ველოდები სამეფოს, რომელიც „ამ ქვეყნიერების ნაწილი“ არ არის
ბიოგრაფია
ველოდები სამეფოს, რომელიც „ამ ქვეყნიერების ნაწილი“ არ არის
მოგვითხრო ნიკოლაი გუცულიაკმა
41 დღე-ღამის განმავლობაში აჯანყებულთა შორის მიწევდა ყოფნა ციხეში. მოულოდნელად ქვემეხების გრუხუნმა გამაღვიძა. ჯარისკაცები ტანკებით შემოიჭრნენ ბანაკში და პატიმრებს შეუტიეს. ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა.
ალბათ, გაინტერესებთ, როგორ აღმოვჩნდი ამ მდგომარეობაში. ნება მიბოძეთ, აგიხსნათ. ეს მოხდა 1954 წელს. მაშინ 30 წლის ვიყავი. საბჭოთა კავშირში მცხოვრები მრავალი იეჰოვას მოწმის მსგავსად, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგების გამო დამაპატიმრეს. ბანაკში 80 იეჰოვას მოწმე ვიყავით, აქედან — 46 ძმა და 34 და. ჩვენ ვიყავით სოფელ კენგირთან (ცენტრალური ყაზახეთი) მდებარე შრომა-გასწორების კოლონიაში, სადაც ათასობით პატიმარი იხდიდა სასჯელს.
საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი ერთი წლის წინ დაიღუპა. ბევრ პატიმარს იმედი ჰქონდა, რომ მოსკოვის ახალი მთავრობა იზრუნებდა ციხეში არსებული მძიმე პირობების გაუმჯობესებაზე. პატიმართა უკმაყოფილება საბოლოოდ აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებულები მცველებს დაუპირისპირდნენ; მოწმეები იძულებულები ვიყავით, ჩვენი ნეიტრალური პოზიცია ორივე მხარისთვის აგვეხსნა. ნეიტრალიტეტის დასაცავად ძლიერი რწმენა იყო საჭირო.
აჯანყება
კოლონიაში აჯანყებამ 16 მაისს იფეთქა. ორი დღის შემდეგ 3 200-ზე მეტმა პატიმარმა უარი თქვა მუშაობაზე. ისინი პირობების გაუმჯობესებასა და პოლიტიკური პატიმრებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითხოვდნენ. მოვლენები სწრაფად განვითარდა. თავდაპირველად, აჯანყებულებმა მცველები გააძევეს. შემდეგ ადგილ-ადგილ გაარღვიეს მესერი და დაანგრიეს კედელი, რომელიც კაცებისა და ქალების საკნებს ჰყოფდა; მათ შექმნეს ეგრეთ წოდებული ოჯახური ბარაკები, რასაც მხიარული დღეები მოჰყვა. ზოგი პატიმარი დაქორწინდა კიდეც. საქორწინო ცერემონიალს უძღვებოდა მღვდელი, რომელიც ასევე პატიმარი იყო. აჯანყებამ მოიცვა კოლონიის სამი განყოფილება და 14 000 პატიმრიდან უმეტესობამ მონაწილეობა მიიღო მასში.
აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს კომიტეტი, რომელიც სამხედროებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ცოტა ხანში კომიტეტის წევრებს შორის უთანხმოებამ იჩინა თავი, რის შედეგადაც ძალაუფლება ყველაზე აგრესიული პატიმრების ხელში აღმოჩნდა. მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. აჯანყებულთა ლიდერებმა დააარსეს უშიშროებისა და სამხედრო განყოფილებები; ასევე „წესრიგის“ შესანარჩუნებლად შექმნეს განყოფილება, რომელიც პროპაგანდას ეწეოდა. პატიმრებში აჯანყების სულისკვეთების შესანარჩუნებლად მეთაურები იყენებდნენ ხმის გამაძლიერებელ საშუალებებს, რომლებიც ბანაკში სხვადასხვა ადგილას ბოძებზე იყო დამონტაჟებული. აჯანყებულები არავის აძლევდნენ ბანაკის დატოვების უფლებას, სჯიდნენ მათ, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და აცხადებდნენ, რომ მოკლავდნენ ყველას, ვინც მათ არ მოეწონებოდათ. ხმები დადიოდა, რომ მათ ზოგი პატიმარი მოკლეს კიდეც.
