არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა მოვერიდოთ უკიდურესობებს?

რატომ უნდა მოვერიდოთ უკიდურესობებს?

რატომ უნდა მოვერიდოთ უკიდურესობებს?

იეჰოვა გაწონასწორებულობის უბადლო მაგალითს გვაძლევს. „სრულყოფილია მისი ნამოქმედარი“; სამართლიანობას არასდროს ავლენს გულმოწყალების გარეშე (მეორე კანონი 32:4); მისი სიყვარული არასდროს არის უპრინციპო, ვინაიდან მას თავისი სრულყოფილი კანონების შესაბამისად ავლენს (ფსალმუნი 89:14; 103:13, 14). ადამიანთა პირველი წყვილი ყოველმხრივ გაწონასწორებული იყო. ისინი უკიდურესობებში არ ვარდებოდნენ. მაგრამ ცოდვის ჩადენამ მათ „ნაკლი“ გაუჩინა, ანუ ისინი არასრულყოფილები გახადა, რის გამოც დაკარგეს გაწონასწორებულობა (მეორე კანონი 32:5).

გიმგზავრიათ ოდესმე მანქანით ან ველოსიპედით, რომელსაც ბორბალზე ეგრეთ წოდებული „ბაბონი“ (ამობურცული ადგილი) აქვს? ამ დეფექტის გამო მანქანით ან ველოსიპედით მგზავრობა არასასიამოვნოა და სახიფათოც კი. დაზიანებულ ბორბალს შეკეთება სჭირდება, სანამ „ბაბონი“ არ გადიდდება ან საბურავი არ ჩაიფუშება. ჩვენი არასრულყოფილი ბუნებაც გაუწონასწორებლობისკენ არის მიდრეკილი. თუ „ბაბონს“ გადიდების საშუალებას მივცემთ, ცხოვრების გზაზე ბევრი უსიამოვნება გვექნება და შეიძლება თავს უბედურებაც კი დავიტეხოთ.

ზოგჯერ შეიძლება ჩვენმა ღირსებებმა ჩაგვაგდოს უკიდურესობაში. მაგალითად, იესოს დღეებში ისრაელები მეტისმეტად ‘იგრძელებდნენ ტანსაცმლის ფოჩებს’. მართალია, მოსეს კანონის თანახმად, ისრაელებს ტანსაცმელზე ფოჩები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ფარისევლები ამას სხვებისგან გამორჩევის მიზნით აკეთებდნენ; მათ უნდოდათ, სხვებზე წმინდები გამოჩენილიყვნენ (მათე 23:5; რიცხვები 15:38—40).

დღეს ზოგი ყველანაირად ცდილობს, მიიპყროს ყურადღება, თუნდაც ეს სხვების გაოგნების ფასად დაუჯდეს. ეს შეიძლება იყოს სასოწარკვეთილებამდე მისული სულის ძახილი: „მომაქციეთ ყურადღება! შემამჩნიეთ!“ უნდა ითქვას, რომ ჩაცმულობასთან, აზროვნებასა და საქციელთან დაკავშირებით უკიდურესობებში ჩავარდნა სინამდვილეში ვერ დააკმაყოფილებს ქრისტიანის მოთხოვნილებებს.

გაწონასწორებული თვალსაზრისი სამუშაოს შესახებ

ვინც უნდა ვიყოთ და სადაც უნდა ვცხოვრობდეთ, სასიამოვნო სამუშაო იმ ფაქტორთაგან ერთ-ერთია, რაც ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს. ჩვენ ისე ვართ შექმნილნი, რომ ასეთმა სამუშაომ კმაყოფილება მოგვანიჭოს (დაბადება 2:15). ბიბლია გმობს სიზარმაცეს. მოციქულმა პავლემ მართებულად აღნიშნა: „ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს“ (2 თესალონიკელები 3:10). სიზარმაცემ შეიძლება არა მარტო სიღარიბე და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გამოიწვიოს, არამედ ღვთის უკმაყოფილებაც.

მრავალი სხვა უკიდურესობაში ვარდება — მუშაობის მანია იპყრობს, ანუ ნებით ემონება სამუშაოს. ისინი შინიდან დილაუთენია გადიან, გვიან ღამით ბრუნდებიან და ფიქრობენ, რომ ამით ოჯახის კეთილდღეობას ემსახურებიან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ოჯახს ბევრ რამეს აკლებს. ერთი დიასახლისი, რომლის ქმარიც სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ საათობით რჩება სამსახურში, აღნიშნავს: „ოღონდ მეუღლე სახლში მყავდეს, ბავშვებს მამის სითბო არ აკლდეთ, და სიამოვნებით დავთმობდი ფუფუნებით ცხოვრებას“. კარგი იქნება, თუ მუშაობის მანიით შეპყრობილები სერიოზულად დაფიქრდებიან მეფე სოლომონის სიტყვებზე: „დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც საკუთარი ხელით მიკეთებია, და გარჯას, რომლითაც ვირჯებოდი. აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი და ქარის დევნა“ (ეკლესიასტე 2:11).

ამგვარად, სამუშაოსთან დამოკიდებულებაში უკიდურესობებს უნდა მოვერიდოთ; მუყაითები უნდა ვიყოთ, მაგრამ ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ, თუ სამუშაოს დავემონებით, სიხარულს დავკარგავთ, და არა მარტო სიხარულს (ეკლესიასტე 4:5, 6).

