არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გავლენას ახდენენ ანგელოზები ადამიანებზე?

რა გავლენას ახდენენ ანგელოზები ადამიანებზე?

რა გავლენას ახდენენ ანგელოზები ადამიანებზე?

„ამის შემდეგ ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა . . . მან ძლიერი ხმით დაიძახა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი!“ (გამოცხადება 18:1, 2).

1, 2. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად ანგელოზებს იყენებს?

კუნძულ პატმოსზე გადასახლებულ ხანში შესულ იოანე მოციქულს წინასწარმეტყველური ხილვები ჰქონდა. ეს ამაღელვებელი მოვლენები მან მაშინ იხილა, როცა „შთაგონებით უფლის დღეში“ აღმოჩნდა. ეს დღე დაიწყო 1914 წელს იესო ქრისტეს გამეფებით და მისი ათასწლიანი მმართველობის ბოლომდე გაგრძელდება (გამოცხადება 1:10).

2 იოანემ ეს გამოცხადება უშუალოდ იეჰოვა ღმერთისგან არ მიიღო. ამისთვის ღმერთმა ანგელოზი გამოიყენა. გამოცხადების 1:1-ში ვკითხულობთ: „იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მას ღმერთმა მისცა, თავისი მონებისთვის იმის საჩვენებლად, რაც უნდა მოხდეს მალე. მან გაგზავნა თავისი ანგელოზი და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს თავის მონა იოანეს“. იეჰოვამ იესოს მეშვეობით გამოიყენა ანგელოზი, რათა იოანესთვის ეცნობებინა იმ საოცარი მოვლენების შესახებ, რაც „უფლის დღეში“ მოხდებოდა. იოანემ აგრეთვე იხილა „ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა“. რა დავალებას ასრულებდა ეს ანგელოზი? «მან ძლიერი ხმით დაიძახა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი!“» (გამოცხადება 18:1, 2). ამ ძლიერ ანგელოზს წილად ხვდა პატივი, გამოეცხადებინა დიდი ბაბილონის, ცრუ რელიგიური სამყაროს, დაცემის შესახებ. უეჭველია, იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად მნიშვნელოვან დავალებებს აძლევს ანგელოზებს. სანამ დაწვრილებით განვიხილავთ, რა როლს ასრულებენ ანგელოზები ღვთის განზრახვაში და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენზე, ვნახოთ, როგორ გაჩნდნენ ეს სულიერი ქმნილებები.

როგორ გაჩნდნენ ანგელოზები?

3. რა მცდარი წარმოდგენა აქვს მრავალ ადამიანს ანგელოზებზე?

3 დღეს მილიონობით ადამიანს სწამს ანგელოზების არსებობის. მაგრამ ბევრს მცდარი წარმოდგენა აქვს მათზე და მათ წარმოშობაზე. მაგალითად, ზოგ მორწმუნე ადამიანს მიაჩნია, რომ კარგი ადამიანები სიკვდილის შემდეგ ღმერთთან მიდიან და ანგელოზები ხდებიან. მაგრამ ასწავლის ღვთის სიტყვა ამას ანგელოზების შექმნასა და მათი არსებობის მიზეზზე?

4. რას ვიგებთ წმინდა წერილებიდან ანგელოზების შექმნაზე?

4 ყველაზე ძლიერი და უფლებამოსილი ანგელოზი არის მთავარანგელოზი მიქაელი (იუდა 9). ის იესო ქრისტეა (1 თესალონიკელები 4:16). დიდი ხნის წინათ, თავისი შემოქმედების დასაწყისში, იეჰოვამ პირველად ეს ანგელოზი შექმნა (გამოცხადება 3:14). მოგვიანებით, თავისი პირმშოს მეშვეობით, იეჰოვამ სხვა სულიერი ქმნილებებიც შექმნა (კოლოსელები 1:15—17). პატრიარქ იობთან ლაპარაკისას მან თავის ძეებად მოიხსენია ისინი და ჰკითხა: „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი . . . ვინ დაუდო ქვაკუთხედი, როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები ყიჟინებდნენ?“ (იობი 38:4, 6, 7). აქედან ნათლად ჩანს, რომ ანგელოზები ღმერთმა შექმნა და ისინი ადამიანებზე დიდი ხნით ადრე გაჩნდნენ.

5. რა ჯგუფებად არიან დაყოფილი ანგელოზები?

5 პირველი კორინთელების 14:33-ში ნათქვამია: „ღმერთი უწესრიგობის კი არა, მშვიდობის ღმერთია“. აქედან გამომდინარე, იეჰოვამ სამ ძირითად ჯგუფად დაყო თავისი სულიერი ძეები: 1) სერაფიმები, რომლებიც ღვთის ტახტთან დგანან და ემსახურებიან მას, აცხადებენ მის სიწმინდეს და იცავენ ღვთის ხალხის სულიერ სიწმინდეს; 2) ქერუბიმები, რომლებიც იეჰოვას უზენაესობას უჭერენ მხარს და 3) სხვა ანგელოზები, რომლებიც იეჰოვას ნებას ასრულებენ (ფსალმუნი 103:20; ესაია 6:1—3; ეზეკიელი 10:3—5; დანიელი 7:10). როგორ ახდენენ გავლენას ეს სულიერი ქმნილებები ადამიანებზე? (გამოცხადება 5:11).

