არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გეშინოდეთ იეჰოვასი და იყავით ბედნიერნი

გეშინოდეთ იეჰოვასი და იყავით ბედნიერნი

გეშინოდეთ იეჰოვასი და იყავით ბედნიერნი

„იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი, რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნი 34:9).

1, 2. ა) რა განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს ქრისტიანულ სამყაროში ღვთის შიშზე? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

ქრისტიანული სამყაროს მქადაგებლები ხშირად ადამიანებს ღვთისადმი შიშს უნერგავენ ჯოჯოხეთის შესახებ სწავლებით. ეს სწავლება ეწინააღმდეგება იმას, რასაც ბიბლია გვასწავლის იეჰოვას, მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთის შესახებ (დაბადება 3:19; კანონი 32:4; რომაელები 6:23; 1 იოანე 4:8). ქრისტიანული სამყაროს სხვა წარმომადგენლებს სრულიად სხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ; ისინი არასდროს ახსენებენ ღვთის შიშს. ისინი ასწავლიან, რომ ღმერთი შემწყნარებელია და იწონებს ყველა ადამიანს, მიუხედავად მათი ცხოვრების წესისა. მაგრამ ბიბლია არც ამას გვასწავლის (გალატელები 5:19—21).

2 ბიბლია მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა (გამოცხადება 14:7). მაგრამ იბადება კითხვები: რატომ სურს მოსიყვარულე ღმერთს, რომ მისი გვეშინოდეს? როგორ შიშს უნდა ვავლენდეთ ღვთისადმი? და რა კურთხევას მოგვიტანს ღვთისმოშიშება? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად განვაგრძოთ 34-ე ფსალმუნის განხილვა.

რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთის?

3. ა) როგორ გესმით მითითება, ღვთისა გეშინოდეთ? ბ) რატომ არიან იეჰოვას მოშიშები ბედნიერები?

3 იეჰოვასი უნდა გვეშინოდეს, რადგან ის სამყაროს შემოქმედი და უზენაესი მმართველია (1 პეტრე 2:17). თუმცა ამაში პანიკური შიში არ იგულისხმება, თითქოს ის სასტიკი ღმერთი იყოს. ჩვენ მისდამი მოწიწებული შიში გვაქვს, რადგან ვიცით, როგორი ღმერთია იეჰოვა. ჩვენ გვეშინია, არ ვაწყენინოთ მას. ღვთის შიში დამთრგუნველი ან შემზარავი კი არ არის, არამედ დადებითად მოქმედებს ადამიანებზე. იეჰოვას, „ბედნიერ ღმერთს“, სურს, რომ ადამიანები ბედნიერები იყვნენ (1 ტიმოთე 1:11). ბედნიერება კი ღვთის მოთხოვნების თანახმად ცხოვრებას მოაქვს. ამიტომ ბევრს უწევს ცხოვრების წესის შეცვლა. ყველა, ვინც ასე იქცევა, საკუთარ თავზე გამოსცდის ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვებს: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას. იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი, რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნი 34:8, 9). იეჰოვას მოშიშებს ისეთი არაფერი მოაკლდებათ, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ღმერთთან.

4. რაში არწმუნებდნენ ხალხს დავითი და იესო?

4 დავითმა მასთან მყოფ კაცებს პატივისცემის ნიშნად „წმინდები“ უწოდა, როგორც ეს იმ დროს იყო მიღებული. ისინი ღვთის წმინდა ერს ეკუთვნოდნენ. მათ დავითის გამო არაერთხელ ჩაიგდეს თავი საფრთხეში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მეფე საულს გაურბოდნენ, დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა მათ ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე იზრუნებდა. დავითმა დაწერა: „ფაფრიან ლომებს საჭმელი არ ჰყოფნით და მშივრები დადიან, იეჰოვას მაძიებლებს კი არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმუნი 34:10). იესოც ამაში არწმუნებდა თავის მიმდევრებს (მათე 6:33).

5. ა) ძირითადად, როგორი ადამიანები იყვნენ იესოს მიმდევრები? ბ) რა თქვა იესომ შიშზე?

