ქალი და მამაკაცი თითოეულს ღირსეული როლი აკისრია
ქალი და მამაკაცი თითოეულს ღირსეული როლი აკისრია
იეჰოვა ღმერთმა ჯერ ადამი შექმნა, შემდეგ კი — ევა. ევას შექმნამდე ადამმა გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინა. იმ პერიოდის განმავლობაში იეჰოვამ მას მითითებები მისცა (დაბადება 2:15—20). ადამს ცოლისთვის უნდა გადაეცა ღვთის ნათქვამი. ლოგიკურია, რომ ყველაფერში, მათ შორის თაყვანისმცემლობის საკითხში, სწორედ ადამი აიღებდა საკუთარ თავზე ხელმძღვანელობას.
მსგავსი სიტუაციაა ქრისტიანულ კრებაში და ჩვენთვის სასარგებლო იქნება ამის გამოკვლევა. მოციქული პავლე წერდა: „ქალს არ ვაძლევ . . . კაცზე ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს, ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა“ (1 ტიმოთე 2:12, 13). ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანული კრების შეხვედრებზე ქალი სრულიად ჩუმად უნდა იყოს. ქალი იმ გაგებით არის ჩუმად, რომ არ ეკამათება მამაკაცს, არასერიოზულად არ ეკიდება კრებაში მამაკაცზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს და არ ცდილობს, რომ კრებას ასწავლოს. მამაკაცებს ევალებათ, ზედამხედველობა გაუწიონ და ასწავლონ კრებას, ქალებს კი შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ ქრისტიანული კრების შეხვედრებზე იმით, რომ მასში სხვადასხვა სახით მიიღონ მონაწილეობა.
მოციქულმა პავლემ დაგვანახვა, თუ რა ღირსეული როლი დააკისრა ღმერთმა ქალებსა და მამაკაცებს; ის წერდა: „კაცი კი არ არის ქალისგან, არამედ ქალი . . . უფალში არც ქალია კაცის გარეშე და არც კაცი — ქალის გარეშე [არც ერთი მათგანი არ არის ერთი მეორისგან დამოუკიდებელი]. როგორც ქალია კაცისგან, ასევეა კაციც ქალის მეშვეობით, ხოლო ყოველივე ღვთისგანაა“ (1 კორინთელები 11:8—12).
ქალს მნიშვნელოვანი როლი აკისრია
ისრაელისთვის ღვთის მიერ მიცემული კანონის თანახმად ქალებს მრავალი მნიშვნელოვანი რამის გაკეთება ევალებოდათ და თავისუფლად შეეძლოთ ინიციატივის გამოვლენა. მაგალითად, იგავების 31:10—31 ლაპარაკობს „მარჯვე ცოლზე“, რომელიც ყიდულობს კარგ ქსოვილს და ჩინებულ ტანსაცმელს უკერავს ოჯახის წევრებს. „ის ტანსაცმელსაც ამზადებს და ყიდის“ (მუხლები 13, 21—24). „სავაჭრო ხომალდების მსგავსად“ ამ სანაქებო ქალს ნარჩევი საკვები მოაქვს მაშინაც კი, როდესაც შორიდან უწევს მისი მოტანა (მე-14 მუხლი). ის „ამოწმებს მინდორს და ყიდულობს“ და „აშენებს ვენახს“ (მე-16 მუხლი). „კარგია მისი ნავაჭრი“, ამიტომ მისი საქმიანობა მომგებიანია (მე-18 მუხლი). გარდა იმისა, რომ ის „თვალყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება“, იეჰოვას მოშიში ეს გამრჯე ქალი უანგაროდ ეხმარება სხვებს (მუხლები 20 და 27). გასაკვირი არ არის, რომ მას აქებენ! (31-ე მუხლი).
