არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“

სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“

სულიერი მშენებლობა „ქვის სახლში“

აფრიკის ამ ქვეყნის სახელი „ქვის სახლს“ ნიშნავს. ეს ქვეყანა ცნობილია ჩანჩქერით „ვიქტორია“ და მდიდარი ველური ბუნებით. აქ, სამხრეთ ნაწილში, უდიდეს ძველ ნაგებობებსაც ნახავთ. ქვეყანას ორ ნაწილად ჰყოფს გრანიტის პლატო. ამ პლატოზე ზომიერი კლიმატია, რაც ხელს უწყობს მცენარეული საფარის სიუხვესა და მრავალფეროვნებას. ეს ქვეყანაა ზიმბაბვე, სადაც დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

რატომ ჰქვია ამ ქვეყანას „ქვის სახლი“? 1867 წელს მონადირე და მკვლევარი ადამ რენდერსი წააწყდა ქვის დიდ ნაგებობებს, რომლებსაც 720-ზე მეტი ჰექტარი ეკავა. ის მოგზაურობდა აფრიკის ველებზე, სადაც, ჩვეულებრივ, ტალახითა და ბოძებით ნაგები სახლები ჩალით იყო გადახურული. და, აი, უდიდესი ქვის ქალაქის ნანგრევებს მიადგა. ამ ქალაქს დღეს დიდ ზიმბაბვეს უწოდებენ.

ეს ნანგრევები მდებარეობს იმ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში, რომელიც დღეს მასვინგოს სახელით არის ცნობილი. ზოგი კედლის სიმაღლე 9 მეტრს აღემატება. კედლები ნაგებია გრანიტის ქვებით დუღაბის გამოყენების გარეშე. ნანგრევებს შორის წამომართულია კონუსის ფორმის უჩვეულო კოშკი, რომლის საძირკვლის სიმაღლე 11 მეტრი, ხოლო დიამეტრი 6 მეტრია. დღემდე არავინ იცის, რა დანიშნულება ჰქონდა ამ ნაგებობებს. ეს ნაგებობები ახ. წ. VIII საუკუნით თარიღდება, მაგრამ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტებიც, რომ იქაურობა ასობით წლით ადრე იყო დასახლებული.

1980 წელს როდეზიამ (ამ სახელით იყო ეს ქვეყანა მაშინ ცნობილი), რომელიც ბრიტანეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა და მას ახალი სახელი — ზიმბაბვე დაერქვა. მის მოსახლეობას ორი ეთნიკური ჯგუფი წარმოადგენს — შონა, რომელიც მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენს, და ნდებელე. როგორც იეჰოვას მოწმეებმა კარდაკარ მსახურებისას შენიშნეს, იქაური ხალხი სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ზოგჯერ მასპინძელმა არც კი იცის, ვინ აკაკუნებს კარზე და ეუბნება: „შემობრძანდით, დაბრძანდით“. ზიმბაბველების უმეტესობა დიდად აფასებს ბიბლიას; მასზე მსჯელობისას შვილებიც გვერდით ჰყავთ, რათა ყურადღებით მოისმინონ.

მანუგეშებელი ცნობის შეთავაზება

საინფორმაციო საშუალებებში ზიმბაბვეზე საუბრისას არაერთხელ მოისმენთ სიტყვებს — შიდს-ი და გვალვა. შიდს-ი დიდ ზიანს აყენებს საჰარის სამხრეთით მდებარე ქვეყნების მოსახლეობას და ეკონომიკაზეც დამღუპველად მოქმედებს. ყველაზე ხშირად საავადმყოფოებში აივ-ით დაინფიცირებულები ხვდებიან. შიდს-ის გამო ბევრი ოჯახი ინგრევა.