ისინი სამხედროების თავდასხმას ელოდნენ, ამიტომ გულდასმით ემზადებოდნენ თავდასაცავად. აჯანყების მეთაურების განკარგულებით, ყველა პატიმარს უნდა ეზრუნა შეიარაღებაზე, რათა ბანაკი დაცული ყოფილიყო. ამისათვის პატიმრებმა რკინის გისოსებისგან დანები და სხვა იარაღი დაამზადეს. მათ ხელში ჩაიგდეს ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი საშუალებები.
ზეწოლა მოწმეებზე
იმ პერიოდში ჩემთან ორი აჯანყებული მოვიდა. ერთს ხელში ბასრი დანა ეჭირა. „აიღე ეს! — მიბრძანა მან. — თავის დასაცავად გამოგადგება“. გულში ვთხოვე იეჰოვას, სიმშვიდე მოეცა. შემდეგ მათ ვუთხარი: „მე იეჰოვას მოწმე ვარ. მოწმეები აქ იმიტომ მოვხვდით, რომ ვიბრძვით არა ადამიანების წინააღმდეგ, ეფესოელები 6:12).
არამედ უხილავი სულიერი ძალების წინააღმდეგ. ჩვენი იარაღი რწმენა და იმედია, რომელსაც ღვთის სამეფოზე ვამყარებთ“ (ჩემდა გასაკვირად, ამ კაცმა თავი დამიქნია, თუმცა მეორემ მაგრად დამარტყა. აჯანყებულები ბარაკიდან ბარაკში გადადიოდნენ და მოწმეებს აიძულებდნენ, აჯანყებას შეერთებოდნენ. მაგრამ ვერც ერთი მოწმე ვერ დაიყოლიეს.
აჯანყებულთა კომიტეტმა ერთ-ერთ შეხვედრაზე გაარჩია იეჰოვას მოწმეების ნეიტრალური პოზიცია. ისინი ამბობდნენ: „ნებისმიერი რწმენის მიმდევარი — ორმოცდაათიანელი, ადვენტისტი, ბაპტისტი თუ სხვა, აჯანყებაში შემოგვიერთდა, მხოლოდ იეჰოვას მოწმეები ამბობენ უარს. რა ვუყოთ მათ?“ ვიღაცამ თქვა, რომ ერთი მოწმე ღუმელში დაეწვათ, და ამით დავეშინებინეთ. მაგრამ ერთმა ყოფილმა სამხედრო პირმა, რომელიც ამჟამად პატიმარი იყო და სხვების პატივისცემით სარგებლობდა, თქვა: „რა სისულელეა! ისინი უნდა შევყაროთ განაპირა ბარაკში, ჭიშკართან ახლოს. თუ ჯარისკაცები ტანკებით შემოვლენ, პირველად მოწმეებს გადაუვლიან და მათ სიკვდილში დამნაშავეები ჩვენ არ ვიქნებით“. ეს აზრი ყველას მოეწონა.
საფრთხის წინაშე
ამ შეხვედრის შემდეგ პატიმრებმა ბანაკს ყვირილით შემოუარეს: „იეჰოვას მოწმეებო, გამოდით გარეთ!“ შემდეგ ოთხმოცივე მოწმე შეგვყარეს განაპირა ბარაკში, საიდანაც საწოლები გამოათრიეს, რომ ყველანი დავტეულიყავით. ეს ბარაკი ჩვენთვის ციხე იყო ციხეში.
ქრისტიანმა დებმა ბარაკი ორ ნაწილად გაყვეს ერთმანეთზე გადაკერებული ზეწრებით, რათა ძმები და დები ცალ-ცალკე ვყოფილიყავით (მოგვიანებით ერთმა ძმამ ეს ბარაკი დახატა. იხილეთ ქვემოთ). ასეთ სივიწროვეში ხშირად ვლოცულობდით ერთად და ვთხოვდით იეჰოვას სიბრძნესა და „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7).
მთელი ამ ხნის მანძილზე საფრთხე გვემუქრებოდა როგორც აჯანყებულების, ისე საბჭოთა ჯარის მხრიდან. ვინ რას მოიმოქმედებდა, არ ვიცოდით. ერთმა მოხუცმა ერთგულმა ძმამ გვითხრა: „ბევრს ნუ ფიქრობთ ამაზე, იეჰოვა არ მიგვატოვებს“.