იეჰოვას მიერ მოსეს მეშვეობით მიცემული კანონი ქალებს სულიერი ზრდის შესაძლებლობას აძლევდა. მაგალითად, იესო ნავეს ძის 8:35-ში ვკითხულობთ: „მოსეს ნაბრძანები ყველა სიტყვა ხმამაღლა წაუკითხა იესო ნავეს ძემ ისრაელის მთელ კრებულს, ქალებსაც, ბავშვებსაც და მათ შორის მყოფ ხიზნებსაც“. მღვდელ ეზრას შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „მეშვიდე თვის პირველ დღეს [ეზრამ] გამოიტანა კანონი კრებულის წინაშე, რომელშიც იყვნენ კაცები, ქალები და ყველა, ვისაც მოსმენა შეეძლო. გამთენიიდან შუადღემდე ხმამაღლა კითხულობდა მოედანზე, წყლის კარიბჭის წინ, კაცების, ქალებისა და ყველა დანარჩენის წინაშე, ვისაც მოსმენა შეეძლო. ყურადღებით ისმენდა მთელი ხალხი კანონის წიგნიდან წაკითხულს“ (ნეემია 8:2, 3). ქალებისთვის სასარგებლო იყო კანონის მოსმენა. ისინი რელიგიურ დღესასწაულებსაც აღნიშნავდნენ (მეორე კანონი 12:12, 18; 16:11, 14). და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძველ ისრაელში ქალებს შეეძლოთ პირადი ურთიერთობა ჰქონოდათ იეჰოვასთან და ლოცვით მიემართათ მისთვის (1 სამუელი 1:10).
პირველ საუკუნეში ღვთისმოშიშ ქალებს ჰქონდათ პატივი, ემსახურათ იესოსთან (ლუკა 8:1—3). ბეთანიაში ვახშმობის დროს ერთმა ქალმა იესოს ნელსაცხებელი სცხო თავსა და ფეხებზე (მათე 26:6—13; იოანე 12:1—7). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ეჩვენა მოწაფეებს, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ (მათე 28:1—10; იოანე 20:1—18). იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ შეიკრიბა დაახლოებით 120 მოწაფე, რომელთა შორის იყვნენ რამდენიმე ქალი, იესოს დედის, მარიამის ჩათვლით (საქმეები 1:3—15). უდავოა, რომ ახ. წ. 33 წელს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ამ ქალებიდან მრავალი ან ყველა მათგანი იყო იერუსალიმში, ზემოთა ოთახში, როდესაც წმინდა სული გადმოვიდა იქ მყოფ იესოს მოწაფეებზე და ისინი სასწაულებრივად ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენაზე (საქმეები 2:1—12).
კაცებიც და ქალებიც იყვნენ მათ შორის, რომლებზეც შესრულდა იოელის 2:28, 29-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება; ეს სიტყვები მოციქულმა პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წარმოთქვა: „[მე, იეჰოვა] გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ . . . ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემს სულს“ (საქმეები 2:13—18). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ ქრისტიან ქალებზე გადმოვიდა წმინდა სული. ისინი ალაპარაკდნენ სხვადასხვა ენაზე და დაიწყეს წინასწარმეტყველება, ანუ სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტების გაცხადება.
მოციქული პავლე რომში მცხოვრები ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში თბილად მოიხსენიებს „და ფებეს“ და შუამდგომლობს მას. ის აგრეთვე საუბრობს ტრიფენასა და ტრიფოსაზე, რომაელები 16:1, 2, 12). მართალია, ამ ქალებს ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველობა არ ეკისრებოდათ, მაგრამ მათ და მრავალ სხვა ქალსაც წილად ხვდათ პატივი, ღვთის მიერ ყოფილიყვნენ არჩეულნი, რათა ზეციერ სამეფოში მისი ძის, იესო ქრისტეს, გვერდით ყოფილიყვნენ (რომაელები 8:16, 17; გალატელები 3:28, 29).
