ასწავლეთ ის, რასაც გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში
ასწავლეთ ის, რასაც გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში
„მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . [და] ასწავლეთ მათ“ (მათე 28:19, 20).
1. რამდენად გავრცელებულია ბიბლია?
იეჰოვას სიტყვა, წმინდა ბიბლია, ყველაზე მეტად გავრცელებულ და უძველეს წიგნთა რიცხვს მიეკუთვნება. მთლიანად ან ნაწილობრივ, ბიბლია 2 300-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და მსოფლიოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტს მშობლიურ ენაზე შეუძლია მისი წაკითხვა.
2, 3. ა) რატომ აქვს ბევრს განსხვავებული შეხედულებები ბიბლიურ სწავლებებზე? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?
2 მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად კითხულობს ბიბლიას. მრავალს ის თავიდან ბოლომდე არაერთხელ აქვს წაკითხული. ათასობით რელიგიური მიმდინარეობა აცხადებს, რომ მათი სწავლებები ბიბლიაზეა დაფუძნებული, მაგრამ მათ არა აქვთ ერთი აზრი იმაზე, თუ რას ასწავლის ბიბლია. უფრო მეტიც, ერთი და იმავე რელიგიის მიმდევრებსაც კი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ზოგში ცრურწმენაა განვითარებული ბიბლიის შესახებ და არასწორი შეხედულება აქვს მის ღირებულებასა და იმაზე, თუ საიდან იღებს ის დასაბამს. ბევრისთვის ბიბლია მხოლოდ საწესჩვეულებო წმინდა წიგნია, რომელსაც ფიცის დადებისას ან თავიანთი სიტყვების გულწრფელობის დასამოწმებლად იყენებენ.
3 სინამდვილეში ბიბლია არის კაცობრიობისთვის განკუთვნილი ღვთის სიტყვა, ანუ ცნობა, რომელსაც დიდი ძალა აქვს (ებრაელები 4:12). ამიტომაც, ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, გვსურს გადავცეთ ხალხს ის, რასაც ბიბლია ასწავლის. ჩვენ გვინდა, შევასრულოთ ის დავალება, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს მისცა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . [და] ასწავლეთ მათ“ (მათე 28:19, 20). სამქადაგებლო მსახურების დროს ჩვენ ვხვდებით გულწრფელ ადამიანებს, რომლებიც უკმაყოფილონი და გულგატეხილნი არიან მსოფლიოში დღეს არსებული რელიგიური ქაოსის გამო. მათ სურთ იცოდნენ ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ ვინ არის ჩვენი შემოქმედი და რას ამბობს ბიბლია სიცოცხლის აზრთან დაკავშირებით. ახლა შევეხოთ სამ კითხვას, რომლებზე პასუხიც მრავალ ადამიანს აინტერესებს. თითოეულ კითხვაზე პასუხის გაცემისას დავინახავთ, თუ რას ამბობენ სასულიერო პირები შეცდომით და შემდეგ განვიხილავთ, რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში. ეს კითხვებია: 1) აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა? 2) რატომ ვარსებობთ? და 3) რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა?
4, 5. რატომ ფიქრობს ხალხი, რომ ღმერთი გულგრილია ადამიანთა მიმართ?
4 დავიწყოთ პირველი შეკითხვით: აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა? სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი უარყოფითია. რატომ მიდიან ისინი ასეთ დასკვნამდე? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსოფლიოში ყველგან ომებს, სიძულვილსა და ტანჯვას ხედავენ. ისინი შემდეგნაირად მსჯელობენ: „ღმერთს რომ აღელვებდეს ჩვენი მდგომარეობა, ამდენი უბედურება არ მოხდებოდა“.
5 არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი ფიქრობს, რომ ღმერთი გულგრილია — ამ აზრამდე ისინი სასულიერო პირებს მიჰყავთ. რას ამბობენ იაკობი 1:13). იეჰოვა ღმერთი არასოდეს არის ბოროტების მიზეზი. პირიქით, „შორს არის ღვთისგან ბოროტება“ (იობი 34:10).
ხშირად სასულიერო პირები, როცა უბედურება ხდება? როდესაც ერთ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი ავარიაში დაეღუპა, მღვდელმა მას უთხრა: „ეს ღვთის ნება იყო. მას კიდევ ორი ანგელოზი სჭირდებოდა“. ასეთი სიტყვებით სასულიერო პირები, ფაქტობრივად, ყველა უბედურებას ღმერთს მიაწერენ. ამის საპირისპიროდ მოწაფე იაკობი წერდა: „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (6. ვინ არის ტკივილისა და უსამართლობის მიზეზი?