რა როლს ასრულებენ ანგელოზები?

6. რა დაავალა იეჰოვამ ქერუბიმებს ედემის ბაღში?

6 პირველად ეს სულიერი ქმნილებები მოიხსენიება დაბადების 3:24-ში, სადაც ნათქვამია: „გააძევა [იეჰოვამ] კაცი, ედემის ბაღის აღმოსავლეთით ქერუბიმები დააყენა და გააკეთა მბრუნავი ცეცხლოვანი მახვილი, რომ დაეცვა სიცოცხლის ხისკენ მიმავალი გზა“. ამ ქერუბიმებმა ადამი და ევა ედემის ბაღში აღარ შეუშვეს. ეს კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში მოხდა. რას აკეთებენ ანგელოზები მას შემდეგ?

7. რა როლს ასრულებენ ანგელოზები, როგორც ეს მათი სახელის მნიშვნელობიდან ჩანს?

7 ბიბლიაში ანგელოზები დაახლოებით 400-ჯერ არიან მოხსენიებულნი. ებრაულ და ბერძნულ ენებზე ანგელოზი მაცნეს ნიშნავს. ამგვარად, ღმერთი ანგელოზებს იყენებდა ადამიანებთან დასაკავშირებლად. როგორც ამ სტატიის პირველი ორი აბზაციდან დავინახეთ, მოციქულ იოანეს იეჰოვამ ანგელოზის მეშვეობით გადასცა ცნობა.

8, 9. ა) როგორ იმოქმედა ანგელოზის გამოცხადებამ მანოახსა და მის ცოლზე? ბ) რის სწავლა შეუძლიათ მშობლებს მანოახის შემთხვევიდან?

8 ღმერთი ასევე ანგელოზების მეშვეობით ეხმარება და ამხნევებს დედამიწაზე მცხოვრებ მსახურებს. მაგალითად, ისრაელში მსაჯულების დროს მცხოვრებ მანოახსა და მის ცოლს ძალიან უნდოდათ შვილი ჰყოლოდათ. იეჰოვამ ანგელოზი გაუგზავნა მანოახის ცოლს და შეატყობინა, რომ ვაჟი შეეძინებოდა. ანგელოზმა ქალს უთხრა: „დაორსულდები და ვაჟს გააჩენ; სამართებელი არ მიაკარო მის თავს, რადგან ბავშვი მუცლიდანვე ღვთის ნაზირი იქნება და ის იხსნის ისრაელს ფილისტიმელთა ხელიდან“ (მსაჯულები 13:1—5).

9 მანოახის ცოლს შეეძინა ვაჟი, რომელსაც სამსონი დაარქვეს. ის ბიბლიის ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟია (მსაჯულები 13:24). ბავშვის დაბადებამდე მანოახმა ანგელოზს სთხოვა, მისულიყო მათთან და აეხსნა, როგორ აღეზარდათ ბავშვი. მანოახმა ჰკითხა: „როგორი ცხოვრება ექნება ბავშვს და რას გააკეთებს?“. იეჰოვას ანგელოზმა გაუმეორა მანოახს ის მითითებები, რომლებიც მის ცოლს მისცა (მსაჯულები 13:6—14). როგორი გახარებული იქნებოდა მანოახი! მართალია, ანგელოზები დღეს აღარ ეცხადებიან ადამიანებს, მაგრამ მშობლებს შეუძლიათ მიჰბაძონ მანოახს და იეჰოვას სთხოვონ, შვილების აღზრდაში დაეხმაროს მათ (ეფესოელები 6:4).

10, 11. ა) რა გავლენა მოახდინა ელისესა და მის მსახურზე სირიის ჯარის დანახვამ? ბ) რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

10 წინასწარმეტყველ ელისეს დროს მომხდარი ერთი შემთხვევა ანგელოზების მხარდაჭერის თვალნათელი მაგალითია. ელისე ისრაელის ქალაქ დოთანში იყო გაჩერებული. ერთ დილას ელისეს მსახურმა გარეთ გაიხედა და დაინახა, რომ ცხენებსა და საომარ ეტლებზე ამხედრებულ ჯარს ქალაქი ალყაში ჰყავდა მოქცეული. ეს ძლიერი ჯარი სირიის მეფემ ელისეს შესაპყრობად გაგზავნა. როგორ იმოქმედა ამის დანახვამ ელისეს მსახურზე? შეშინებულმა მსახურმა დაიყვირა: „ვაიმე, ჩემო ბატონო! რა ვქნათ?“. ის ფიქრობდა, რომ მდგომარეობა გამოუვალი იყო. მაგრამ ელისემ უპასუხა: „ნუ გეშინია ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან“. რას გულისხმობდა ელისე? (2 მეფეები 6:11—16).

