიყვარულში გაფართოება დღეს
სასიამოვნოა, რომ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დღეს ძალისხმევას არ იშურებენ, რათა ერთმანეთის სიყვარულში გაფართოვდნენ. ცხადია, ეს თავისთავად არ ხდება. სიყვარულში რომ გავფართოვდეთ, მხოლოდ თეორიული ცოდნა არ კმარა. ჩვენ არ უნდა დავემსგავსოთ მათ, ვინც ბიბლიის ნორმებით არ ცხოვრობს, რადგან ხშირად ასეთი ადამიანები არ აფასებენ სხვებს. ისინი უყურადღებოები, უპატივცემულოები და სარკასტულები არიან. არასდროს დავუშვათ, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ ჩვენზეც მოახდინოს გავლენა! რა სამწუხარო იქნებოდა, თუ კორინთელების მსგავსად უნდობლობის გამო სიყვარული გაგვინელდება. ეს შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ თანაქრისტიანთა დადებითი თვისებების ნაცვლად მათ შეცდომებზე გავამახვილებთ ყურადღებას. გარდა ამისა, „სივიწროვის“ მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული კულტურა.
ღვთის მსახური, რომელიც სიყვარულში ფართოვდება, მთელი გულით აფასებს თანამორწმუნეებს. ის პატივს სცემს მათ ღირსებას და გულისხმიერია. მაშინაც კი, როცა ჩივილის მიზეზი აქვს, ის მზად არის პატიებისთვის, წყენას გულში არ იტოვებს და ნდობით ეკიდება თანამორწმუნეს. დიდსულოვნება ეხმარება მას ისეთი სიყვარულის გამოვლენაში, როგორი სიყვარულიც იესოს ჰქონდა მხედველობაში: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (შევიძინოთ ახალი მეგობრები
გულწრფელი სიყვარული გვეხმარება, გავცდეთ სამეგობრო წრეს და დავუახლოვდეთ კრებაში მათ, ვისთანაც ახლო ურთიერთობა არ გვაქვს. მაგალითად, ზოგი ქრისტიანი მორიდებულია, ზოგს ამა თუ იმ მიზეზის გამო მეგობრები არ ჰყავს. შეიძლება ვფიქრობთ, რომ თაყვანისმცემლობის გარდა ბევრი არაფერი გვაკავშირებს მათთან. მაგრამ ბიბლია მოგვითხრობს ისეთ მეგობრებზე, რომლებსაც, ერთი შეხედვით, საერთო არაფერი ჰქონდათ.
მაგალითად, რუთი და ნაომი განსხვავდებოდნენ ასაკით, ეროვნებითა და კულტურით; მათ მშობლიური ენაც კი არ ჰქონდათ საერთო. მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მათ მეგობრობას. იონათანი მეფისწული იყო, დავითი კი — მწყემსი. ისინი ასაკითაც საკმაოდ განსხვავდებოდნენ. მიუხედავად ამისა, მათი მეგობრობა სანიმუშო იყო. როგორც რუთისა და ნაომის, ისე დავითისა და იონათანის შემთხვევაში მათი ურთიერთობა სასიამოვნო და სულიერად განმამტკიცებელი იყო (რუთი 1:16; 4:15; 1 სამუელი 18:3; 2 სამუელი 1:26).
განსხვავებული ასაკი თუ მდგომარეობა ხელს არ უშლით ჭეშმარიტ ქრისტიანებს მეგობრობაში. მაგალითად, რეჯინა * მარტო ზრდის ორ მოზარდს. ის ძალიან დატვირთულია და სხვებთან ურთიერთობისთვის თავისუფალი დრო თითქმის არ რჩება. ჰერალდი და უტა ხანდაზმული ცოლ-ქმარია, რომელთაც შვილები არ ჰყავთ. ერთი შეხედვით, ამ ოჯახებს თითქმის არაფერი აქვთ საერთო. მაგრამ ჰერალდიმ და უტამ გამოიყენეს ბიბლიის რჩევა, გაფართოვდნენ და დაუმეგობრდნენ რეჯინასა და მის შვილებს. ისინი ერთად მსახურობენ და თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენ.
ჩვენც შეგვიძლია გავფართოვდეთ და ახალი მეგობრები შევიძინოთ, უფრო ახლოს გავიცნოთ სხვა ეროვნების, კულტურის ან ასაკის თანამორწმუნეები.
ვიყოთ გულისხმიერნი
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სხვებზე. დავაკვირდეთ, ვის როგორი დახმარება სჭირდება: ახალგაზრდებს რჩევები, ხანდაზმულებს გამხნევება, სრული დროით მსახურებს შექება და მხარდაჭერა, გულგატეხილ თანამორწმუნეებს კი — ყურადღება. დახმარება ყველას სჭირდება. ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე.
ყურადღებიანები უნდა ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მაგალითად, თუ სიყვარულში ვფართოვდებით და გულისხმიერებას ვიჩენთ, გავუგებთ და მხარს დავუჭერთ მათ, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს ან განსაცდელშია.
ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად აღსასრული ახლოვდება, ამიტომ კრების ერთიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმდიდრე, ნიჭი და მიღწეული წარმატება (1 პეტრე 4:7, 8). თუ თანამორწმუნეების სიყვარულში გავფართოვდებით, პირადად შევიტანთ წვლილს ჩვენი კრების განმტკიცებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა უხვად გვაკურთხებს, თუ ვიცხოვრებთ იესოს სიტყვების შესაბამისად: „ჩემი მცნება ის არის, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ“ (იოანე 15:12).
[სქოლიო]
^ აბზ. 17 ზოგი სახელი შეცვლილია.
[ჩანართი 10 გვერდზე]
ჩვენ მთელი გულით უნდა ვაფასებდეთ თანამორწმუნეებს, პატივს ვცემდეთ მათ ღირსებას და ვზრუნავდეთ მათზე.