6 მაშ, რა იწვევს ამდენ ბოროტებასა და ტანჯვას? პირველი მიზეზი ის არის, რომ კაცობრიობა მთლიანობაში არ აღიარებს ღმერთს თავის მმართველად და არ სურს, დაემორჩილოს მის სამართლიან კანონებსა და პრინციპებს. ამგვარად, კაცობრიობა, ნებით თუ უნებლიედ ღვთის მოწინააღმდეგის, სატანა ეშმაკის ძალაუფლების ქვეშ ექცევა, რადგან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოანე 5:19). ვინაიდან ეს ვიცით, ჩვენთვის უკვე გასაგებია, თუ რატომ ხდება უბედურებები. სატანა ბოროტი, სიძულვილით სავსე, მატყუარა და დაუნდობელია. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ქვეყნიერება თავისი მმართველის თვისებებს ირეკლავს. სწორედ რომ ამის შედეგია ამდენი ბოროტება.
7. კიდევ რა მიზეზების გამო არსებობს უბედურებები?
7 დღევანდელი მდგომარეობის მეორე მიზეზი ის არის, რომ ადამიანები არასრულყოფილები არიან. ცოდვილი ადამიანები ძალაუფლებისკენ ისწრაფვიან, რასაც შედეგად ომები, ხალხის ჩაგვრა და ტანჯვა მოჰყვება. მართლაც რომ ზუსტად ამბობს ეკლესიასტეს 8:9: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“. ამდენი უბედურების კიდევ ერთი მიზეზი „დრო და შემთხვევაა“ (ეკლესიასტე 9:11). ადამიანი შეიძლება სადმე ცუდ დროს აღმოჩნდეს და შემთხვევითობამ იმსხვერპლოს.
8, 9. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას ნამდვილად აღელვებს ჩვენი მდგომარეობა?
8 მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ უბედურებები იეჰოვას მიზეზით არ ხდება. და მაინც, აღელვებს ღმერთს ჩვენი მდგომარეობა? ჩვენდა სასიხარულოდ, ამ კითხვაზე პასუხი დადებითია! ღმერთს რომ აღელვებს ჩვენი მდგომარეობა, იქიდან ვიცით, რომ ის თავის სიტყვაში გვიხსნის მიზეზებს, რომელთა გამოც კაცობრიობას არასწორი გზით სიარულის ნება მისცა. ეს მიზეზები დაკავშირებულია ორ უმნიშვნელოვანეს საკამათო საკითხთან, რომლებიც ეხება ღვთის უზენაესობას და ადამიანთა ერთგულებას. იეჰოვა ყოვლისშემძლე შემოქმედია და ამიტომ არ არის ვალდებული, აგვიხსნას იმის მიზეზები, თუ რატომ უშვებს ტანჯვას, მაგრამ ის ამას მაინც აკეთებს, რადგან ვუყვარვართ და მას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა.
9 შევეხოთ კიდევ ერთ საკითხს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთი დაინტერესებულია ჩვენი მდგომარეობით. როდესაც ნოეს დროს დედამიწა ბოროტებით აივსო, ღმერთს „გული ეტკინა“ (დაბადება 6:5, 6). ნუთუ დღეს განსხვავებული დამოკიდებულება ექნება მას? არა, რადგან იეჰოვა არ იცვლება (მალაქია 3:6). ღმერთს სძულს ყოველგვარი უსამართლობა და ის არაა გულგრილი, როდესაც ადამიანთა ტანჯვას ხედავს. ბიბლია გვასწავლის, რომ ღმერთი მალე ადამიანთა მმართველობითა და ეშმაკის გავლენით გამოწვეული ყოველგვარი ზიანის კვალს წაშლის. განა ეს აშკარად არ მეტყველებს იმაზე, რომ ღმერთს აღელვებს ჩვენი მდგომარეობა?!
10. რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც ადამიანთა ტანჯვას ხედავს?
10 სასულიერო პირები ღვთის შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ, როცა ამბობენ, რომ მისი ნებით გვატყდება ცხოვრებაში უბედურებები. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას სურს, ბოლო მოუღოს ადამიანთა ტანჯვას. „ის ზრუნავს თქვენზე“, — ნათქვამია 1 პეტრეს 5:7-ში. სწორედ ამას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში!
