არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სულიერი ნიშანსვეტი ბიბლია აფრიკულ ენებზე

სულიერი ნიშანსვეტი ბიბლია აფრიკულ ენებზე

სულიერი ნიშანსვეტი ბიბლია აფრიკულ ენებზე

ბიბლიის გულწრფელმა მკითხველებმა, რომლებიც ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობენ, დიდი ხნის წინ დაინახეს იმის აუცილებლობა, რომ საჭირო იყო აფრიკელებს მშობლიურ ენაზე ჰქონოდათ ღვთის სიტყვა. ამ ღირსეული მიზნის მისაღწევად მრავალი მამაკაცი ჩავიდა აფრიკაში, რათა აფრიკული ენები ესწავლათ. ზოგიერთმა მათგანმა შექმნა აფრიკული დამწერლობა და შეადგინა ლექსიკონები. შემდეგ მათ დაიწყეს ბიბლიის აფრიკულ ენებზე თარგმნა. ეს არ იყო ადვილი საქმე. „შეიძლება წლები დასჭირვებოდა უმარტივესი ბიბლიური ტერმინისა და უმთავრესი ქრისტიანული ცნების გადმოსაცემად საჭირო სიტყვისა თუ ფრაზის პოვნას“, — აღნიშნულია ერთ-ერთ ნაშრომში („The Cambridge History of the Bible“).

1857 წელს ტსვანა ენაზე მოლაპარაკენი იყვნენ პირველები, რომლებსაც ბიბლიის სრული თარგმანი ჰქონდათ. ეს ენა იყო იმ აფრიკული ენებიდან ერთ-ერთი, რომელზეც ადრე დამწერლობა არ არსებობდა *. იგი ერთ წიგნად კი არა, არამედ ცალკეულ ნაწილებად დაიბეჭდა და აიკინძა. დროთა განმავლობაში ბიბლიის თარგმანები გაკეთდა აფრიკის სხვა ენებზეც. ამ ძველი თარგმანებიდან მრავალში ღვთის სახელი იეჰოვა მოცემული იყო როგორც ებრაულ წერილებში („ძველი აღთქმა“), ისე ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში („ახალი აღთქმა“). მაგრამ, ის ადამიანები, რომლებიც ამ თარგმანების გადამუშავებაზე და ახალ თარგმანებზე მუშაობდნენ, პატივს არ სცემდნენ ბიბლიის ავტორის, იეჰოვას, წმინდა სახელს. ნაცვლად ამისა, ისინი მიჰყვნენ იუდეველთა ტრადიციას და ღვთის სახელი შეცვალეს ტიტულებით, მაგალითად ღმერთით ან უფლით. ამგვარად, იმის აუცილებლობა გაჩნდა, რომ აფრიკაში მცხოვრებ ღვთის მოყვარულ ადამიანებს ჰქონოდათ ბიბლიის ისეთი თარგმანი, სადაც აღდგენილი იქნებოდა ღვთის სახელი.

1980 წლიდან იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელმა საბჭომ იზრუნა, რომ თარგმნილიყო „წმინდა წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ აფრიკის ძირითად ენებზე. შედეგად, დღეისათვის ასობით ათას აფრიკელს, ვინც აფასებს ღვთის სიტყვას, შეუძლია მშობლიურ ენაზე „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ წაკითხვა. ამგვარად, „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 17 აფრიკულ ენაზეა ნათარგმნი.

აფრიკელები სიამოვნებით კითხულობენ იმ თარგმანს, რომელშიც ღვთის დიდებული სახელი იეჰოვაა მოხსენიებული. მაგალითად, როდესაც იესომ ნაზარეთის სინაგოგაში თავისი როლის შესახებ განაცხადა, ის კითხულობდა გრაგნილს, რომელზეც ესაიას წინასწარმეტყველების ნაწილი იყო მოცემული; ამ ნაწილში იესოს მამის სახელია მოხსენიებული (ესაია 61:1, 2). „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თანახმად, ლუკას სახარებაში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს: „იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ ღარიბებს სასიხარულო ცნობა ვაუწყო და გამომგზავნა, რომ ტყვეებს გათავისუფლების შესახებ, უსინათლოებს კი მხედველობის დაბრუნების შესახებ ვუქადაგო, გავათავისუფლო ჩაგრულები და იეჰოვასთვის სასურველი წელიწადის შესახებ ვიქადაგო“ (ლუკა 4:18, 19).

ბიბლიის კიდევ ერთი თარგმანი ერთ-ერთ აფრიკულ ენაზე 2005 წლის აგვისტოში გამოიცა. ამ თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა სამხრეთ აფრიკის ფილიალში „ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ 76 000-ზე მეტი ეგზემპლარი დაიბეჭდა რამდენიმე აფრიკულ ენაზე. მათ შორის იყო შონა ენაზე გამოცემული ბიბლია, რომლის ტირაჟიც 30 000-ს შეადგენდა. ამ გამოცემის შესახებ გამოცხადდა ზიმბაბვეში ჩატარებულ იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესზე სახელწოდებით „ღვთისმოსაწონი მორჩილება“.

ამ ისტორიული თვის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის ფილიალის სტუმრები აღფრთოვანებულები იყვნენ აფრიკულ ენებზე გამოცემული ამ ახალი ბიბლიების ხილვით. „უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ჩემი წვლილი შევიტანე შონა და აფრიკის სხვადასხვა ენაზე ახალი ქვეყნიერების თარგმანის გამოცემაში“, — თქვა ჰლანჰლამ, ბეთელის ოჯახის წევრმა, რომელიც საამკინძაოში მუშაობს. ასეთივე გრძნობა აქვთ სამხრეთ აფრიკის ბეთელის ოჯახის ყველა წევრს.

ახალი ბიბლიები ახლა აფრიკის კონტინენტზე ხალხს უფრო სწრაფად მიეწოდება და თანაც ადგილობრივად მისი გამოცემა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე უცხოეთში დაბეჭდვა და შემოტანა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აფრიკელებს ახლა აქვთ ბიბლიის ზუსტი თარგმანი, რომელშიც გამოყენებულია ბიბლიის დიდებული ავტორის, იეჰოვა ღმერთის, წმინდა სახელი.

[სქოლიო]

^ აბზ. 3 1835 წელს ბიბლიის თარგმანი გაკეთდა მალაგასიურ ენაზე, რომელზეც მადაგასკარში ლაპარაკობენ, ხოლო 1840 წელს — ამჰარულ ენაზე, რომელზეც ეთიოპიაში ლაპარაკობენ. ამ ენებზე დამწერლობა მანამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა, ვიდრე ბიბლია ამ ენებზე ითარგმნებოდა.

[სურათი 12 გვერდზე]

ღვთის სახელი 1840 წელს ტსვანა ენაზე გამოცემულ ბიბლიაში.

[საავტორო უფლება]

Harold Strange Library of African Studies

[სურათი 13 გვერდზე]

სვაზილენდელი სტუმრები სამხრეთ აფრიკის ფილიალში, სადაც ბიბლიები იბეჭდება.