მარტივია, მაგრამ ზუსტია?
მარტივია, მაგრამ ზუსტია?
ანგლიკანური ეკლესია ენთუზიაზმით შეხვდა 2005 წლის სექტემბერში „ასწუთიანი ბიბლიის“ გამოცემას, რომლის წაკითხვაც ას წუთშია შესაძლებელი. ებრაული წერილები თითოგვერდიანი ჩვიდმეტი მონაკვეთისგან შედგება, ხოლო ბერძნული წერილები — თითოგვერდიანი ოცდაცამეტი მონაკვეთისგან, და როგორც ერთმა მიმომხილველმა აღნიშნა, გამოტოვებულია ყველა „მომაბეზრებელი მონაკვეთი“. მართალია ის მარტივია წასაკითხად, მაგრამ ზუსტია?
წიგნში გამოტოვებულია ღვთის სახელი, იეჰოვა. ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარებს არც სხვა უზუსტობები გამოეპარებათ (ფსალმუნი 83:18). მაგალითად, პირველ მონაკვეთში წერია, რომ ღმერთმა „შექმნა ცა და დედამიწა ექვს დღეში“. სინამდვილეში კი, დაბადების 1:1-ში წერია: „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“. შემდეგ დედანში აღწერილია შემოქმედების შემდგომი ეტაპები, რაც ექვსი „დღე“, ანუ დროის გარკვეული პერიოდი გაგრძელდა. შემდეგ დაბადების 2:4 აჯამებს მთელ შემოქმედებით დროს და უწოდებს „დღეს, როდესაც იეჰოვა ღმერთმა ცა და დედამიწა შექმნა“.
„ასწუთიანი ბიბლიის“ თანახმად, უმწიკვლო კაცს, იობს, თავს დაესხა „ღვთის ერთ-ერთი მსახური, სატანა, . . რომელსაც ადამიანებისთვის ბრალის დადება ევალებოდა“. ხედავთ უზუსტობას? სიტყვა სატანა „მოწინააღმდეგეს“ ნიშნავს. სატანა ღვთის მთავარი მტერია, რომელიც საკუთარი სურვილით თავად გახდა ადამიანების ბრალმდებელი, და ღვთის მსახური როგორღა იქნება?! (გამოცხადება 12:7—10).
რაც შეეხება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებს, „ასწუთიანი ბიბლია“ ცხვრებისა და თხების შესახებ იგავში ამბობს, რომ იესო მოიწონებს მათ, ვინც დაეხმარება „ნებისმიერ უმცირესს“. არადა იესომ თქვა, რომ მხოლოდ მათ აკურთხებდა, ვინც მის მიმდევრებს, მის ძმებს გაუკეთებდა სიკეთეს (მათე 25:40). „ასწუთიან ბიბლიაში“, გამოცხადებაში წერია: „რომი, დიდი ბაბილონი განადგურდებოდა“. ბიბლიის მკვლევარებმა კი იციან, რომ არც ერთი დედანი არ იძლევა ისეთი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ „დიდი ბაბილონი“ რომია (გამოცხადება 17:15—18:24).
მათთვის, ვინც შემოქმედსა და მის განზრახვებს ეცნობა, სრულ ბიბლიას ვერაფერი შეცვლის. მართალია, ბიბლიის კითხვას ას წუთზე მეტი სჭირდება, მაგრამ ეს კურთხევების საწინდარია (იოანე 17:3). არ დაიშუროთ ძალისხმევა და კურთხევებს მიიღებთ (2 ტიმოთე 3:16, 17).