არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მოწაფეების მომზადებით განცდილი სიხარული

მოწაფეების მომზადებით განცდილი სიხარული

ბიოგრაფია

მოწაფეების მომზადებით განცდილი სიხარული

მოგვითხრო პამელა მოზლიმ

იდგა 1941 წელი. ინგლისში ომი მძვინვარებდა, როცა დედაჩემმა ქალაქ ლესტერში იეჰოვას მოწმეების კონგრესზე წამიყვანა. მახსოვს, ალბერტ შრედერმა წაიკითხა მოხსენება ბავშვებზე. მე და დედა იმ კონგრესზე მოვინათლეთ. ისინი, ვინც სულიერ წინსვლაში დაგვეხმარა, ძალიან გახარებულები იყვნენ. მე მაშინ არ ვიცოდი, რამხელა სიხარულს მომიტანდა ქრისტეს მოწაფეების მომზადება.

სულიერი წინსვლისთვის ერთი წელი დაგვჭირდა. დღემდე მახსოვს 1939 წლის სექტემბრის ის საშინელი დღე, როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. აცრემლებულ დედას მოსვენებას არ აძლევდა კითხვა, თუ რატომ ვერ ამყარებდა მსოფლიო მშვიდობას. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩემი მშობლები სამხედრო არმიაში მსახურობდნენ და იცოდნენ, რა იყო ომი. ერთხელ დედამ ქალაქ ბრისტოლში ანგლიკანური ეკლესიის მსახურს იგივე შეკითხვა დაუსვა. მან უპასუხა, ომი ყოველთვის იყო და იქნებაო.

მალე სახლში გვესტუმრა ერთი ხანდაზმული ქალბატონი. ის იეჰოვას მოწმე იყო. დედამ მასაც იგივე ჰკითხა. ქალბატონმა უპასუხა, რომ ეს ომები ერთ-ერთი ნიშანი იყო იმ ნიშნებიდან, რომლებიც ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს მოასწავებდა (მათე 24:3—14). მალე მისმა ქალიშვილმა ჩვენთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. კონგრესზე ორივენი მათ შორის იყვნენ, ვისაც ჩვენი მონათვლა უხაროდა. მოგვიანებით გავიგე, რატომ უხარიათ მოწაფეების მომზადება. ნება მიბოძეთ გიამბოთ, რა მასწავლა მოწაფეების მომზადების 65 წელმა.

მოწაფეების მომზადებით განცდილი პირველი სიხარული

სამეფოს შესახებ ქადაგება 11 წლის ასაკში ბრისტოლში დავიწყე. ერთმა ძმამ გრამოფონი და სამქადაგებლო ბარათი მომცა და მითხრა, ქუჩის ამ მხარეს ყველა სახლში მიდიო. მარტო წავედი. მეტისმეტად ვღელავდი. ხალხს გრამოფონით ვასმენინებდი ბიბლიაზე დაფუძნებულ მოხსენებას და სამქადაგებლო ბარათს ვაძლევდი, რის შედეგადაც მათ შეეძლოთ ბიბლიური ლიტერატურა აეღოთ.

50-იანი წლების დასაწყისში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კარდაკარ ქადაგების დროს ბიბლიიდან მუხლების ამოკითხვას. მორიდებულობის გამო თავიდან გამიჭირდა უცხოებთან საუბარი. მაგრამ ბოლოს გამბედაობა მოვიკრიბე და სწორედ მაშინ განვიცადე ქადაგების შედეგად პირველი სიხარული. ხალხს თავიდან წიგნების გამყიდველები ვეგონეთ, მაგრამ ბიბლიიდან მუხლებს რომ ვუკითხავდით და ვუხსნიდით, ხვდებოდნენ, რომ ღვთის სიტყვის მასწავლებლები ვიყავით. მსახურება ისე მსიამოვნებდა, მინდოდა, უფრო მეტი მექადაგა, და 1955 წლის სექტემბერში პიონერად დავიწყე სრული დროით მსახურება.

შემართებას კურთხევები მოაქვს

ერთ-ერთი, რაც ვისწავლე, ის იყო, რომ შემართებას კურთხევები მოაქვს. ერთხელ ერთ ქალბატონს, ვიოლეტა მორისს, დავუტოვე ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“. მონახულებისას მან კარი გააღო, გულზე ხელებდაჭდობილი ყურადღებით მისმენდა, როგორ ვუხსნიდი მუხლებს. ის ჩემს ყოველ მისვლაზე ინტერესს იჩენდა. მაგრამ, ბიბლიის შესწავლა როცა შევთავაზე, მითხრა, ბავშვები რომ გაიზრდებიან, მერე შევისწავლიო, და უარით გამომისტუმრა. საშინელი იმედგაცრუება დამეუფლა. როგორც ბიბლიაში წერია, არის „ძებნის დრო და დაკარგვასთან შეგუების დრო“ (ეკლესიასტე 3:6). კვლავ შემართებით განვაგრძე ქადაგება.

ერთი თვის შემდეგ ისევ მოვინახულე ვიოლეტა და რამდენიმე მუხლი განვიხილეთ. მალევე დავიწყეთ კართან ბიბლიის შესწავლა; ყოველ კვირა ვასწავლიდი. ერთხელაც მითხრა: „ხომ არ ჯობია სახლში შემოხვიდე?!“ მოგვიანებით ვიოლეტა მოინათლა და მისი სახით კარგი თანაქრისტიანი და მეგობარი შევიძინე.

ერთ დღეს ვიოლეტას თავზარი დაეცა. მან გაიგო, რომ ქმარმა სახლი გაუყიდა და მიატოვა. საბედნიეროდ, მას იმ დღესვე დაეხმარა თავისი მეგობარი, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, და ვიოლეტა უსახლკაროდ არ დარჩენილა. იეჰოვასთვის მადლიერების გამოხატვის ნიშნად, მან გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება პიონერად ემსახურა. ვხედავდი, იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით როგორი შემართებით ქადაგებდა. მაშინ მივხვდი, თუ რატომ მოაქვს მოწაფეების მომზადებას ასეთი სიხარული და, რომ ჩემი მთავარი საქმიანობაც ეს უნდა ყოფილიყო.

1957 წელს მე და მერი რობინსონი გლაზგოში (შოტლანდია), რუტერგლენის სამრეწველო რაიონში დაგვნიშნეს პიონერებად. ქადაგებაში ვერც ნისლი, ვერც ქარი, წვიმა თუ თოვლი ვერ გვიშლიდა ხელს. ერთ დღეს შევხვდი ჯესის, ვისთანაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მისი მეუღლე უოლი კომუნისტი იყო. თავიდან ერიდებოდა ხოლმე ჩემთან შეხვედრას, მაგრამ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო და გაიგო, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეეძლო დედამიწაზე იდეალური პირობების შექმნა. დროთა განმავლობაში ორივემ თავად დაიწყო მოწაფეების მომზადება.

პირველმა რეაქციამ შეიძლება მოგატყუოს

რამდენიმე ხნის შემდეგ დაგვნიშნეს პეიზლიში (შოტლანდია). ერთხელ ქადაგების დროს ერთმა ქალბატონმა კარი პირდაპირ ცხვირწინ მომიჯახუნა, მაგრამ მერე თურმე მეძებდა მოსაბოდიშებლად. მეორე კვირას შემხვდა და მითხრა: „მაშინ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ღმერთს მივუჯახუნე კარი. იძულებული ვიყავი, მომეძებნე“. იმ ქალბატონს პერლი ერქვა. მომიყვა, რომ მეგობრებისა და ნათესავებისგან იმედგაცრუებული ღმერთს სთხოვდა ლოცვაში ნამდვილი მეგობრის პოვნას. „და მოხვედი კიდეც, — მითხრა მან. — ახლა ვხვდები, რომ შენ უნდა გამიწიო ნამდვილი მეგობრობა“.

ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. პერლი ციცაბო გორაზე ცხოვრობდა, სადაც ფეხით უნდა ავსულიყავი. ერთხელ მასთან მივდიოდი, პირველად უნდა წამეყვანა კრების შეხვედრაზე, და ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, კინაღამ ფეხი დამისხლტა და დავგორდი. ქოლგაც გამიტყდა და გადაგდება მომიწია. კარის მიჯახუნებიდან ექვსი თვის შემდეგ პერლიმ თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლა.

მისმა ქმარმაც მალევე დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხანში კარდაკარ საქადაგებლადაც წამომყვა. როგორც ყოველთვის, წვიმდა. „ნუ ჯავრობ. ასეთ ამინდში საათობით ვმდგარვარ ფეხბურთის საყურებლად, და წვიმაში დგომა არც იეჰოვასთვის გამიჭირდება“. შოტლანდიელების სულისკვეთებამ გამაოცა.

როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც წლების შემდეგ დავბრუნდი შოტლანდიაში და ვნახე, რომ უმეტესობას, ვისაც ვასწავლიდი, მტკიცე რწმენა შეენარჩუნებინა. აი რატომ განვიცდი სიხარულს მოწაფეების მომზადებით (1 თესალონიკელები 2:17—20). შოტლანდიაში რვა წელზე მეტი ვიმსახურე პიონერად. 1966 წელს კი მიმიწვიეს საგუშაგო კოშკის ბიბლიურ სკოლა „გალაადში“, რომ მისიონერად მემსახურა.

უცხოენოვან ტერიტორიაზე ქადაგება

ბოლივიის ტროპიკულ ქალაქ სანტა-კრუსში გამგზავნეს საქადაგებლად, სადაც 50-კაციანი კრება იყო. ეს ქალაქი ჰოლივუდის ფილმებში ნაჩვენებ „ველურ დასავლეთს“ მაგონებდა. მაგრამ, როგორც მისიონერს, განსაკუთრებული თავგადასავლები არ მქონია. არასოდეს დამსხმია თავს ნიანგი, არც გახელებული ბრბო, არც უდაბნოში დავკარგულვარ და არც გემის მსხვრევის მსხვერპლი გავმხდარვარ. მიუხედავად ამისა, მოწაფეების მომზადების საქმე ჩემთვის საინტერესო ხდებოდა.

ერთ სანტა-კრუსელ ქალს, ანტონიას ბიბლიას ვასწავლიდი ესპანურ ენაზე, რაც ჩემთვის იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ერთხელ ანტონიას თავისმა პატარა ბიჭმა უთხრა: „დედიკო, ასე ძალით ლაპარაკობს, რომ გვაცინოს?“ ანტონია და მისი გოგონა იოლანდა იეჰოვას მოწმეები გახდნენ. იოლანდა მეგობრობდა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთან, დიტოსთან. ბიბლიის შესწავლა და კრებებზე დასწრება დიტომაც დაიწყო. მასთან ურთიერთობამ კიდევ ერთი რაღაც მასწავლა: ბიბლიის შემსწავლელს ზოგჯერ პატარა შეფუცხუნება სჭირდება.

დიტომ შესწავლის გაცდენა რომ დაიწყო, ვუთხარი: „დიტო, იეჰოვა არ გაძალებს სამეფოს მხარეს დგომას. არჩევანი თავად უნდა გააკეთო“. მან მითხრა, მინდა, ღმერთს ვემსახუროო. მაშინ ვუთხარი: „ეს რევოლუციონერის სურათები ვინმემ რომ დაინახოს, იფიქრებს, რომ შენ ღვთის სამეფოს მხარეს ხარ?“ სწორედ ასეთი შეფუცხუნება სჭირდებოდა დიტოს.

ორი კვირის თავზე რევოლუცია დაიწყო და შეიარაღებული შეტაკება მოხდა უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პოლიციელებს შორის. „გავეცალოთ აქაურობას!“ — შეჰყვირა დიტომ მეგობარს. „არა! ამ დღეს დიდხანს ველოდით“, — უთხრა მეგობარმა, დაავლო იარაღს ხელი და უნივერსიტეტის სახურავზე ასასვლელად გაემართა. იმ დღეს დიტოს რვა მეგობარი დაეღუპა. დიტოს სწორი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ის დღეს შეიძლება ცოცხალი აღარ ყოფილიყო. წარმოგიდგენიათ, რა ბედნიერი ვარ, რომ ის დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანია!

ვხედავ, რომ იეჰოვას სული მოქმედებს

ერთხელ ერთ კარს ჩავუარე, მეგონა, რომ იქ უკვე ნამყოფი ვიყავი. ერთმა ქალმა გააღო კარი და დამიძახა. მას იგნასია ერქვა. ის იცნობდა იეჰოვას მოწმეებს, მაგრამ ქმარი, ადალბერტო ეწინააღმდეგებოდა; ის ერთი დიდი და ჩასხმული პოლიციელი იყო. იგნასიას არ ესმოდა ბიბლიური მოძღვრებები. ამიტომ მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ადალბერტოს არ უნდოდა, რომ იგნასიას ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ მასთანაც გამოვნახე საერთო ენა. კარგა ხნის მანძილზე სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობდით. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა.

რამხელა სიხარული ვიგრძენი, მოსიყვარულე იგნასია კრების წევრი რომ გახდა. ის სულიერად თუ ფიზიკურად ეხმარებოდა თანაქრისტიანებს. დროთა განმავლობაში მისი ქმარიც და სამი შვილიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ. სასიხარულო ცნობის მნიშვნელობას ადალბერტო ბოლომდე რომ ჩასწვდა, პოლიციაში მივიდა და ისეთი ენთუზიაზმით იქადაგა, რომ პოლიციელებისგან „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ“-ის 200 ეგზემპლარის შეკვეთა მიიღო.

იეჰოვა ზრდის

სანტა-კრუსში ექვსი წლის მსახურების შემდეგ 25 წელი ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასში ვიმსახურე. 70-იან წლებში იეჰოვას მოწმეების ოფისმა, სადაც სულ 12 კაცი მსახურობდა, ლა-პასში გადაინაცვლა. სამქადაგებლო მსახურების გაფართოების შედეგად კი 1998 წელს მზარდ ქალაქ სანტა-კრუსში ფილიალი აშენდა, სადაც 50 კაცი მსახურობდა. იქ მეც მიმიწვიეს.

1966 წელს თუ ერთი კრება იყო სანტა-კრუსში, დღეს 50-ზე მეტი კრებაა, და ბოლივიაში თუ 640 მოწმე იყო, დღეს დაახლოებით 18 000-ია.

ჩემი მსახურება ბოლივიაში ნაყოფიერი გამოდგა, თუმცა მე ყველა ერთგული ქრისტიანის მსახურება მამხნევებს. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა სამეფოს შესახებ ქადაგებას. მოწაფეების მომზადების საქმეს მართლაც უსაზღვრო სიხარული მოაქვს (მათე 28:19, 20).

[სურათი 13 გვერდზე]

შოტლანდიაში პიონერად მსახურების დროს.

[სურათები 15 გვერდზე]

ბოლივიის ოფისში მსახურების დროს; „გალაადის“ 42-ე კლასის გამოშვება (მარცხნივ).