რატომ ვარსებობთ?
11. რას ასწავლიან ხშირად მსოფლიო რელიგიები იმაზე, თუ რატომ ვარსებობთ და რა მომავალი გველის?
11 ახლა შევეხოთ მეორე კითხვას, რომლითაც ბევრი ადამიანია დაინტერესებული: რატომ ვარსებობთ? მსოფლიო რელიგიები ასწავლიან, რომ ადამიანი დედამიწას მხოლოდ დროებით ევლინება და შემდეგ სადღაც სხვაგან განაგრძობს სიცოცხლეს. ზოგიერთი სასულიერო პირის აზრით, ღმერთი ერთ „მშვენიერ“ დღეს ჩვენს პლანეტას გაანადგურებს. ასეთი სწავლებების შედეგად ბევრი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოკვდებიან და ჯობს, ცხოვრებაში არაფერი მოიკლონ. მაგრამ რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში იმის შესახებ, თუ რატომ ვარსებობთ?
12—14. რას გვასწავლის ბიბლია ღვთის განზრახვის შესახებ?
12 ღმერთს შესანიშნავი განზრახვა აქვს დედამიწასთან და ადამიანებთან დაკავშირებით. მას დედამიწა „ტყუილუბრალოდ არ შეუქმნია, დასასახლებლად შექმნა“ (ესაია 45:18). უფრო მეტიც, იეჰოვამ ‘მყარ საფუძველზე დააფუძნა დედამიწა, არ მოირყევა მარადიულად, სამარადისოდ’ (ფსალმუნი 104:5). კაცობრიობის მიმართ ღვთის განზრახვის ცოდნა დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ ვართ აქ, დედამიწაზე.
13 წიგნ „დაბადების“ პირველ ორ თავში ვხედავთ, რომ ღმერთმა ბევრი რამ გააკეთა, რათა დედამიწა ადამიანთა საცხოვრებლად მოემზადებინა. შემოქმედებითი პერიოდის დასასრულს ყველაფერი „ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). ღმერთმა პირველ მამაკაცსა და ქალს საცხოვრებლად მისცა საუცხოო ადგილი, ედემის ბაღი, სადაც უხვად იყო სასარგებლო საკვები. პირველ წყვილს ღმერთმა უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“. მათ უნდა ჰყოლოდათ სრულყოფილი შვილები, სამოთხის ფარგლები უფრო და უფრო უნდა გაეფართოებინათ, სანამ მთელი დედამიწა სამოთხედ არ გადაიქცეოდა და ამავე დროს ცხოველებზეც უნდა ეზრუნათ (დაბადება 1:26—28).
14 იეჰოვას კვლავაც სურს, რომ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრობდნენ სრულყოფილი ადამიანები. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმუნი 37:29). დიახ, ადამიანები გაიხარებენ მარადიული ცხოვრებით სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე. სწორედ ეს არის ღვთის განზრახვა და ამას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.
რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
15. რას ასწავლის მსოფლიოს რელიგიათა უმეტესობა იმაზე, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
15 ახლა პასუხი გავცეთ მესამე კითხვას, რომელიც მრავალს აინტერესებს: რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მსოფლიოს რელიგიათა უმეტესობა თავის მიმდევრებს ასწავლის, რომ ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ ადამიანის რაღაც ნაწილი სიცოცხლეს განაგრძობს. ზოგ რელიგიურ მიმდინარეობაში კი დღემდე ამბობენ, რომ ღმერთი ბოროტ ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში მარადიული ტანჯვით სჯის. მართლა ასეა ეს? რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში სიკვდილთან დაკავშირებით?
16, 17. ბიბლიის თანახმად, რა მდგომარეობაში არიან მკვდრები?
16 ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ“. ყურადღება მიაქციეთ, რომ მკვდრებმა „არაფერი იციან“ — მათ არ შეუძლიათ მოსმენა, დანახვა, ლაპარაკი და ფიქრი, მათ არც საზღაური მიეზღვებათ. ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელია! ისინი აღარ არსებობენ! გარდა ამისა, „ქრება მათი სიყვარული, სიძულვილი და შური“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ მეტად აღარ შეუძლიათ გრძნობების გამოხატვა (ეკლესიასტე 9:5, 6, 10).