5 იესოს მსმენელებიდან ბევრი ებრაელი ღარიბი და დაჩაგრული იყო. ამიტომ იესოს „გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ (მათე 9:36). ეყოფოდათ მათ გამბედაობა, რომ იესოს მიმდევრები გამხდარიყვნენ? ამისთვის მათ იეჰოვას შიში უნდა ჰქონოდათ და არა ადამიანების. იესომ თქვა: „ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს და მეტი აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია. მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ. განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (ლუკა 12:4—7).

6. ა) იესოს რომელი სიტყვები მატებს ძალას ქრისტიანებს? ბ) რატომ არის იესო ღვთისადმი შიშის გამოვლენის საუკეთესო მაგალითი?

6 როდესაც იეჰოვას მოშიშებს მტრები აიძულებენ, ღვთისადმი მსახურება შეწყვიტონ, მათ შეუძლიათ გაიხსენონ იესოს სიტყვები: „ვინც სხვების წინაშე აღიარებს, რომ ერთობაშია ჩემთან, კაცის ძეც აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე, რომ ერთობაშია მასთან. ვინც მე უარმყოფს სხვების წინაშე, უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე“ (ლუკა 12:8, 9). ეს სიტყვები ძალას მატებს ქრისტიანებს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აკრძალულია. ისინი სიფრთხილეს ავლენენ და კვლავაც განადიდებენ იეჰოვას ქრისტიანულ შეხვედრებზე და მსახურებაში (საქმეები 5:29). იესომ „ღვთის შიშის“ გამოვლენის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (ებრაელები 5:7). იესოზე შესრულდა წინასწარმეტყველება: „მასზე დაივანებს იეჰოვას სული . . . იეჰოვას შიშის სული; სიამოვნებას მოჰგვრის მას იეჰოვას შიში“ (ესაია 11:2, 3). ამიტომ იესოს საუკეთესოდ შეუძლია დაგვანახვოს, თუ რა კურთხევები მოაქვს ღვთისადმი შიშს.

7. ა) რომელ მოწვევას ეხმაურებიან ქრისტიანები? ბ) როგორ შეუძლიათ მშობლებს მიბაძონ დავითის კარგ მაგალითს?

7 ყველა, ვინც ბაძავს იესოს და მისი სწავლების თანახმად ცხოვრობს, ეხმაურება მოწვევას: „მოდით, შვილებო, მომისმინეთ, იეჰოვას შიშს გასწავლით“ (ფსალმუნი 34:11). დავითი, ჩვეულებრივ, თავის ხალხს შვილებს უწოდებდა, რადგან ისინი ხელმძღვანელობისთვის მას მიმართავდნენ. ის სულიერად აძლიერებდა თავის ხალხს, რათა მათ ერთობა და ღვთის კეთილგანწყობა ჰქონოდათ. რა შესანიშნავი მაგალითია ქრისტიანი მშობლებისთვის! იეჰოვამ ძალაუფლება მისცა მშობლებს, რომ შვილები ‘იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ’ (ეფესოელები 6:4). თუ მშობლები ყოველდღე ესაუბრებიან შვილებს სულიერ საკითხებზე და მათთან რეგულარულად სწავლობენ ბიბლიას, ისინი ეხმარებიან შვილებს, ჰქონდეთ იეჰოვას შიში და ბედნიერები იყვნენ (კანონი 6:6, 7).

როგორ გამოვავლინოთ ღვთის შიში ცხოვრებაში?

8, 9. ა) რატომ გვსურს, ღვთისმოშიშებით ვიცხოვროთ? ბ) რა იგულისხმება ენის დაცვაში?

8 როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, იეჰოვას შიში სიხარულს არ გვართმევს. დავითმა იკითხა: „ვის სიამოვნებს სიცოცხლე და ვის სურს კარგი დღეების ხილვა?“ (ფსალმუნი 34:12). ცხადია, იეჰოვას შიში მნიშვნელოვანია, რომ ბედნიერები და დღეგრძელები ვიყოთ. მაგრამ ერთია, თქვა, რომ გეშინია ღმერთის და მეორეა, საქმით დაამტკიცო ეს. დავითმა ახსნა, თუ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ღვთის შიში.