ჩვენმა ძვირფასმა ქრისტიანმა დებმა, ახალგაზრდებმაც და მოხუცებმაც, არაჩვეულებრივი მოთმინება გამოავლინეს. ერთი და, რომელიც დაახლოებით 80 წლის იყო, განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებდა. ზოგი ავად იყო და სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. მთელი იმ ხნის მანძილზე ბარაკის კარი ღია უნდა ყოფილიყო, რათა აჯანყებულებს თვალყური ედევნებინათ ჩვენთვის. ღამით შეიარაღებული პატიმრები ბარაკში შემოდიოდნენ. ზოგჯერ ისინი ამბობდნენ: „ღვთის სამეფოს სძინავსო“. დღისით სასადილოში გასვლის ნებას გვრთავდნენ; იქ ერთად ვიყავით და იეჰოვას ვთხოვდით, რომ დავეცავით მოძალადეებისგან.
ბარაკში ერთმანეთს სულიერად ვაძლიერებდით. მაგალითად, ერთი ძმა ხშირად იხსენებდა ბიბლიაში ჩაწერილ შემთხვევებს და ყველას გასაგონად ყვებოდა მათ; შემდეგ ამ შემთხვევებს ჩვენს მდგომარეობას ადარებდა. ერთ მოხუცს ძმას უყვარდა გედეონის ჯარზე ლაპარაკი. ის ამბობდა: „არ დაგავიწყდეთ, იეჰოვას სახელით 300-მა კაცმა საკრავებით ხელში 135 000-კაციანი ჯარის წინააღმდეგ გაილაშქრა. სამასივე უვნებელი დაბრუნდა შინ“ (მსაჯულები 7:16, 22; 8:10). ეს და ბიბლიაში ჩაწერილი სხვა შემთხვევები სულიერად გვაძლიერებდა. მე ახალი მონათლული ვიყავი და ძალიან მამხნევებდა გამოცდილი და-ძმების რწმენის დანახვა. ვგრძნობდი, რომ იეჰოვა ჩვენთან იყო.
შეტაკება
გადიოდა კვირები და მდგომარეობა იძაბებოდა. გახშირდა მოლაპარაკებები მთავრობასა და აჯანყებულებს შორის. აჯანყებულთა მეთაურები ცენტრალური ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, რომ მათთან წარმომადგენელი გაეგზავნათ. მთავრობა კი აჯანყებულებისგან მოითხოვდა დანებებას, იარაღის ჩაბარებასა და მუშაობის განახლებას. არც ერთი მხარე დათმობაზე არ მიდიოდა. იმ დროისთვის ბანაკი სამხედროებმა ალყაში მოაქციეს. ისინი მზად იყვნენ, პირველივე ბრძანებაზე შტურმით აეღოთ ბანაკი. აჯანყებულებიც მზად იყვნენ საბრძოლველად. მათ ბარიკადები აღმართეს და იარაღი მოიმარაგეს. პატიმრებსა და სამხედროებს შორის შეტაკება შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში დაწყებულიყო.
26 ივნისს ქვემეხების გრუხუნმა გაგვაღვიძა. ტანკებმა ღობე გაარღვიეს და ბანაკში შემოიჭრნენ. მათ ჯარისკაცები მოჰყვებოდნენ და ავტომატებიდან ისროდნენ. პატიმრები, კაცები და ქალები, ტანკებისკენ გაიქცნენ ყვირილით: „ვაშა!“ ისინი ესროდნენ ქვებს, ხელნაკეთ ჭურვებსა და
ყველაფერს, რაც ხელში ხვდებოდათ. ამას გაცხარებული ბრძოლა მოჰყვა და მოწმეები დაპირისპირებულ მხარეებს შორის აღმოვჩნდით. როგორ უპასუხა იეჰოვამ ჩვენს ლოცვებს?უეცრად ჯარისკაცები ჩვენს ბარაკში შემოიჭრნენ. ისინი ყვიროდნენ: „გამოდით, წმინდანებო! სწრაფად, ყველანი ბანაკის გარეთ!“ ოფიცერმა ჯარისკაცებს უბრძანა, ცეცხლი არ გაეხსნათ და დავეცავით. ჩვენ ბრძოლის დროს ბანაკთან ახლოს, მინდორში ვიმყოფებოდით. ოთხი საათის განმავლობაში აფეთქებები, სროლა, ყვირილი და კვნესა გვესმოდა. ბოლოს სიჩუმე ჩამოვარდა. დილით დავინახეთ, როგორ გაჰქონდათ ჯარისკაცებს ბანაკიდან გვამები. როგორც გავიგეთ, ასობით ადამიანი დაიჭრა და მოკვდა.