იეჰოვას მოწმეები მზად არიან ზიმბაბველების დასახმარებლად, და ამიტომ ასწავლიან, რომ ცხოვრების საუკეთესო გზა ღვთის ნორმების თანახმად ცხოვრებაა; ეს ნორმები კი ბიბლიაშია მოცემული. მაგალითად, ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ცოლ-ქმარს უნდა ჰქონდეს; ღმერთი გმობს ჰომოსექსუალიზმს; ღვთის კანონი კრძალავს სისხლის გადასხმასა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას (საქმეები 15:28, 29; რომაელები 1:24—27; 1 კორინთელები 7:2—5; 2 კორინთელები 7:1). მოწმეები იმ რეალური იმედის შესახებაც ამცნობენ ხალხს, რომ ახლო მომავალში ღვთის სამეფო ყველა დაავადებას მოსპობს (ესაია 33:24).

ჰუმანიტარული დახმარება

გასულ ათწლეულში ზიმბაბვეში საშინელი გვალვა იყო. შიმშილისა და გაუწყლოებისგან გარეული ცხოველები დაიხოცნენ; ასიათასობით მსხვილფეხა რქოსანი საქონელი გაწყდა; ხანძარმა ჰექტრობით ტყეები გაანადგურა; საკვების უკმარისობის გამო ბევრი ბავშვი და მოხუცი დაიღუპა. წყალუხვ მდინარე ზამბეზიშიც კი წყალმა ისე იკლო, რომ საფრთხე დაემუქრა ჰიდროელექტროსადგურების მუშაობას.

დაზარალებულთა დასახმარებლად იეჰოვას მოწმეებმა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში რვა დახმარების კომიტეტი შექმნეს. მიმომსვლელმა ზედამხედველებმა მოინახულეს კრებები, რათა გაეგოთ, ვის რა დახმარება სჭირდებოდა, და ეს ინფორმაცია შესაბამის დახმარების კომიტეტებს გადაეგზავნა. ერთმა ზედამხედველმა თქვა: «ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დავარიგეთ 1 000 ტონაზე მეტი სიმინდი, 10 ტონა გამომშრალი თევზი და ამავე რაოდენობის ლიმური ლობიო. სულიერმა ძმებმა ორი ტონა „მუფუშვა“ (გამომშრალი ბოსტნეული) დაამზადეს. ასევე დავარიგეთ ბევრი შემოწირული ტანსაცმელი და გავანაწილეთ საჭირო თანხები». მეორე მიმომსვლელმა ზედამხედველმა აღნიშნა: „როცა იმ სირთულეებზე ვფიქრობ, რომლებიც ზიმბაბვესა და სამხრეთ აფრიკაში ჰუმანიტარული დახმარების შემოტანაზე ნებართვის მიღებისას და ამ ტვირთის შემოსატანად საჭირო დეფიციტური საწვავის შოვნისას შეგვხვდა, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩვენი წარმატება კიდევ ერთი დადასტურებაა იესოს სიტყვებისა: ჩვენმა „ზეციერმა მამამ იცის, რაც გვჭირდება“ (მათე 6:32).

როგორ მსახურობენ გვალვიან ტერიტორიებზე თავად მიმომსვლელი ზედამხედველები? ზოგს თან მიაქვს საჭმელი როგორც თავისთვის, ისე იმ ოჯახისთვის, სადაც დარჩება. ერთმა ზედამხედველმა აღნიშნა, რომ შეესწრო ქრისტიანი დების საუბარს, რომლებიც იმაზე მსჯელობდნენ, შეეწყვიტათ თუ არა ქადაგება, რათა მთავრობისგან ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად რიგში ჩამდგარიყვნენ. მათ გადაწყვიტეს, იეჰოვას მინდობოდნენ, მთელი ყურადღება ქადაგებაზე გადაეტანათ და დალოდებოდნენ, თუ როგორ წარიმართებოდა მოვლენები. იმ დღეს მთავრობას ჰუმანიტარული დახმარება არ დაურიგებია.

მეორე დღეს კრების შეხვედრა იყო დანიშნული; ეს დები ისევ არჩევნის წინაშე დადგნენ — კრების შეხვედრას დასწრებოდნენ თუ ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად წასულიყვნენ? მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და სამეფო დარბაზში კრების შეხვედრას დაესწრნენ (მათე 6:33). კრების დასასრულს, როცა საგალობელს მღეროდნენ, მათ მომავალი სატვირთო მანქანის ხმა შემოესმათ. ჰუმანიტარული დახმარება პირდაპირ სამეფო დარბაზში მოიტანეს; იგი სულიერმა ძმებმა დახმარების კომიტეტის საშუალებით გამოგზავნეს! კრებაზე დამსწრე ერთგული მოწმეები სიხარულითა და მადლიერებით აღივსნენ.

სიყვარული აშენებს

სხვების მიმართ მოწმეების მიერ გამოვლენილმა სიკეთემ მათ დამოწმების კარგი შესაძლებლობა მისცა. ერთხელ მასვინგოში მომსახურე მიმომსვლელი ზედამხედველი ადგილობრივ მოწმეებთან ქადაგებდა. მან შენიშნა, რომ ქუჩის კუთხეში გოგონა ეგდო. მოწმეები მიხვდნენ, რომ ის ძალიან ცუდად იყო, რადგან ხმა უკანკალებდა და ნორმალურად ვერ ლაპარაკობდა. გოგონას ჰამუნიარი ერქვა, რაც შონას ენაზე ნიშნავს: „არ გრცხვენია?“ როგორც ძმებმა გაიგეს, ის თავისი ეკლესიის წევრებმა მიატოვეს, რომლებიც რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მთაში მიდიოდნენ. მოწმეებმა სიყვარული გამოავლინეს და გოგონა მეზობელ სოფელში წაიყვანეს.

იმ სოფელში ზოგი იცნობდა ჰამუნიარს; ამიტომ მისი ნათესავების მოსაყვანად ხალხი გაგზავნეს. მოწმეების შესახებ იქაურებმა თქვეს: „ესენი ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები არიან. ასეთი სიყვარული უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა“ (იოანე 13:35). ძმებმა ჰამუნიარს დაუტოვეს ტრაქტატი: „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“ *

მომდევნო კვირას მიმომსვლელი ზედამხედველი იმ კრების ტერიტორიაზე მსახურობდა, სადაც ჰამუნიარი ცხოვრობდა. ძმას სურდა, გაეგო, მშვიდობით მივიდა თუ არა ჰამუნიარი სახლში. ჰამუნიარის ოჯახი სიხარულით შეხვდა მიმომსვლელ ზედამხედველს და ადგილობრივ ძმებს. მისმა მშობლებმა აღნიშნეს: „თქვენ ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრები ხართ. თქვენ სიკვდილს გადაარჩინეთ ჩვენი გოგონა“. მათ ჰამუნიარის ეკლესიის წევრებს უსაყვედურეს: „არ გრცხვენიათ, რომ მომაკვდავი ჰამუნიარი ქუჩაში მიატოვეთ?“ მოწმეებმა ამ ოჯახთან ბიბლიურ საკითხებზე ისაუბრეს და წამოსვლისას ოჯახს ბიბლიური ლიტერატურა დაუტოვეს. ჰამუნიარის ოჯახის წევრებმა ძმებს სთხოვეს, კვლავ მისულიყვნენ მათთან, რათა ბიბლია შეესწავლათ. ოჯახის რამდენიმე წევრმა, რომლებიც ადრე მოწმეებს ეწინააღმდეგებოდნენ, თვალსაზრისი შეიცვალეს. ერთ-ერთი მათგანი იყო ჰამუნიარის სიძე, ეკლესიის წინამძღოლი. მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

თაყვანისმცემლობის სახლების მშენებლობა

ძველ დროში მცხოვრებმა ერთმა პოეტმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „ღმერთო . . . სწყურიხარ ჩემს სულს . . . უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე (ფსალმუნი 63:1). ეს სიტყვები ზუსტად აღწერს მრავალი ზიმბაბველის მდგომარეობას. მათ არამარტო პირდაპირი გაგებით სწყურიათ, არამედ ღვთის სიტყვის მოსმენას და მის სიკეთეს არიან მოწყურებულნი. ამაზე მეტყველებს იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული მსახურების შედეგები. 1980 წელს, როცა ზიმბაბვემ დამოუკიდებლობა მოიპოვა, 476 კრებაში დაახლოებით 10 000 მოწმე მსახურობდა. ახლა, 27 წლის შემდეგ, აქტიური მოწმეების რიცხვი გასამმაგდა, ხოლო კრებების რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

ამ კრებებიდან ცოტას თუ აქვს თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი ადგილი. 2001 წლის იანვარში 800-ზე მეტი კრებიდან მხოლოდ 98-ს ჰქონდა კრების შეხვედრების ჩასატარებლად თაყვანისმცემლობის სახლი — სამეფო დარბაზი. ბევრი კრება შეხვედრებს ხეების ქვეშ ან ბოძებით ნაგებ, ტალახით შელესილ და ჩალით გადახურულ ქოხებში ატარებდა.

მსოფლიო ქრისტიანული საძმოს მიერ უხვად გაღებული შესაწირავებისა და მოხალისეთა გულმოდგინე მუშაობის შედეგად, მოწმეებმა ზიმბაბვეში წამოიწყეს სამეფო დარბაზების მშენებლობის პროგრამა, რათა უბრალო და, ამავე დროს, შესაფერისი სამეფო დარბაზები აეშენებინათ. ზიმბაბვეში ადგილობრივი ძმების დასახმარებლად საზღვარგარეთიდან ბევრი გამოცდილი მშენებელი ჩავიდა. ერთმა ადგილობრივმა მოწმემ დაწერა: „გულწრფელ მადლობას ვუხდით მათ, ვინც სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ ზიმბაბვეში, რათა ლამაზი სამეფო დარბაზების აშენებაში დაგვხმარებოდნენ. აგრეთვე მადლობა გვინდა ვუთხრათ ყველას, ვინც სამეფო დარბაზების ფონდისთვის შესაწირავები გაიღო“.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოწმეები უკვე 50 წელია, რაც გიგანტური ხის, ბაობაბის ქვეშ იკრიბებიან. როდესაც უხუცესებს უთხრეს, რომ სამეფო დარბაზის აშენებას აპირებდნენ, ერთმა ცრემლები ვერ შეიკავა. მეზობელ კრებიდან 91 წლის უხუცესმა თქვა: „იეჰოვას წლების განმავლობაში ვევედრებოდი, მსგავსი რამ მომხდარიყო!“

ამ ლამაზი შენობების სწრაფად აგებასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა. ერთმა დამკვირვებელმა შენიშნა: „თქვენ დღის განმავლობაში აშენებთ, ღმერთი კი, ალბათ, — ღამე. ასევე აღსანიშნავია მოხალისეების ერთსულოვნება და სიხარული. დღეს ზიმბაბვეში აგურით ნაგები 350-ზე მეტი სამეფო დარბაზია, სადაც 534 კრება იკრიბება.

ეს მნიშვნელოვანი სულიერი მშენებლობა დღესაც გრძელდება. როცა იმაზე ვფიქრობთ, თუ რა გაკეთდა, გვსურს მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას მიმართ, რომელიც ამგვარად აკურთხებს თავის მსახურებს. დიახ, „თუ იეჰოვა არ აშენებს სახლს, ტყუილად ირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმუნი 127:1).

[სქოლიო]

^ აბზ. 16 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[რუკები 9 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ზიმბაბვე

ჰარარე

მასვინგო

დიდი ზიმბაბვე

[სურათი 9 გვერდზე]

კონუსის ფორმის კოშკი.

[სურათი 12 გვერდზე]

კონსეშენის კრების ახალი სამეფო დარბაზი.

[სურათი 12 გვერდზე]

ლინდალეს კრების წევრები თავიანთ ახალ სამეფო დარბაზთან.

[სურათის საავტორო უფლებები 9 გვერდზე]

Ruins with steps: ©Chris van der Merwe/AAI Fotostock/age fotostock; tower inset: ©Ingrid van den Berg/AAI Fotostock/age fotostock