სიხარულით დაველოდოთ იეჰოვას
სიხარულით დაველოდოთ იეჰოვას
გიჭამიათ ოდესმე მკვახე ხილი? უეჭველია, არ მოგეწონებოდათ. ხილის დასამწიფებლად დროა საჭირო, ამიტომ უნდა დაველოდოთ. ლოდინი სხვა შემთხვევებშიც ფასდება. ბიბლიაში ნათქვამია: „კარგია, როცა კაცი ხსნას ელის იეჰოვასგან, თუნდაც მდუმარედ“ (გოდება 3:26; ტიტე 2:13). როგორ უნდა დაველოდოთ ქრისტიანები იეჰოვას? რატომ არის კარგი, რომ ველოდებით იეჰოვას?
რას ნიშნავს, დაველოდოთ ღმერთს?
ქრისტიანები ‘ველით და ყოველთვის გვახსოვს ის დრო, როცა დადგება იეჰოვას დღე’. ჩვენ ველით ღვთის მიერ უღვთოების განადგურებას (2 პეტრე 3:7, 12). იეჰოვას ძალიან უნდა, ბოლო მოუღოს ბოროტებას, მაგრამ ელოდება იმ დროს, როცა ქრისტიანების ხსნით მისი სახელი განდიდდება. ბიბლია ამბობს: „ღმერთი, რომელსაც სურს, აჩვენოს თავისი რისხვა და აუწყოს თავისი ძლიერება, დიდი სულგრძელობით უთმენდა დასაღუპავად გამზადებულ რისხვის ჭურჭელს, რათა ეჩვენებინა თავისი დიდების სიმდიდრე წყალობის ჭურჭელზე“ (რომაელები 9:22, 23). როგორც ნოეს დროს, ისე დღეს, იეჰოვამ იცის, როდის იხსნას თავისი ხალხი (1 პეტრე 3:20). ამიტომ დაველოდოთ ღმერთს, ნიშნავს, დაველოდოთ იმ დროს, როცა ღმერთი მოქმედებას დაიწყებს.
იეჰოვას დღის მოლოდინში შეიძლება დროდადრო გულგატეხილობა დაგვეუფლოს, რადგან ზნეობრივი ნორმები ქვეყნიერებაში სულ უფრო და უფრო ეცემა. ამ დროს კარგია, გავიხსენოთ წინასწარმეტყველ მიქას სიტყვები: „მოისპო დედამიწაზე ერთგული ადამიანი და არ არის მართალი კაცი ადამიანთა შორის“. შემდეგ მან დასძინა: „მე კი კვლავაც იეჰოვასკენ მექნება მიპყრობილი მზერა. მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს“ (მიქა 7:2, 7). რას ნიშნავს ‘მოთმინებით ლოდინი’? როგორ შეგვიძლია სიხარულით დაველოდოთ ღმერთს მიუხედავად იმისა, რომ ლოდინი ადვილი არ არის?
სიხარულით ლოდინი
ლოდინის დროს სწორი თვალსაზრისის განვითარებაში იეჰოვას მაგალითი გვეხმარება. ის ‘ბედნიერი ღმერთია’ (1 ტიმოთე 1:11). ლოდინის მიუხედავად, იეჰოვა ბედნიერია, რადგან განაგრძობს თავისი თავდაპირველი განზრახვის შესრულებას (რომაელები 5:12; 6:23). ღმერთი ხარობს თავისი შრომის ნაყოფით — მილიონობით ადამიანი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაშია გაერთიანებული. იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოანე 5:17). სხვებზე ზრუნვას ბედნიერება მოაქვს (საქმეები 20:35). ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანები უქმად არ არიან. ისინი ეხმარებიან ხალხს, რომ მათ ღვთის განზრახვების შესახებ გაიგონ.
ერთგულ ადამიანებს ლოდინის დროს ყოველთვის სიხარულს ანიჭებდა ღვთის განდიდება. დავფიქრდეთ ფსალმუნმომღერალ დავითის მაგალითზე. მას მეფე დევნიდა, ახლო მეგობარმა უღალატა და ვაჟი აუჯანყდა. შეეძლო დავითს, სიხარულით დალოდებოდა იეჰოვასგან ხსნას? 71-ე ფსალმუნში, რომელიც, როგორც ჩანს, დავითმა დაწერა, ნათქვამია: „მე კი მუდამ მოლოდინში ვიქნები და უფრო მეტად შეგაქებ. ჩემი პირი ილაპარაკებს შენს სიმართლეზე, მთელი დღე — შენგან ხსნაზე“ (ფსალმუნი 71:14, 15). დავითს ლოდინის დროს სიხარული არ დაუკარგავს, რადგან ის იეჰოვას განდიდებით იყო დაკავებული და სხვებსაც სულიერად განამტკიცებდა (ფსალმუნი 71:23).