რომლებსაც უწოდებს „გამრჯე ქალებს უფალში“ (დღეს ღვთისმოშიშ ქალებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ! „იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“, — ნათქვამია ფსალმუნის 68:11-ში. ასეთი ქალები შექებას იმსახურებენ. მაგალითად, ისინი ბევრ ადამიანს ასწავლიან ბიბლიას, რის შედეგადაც მრავალი იღებს ჭეშმარიტებას, რაც ღმერთს სიამოვნებს. გათხოვილი ქრისტიანი ქალები, რომლებიც შვილებს ღვთის მსახურებად ზრდიან და მხარში უდგანან ქმრებს კრებაში დაკისრებული პასუხისმგებლობების შესრულებაში, ქებას იმსახურებენ (იგავები 31:10—12, 28). გასათხოვარ თუ მარტოხელა ქალებსაც ღირსეული ადგილი უკავიათ ღვთის თვალში. ქრისტიან მამაკაცებს მოუწოდებენ ‘შეაგონონ უფროსი ასაკის ქალს, როგორც დედას, ახალგაზრდა ქალს — როგორც დას მთელი სიწმინდით’ (1 ტიმოთე 5:1, 2).
მამაკაცზე დაკისრებული პასუხისმგებლობა
ქრისტიან მამაკაცს ღმერთმა სხვადასხვა პასუხისმგებლობა დააკისრა და მოელის კიდეც, რომ ის შეასრულებს თავის ვალდებულებას. პავლემ თქვა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი კაცია, ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორინთელები 11:3). მამაკაცსაც ჰყავს თავი — ქრისტე. მამაკაცი ანგარიშვალდებულია ქრისტეს და, საბოლოოდ, ღვთის წინაშე. ღმერთი მოელის, რომ მამაკაცი სიყვარულით გასწევს ხელმძღვანელობას (ეფესოელები 5:25). ეს პასუხისმგებლობა კაცს იმ დღიდანვე დაეკისრა, რაც ღმერთმა მას ცოლი შეუქმნა.
ბიბლიის თანახმად, ღმერთმა მამაკაცს, როგორც მეთაურს, სხვადასხვა დავალებაც მისცა. მაგალითად, იეჰოვამ ნოეს დაავალა, აეშენებინა კიდობანი, რათა წარღვნის დროს გადარჩენილიყვნენ (დაბადება 6:9—7:24). აბრაამს ღმერთი დაჰპირდა, რომ მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა დედამიწის ყველა ოჯახი და ერი. ამ შთამომავლის მთავარი ნაწილი ქრისტე იესოა (დაბადება 12:3; 22:18; გალატელები 3:8—16). ეგვიპტიდან ისრაელის გამოყვანა ღმერთმა მოსეს დაავალა (გამოსვლა 3:9, 10, 12, 18). მოსეს მეშვეობით მისცა იეჰოვამ ისრაელებს კანონთა კრებული, რომელსაც კანონის შეთანხმება, ანუ მოსეს კანონი, ეწოდება (გამოსვლა 24:1—18). ბიბლიის ყველა დამწერი მამაკაცი იყო.
იესომ, ქრისტიანული კრების თავმა, „მოგვცა ძღვენი ადამიანთა [მამაკაცთა] სახით“ (ეფესოელები 1:22; 4:7—13). პავლეს მამაკაცები ჰყავს მხედველობაში, როდესაც აღნიშნავს, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეთ ზედამხედველებს (1 ტიმოთე 3:1—7; ტიტე 1:5—9). ამგვარად, იეჰოვას მოწმეთა კრებებში მამაკაცები მსახურობენ ზედამხედველებად, ანუ უხუცესებად, და მომსახურეებად (ფილიპელები 1:1, 2; 1 ტიმოთე 3:8—10, 12). ქრისტიანულ კრებაში მხოლოდ მამაკაცები არიან მწყემსებად დანიშნულნი (1 პეტრე 5:1—4). და მაინც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალებს ღმერთმა მრავალი შესანიშნავი დავალება მისცა.
ქალები და მამაკაცები სიამოვნებით ასრულებენ თავიანთ პასუხისმგებლობებს
ღვთის მიერ დაკისრებული როლის შესრულება კმაყოფილებას ანიჭებს როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. ოჯახი ბედნიერია, როდესაც ცოლ-ქმარი ჰბაძავს ქრისტეს და მისი კრების მაგალითს. მოციქული პავლე წერდა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის . . . თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი“ (ეფესოელები 5:25—33). ამიტომ, ქმრებმა მეთაურობა ეგოისტური მიზნებისთვის კი არ უნდა გამოიყენონ, არამედ სიყვარულით უნდა უხელმძღვანელონ ოჯახს. მართალია, ქრისტეს კრება სრულყოფილი ადამიანებისგან არ შედგება, მაგრამ იესოს უყვარს ის და ზრუნავს მასზე. მსგავსად ამისა, ქრისტიან ქმარს უნდა უყვარდეს ცოლი და ზრუნავდეს მასზე.
