აქვს მნიშვნელობა, რომელ რელიგიას აირჩევ?
აქვს მნიშვნელობა, რომელ რელიგიას აირჩევ?
უმეტესობას მოგვწონს, როცა ბაზარში დიდი არჩევანია. მაგალითად, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ავირჩიოთ ის ხილი თუ ბოსტნეული, რომელიც გვიყვარს და სასარგებლოა. თუ ტანსაცმლის მაღაზიაში დიდი არჩევანია და ფასიც ხელმისაწვდომია, იმას ავირჩევთ, რაც ყველაზე მეტად გვიხდება. ბევრ რამეს ცხოვრებაში გემოვნების მიხედვით ვირჩევთ. თუმცა ზოგი არჩევანი, მაგალითად ჯანსაღი საკვების ან გონიერი მეგობრების არჩევა, გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე. რის თქმა შეიძლება რელიგიაზე? არის რელიგიის არჩევა უბრალოდ გემოვნების საკითხი? თუ ის სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე?
დღეს რელიგიების დიდი არჩევანია. მრავალ ქვეყანაში რელიგიის თავისუფლებაა, ამიტომ ადამიანები ადვილად ტოვებენ წინაპრების რელიგიას. შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 80 პროცენტი „მიიჩნევს, რომ ადამიანების გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რელიგიაზე არ არის დამოკიდებული“. იმავე გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ „ხუთიდან ერთმა გამოკითხულმა რელიგია ზრდასრულ ასაკში ერთხელ მაინც შეიცვალა“. ბრაზილიაში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ბრაზილიელთა დაახლოებით 25-მა პროცენტმა შეიცვალა რელიგია.
ადრე ადამიანები ცხარედ კამათობდნენ სწავლებებზე, რომლებიც ერთ რელიგიას მეორისგან განასხვავებდა. დღეს კი გავრცელებულია აზრი, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რომელ რელიგიას აირჩევ. მაგრამ სწორია ასეთი თვალსაზრისი? ახდენს გავლენას შენზე ის, თუ რომელ რელიგიას ირჩევ?
გონიერ მომხმარებელს აინტერესებს, სად დამზადდა ესა თუ ის პროდუქტი. ასევე გონივრულია, დავფიქრდეთ: „როგორ გაჩნდა ამდენი განსხვავებული რელიგია და რატომ?“ ბიბლია გვპასუხობს ამ კითხვებზე.
როგორ გაჩნდა რელიგიები?
იესოს დედამიწაზე მოსვლამდე დაახლოებით ათასი წლით ადრე, ისრაელის მეფე იერობოამმა ახალ რელიგიას ჩაუყარა საფუძველი. იერობოამი ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს პირველი მეფე იყო. თავისი მიზნების განსახორციელებლად მან ხალხის გადაბირება განიზრახა. «რჩევა იკითხა მეფემ, ორი ოქროს ხბო გააკეთა და ხალხს უთხრა: „რაღად გინდათ იერუსალიმში სიარული? ისრაელო, აი თქვენი ღმერთი“» (1 მეფეები 12:28). ნათელია, რომ მეფეს რელიგიის მეშვეობით სურდა ხალხი ჩამოეშორებინა იმ თაყვანისმცემლობისგან, რომელიც იერუსალიმში იყო. იერობოამის მიერ დაფუძნებული რელიგია საუკუნეების განმავლობაში არსებობდა; მაგრამ, როცა ღმერთმა თავისი განდგომილი ერი დასაჯა, ეს რელიგია მილიონობით ისრაელის განადგურების მიზეზი გახდა. რელიგია იერობოამისთვის პოლიტიკური იარაღი იყო. დღეს არსებული ზოგი სახელმწიფო რელიგიაც სწორედ პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცების მიზნით შეიქმნა.
პავლე მოციქულმა მოიხსენია კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ იქმნება ახალი რელიგიები. მან თქვა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქმეები 20:29, 30). ბევრი პატივმოყვარე წინამძღოლი გამორჩენის მიზნით ახალ მიმდინარეობას აყალიბებს. ამიტომ ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიები უამრავ სექტად დაიყო.
ვისი გულის მოგება სურთ რელიგიებს?
ახალი რელიგია შეიძლება ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნითაც შეიქმნას. მაგალითად, ჟურნალ „ეკონომისტში“ საუბარი იყო შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებულ მეგაეკლესიებზე. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ მათი მრევლი რიცხობრივად იზრდება, რადგან ეკლესიები «იმავე პრინციპებით ხელმძღვანელობენ, რითაც წარმატებული ბიზნესმენები: „კლიენტი ყოველთვის მართალია“». ზოგი ეგრეთ წოდებული მეგაეკლესია „ვიდეოფილმების, დრამებისა და თანამედროვე მუსიკის საშუალებით ღვთისმსახურებას უფრო სახალისოს ხდის“. ზოგან ასწავლიან, როგორ გამდიდრდნენ, შეინარჩუნონ კარგი ჯანმრთელობა და იცხოვრონ პრობლემების გარეშე. ამ ეკლესიებს აკრიტიკებენ, რომ ისინი მხოლოდ ართობენ და ფსიქოლოგიურად ეხმარებიან მრევლს; ზემოაღნიშნულ ჟურნალში კი ნათქვამია, რომ „ისინი უბრალოდ მრევლის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ“. სტატიაში გაკეთდა შემდეგი დასკვნა: „ბიზნესისა და რელიგიის შერწყმა წარმატებული აღმოჩნდა“.
შესაძლოა, სხვა რელიგიები აშკარად ბიზნესის პრინციპებით არ მოქმედებენ, მაგრამ ეკლესიები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ზრუნავენ, რომ მრევლის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, პავლე მოციქულის სიტყვებს გვახსენებს. მან გაგვაფრთხილა: „დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).
მრავალი რელიგია პოლიტიკური ძალაუფლების, დიდებისა და პოპულარობის მოპოვების მიზნით შეიქმნა და არა ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი მონაწილეობენ ისეთ ბოროტებაში, როგორიცაა ბავშვებზე ძალადობა, თაღლითობა, ომები და ტერორიზმი. ხშირ შემთხვევაში რელიგია ბუტაფორიაა. რა უნდა გააკეთოთ, რომ არ მოტყუვდეთ?
[ჩანართი 4 გვერდზე]
მრავალი რელიგია პოლიტიკური ძალაუფლების, დიდებისა და პოპულარობის მოპოვების მიზნით შეიქმნა და არა ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.