იეჰოვას მოლოდინი არასოდეს არის ისეთი გამაღიზიანებელი, როგორც დაგვიანებული ავტობუსის ლოდინი. ეს შეგვიძლია შევადაროთ მშობლების ლოდინს, რომლებსაც ახარებთ იმის დანახვა, თუ როგორ იზრდება მათი შვილი. ამ დროს მშობლები უმოქმედოდ არ არიან: ისინი ასწავლიან, შეაგონებენ და სჯიან შვილს, რათა სასურველ შედეგებს მიაღწიონ. მსგავსად ამისა, იეჰოვას მოლოდინში სიხარულს გვანიჭებს ის, რომ სხვებს ვეხმარებით ღმერთთან დაახლოებაში. ჩვენც გვსურს, ღვთის მოწონება დავიმსახუროთ და ხსნა მოვიპოვოთ.
ნუ დავკარგავთ იმედს!
იეჰოვას მოლოდინში სიყვარულით უნდა განვაგრძოთ მსახურება და იმედი არ უნდა დავკარგოთ. თუმცა ეს შეიძლება ადვილი არ იყოს. დღეს ღვთის მრავალ მსახურს ისეთ საზოგადოებაში უწევს ცხოვრება, სადაც მათ რწმენას აბუჩად იგდებენ. დავფიქრდეთ, რა დაეხმარა ერთგულ ისრაელებს, იმედი არ დაეკარგათ ბაბილონში 70-წლიანი გადასახლების დროს. უეჭველია, მათ ფსალმუნების კითხვა ამხნევებდა. ერთ გამამხნევებელ ფსალმუნში, რომელიც, შესაძლოა, იმ პერიოდში დაიწერა, ნათქვამია: „შენს სიტყვას ველი. იეჰოვას ელის ჩემი სული უფრო მეტად, ვიდრე გუშაგი — დილას, ვიდრე გუშაგი — დილას. დაელოდოს ისრაელი იეჰოვას“ (ფსალმუნი 130:5—7).
ებრაელები, რომლებიც ღვთის სიტყვას კითხულობდნენ და მსჯელობდნენ მასზე, იმედს ინარჩუნებდნენ. მათი იმედი გამართლდა, როცა ბაბილონი დაეცა, და ათასობით ერთგული ებრაელი დაბრუნდა იერუსალიმში. იმ დროის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „როცა იეჰოვამ დააბრუნა სიონის ტყვეები . . . მაშინ გვიცინოდა პირი“ (ფსალმუნი 126:1, 2). მათ იმედი არ დაუკარგავთ; ისინი რწმენას იძლიერებდნენ და საგალობლებით განადიდებდნენ იეჰოვას.
ჭეშმარიტი ქრისტიანებიც, რომლებიც ღმერთს ელოდებიან ამ „ქვეყნიერების აღსასრულის“ პერიოდში, ძალისხმევას არ იშურებენ რწმენის განსამტკიცებლად. ისინი იკვლევენ ღვთის სიტყვას, ამხნევებენ ერთმანეთს და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით განადიდებენ იეჰოვას (მათე 24:3, 14).
ლოდინის პერიოდი სწავლისთვის გამოვიყენოთ
ღვთის წინასწარმეტყველმა იერემიამ დაწერა: „კარგია, როცა კაცი ხსნას ელის იეჰოვასგან, თუნდაც მდუმარედ“ (გოდება 3:26). სხვა სიტყვებით, ღვთის ხალხს არ უნდა ეწუწუნა იმის გამო, რომ იეჰოვამ ისინი იერუსალიმის განადგურებით დასაჯა. ისინი უნდა დაფიქრებულიყვნენ თავიანთ არასწორ მოქმედებებზე და აზროვნება უნდა შეეცვალათ (გოდება 3:40, 42).
ბიბლია ღვთისგან მომდინარე აღმზრდელობითი ზომების შედეგებს ადარებს ხილის დამწიფებას და ამბობს: „ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს იმკის — სიმართლეს“ (ებრაელები 12:11). როგორც ხილის დამწიფებას სჭირდება დრო, ასევე გვჭირდება ჩვენც დრო, რომ ღვთისგან მომდინარე დასწავლებამ აზროვნება შეგვიცვალოს. მაგალითად, ჩვენი არასწორი საქციელის გამო შეიძლება კრებაში პასუხისმგებლობები დავკარგეთ, მაგრამ ღმერთს თუ ველოდებით, გული არ გაგვიტყდება და იმედი არ გადაგვეწურება. ასეთ დროს გამამხნევებელია დავითის სიტყვები: „[ღვთის] რისხვა ცოტა ხნით გრძელდება, მისი კეთილგანწყობა კი — მთელი სიცოცხლე; საღამოს თუ იტირებენ, დილით სიხარულით იყიჟინებენ“ (ფსალმუნი 30:5). თუ მოთმინებით ველოდებით ღმერთს და ვითვალისწინებთ ღვთის სიტყვისა და მისი ორგანიზაციის რჩევებს, ‘სიხარულით ყიჟინის’ დრო ჩვენც დაგვიდგება.
სულიერი მოწიფულობისთვის დრო გვჭირდება
ახალგაზრდა ან ახალი მონათლული თუ ხარ, ალბათ, ძალიან გინდა კრებაში პასუხისმგებლობები გქონდეს. პასუხისმგებლობების მისაღებად სულიერი მოწიფულობაა საჭირო, რასაც თავისთავად დრო სჭირდება. ამიტომ გამოიყენე ახალგაზრდობის წლები, რომ სულიერად გაიზარდო. ახალგაზრდობა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ბიბლია წაიკითხო, ქრისტიანული თვისებები განივითარო და მოწაფეების მომზადებაში დახელოვნდე (ეკლესიასტე 12:1). თუ თავმდაბალი იქნები და მოთმინებით დაელოდები იეჰოვას, ის დღეც დადგება, როცა კრებაში მეტი პასუხისმგებლობა გექნება.
მოთმინება მოწაფეების მოსამზადებლადაც არის საჭირო. ამ დროს იმ მიწათმოქმედის მსგავსად ვიქცევით, რომელიც რწყავს ნიადაგს და ელოდება, როდის აღმოაცენებს ღმერთი თესლს (1 კორინთელები 3:7; იაკობი 5:7). ზოგჯერ თვეები ან წლებია საჭირო, რომ სხვებს იეჰოვასადმი რწმენისა და მადლიერების განვითარებაში დავეხმაროთ. იეჰოვას მოლოდინი იმასაც ნიშნავს, რომ ბიბლიის შემსწავლელთან იმ შემთხვევაშიც განვაგრძოთ შესწავლა, როცა ის ნასწავლს ცხოვრებაში მაშინვე არ იყენებს. თუ ის ცოტათი მაინც ავლენს ღვთისადმი მადლიერებას, შესაძლოა ეს იმაზე მიუთითებს, რომ იეჰოვას სული მასზე მოქმედებს. თუ მოთმინებას გამოავლენ, გაიხარებ იმის დანახვით, რომ იეჰოვას სულის დახმარებით ის ქრისტეს მოწაფე გახდება (მათე 28:20).
მოლოდინით სიყვარულს ვავლენთ
განვიხილოთ ანდებში (სამხრეთი ამერიკა) მცხოვრები ერთი მოხუცი დის შემთხვევა, რაც ცხადყოფს, რომ მოლოდინით სიყვარულსა და ნდობას ვავლენთ. მის სოფელში მხოლოდ ორი იეჰოვას მოწმეა. წარმოიდგინეთ, რა მოუთმენლად ელიან ისინი თანამორწმუნეების გამოჩენას. მიმომსვლელ ზედამხედველს, როცა მათთან პირველად მიდიოდა, გზა აებნა. მას უკან დაბრუნება მოუწია და რამდენიმე საათით დაიგვიანა. შუაღამე გადასული იყო, როცა მან სოფელს შორიდან მოჰკრა თვალი. ვინაიდან სოფელში ელექტრობა არ იყო, გაუკვირდა, როცა სინათლე დაინახა. მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სოფელში შესულს ჩვენი მოხუცი და შეეგება ლამპრით ხელში. ეს და დარწმუნებული იყო, რომ მიმომსვლელი ზედამხედველი აუცილებლად მოვიდოდა, ამიტომ ის ელოდებოდა.
ამ დის მსგავსად, ჩვენ სიხარულით ველოდებით იეჰოვას და დარწმუნებულები ვართ, რომ ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებებს. ამ მიმომსვლელი ზედამხედველის მსგავსად, ჩვენ მადლიერები ვართ, როცა სხვები სიყვარულს ავლენენ და გველოდებიან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ღმერთი აფასებს მათ, ვინც მას ელოდება. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას . . . ახარებენ ისინი, ვინც მის სიკეთეს მოელიან“ (ფსალმუნი 147:11).
[სურათი 18 გვერდზე]
ისინი, ვინც ღვთის განდიდებით არიან დაკავებულნი, იეჰოვას მოლოდინში სიხარულს არ კარგავენ.