მოერიდეთ უკიდურესობებს გართობის საკითხში

ბიბლიაში ჩვენი დროის შესახებ ნაწინასწარმეტყველებია: „ადამიანები იქნებიან . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:2, 4). სიამოვნებისკენ სწრაფვა სატანის ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია, რითაც ის ადამიანებს ღმერთს აშორებს. უფრო და უფრო პოპულარული ხდება გართობისა თუ სპორტის ისეთი სახეობები, რომლებიც ადამიანში მძაფრ შეგრძნებებს იწვევს. იზრდება როგორც სპორტის ასეთ სახეობათა რიცხვი, ისე მათში მონაწილეთა რიცხვი. რატომ? მრავალი ადამიანი, რომლებსაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვთ, მსგავსი გართობებით ეძლევა თავდავიწყებას. მაგრამ ამ გრძნობის არაერთხელ განსაცდელად საჭიროა სულ უფრო და უფრო სარისკო სპორტის სახეობებში მონაწილეობა. კეთილსინდისიერი ქრისტიანი ერიდება სპორტის სარისკო სახეობებს, რადგან აფასებს სიცოცხლეს და სიცოცხლის მომცემს (ფსალმუნი 36:9).

სად დაასახლა ღმერთმა პირველი წყვილი? ედემის ბაღში, ედემი კი „სიამოვნებას“ ნიშნავს (დაბადება 2:8). ცხადია, იეჰოვას განზრახვაში შედიოდა ის, რომ ადამიანებს სასიამოვნო, კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება ჰქონოდათ.

იესოს სიამოვნების მიღებაზე გაწონასწორებული თვალსაზრისი ჰქონდა და ამით კარგი მაგალითი დაგვიტოვა. მან იეჰოვას ნების შესრულებას მიუძღვნა თავი და წუთითაც კი არ შეუწყვეტია ღვთის კანონებისა თუ პრინციპების შესრულება. ის ხალხზე ზრუნავდა მაშინაც კი, როდესაც დაღლილი იყო (მათე 14:13, 14). იესო სტუმრადაც დადიოდა და დროსაც გამოყოფდა იმისათვის, რომ დაესვენა და ძალები მოეკრიბა, თუმცა იცოდა, რომ მტრები ამას კრიტიკულად უყურებდნენ. მათ იესოს შესახებ თქვეს: „აი, გაუმაძღარი და სმას გადაყოლილი კაცი“ (ლუკა 7:34; 10:38; 11:37). მაგრამ იესოს აზრით, ღვთის ნების შესრულებისთვის თავის მიძღვნა ცხოვრებაში ნებისმიერ სიამოვნებაზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავდა.

ასე რომ, გონივრულია, გართობის საკითხში მოვერიდოთ ნებისმიერ უკიდურესობას. სიამოვნებისა და გართობის პირველ ადგილზე დაყენება არასოდეს მოგვიტანს ნამდვილ ბედნიერებას. ამას შეიძლება უფრო მნიშვნელოვანის, ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის, უგულებელყოფაც მოჰყვეს. და მაინც, ყველა სიამოვნება არ არის უარსაყოფი, და არც ისინი უნდა გავაკრიტიკოთ, ვინც ზომიერად ერთობა (ეკლესიასტე 2:24; 3:1—4).

იცხოვრეთ გაწონასწორებულად და იყავით ბედნიერნი

მოწაფე იაკობი წერდა: „ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკობი 3:2). ეს სიტყვები მართლდება ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც ვცდილობთ, მოვერიდოთ უკიდურესობებს. რა დაგვეხმარება გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში? საჭიროა, დავინახოთ ჩვენი ხასიათის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამის ობიექტურად შეფასება ადვილი არ არის. შეიძლება გაუცნობიერებლად რომელიმე უკიდურესობისკენ ვიხრებით. ამ დროს გონივრულია, ურთიერთობა ვიქონიოთ მოწიფულ ქრისტიანებთან და გავითვალისწინოთ მათი გონივრული რჩევა (გალატელები 6:1). მსგავსი დახმარება შეიძლება კრებაში სანდო მეგობარს ან გამოცდილ უხუცესს ვთხოვოთ. როგორც ბიბლია, ისე მსგავსი მრჩეველები, შეიძლება „სარკეს“ შევადაროთ, რომელთა დახმარებითაც ვამოწმებთ, სინამდვილეში როგორი პიროვნებები ვართ იეჰოვას თვალში (იაკობი 1:22—25).

საბედნიეროდ, შეგვიძლია ისე ვიცხოვროთ, რომ გვერდი ავუაროთ უკიდურესობებს. მიზანდასახული მცდელობითა და იეჰოვას მხარდაჭერით, შეგვიძლია გავხდეთ გაწონასწორებული და ბედნიერი ადამიანები. შედეგად, უკეთესი ურთიერთობა გვექნება ქრისტიან და-ძმებთან და უკეთეს მაგალითს მივცემთ მათ, ვისაც ვუქადაგებთ; და რაც მთავარია, ამგვარად უფრო უკეთ მივბაძავთ ჩვენს ყოველმხრივ გაწონასწორებულ და მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას (ეფესოელები 5:1).

[სურათის საავტორო უფლება 28 გვერდზე]

©Greg Epperson/age fotostock