9 „ენა ცუდის თქმისგან დაიცავი და ბაგეები — მზაკვრული ლაპარაკისგან“ (ფსალმუნი 34:13). პეტრე მოციქულმა ღვთის სულის შთაგონებით ეს აზრი გაიმეორა, როცა ქრისტიანებს ურჩია, ძმათმოყვარენი ყოფილიყვნენ (1 პეტრე 3:8—12). თუ ცუდის თქმისგან ენას ვიცავთ, ჭორებს არ ვავრცელებთ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენი საუბრები გამამხნევებელი იყოს სხვებისთვის. გარდა ამისა, ვცდილობთ, გამბედავები ვიყოთ და ყოველთვის ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ (ეფესოელები 4:25, 29, 31; იაკობი 5:16).

10. ა) ახსენით, რას ნიშნავს, ზურგი ვაქციოთ ბოროტებას. ბ) რა იგულისხმება კარგის კეთებაში?

10 „ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე; მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე“ (ფსალმუნი 34:14). ჩვენ ვერიდებით სექსუალურ უზნეობას, პორნოგრაფიას, ქურდობას, სპირიტიზმს, ძალადობას, ლოთობას და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებას, ანუ ყველაფერს, რასაც იეჰოვა განსჯის. ჩვენ აგრეთვე ვერიდებით გართობის ისეთ სახეობებს, რომლებშიც ჭარბობს ასეთი სისაძაგლეები (ეფესოელები 5:10—12). ჩვენ დროს კარგი საქმეებისთვის ვიყენებთ. ყველაზე დიდი სიკეთე სამეფოს შესახებ რეგულარულად ქადაგება და მოწაფეების მომზადების საქმიანობაა, რითაც სხვებს გადარჩენაში ვეხმარებით (მათე 24:14; 28:19, 20). კარგის კეთებაში აგრეთვე იგულისხმება ქრისტიანული შეხვედრებისთვის მომზადება და მათზე დასწრება, მსოფლიო საქმისთვის მატერიალური შესაწირავების გაღება, სამეფო დარბაზის მოვლა და თანაქრისტიანების მოთხოვნილებებზე ზრუნვა.

11. ა) როგორ ცხადყო დავითმა, რომ არამარტო სიტყვებით, არამედ საქმეებითაც უჭერდა მხარს მშვიდობას? ბ) როგორ შეგიძლიათ ისწრაფოთ მშვიდობისკენ კრებაში?

11 დავითმა მშვიდობისკენ სწრაფვის კარგი მაგალითი მოგვცა. მას ორჯერ ჰქონდა საულის მოკვლის შესაძლებლობა. ორივე შემთხვევაში მან თავი აარიდა ძალადობას; ის პატივისცემით ელაპარაკებოდა მეფეს, რომ მშვიდობა აღედგინა (1 სამუელი 24:8—11; 26:17—20). როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ კრების სიმშვიდეს საფრთხე ემუქრება? ჩვენ უნდა ‘ვეძიოთ მშვიდობა და მისკენ ვისწრაფოთ’. ამიტომ, თუ ვგრძნობთ, რომ ჩვენსა და თანაქრისტიანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, უნდა გავითვალისწინოთ იესოს რჩევა, „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“, და შემდეგ მივიღოთ მონაწილეობა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში (მათე 5:23, 24; ეფესოელები 4:26).

ღვთისმოშიშებას უამრავი კურთხევა მოაქვს

12, 13. ა) რა კურთხევებს იღებენ ღვთისმოშიშები დღეს? ბ) რა უდიდეს ჯილდოს მიიღებენ მალე ღვთის ერთგული თაყვანისმცემლები?