იმავე დღეს ერთი ოფიცერი, რომელსაც მანამდე ვიცნობდი, ჩემთან მოვიდა და მკითხა: „აბა ნიკოლაი, ვინ გადაგარჩინათ, ჩვენ თუ იეჰოვამ?“ ჩვენ დიდი მადლობა გადავუხადეთ მათ, რომ გვიხსნეს, და დავძინეთ: „გვჯერა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა, იეჰოვამ აღგძრათ, გადაგერჩინეთ, ისევე როგორც ძველ დროში აღძრავდა სხვებს, მისი მსახურები ეხსნათ“ (ეზრა 1:1, 2).
ამ ოფიცერმა გვითხრა, თუ როგორ გაიგეს ჩვენი ადგილსამყოფელი და ვინაობა. ერთ-ერთი მოლაპარაკების დროს სამხედროებმა ბრალი დასდეს აჯანყებულებს იმ პატიმრების დახოცვაში, რომლებმაც მათ მხარი არ დაუჭირეს. თავის გასამართლებლად აჯანყებულებმა მიუგეს, რომ იეჰოვას მოწმეები არ მონაწილეობდნენ აჯანყებაში, მაგრამ ისინი არ დაუხოცავთ; დასჯის მიზნით, ისინი ერთ ბარაკში დაამწყვდიეს. სამხედროებს ეს ინფორმაცია არ დავიწყებიათ.
სამეფოს მხარე დავიკავეთ
ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი თავის წიგნში მოიხსენიებს ამ აჯანყებას. აჯანყების მიზეზზე ის წერდა: „ცხადია, თავისუფლება გვინდა . . . მაგრამ ვინ გვაღირსებს?!“ („The Gulag Archipelago“). იმ ბანაკში იეჰოვას მოწმეებსაც თავისუფლება გვინდოდა, მაგრამ არა მარტო ციხიდან გათავისუფლება, არამედ ნამდვილი თავისუფლება, რომელსაც მხოლოდ ღვთის სამეფო მოგვიტანდა. ციხეში ყოფნის დროს ღვთის დახმარება გვჭირდებოდა, რომ მისი სამეფოს ერთგულები ვყოფილიყავით. იეჰოვამ ყველანაირად დაგვიჭირა მხარი. ჩვენ გავიმარჯვეთ იარაღის გარეშე, იეჰოვას დახმარებით (2 კორინთელები 10:3).
იესო ქრისტემ პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ“ (იოანე 18:36). როგორც ქრისტეს მიმდევრებმა, ჩვენ უარი განვაცხადეთ პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობაზე. აჯანყების დროს და მის შემდეგაც ყველა ხედავდა, რომ ღვთის სამეფოს ერთგულები ვიყავით, და ეს ძალიან გვახარებდა. სოლჟენიცინი ჩვენ შესახებ წერდა: „იეჰოვას მოწმეები მტკიცედ იდგნენ თავიანთ პოზიციაზე და უარს ამბობდნენ სიმაგრეების აგებასა და გუშაგობაზე“.
ამ საშინელი მოვლენების შემდეგ 50 წელზე მეტი გავიდა. ხშირად ვიხსენებ იმ დროს და მადლიერი ვარ, რომ ვისწავლე, დაველოდო იეჰოვას და ბოლომდე მივენდო მას. ყოფილ საბჭოთა კავშირში მცხოვრები მრავალი საყვარელი და-ძმის მსგავსად, დავინახე, რომ იეჰოვა ათავისუფლებს, იცავს და იხსნის მათ, ვინც ელოდება სამეფოს, რომელიც „ამ ქვეყნიერების ნაწილი“ არ არის.
[სურათები 8, 9 გვერდებზე]
შრომა-გასწორების კოლონია ყაზახეთში, სადაც მე ვიყავი.
[სურათი 10 გვერდზე]
მოწმეთა ბარაკის ის ნაწილი, სადაც დები იყვნენ.
[სურათი 11 გვერდზე]
ქრისტიან ძმებთან ერთად გათავისუფლების შემდეგ.