17 ამ საკითხთან დაკავშირებით ბიბლიის პასუხი მარტივი და გასაგებია — მკვდრები არსად არ აგრძელებენ სიცოცხლეს. ფიზიკური სხეულის სიკვდილის შემდეგ არ არსებობს ისეთი რამ, რაც გარდაისახება, ანუ ახლიდან დაიბადება სხვა სხეულში, როგორც ეს ზოგს სწამს. მაგალითისთვის, ჩვენი სიცოცხლე შეგვიძლია სანთლის ალს შევადაროთ: როდესაც სანთელს ვაქრობთ, ალი არსად არ მიდის. ის უბრალოდ აღარ არსებობს.
18. რა დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ბიბლიის შემსწავლელი, როდესაც იგებს, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ?
18 დაფიქრდით, თუ რას ნიშნავს ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. როდესაც ბიბლიის შემსწავლელი იგებს, რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობენ, ის შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ, თუ გარდაცვლილ წინაპარს სიცოცხლის დროს მასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, ახლა აღარ უნდა ეშინოდეს მისი. გარდა ამისა, შემსწავლელი მალევე დაინახავს, რომ მის გარდაცვლილ ახლობლებს არ შეუძლიათ მოსმენა, დანახვა, ლაპარაკი, ფიქრი ან რამის შეგრძნება. ამიტომ შეუძლებელია, რომ ისინი განსაწმენდელში აუტანელი მარტოობით იტანჯებოდნენ ან ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვოდნენ. ბიბლია გვასწავლის, რომ ის გარდაცვლილები, რომლებიც ღვთის მეხსიერებაში არიან, აღდგებიან. რა შესანიშნავი იმედია! (იოანე 5:28, 29).
ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილი ახალი წიგნი
19, 20. რა პასუხისმგებლობა გვაკისრია და რა დამხმარე საშუალება გვაქვს ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად?
19 ჩვენ შევეხეთ მხოლოდ სამ კითხვას იმ მრავალი კითხვიდან, რომლებიც ბევრს აინტერესებს. სამივე შემთხვევაში დავინახეთ, რომ ბიბლიის პასუხები ნათელი და მარტივია. ჩვენ მართლაც დიდ სიხარულს გვანიჭებს, როდესაც ასეთ საკითხებზე ჭეშმარიტებას ვუზიარებთ ადამიანებს, რომელთაც სურთ იცოდნენ, რას გვასწავლის ბიბლია! მაგრამ არის კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა, რომლებზეც გულწრფელი ადამიანები საჭიროებენ დამაკმაყოფილებელი პასუხების მიღებას. ჩვენ, ქრისტიანებს, გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ ხალხს, მიიღონ პასუხები ასეთ კითხვებზე.
20 მაგრამ ადვილი არაა, ერთდროულად მარტივადაც და ნათლადაც ვასწავლოთ ადამიანებს ჭეშმარიტება, და თან ისე, რომ ეს მათთვის მიმზიდველი იყოს. ამ მიზნის მისაღწევად, ერთგულმა და გონიერმა მათე 24:45—47). ეს არის 224-გვერდიანი წიგნი სათაურით „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“
მონამ მოამზადა ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაცია მსახურებაში გამოსაყენებლად (21, 22. რომელია წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ ზოგიერთი თავისებურება?
21 იეჰოვას მოწმეების 2005 წლის საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთისმოსაწონი მორჩილება“, გამოცემულ ამ წიგნს მრავალი თავისებურება აქვს. მაგალითად, ამ წიგნს აქვს ხუთგვერდიანი შესავალი, რომელიც დაგვეხმარება შესწავლების დაწყებაში. თქვენთვის საკმაოდ ადვილი იქნება შესავალში მოცემული სურათებისა და იქვე მითითებული მუხლების განხილვა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ შესავალში მოცემული ჩარჩო იმის ასახსნელად, თუ როგორ შეიძლება ბიბლიაში თავებისა და მუხლების მოძებნა.
22 ეს წიგნი მარტივად და გასაგებად არის დაწერილი. წიგნი ისეა შედგენილი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შემსწავლელის ჩართვა განხილვაში, რათა ინფორმაცია მის გულს შეეხოს. ყველა თავის შესავალში დასმულია კითხვები, ბოლოში კი მოცემულია ჩარჩო სათაურით „რას გვასწავლის ბიბლია?“ ამ ჩარჩოში მოცემულია პასუხები შესავალში დასმულ კითხვებზე. წიგნში მოცემული სურათები, თანდართული წარწერები და მაგალითები ბიბლიის შემსწავლელს დაეხმარება, რომ ადვილად ჩასწვდეს ახალ აზრებს. მართალია, ამ წიგნის ძირითადი ტექსტი საკმაოდ მარტივია, მაგრამ მას ბოლოში აქვს დანართი, რომელიც 14 მნიშვნელოვანი საკითხის საკმაოდ ღრმად განხილვის საშუალებას მოგცემთ, თუ შემსწავლელისთვის საჭირო იქნება დამატებითი ინფორმაცია.