12 „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმუნი 34:15). ღვთის დამოკიდებულება დავითის მიმართ ამტკიცებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. დღეს ჩვენც განვიცდით სიხარულსა და შინაგან სიმშვიდეს, რადგან ვიცით, რომ იეჰოვას თვალი ჩვენკენ აქვს მოპყრობილი. ჩვენ გვჯერა, რომ ის ყოველთვის ზრუნავს ჩვენს მოთხოვნილებებზე, მაშინაც კი, თუ გასაჭირში ვართ. ჩვენ ვიცით, რომ მალე წინასწარმეტყველების თანახმად, გოგი მაგოგის მიწიდან თავს დაესხმება ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს და „იეჰოვას . . . შიშის მომგვრელი დღე“ დაიწყება (იოელი 2:11, 31; ეზეკიელი 38:14—18, 21—23). რაც არ უნდა შეგვემთხვეს, ჩვენზეც შესრულდება დავითის სიტყვები: „მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას, მანაც მოუსმინა და ყველა გასაჭირიდან დაიხსნა ისინი“ (ფსალმუნი 34:17).

13 რა სასიხარულო იქნება იმის დანახვა, რომ იეჰოვა განადიდებს თავის დიდებულ სახელს! მაშინ, როგორც არასდროს, უდიდესი შიშისა და მოწიწების გრძნობა დაგვეუფლება, ჩვენს მოწინააღმდეგეებს კი დამამცირებელი აღსასრული ექნებათ. „იეჰოვას ცუდის გამკეთებელთა წინააღმდეგ აქვს სახე მიმართული, რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი“ (ფსალმუნი 34:16). რა დიდებული კურთხევა იქნება იეჰოვასგან ხსნა და ღვთის სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრება!

ღვთის დაპირებები მოთმინებაში გვეხმარება

14. რა დაგვეხმარება განსაცდელების დროს მოთმინებაში?

14 იეჰოვას რომ დავემორჩილოთ ამ მტრულად განწყობილ და უზნეო ქვეყნიერებაში, მოთმინება გვჭირდება. ღვთის შიში დიდ დახმარებას გვიწევს, რომ მორჩილება ვისწავლოთ. დღეს ძნელად ასატანი დროა, ამიტომ იეჰოვას ზოგი მსახური დიდი განსაცდელების წინაშე დგას, რაც გულს უტეხს და სულს უმწარებს მათ. მაგრამ ღვთის მსახურებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იეჰოვას თუ მიენდობიან, ის მოთმინების ძალას მისცემს მათ. რა მანუგეშებელია დავითის სიტყვები: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18). ის განაგრძობს: „მრავალი უბედურება ხვდება მართალს, მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას“ (ფსალმუნი 34:19). რამდენ განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვას შეუძლია ჩვენი ხსნა.

15, 16. ა) რა უბედურების შესახებ გაიგო დავითმა 34-ე ფსალმუნის დაწერიდან მალევე? ბ) რა დაგვეხმარება განსაცდელების გადატანაში?

15 ოცდამეთოთხმეტე ფსალმუნის დაწერიდან მალევე, დავითმა შეიტყო, რომ ნობის მცხოვრებლებს უბედურება დაატყდათ — საულმა გაჟლიტა ქალაქის მოსახლეობა და მღვდლების დიდი ნაწილი. ალბათ, ძალიან დამამწუხრებელი იქნებოდა დავითისთვის იმის გახსენება, რომ ნობში მის ჩასვლას საულის რისხვა მოჰყვა (1 სამუელი 22:13, 18—21). ის უეჭველად მიმართავდა იეჰოვას დახმარებისთვის და ნუგეშცემული იქნებოდა მართალთა აღდგომის იმედით (საქმეები 24:15).

