მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
● თუ უხუცესის ან მომსახურის შვილი, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს, „აღვირახსნილობაშია ბრალდადებული“, რის საფუძველზე იქნება შესაძლებელი, რომ ოჯახისთავმა კვლავ შეასრულოს კრებაში პასუხისმგებლობები?
წმინდა წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ დაქორწინებული მამაკაცები, რომლებსაც კრებაში პასუხისმგებლობები აკისრიათ, სამაგალითო ოჯახისთავები უნდა იყვნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ზედამხედველი . . . ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ (რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?)“ (1 ტიმოთე 3:2, 4, 5). „მომსახურე უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი, შვილებისა და ოჯახის კარგი გამგებელი“ (1 ტიმოთე 3:12).
კრებას შეუძლია მართებულად მოელოდეს, რომ უხუცესები, მომსახურეები და მათი ოჯახები სამაგალითო ქრისტიანული ცხოვრებით იქნებიან გამორჩეულები (შეადარეთ 1 ტიმოთეს 4:12; 1 პეტრეს 5:3). სხვა შემთხვევაში კრების სულიერ კეთილდღეობას საფრთხე შეექმნებოდა. მაგალითად, თუ უხუცესის ან მომსახურის შვილი არ ითვალისწინებს ბიბლიურ პრინციპებს, ამან შეიძლება აღძრას კრების სხვა ბავშვები, მის მსგავსად მოიქცნენ და თავიანთი არასწორი საქციელი გაამართლონ (შეადარეთ 1 კორინთელების 8:9—13; 10:31, 32). სიტუაცია უფრო რთულდება, თუ უხუცესის ან მომსახურის შვილი სერიოზულ ცოდვას სჩადის.
როდესაც ასეთი ბავშვი თავისი საქციელით არცხვენს ოჯახსა და კრებას, უხუცესთა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია თუ არა ოჯახისთავს, კვლავ იმსახუროს უხუცესად ან მომსახურედ. უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს იმან, თუ თავად ეს ძმა ფიქრობს, რომ, ოჯახში არსებული ვითარების მიუხედავად, შეუძლია მსახურების გაგრძელება.
ძმამ რომ მსახურების გაგრძელება შეძლოს, უნდა არსებობდეს იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ მას შეუძლია ოჯახისთვის საჭირო სულიერი დახმარების გაწევა და ამ საკითხს დაუდევრად არ ეკიდებოდა. დაკვირვებულ მამას, ჩვეულებრივ, შეუძლია შენიშნოს ოჯახში არსებული პრობლემა, სანამ ის სერიოზულ სახეს მიიღებს. კაცს, რომელმაც იცის, ოჯახი როგორ განაგოს, შეუძლია ოჯახში არსებული არასასურველი სიტუაცია გააკონტროლოს. მიუხედავად იმისა, რომ შვილები შეიძლება არასწორად იქცეოდნენ, მამას უნდა შეეძლოს მათი შეგონება და აღზრდა ისე, რომ ‘აღვირახსნილები’ არ გახდნენ (ტიტე 1:6).
მიუხედავად მამის გულმოდგინე მცდელობისა, რომ ოჯახს სულიერად დაეხმაროს, შვილმა შეიძლება მაინც გადაუხვიოს ჭეშმარიტების გზიდან ან არასწორი საქციელი ჩაიდინოს. შესაძლოა სხვა შვილები სამაგალითო ქრისტიანები არიან, რაც ცხადყოფს, რომ მშობლებმა ისინი კარგად აღზარდეს. მეორეს მხრივ, თუ არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც ჯერ კიდევ სახლში ცხოვრობენ, გარკვეულ ასაკში ერთიმეორის მიყოლებით სერიოზულ სულიერ პრობლემებს ხვდებიან, რითაც არცხვენენ ოჯახსა და კრებას, ჩნდება ეჭვი, რამდენად ‘კარგად განაგებს მამა ოჯახს’. სიფრთხილეა საჭირო, რათა სიტუაცია არ გაუბრალოვდეს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბიბლიაში მოთხრობილია ესავის, სამუელის ვაჟებისა და სხვების შემთხვევები, რომლებიც არასწორად იქცეოდნენ (დაბადება 25:27—34; 26:34, 35; 1 სამუელი 8:2, 3, 5). გასათვალისწინებელია, რომ ბიბლიაში ძირითადად საუბარია გზასაცდენილ ადამიანებზე, რომლებიც ზრდასრულები იყვნენ და დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ისინი არ ექვემდებარებოდნენ მშობლების უფლებამოსილებასა და ხელმძღვანელობას იმ არასრულწლოვანი ბავშვებისგან განსხვავებით, ვისზეც ამ სტატიაშია საუბარი.
უხუცესის ან მომსახურის შვილის მიერ ჩადენილმა სერიოზულმა ცოდვამ შეიძლება კრების სულიერ კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნას, ამიტომ მამა ვალდებულია, ითანამშრომლოს უხუცესთა საბჭოსთან და სრული ინფორმაცია მიაწოდოს მათ. თავისი პასუხისმგებლობების შენარჩუნების მიზნით, მან არ უნდა გააუბრალოოს შვილის მიერ ჩადენილი სერიოზული ცოდვა ან არ უნდა დამალოს ის. თუმცა არც მეტისმეტად მკაცრი უნდა იყოს შვილის მიმართ (ეფესოელები 6:4). მამამ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა იღონოს, რომ ურჩ შვილს სულიერად დაეხმაროს. უპირველესად, მას ოჯახის სულიერი მდგომარეობა უნდა აღელვებდეს და არა კრებაში თავისი პასუხისმგებლობის შენარჩუნება (შეადარეთ 1 ტიმოთეს 5:8).
თუ შვილის სერიოზული დანაშაულის გამო კრებას გაუჩნდა ეჭვი, რამდენად კარგად განაგებს ძმა თავის ოჯახს, მან აღარ უნდა გააგრძელოს უხუცესად ან მომსახურედ მსახურება. თუ ძმა შეუფერებელია უხუცესად მსახურებისთვის, მაგრამ მეგობრობის ან თანაგრძნობის გამო სხვა უხუცესები გადაწყვეტილების მიღებისას გადაუხვევენ ბიბლიური პრინციპებიდან და ის კვლავ გააგრძელებს უხუცესად მსახურებას, მაშინ კრების სულიერობას საფრთხე დაემუქრება. მიზეზი ის არის, რომ უხუცესთა საბჭო კრების წევრების ნდობას დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში კრებაში სხვა ბავშვებსაც შეუძლიათ გაამართლონ თავიანთი ცუდი საქციელი. ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ ძმის ორატორული ან ორგანიზატორული ნიჭი და შესანიშნავი ხასიათი კი არ არის გადამწყვეტი, არამედ — რამდენად კარგად ასრულებს ის მამის მოვალეობას. თუ კარგად ასრულებს, მაშინ შეძლებს მსახურების გაგრძელებას. ასეთ შემთხვევაში, ძმის ოჯახში არსებული სიტუაციის განხილვისას, უხუცესთა საბჭო უნდა მოერიდოს ზედმეტ კრიტიკას.
● შეიძლება იმის თქმა, რომ ბიბლიის წიგნი „ფსალმუნები“ თავებად არის დაყოფილი?
ბიბლია 66 წიგნისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი არის „ფსალმუნები“. ისტორიული, მხატვრული თუ სხვა წიგნების მსგავსად ბიბლია თავებისგან შედგება. ამიტომ, როგორც წესი, ვამბობთ დაბადების პირველი თავი, მეორე თავი და ა. შ. ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ბიბლიის წიგნი „ფსალმუნები“ შეგვიძლია 150 თავად დავყოთ.
საყურადღებოა, რომ სიტყვა „ფსალმუნები“ აღებულია ბერძნული „სეპტუაგინტიდან“, სადაც მას „ფსალმოი“ ეწოდება. ეს ბერძნული სიტყვა ნიშნავს მუსიკალური საკრავების თანხლებით შესასრულებელ სიმღერებს. როგორც ჩანს, წიგნი „ფსალმუნები“ შედგება პოეტური ნაწარმოებებისგან, რომლებსაც შესაძლოა ქნარის თანხლებით მღეროდნენ. ერთ ლექსიკონში ფსალმუნი განიმარტება როგორც «თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი წმინდა სიმღერა ან ლექსი; ძირითადად, ბიბლიის წიგნ „ფსალმუნებში“ შემავალი ერთ-ერთი საგალობელი» („Webster’s New Collegiate Dictionary“).
ამიტომ, არც არასწორი იქნება და არც მიუღებელი, თუ ვიტყვით „ფსალმუნების მე-100 თავი“, მაგრამ უფრო ზუსტი იქნება — „მე-100 ფსალმუნი“. სწორედ ეს ფორმა გამოიყენა ლუკამ „მოციქულთა საქმეებში“, სადაც ვკითხულობთ: „როგორც მეორე ფსალმუნში წერია“ (საქმეები 13:33).