ქრისტიანი ცოლი „დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:33). ამ მხრივ, მას შეუძლია კრებისგან აიღოს მაგალითი. ეფესოელების 5:21—24-ში ნათქვამია: „დაემორჩილეთ ერთმანეთს ქრისტეს შიშით. ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი, ამ სხეულის მხსნელი. და როგორც კრება ემორჩილება ქრისტეს, ისე დაემორჩილონ ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში“. მართალია, ცოლისთვის ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს ქმრისადმი მორჩილების გამოვლენა, მაგრამ სწორედ ამგვარად მოქცევაა ‘უფალში საკადრისი’ (კოლოსელები 3:18). ცოლს ქმრისადმი მორჩილება გაუადვილდება, თუ ემახსოვრება, რომ ასეთი მოქმედებით უფალ იესო ქრისტეს მოსაწონად იქცევა.
მაშინაც კი, თუ ქმარი არ იზიარებს მეუღლის რწმენას, ქრისტიანი ცოლი მაინც უნდა დაემორჩილოს მას. მოციქული პეტრე ამბობს: „თქვენც, ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით, როცა დაინახავენ, რომ სუფთად იქცევით და დიდ პატივისცემას ავლენთ“ (1 პეტრე 3:1, 2). სარას, რომელიც პატივს სცემდა თავის ქმარს, აბრაამს, წილად ხვდა პატივი, იესო ქრისტეს წინაპრის, ისაკის დედა გამხდარიყო (ებრაელები 11:11, 12; 1 პეტრე 3:5, 6). ცოლებს, რომლებიც სარას მსგავსად პატივს სცემენ ქმარს, შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთი აკურთხებს მათ.
ოჯახში მშვიდობა და ჰარმონია სუფევს, როდესაც ცოლ-ქმარი ღვთის მიერ მათთვის დაკისრებული როლის შესაბამისად მოქმედებს. ამას მათთვის კმაყოფილება და ბედნიერება მოაქვს. გარდა ამისა, როდესაც წყვილი ბიბლიური მოთხოვნების თანახმად ცხოვრობს, თითოეული ღირსეულად ასრულებს ღვთის მიერ მისთვის მინიჭებულ საპატიო როლს.
[ჩარჩო 7 გვერდზე]
რას ფიქრობენ ისინი ღვთის მიერ დაკისრებული როლის შესახებ?
„ჩემი ქმარი სიყვარულით მეთაურობს ოჯახს, — ამბობს სუზანი. — მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ერთად ვმსჯელობთ და ვიცი, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩვენს კეთილდღეობას მოემსახურება. იეჰოვას მიერ ქრისტიანი ცოლებისთვის მიცემული როლის შესრულება სიხარულს მანიჭებს და ჩვენს ქორწინებას განამტკიცებს. ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ერთად ვიღწვით სულიერი მიზნების მისაღწევად“.
ქრისტიანი ქალი, სახელად მინდი, ამბობს: „იეჰოვას მიერ თავისი მსახური ქალებისთვის დაკისრებული როლი ჩვენს მიმართ ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა. როდესაც ქმრის მიმართ პატივისცემას ვავლენ და ვცდილობ, მხარი დავუჭირო მას კრების საქმეების შესრულებაში, ამით ვაჩვენებ, რომ ვაფასებ იეჰოვას მიერ დაფუძნებულ ქორწინებას“.
[სურათები 5 გვერდზე]
ღმერთმა, როგორც მეთაურებს, ნოეს, აბრაამსა და მოსეს სხვადასხვა პასუხისმგებლობა დააკისრა.
[სურათი 7 გვერდზე]
„ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“.