16 დღეს ჩვენც გვანუგეშებს მკვდრეთით აღდგომის იმედი. ჩვენ ვიცით, რომ მტრებს არ შეუძლიათ გამოუსწორებელი ზიანის მოყენება (მათე 10:28). დავითიც დარწმუნებული იყო ამაში. მან თქვა: „ის იცავს [მართლის] ძვლებს, არც ერთი მათგანი არ გადატყდება“ (ფსალმუნი 34:20). ეს მუხლი პირდაპირი გაგებით შესრულდა იესოზე. თუმცა იესო სასტიკად მოკლეს, არც ერთი მისი ძვალი არ გადატეხილა (იოანე 19:36). მაგრამ ფსალმუნის 34:20 ჩვენც გვეხება. ეს მუხლი გვარწმუნებს, რომ რა სირთულეების წინაშეც არ უნდა იყვნენ სულითცხებულები და მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“, გამოუსწორებელ ზიანს მათ ვერავინ მიაყენებს. გადატანითი მნიშვნელობით, მათი ძვლები არასდროს გადატყდება (იოანე 10:16).

17. რა უბედურება დაატყდებათ თავს იეჰოვას ხალხის მოძულეებს?

17 ბოროტებისთვის საქმე სხვაგვარად დგას. მალე ისინი მოიმკიან იმ ბოროტების ნაყოფს, რასაც თესავდნენ. „უბედურება მოკლავს ბოროტს; მართლის მოძულეები დამნაშავეებად ჩაითვლებიან“ (ფსალმუნი 34:21). ყველას, ვინც ღვთის ხალხის დევნას განაგრძობს, არნახული უბედურება დაატყდება თავს. იესო ქრისტეს გამოცხადებისას „ისინი სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (2 თესალონიკელები 1:9).

18. რა გაგებით არის გამოსყიდული დღეს „უამრავი ხალხი“ და რა ელით მათ მომავალში?

18 დავითის ფსალმუნი მთავრდება შემდეგი გამამხნევებელი სიტყვებით: „იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სულებს; არც ერთი, ვინც მას აფარებს თავს, დამნაშავედ არ ჩაითვლება“ (ფსალმუნი 34:22). თავისი ორმოცწლიანი მეფობის დასასრულს დავითმა თქვა: „[ღმერთმა] ყველა გასაჭირიდან იხსნა ჩემი სული“ (1 მეფეები 1:29). დავითის მსგავსად, მალე იეჰოვას მოშიშებიც გაიხსენებენ წარსულს და გაიხარებენ იმით, რომ გამოსყიდულნი არიან ყველა დანაშაულისგან და გათავისუფლებულნი — ყველა განსაცდელისგან. ცხებული ქრისტიანების დიდმა ნაწილმა უკვე მიიღო ზეციერი ჯილდო. დღეს „უამრავი ხალხი“ ყველა ერიდან უერთდება იესოს ძმებს ღვთის მსახურებაში და შედეგად იეჰოვას თვალში ისინი წმინდები არიან. ეს შესაძლებელი გახდა იესოს დაღვრილი სისხლისადმი რწმენის საფუძველზე. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ისინი სრულად ისარგებლებენ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდით და სრულყოფილებას მიაღწევენ (გამოცხადება 7:9, 14, 17; 21:3—5).

19. რის კეთებას განაგრძობს კვლავაც „უამრავი ხალხი“?

19 რატომ მიიღებს ღვთის თაყვანისმცემელი „უამრავი ხალხი“ ამ კურთხევებს? მათ ეშინიათ იეჰოვასი, მოწიწებით ემსახურებიან მას და მოკრძალებით ემორჩილებიან. მართლაც, ღვთის შიშს ბედნიერება მოაქვს უკვე დღეს და გვეხმარება, ‘ჩავეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს’ — მარადიულ სიცოცხლეს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 6:12, 18, 19; გამოცხადება 15:3, 4).

გახსოვთ თუ არა?

• რატომ უნდა გვეშინოდეს ღვთისა და რა იგულისხმება ღვთის შიშში?

• რა გავლენას უნდა ახდენდეს ღვთის შიში ჩვენს ცხოვრებაზე?

• რა კურთხევები მოაქვს ღვთისმოშიშებას?

• რა დაპირებები გვეხმარება მოთმინებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

იეჰოვას მოშიშები აკრძალვების დროს სიფრთხილეს იჩენენ.

[სურათი 28 გვერდზე]

უდიდესი სიკეთე, რის გაკეთებაც მოყვასისთვის შეგვიძლია, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაა.