როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგია?
როგორ ამოვიცნოთ ჭეშმარიტი რელიგია?
ბევრი რელიგია ამტკიცებს, რომ ღვთის სიტყვას ასწავლის. ამიტომ ყურადსაღებია იოანე მოციქულის სიტყვები: „საყვარელნო, ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა, რადგან ქვეყნიერებაში მრავალი ცრუწინასწარმეტყველი გამოჩნდა“ (1 იოანე 4:1). როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ, მომდინარეობს თუ არა რომელიმე სწავლება ღვთისგან?
ყოველივე, რაც ღვთისგან გვაქვს ნაბოძები, ირეკლავს მის თვისებებს, განსაკუთრებით მის აღმატებულ თვისებას, სიყვარულს. მაგალითად, ყნოსვის წყალობით ვგრძნობთ ბალახების, ყვავილებისა და ახლად გამომცხვარი პურის სურნელს. ღვთის სიყვარულზე მოწმობს ისიც, რომ შეგვიძლია გავიხაროთ მზის ჩასვლის ნახვით, პეპლების სილამაზითა და პატარა ბავშვის ღიმილით. იმავეს თქმა შეიძლება სმენაზეც; ჩვენ გვსიამოვნებს ლამაზი მუსიკა, ჩიტების ჭიკჭიკი და საყვარელი ადამიანის ხმა. არასრულყოფილების მიუხედავად, ადამიანი ირეკლავს ღვთის სიყვარულს. სწორედ ამიტომ შეგვიძლია საკუთარ თავზე გამოვცადოთ იესოს სიტყვების ჭეშმარიტება: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35). ჩვენ გვსიამოვნებს სიყვარულის გამოვლენა, რადგან „ღვთის ანარეკლად“ ვართ შექმნილები (დაბადება 1:27). იეჰოვას ბევრი სხვა თვისებაც აქვს, მაგრამ სიყვარული აღმატებულია.
თუ წერილები ღვთისგანაა, ის ღვთის სიყვარულს უნდა ირეკლავდეს. მსოფლიოს რელიგიებს მრავალი უძველესი ხელნაწერი გააჩნია. მაგრამ ირეკლავს ისინი ღვთის სიყვარულს?
ფაქტია, რომ ძველ რელიგიურ ხელნაწერთა უმეტესობაში არაფერია ნათქვამი ღვთის სიყვარულზე ან იმაზე, როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი. ამიტომ მილიონობით ადამიანისთვის კვლავ უპასუხოდ რჩება კითხვა: „თუკი ღვთის სიყვარული მის ქმნილებებში ვლინდება, რატომ არ უჩანს ბოლო ტანჯვასა და ბოროტებას?“ უძველესი ხელნაწერებიდან ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომელიც ამომწურავად საუბრობს ღვთის სიყვარულზე. ის ასევე გვასწავლის სიყვარულს.
წიგნი, რომელიც სიყვარულზე საუბრობს
ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის „სიყვარულის ღმერთია“ (2 კორინთელები 13:11). ამ წიგნიდან ასევე ვიგებთ, რომ სიყვარულმა აღძრა ღმერთი, სრულყოფილი ადამიანები შეექმნა; მათ არ ემუქრებოდათ ავადმყოფობა და სიკვდილი. მაგრამ ღვთისადმი დაუმორჩილებლობამ ადამიანებს ტანჯვა-წამება მოუტანა (კანონი 32:4, 5; რომაელები 5:12). იეჰოვამ ზომები მიიღო, რომ მდგომარეობა გამოესწორებინა. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). წმინდა წერილები მეტ ნათელს ჰფენს ღვთის სიყვარულს. მასში ნათქვამია, რომ მორჩილ ადამიანთა საკეთილდღეოდ ღმერთმა დააფუძნა სრულყოფილი მთავრობა, რომლის სათავეშიც იესო დააყენა (დანიელი 7:13, 14; 2 პეტრე 3:13).
ბიბლია ადამიანის ვალდებულებას შემდეგი სიტყვებით აჯამებს: «„გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება. მეორე ამის მსგავსია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“. ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული მთელი კანონი» (მათე 22:37—40). ბიბლია აცხადებს, რომ ის ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. ის ნათლად აღგვიწერს იეჰოვას თვისებებს, ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის „სიყვარულის ღმერთისგან“ მომდინარეობს (2 ტიმოთე 3:16).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვსაზღვროთ, უძველესი ხელნაწერებიდან რომელი მომდინარეობს სინამდვილეში ღვთისგან. სიყვარული აგრეთვე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების ამოსაცნობი ნიშანია, რადგან ისინი ღმერთს ბაძავენ სიყვარულის გამოვლენაში.
როგორ ამოვიცნოთ ისინი, ვისაც ღმერთი უყვარს?
ვისაც ნამდვილად უყვარს ღმერთი, გამოირჩევა სხვებისგან, განსაკუთრებით ახლა, „ბოლო დღეებში“. ადამიანები არიან უფრო „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმოთე 3:1—4).
მაშ, როგორ ამოვიცნოთ ღვთის მოყვარული ადამიანები? ბიბლიაში ნათქვამია: „ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს“ (1 იოანე 5:3). თუ ადამიანს ღმერთი უყვარს, ის ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს იცავს. მაგალითად, ღვთის სიტყვაში მოცემულია კანონები სქესობრივ ურთიერთობასა და ქორწინებაზე. სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ქორწინებაშია დასაშვები, ქორწინება კი მუდმივი კავშირია (მათე 19:9; ებრაელები 13:4). ერთი ესპანელი ქალი, პროფესიით თეოლოგი, იეჰოვას მოწმეთა შეხვედრას დაესწრო, სადაც ბიბლიაში მოცემული ზნეობრივი კანონები განიხილებოდა. მან თქვა: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არა მარტო ბიბლიაზე დაფუძნებულმა მოხსენებებმა, არამედ ამ ხალხის ერთიანობამ, მაღალმა ზნეობამ და კარგმა საქციელმა“.
გარდა იმისა, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღმერთი უყვართ, ისინი მოყვასის სიყვარულითაც გამოირჩევიან. მათი უმთავრესი დავალებაა, ესაუბრონ სხვებს კაცობრიობის ერთადერთი იმედის, ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14). ყველაზე დიდი სიკეთე, რის გაკეთებაც მათ მოყვასისთვის შეუძლიათ, ღვთის შესახებ შემეცნების გაზიარებაა (იოანე 17:3). ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულს სხვა მხრივაც ავლენენ. ისინი გასაჭირის დროს ეხმარებიან სხვებს. მაგალითად, როცა იტალიაში მიწისძვრა მოხდა, ადგილობრივი გაზეთი იუწყებოდა, რომ იეჰოვას მოწმეებმა „პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულებს მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“.
ღვთისა და მოყვასის სიყვარულის გარდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს ერთმანეთიც უყვართ. იესომ თქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოანე 13:34, 35).
არის ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის არსებული სიყვარული აშკარად შესამჩნევი? ემა, რომელიც შინამოსამსახურეა, ასე ფიქრობს. ის მუშაობს ლა-პასში (ბოლივია), სადაც ეთნიკური განსხვავება ადამიანებს ხშირად მდიდრებად და ღარიბებად ყოფს. მან თქვა: „როცა პირველად იეჰოვას მოწმეთა შეხვედრას დავესწარი, დავინახე, რომ ერთი კარგად ჩაცმული მამაკაცი ინდიელ ქალბატონს ელაპარაკებოდა. აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს. იმ წუთას მივხვდი, რომ ეს ღვთის ხალხი იყო“. ახალგაზრდა ბრაზილიელმა ქალმა, მირიამმაც მსგავსი რამ თქვა: „ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, საკუთარ ოჯახშიც კი. ნამდვილი
სიყვარული პირველად იეჰოვას მოწმეებს შორის დავინახე“. შეერთებულ შტატებში ერთი სატელევიზიო არხის საინფორმაციო მაუწყებლობის დირექტორმა დაწერა: „ყველა რომ თქვენი რელიგიის მიმდევარი ყოფილიყო, ჩვენი ხალხი ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა. მე ტელეწამყვანი ვარ და ვიცი, რომ თქვენი ორგანიზაცია სიყვარულსა და შემოქმედისადმი ძლიერ რწმენაზეა დაფუძნებული“.ეძებე ჭეშმარიტი რელიგია
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სიყვარულით გამოირჩევა. იესომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის პოვნა შეადარა სწორი გზის პოვნას და მასზე სიარულს. ეს მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. იესომ თქვა: „შედით ვიწრო ჭიშკრით, რადგან განიერი და ფართოა გზა, რომელსაც დაღუპვამდე მიჰყავს, და მრავალი დადის ამ გზით; ვიწროა ჭიშკარი და ვიწროა გზა, რომელსაც სიცოცხლემდე მიჰყავს, და ცოტანი პოვებენ მას“ (მათე 7:13, 14). ჭეშმარიტ ქრისტიანთა მხოლოდ ერთი ჯგუფი არსებობს, რომელიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზაზე დგას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ რელიგიას აირჩევ. თუ შენც იპოვი ამ გზას და მასზე ივლი, დარწმუნდები, რომ ცხოვრებაში საუკეთესო გზა, სიყვარულის გზა აირჩიე (ეფესოელები 4:1—4).
წარმოიდგინე, რა დიდ სიხარულს მოგიტანს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გზაზე სიარული! ეს ღმერთთან ერთად სიარულს ჰგავს. ღვთისგან სიბრძნესა და სიყვარულს ისწავლი, რათა სხვებთან კარგი ურთიერთობა გქონდეს. შენ გაიგებ, რა არის სიცოცხლის აზრი, რას გვპირდება ღმერთი და გექნება მომავლის იმედი. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ძებნას ნამდვილად აქვს აზრი!
[სურათი 5 გვერდზე]
უძველესი ხელნაწერებიდან მხოლოდ ბიბლია გვიმხელს, რა არის ღვთის სიყვარული.
[სურათები 7 გვერდზე]
ჭეშმარიტი ქრისტიანები სიყვარულით გამოირჩევიან.