23. რა რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ეს წიგნი მსახურებაში?
23 წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ ისეა მომზადებული, რომ დაგვეხმაროს სხვადასხვა განათლებისა და რელიგიური წარსულის მქონე ადამიანთა სწავლებაში. თუ შემსწავლელი საერთოდ არ იცნობს ბიბლიას, შეიძლება თითო თავი რამდენიმე ნაწილად დავყოთ, ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გავიაროთ. ეცადეთ, მასალა ისე გადასცეთ, რომ შემსწავლელის გულს შეეხოს. თუ მას წიგნში მოცემული რომელიმე მაგალითი არ ესმის, გასაგებად აუხსენით ან სხვა მაგალითი მოუყვანეთ. კარგად მოემზადეთ, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ეს წიგნი. ღმერთს ლოცვით დახმარება სთხოვეთ, რომ ‘სწორად გადასცეთ ჭეშმარიტების სიტყვა’ (2 ტიმოთე 2:15).
იყავით მადლიერნი უდიდესი პატივისთვის
24, 25. რა უდიდესი პატივი არგუნა იეჰოვამ თავის ხალხს?
24 თავის ხალხს იეჰოვამ უდიდესი პატივი არგუნა. მან ჭეშმარიტება გაგვიმხილა საკუთარი თავის შესახებ. ეს ჩვენ არასდროს არ უნდა გავაუბრალოოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა თავის განზრახვას თავმდაბლებს უმჟღავნებს, ქედმაღლებისთვის კი ის დაფარულია. იესომ თქვა: „მამა, ცისა და მიწის უფალო, გაქებ ყველას წინაშე, რადგან დაუფარე ეს ყველაფერი ბრძენებსა და ჭკვიანებს და ჩვილებს გაუმჟღავნე“ (მათე 11:25). მართლაც იშვიათი პატივია იმ თავმდაბალ ადამიანთა შორის ყოფნა, რომლებიც სამყაროს უზენაეს მმართველს, იეჰოვა ღმერთს ემსახურებიან.
25 იეჰოვა იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ სხვებს მის შესახებ ვასწავლოთ. გახსოვდეთ, რომ ისინი, ვინც იეჰოვას შესახებ სიცრუეს ასწავლიან, ხალხს მასზე არასწორ წარმოდგენას უქმნიან. ამიტომ მრავალ ადამიანს ღმერთზე მცდარი შეხედულება აქვს; ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი გულგრილი და უმოწყალოა. ხართ მზად იმისათვის, რომ ხელი შეუწყოთ სიმართლის დაცვას? გსურთ, რომ გულწრფელმა ადამიანებმა ჭეშმარიტება იცოდნენ ღვთის შესახებ? მაშ, ყოველმხრივ ეცადეთ, გამოავლინოთ ღვთისმოსაწონი მორჩილება და გულმოდგინედ მიიღოთ მონაწილეობა ქადაგებისა და სწავლების საქმეში, რათა სხვებს გავაგებინოთ, რას ამბობს ბიბლია მნიშვნელოვან საკითხებზე. ჭეშმარიტებას მოწყურებულ ხალხს დახმარება სჭირდება, რათა გაიგონ, რას ასწავლის ბიბლია სინამდვილეში.
როგორ უპასუხებდით?
• საიდან ვიცით, რომ ღმერთს აღელვებს ჩვენი მდგომარეობა?
• რატომ ვარსებობთ?
• რა ხდება სიკვდილის შემდეგ?
• განსაკუთრებით რით მოგწონთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია“?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 22 გვერდზე]
ბიბლია გვასწავლის, რომ ტანჯვას ბოლო მოეღება.
[საავტორო უფლებები]
Top right, girl: © Bruno Morandi/age fotostock; left, woman: AP Photo/Gemunu Amarasinghe; bottom right, refugees: © Sven Torfinn/Panos Pictures
[სურათი 23 გვერდზე]
მართლები მარადიულად იცხოვრებენ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე.