არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა შეიძლება ვისწავლოთ ბავშვებისგან?

რა შეიძლება ვისწავლოთ ბავშვებისგან?

რა შეიძლება ვისწავლოთ ბავშვებისგან?

ვინმემ რომ გვისაყვედუროს, რა ბავშვივით იქცევიო, ალბათ, არ გვესიამოვნება. პატარა ბავშვი საყვარელია, მაგრამ გამოუცდელია, და არც სიბრძნე აქვს (იობი 12:12).

თუმცა, ერთხელ, იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში“ (მათე 18:3). რა ჰქონდა იესოს მხედველობაში? ბავშვის რომელ თვისებებს უნდა მიჰბაძონ უფროსებმა?

განივითარეთ ბავშვებისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობა

დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ კაპერნაუმში რომ ჩავიდნენ, იესომ მოწაფეებს ჰკითხა: „რაზე კამათობდით გზაში?“ დარცხვენილ მოწაფეებს ხმა არ ამოუღიათ, რადგან იმაზე კამათობდნენ, თუ ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის. ბოლოს მოიკრიბეს გამბედაობა და ჰკითხეს იესოს: „მაინც ვინ იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში?“ (მარკოზი 9:33, 34; მათე 18:1).

შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში იესოს გვერდით ყოფნის შემდეგ მოწაფეები ისევ მაღალ მდგომარეობაზე კამათობდნენ. მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ ისინი იუდეველებად აღიზარდნენ და იუდეველთა რელიგია მაღალ მდგომარეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. როგორც ჩანს, მოწაფეების აზროვნებაზე არასრულყოფილების გარდა რელიგიური აღზრდაც ახდენდა გავლენას.

იესო დაჯდა, მოუხმო მოწაფეებს და უთხრა: „ვისაც უნდა, რომ პირველი იყოს, ის ყველაზე ბოლო უნდა იყოს და ყველას ემსახუროს“ (მარკოზი 9:35). ალბათ, ეს სიტყვები გააოცებდა მათ, რადგან იესოს მსჯელობა პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა იუდეველთა თვალსაზრისს დიდებულებაზე. შემდეგ იესომ პატარა ბავშვი დაიყენა გვერდით, თბილად მოეხვია და მოწაფეებს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში. ამიტომ, ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში“ (მათე 18:3, 4).

იესომ პრაქტიკულად აჩვენა მოწაფეებს თავმდაბლობის მაგალითი. წარმოვიდგინოთ ასეთი სურათი: ერთ პატარა მორიდებულ, გულუბრყვილო ბავშვს გარს შემოხვევია და მისჩერებია დიდძალი ხალხი. მას არ ახასიათებს მეტოქეობის სული, უბოროტოა, დამჯერი და უბრალო. ის კარგად ირეკლავს ღვთის თვისებას — თავმდაბლობას.

გასაგებია, თუ რას გულისხმობდა იესო. ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად ყველამ უნდა განვავითაროთ ბავშვისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობა. იეჰოვას ორგანიზაციაში მეტოქეობისა და სიამაყისთვის ადგილი არ არის (გალატელები 5:26). სწორედ ამ თვისებებმა აღუძრა სატანა ეშმაკს ღვთის ადგილის დაკავების სურვილი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ იეჰოვას სძულს ეს თვისებები (იგავები 8:13).

ქრისტიანები ცდილობენ, სხვას მოემსახურონ და არა ძალაუფლება მოიხვეჭონ. რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს საქმე, და რაც არ უნდა უბრალო იყოს ადამიანი, თავმდაბლობა გვიბიძგებს, სხვებს მოვემსახუროთ. თავმდაბლობით მსახურებას უხვი კურთხევები მოაქვს. იესომ აღნიშნა: „ვინც იღებს ასეთ ბავშვს ჩემი სახელით, მე მიღებს, და ვინც მე მიღებს, მარტო მე კი არ მიღებს, არამედ ჩემს გამომგზავნელსაც“ (მარკოზი 9:37). თუ ბავშვივით თავმდაბლები ვიქნებით და გაცემა გვეყვარება, დავუახლოვდებით სამყაროს უზენაესსა და მის ძეს (იოანე 17:20, 21; 1 პეტრე 5:5). გაცემა ბედნიერებასაც მოგვიტანს (საქმეები 20:35). აგრეთვე ვიგრძნობთ კმაყოფილებას, რადგან ღვთის ხალხს შორის მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყობთ ხელს (ეფესოელები 4:1—3).

ბავშვები მიმნდობნი არიან და მზად არიან სასწავლებლად

უფროსებს შეუძლიათ კიდევ ერთი გაკვეთილი ისწავლონ ბავშვებისგან. იესომ მოწაფეებს უთხრა: „ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ შევა მასში“ (მარკოზი 10:15). ბავშვები არა მარტო თავმდაბლები არიან, არამედ მზად არიან სასწავლებლად. „ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ინფორმაციას“, — აღნიშნა ერთმა დედამ.

ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად საჭიროა გავითავისოთ და დავემორჩილოთ სამეფოს ცნობას (1 თესალონიკელები 2:13). ახალშობილების მსგავსად უნდა ‘განვივითაროთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა, რომ მისით გავიზარდოთ და გადავრჩეთ’ (1 პეტრე 2:2). როგორ მოვიქცეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ბიბლიის რომელიმე სწავლება ძნელი გასაგებია? ერთმა ძიძამ აღნიშნა, რომ ბავშვები მანამ სვამენ კითხვას „რატომ“, სანამ დამაკმაყოფილებელ პასუხს არ მიიღებენ. კარგი იქნება, თუ მათ მივბაძავთ. არ შეწყვიტოთ კვლევა, ურთიერთობა იქონიეთ გამოცდილ ქრისტიანებთან და სიბრძნე სთხოვეთ იეჰოვას (იაკობი 1:5). თუ ასე მოიქცევით, დარწმუნებულნი იყავით, რომ განუწყვეტელი ლოცვების შედეგად დროთა განმავლობაში კურთხევებს მიიღებთ (მათე 7:7—11).

მაგრამ ვიღაცამ შეიძლება იკითხოს: „განა ადვილად არ შეიძლება შეცდეს ის, ვინც მზად არის სასწავლებლად?!“ არა, იმ შემთხვევაში, თუ სანდო პიროვნება გვასწავლის. მაგალითად, ბავშვები ყველაფერში მშობლებს ენდობიან. როგორც ერთმა მამამ აღნიშნა, ბავშვებს შეუძლიათ ენდონ მშობლებს, რადგან ისინი შვილებზე ყოველდღიურად ზრუნავენ. ჩვენც შეგვიძლია ვენდოთ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას (იაკობი 1:17; 1 იოანე 4:9, 10). იეჰოვა საიმედოდ გვხელმძღვანელობს თავისი სიტყვით, წმინდა სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვანუგეშებს და მხარში გვიდგას (მათე 24:45—47; იოანე 14:26). იეჰოვასგან დახმარების მიღება სულიერად დაცვის გარანტიაა (ფსალმუნი 91:1—16).

თუ ისე მივენდობით ღმერთს, როგორც ბავშვი მშობელს, სიმშვიდეც არ მოგვაკლდება. ერთმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ ბავშვები დასასვენებლად როცა მიდიან, სულაც არ ფიქრობენ მგზავრობის საფასურის გადახდაზე, არც იმაზე, თუ როგორ იმგზავრებენ; თუმცა არასოდეს ეპარებათ ეჭვი, რომ მშობლებთან ერთად უსაფრთხოდ იქნებიან. ჩვენც ასე ვენდობით იეჰოვას? (ესაია 41:10).

ღმერთზე სრული მინდობა გვეხმარება, მოვერიდოთ სულიერობისთვის სახიფათო აზროვნებასა და ქცევებს. ჩვენ გვჯერა იესოს სიტყვების, რომ ზეციერი მამა ხედავს ჩვენს საქმეებს. თუ უპირველესად ღვთის სამეფოსა და სიმართლეს ვეძებთ, ღმერთი იზრუნებს ჩვენზე. ეს იმაშიც დაგვეხმარება, რომ შევეწინააღმდეგოთ სულიერობის ხარჯზე ფულის შოვნის ცდუნებას (მათე 6:19—34).

„ბოროტებისთვის ჩვილები“

თუმცა არასრულყოფილები იბადებიან, ბავშვები გულითაც და გონებითაც სუფთანი არიან. ამიტომ ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „ბოროტებისთვის იყავით ჩვილები“ (1 კორინთელები 14:20).

მონიკა ხუთი წლის იყო, როცა დედამისს გახარებულმა უთხრა, ჩემს ახალ მეგობარ სარას ჩემნაირი კულულები აქვსო. ბავშვს არც კი უხსენებია სარას კანის ფერი და წარმოშობა. ერთმა მშობელმა აღნიშნა, რომ ბავშვები ყურადღებას არ აქცევენ არც კანის ფერს და არც რასას; მათ არც წინასწარ აკვიატებული აზრები აქვთ. ბავშვები არაჩვეულებრივად ბაძავენ ჩვენს მიუკერძოებელ ღმერთს, რომელსაც ყველა ეროვნების ადამიანი უყვარს (საქმეები 10:34, 35).

ბავშვები ადვილად პატიების უნარითაც გამოირჩევიან. ერთი მშობელი ჰყვება: „ჩხუბის შემდეგ ჯეკს და ლევის ერთმანეთისთვის ბოდიშს ვახდევინებთ. ისინი მალევე მხიარულად აგრძელებენ თამაშს, არ იბუტებიან, არც არაფერს უხსენებენ ერთმანეთს და პატიების სანაცვლოდ არაფერს სთხოვენ ერთმანეთს“. უფროსებისთვის ესეც მისაბაძი მაგალითია (კოლოსელები 3:13).

ბავშვებს არც ღმერთის არსებობის აღიარება უჭირთ (ებრაელები 11:6). ისინი გულღიები არიან და გაბედულად ქადაგებენ (2 მეფეები 5:2, 3). ბავშვები ისე უბრალოდ და გულწრფელად ლოცულობენ, რომ სასტიკ კაცსაც კი მოულბობენ გულს. რაიმე ცდუნების წინაშე ბავშვებს შეუძლიათ შესაშური ნებისყოფაც გამოიჩინონ. ბავშვი მართლაც ძვირფასი განძია (ფსალმუნი 127:3, 4).

კვლავაც შეიმოსეთ ძვირფასი თვისებებით

შესაძლებელია დაიბრუნოს ადამიანმა ის ძვირფასი თვისებები, რაც ბავშვობაში ჰქონდა? შესაძლებელია, რადგან იესომ თავის მოწაფეებს მოუწოდა, რომ ბავშვებივით ყოფილიყვნენ (მათე 18:3).

დავუშვათ, ხელოვანი შეუფასებელი შედევრის აღდგენაზე მუშაობს. დაგროვებულ ჭუჭყს ტილოს ნელ-ნელა აცილებს და ადრინდელი აღდგენითი სამუშაოების შედეგად დაშვებულ შეცდომებსაც ასწორებს. ხელოვანის დიდი მოთმინების შემდეგ ფერთა სილამაზე თავდაპირველ სახეს იბრუნებს. დაუღალავი შრომის წყალობით, იეჰოვას წმინდა სულისა და ქრისტიანული კრების დახმარებით არც ჩვენ გაგვიჭირდება იმ ძვირფასი თვისებების დაბრუნება, რაც ბავშვობაში გვქონდა (ეფესოელები 5:1).

[სურათი 9 გვერდზე]

ბავშვები ბუნებით თავმდაბლები არიან.

[სურათი 10 გვერდზე]

ბავშვებს არ აწუხებთ წინასწარ აკვიატებული აზრები, ადვილად პატიობენ და ადვილადაც ივიწყებენ.