11 ელისემ იცოდა, რომ მათ უამრავი ანგელოზი უჭერდა მხარს. ისინი იქ იყვნენ, მაგრამ მსახური ვერ ხედავდა მათ. ამიტომ «ილოცა ელისემ და სთხოვა: „იეჰოვა, აუხილე თვალი, რომ დაინახოს!“ აუხილა იეჰოვამ მსახურს თვალი და მანაც დაინახა: მთები ელისეს ირგვლივ ცეცხლოვანი ცხენებითა და საომარი ეტლებით იყო სავსე» (2 მეფეები 6:17). მსახურმა შეძლო ანგელოზთა ლაშქრის დანახვა. თუ სულიერი ხედვა გვაქვს, ჩვენც დავინახავთ ანგელოზებს, რომლებიც იეჰოვასა და ქრისტეს ხელმძღვანელობით ეხმარებიან და იცავენ იეჰოვას ხალხს.

ანგელოზების დახმარება ქრისტეს დროს

12. როგორ გაამხნევა ანგელოზმა გაბრიელმა მარიამი?

12 დავფიქრდეთ, როგორ გაუხარდებოდა ებრაელ ქალწულ მარიამს, როცა ანგელოზმა უთხრა: „ჩაგესახება საშვილოსნოში და გაგიჩნდება ვაჟი, რომელსაც იესო უნდა დაარქვა“. ამ სასიხარულო ამბის თქმამდე, ღვთისგან გამოგზავნილმა ანგელოზმა გაბრიელმა უთხრა მარიამს: „ნუ გეშინია, მარიამ, ღვთის კეთილგანწყობა პოვე“ (ლუკა 1:26, 27, 30, 31). როგორ გაამხნევებდა და გაამაგრებდა მარიამს იმის გაგება, რომ ღვთის კეთილგანწყობა ჰქონდა!

13. როგორ ეხმარებოდნენ ანგელოზები იესოს?

13 ანგელოზების მხარდაჭერა მაშინაც გამოჩნდა, როცა იესომ უდაბნოში სატანის სამ გამოცდას გაუძლო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ამ გამოცდის შემდეგ „მიატოვა ის ეშმაკმა და აი, ანგელოზები მივიდნენ და მოემსახურნენ მას“ (მათე 4:1—11). მსგავსი რამ მოხდა იესოს სიკვდილის წინა ღამეს. დამწუხრებულმა იესომ მუხლი მოიყარა და ილოცა: «„მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“. მაშინ მოევლინა ანგელოზი ციდან და განამტკიცა იგი» (ლუკა 22:42, 43). მაგრამ დღეს როგორ გვეხმარებიან ანგელოზები?

ანგელოზების დახმარება დღეს

14. როგორ დევნიდნენ იეჰოვას მოწმეებს ჩვენს დროში და რა შედეგი გამოიღო ამან?

14 დღეს იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობიდან კარგად ჩანს, რომ ანგელოზები მხარს გვიჭერენ. მაგალითად, იეჰოვას ხალხმა მეორე მსოფლიო ომის დროს (1939—1945 წწ.) გერმანიასა და დასავლეთ ევროპაში ნაცისტებისგან საშინელ დევნას გაუძლო. ისეთ კათოლიკურ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და პორტუგალია, ფაშისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში ავიწროებდნენ. საბჭოთა კავშირსა და ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში მათ ათწლეულების განმავლობაში დევნიდნენ. იეჰოვას მოწმეები აფრიკის ზოგ ქვეყანაშიც ხვდებოდნენ სასტიკ წინააღმდეგობას *. არც ისე დიდი ხნის წინ იეჰოვას მსახურებმა საქართველოშიც გადაიტანეს საშინელი დევნა. სატანა ყველანაირად ცდილობდა, რომ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა შეეჩერებინა. მაგრამ მთლიანობაში, როგორც ორგანიზაციამ, მათ გაუძლეს წინააღმდეგობას და წარმატებებსაც მიაღწიეს. ეს ნაწილობრივ იმით გახდა შესაძლებელი, რომ ანგელოზები გვმფარველობდნენ (ფსალმუნი 34:7; დანიელი 3:28; 6:22).

15, 16. როგორ გვეხმარებიან ანგელოზები სამქადაგებლო საქმიანობაში?

15 იეჰოვას მოწმეებს გულთან ახლოს მიაქვთ თავიანთი დავალება, რომ იქადაგონ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ დედამიწაზე და ადამიანებს ბიბლიის ჭეშმარიტება ასწავლონ (მათე 28:19, 20). თუმცა მათ კარგად ესმით, რომ ამ დავალებას ანგელოზების დახმარების გარეშე ვერ შეასრულებენ. ამიტომ მათ ყოველთვის ამხნევებს გამოცხადების 14:6, 7-ში ჩაწერილი სიტყვები. მოციქული იოანე ამბობს: «ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა და მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რომ ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის. ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“».

16 ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობა ანგელოზების მხარდაჭერითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. იეჰოვას ანგელოზების მეშვეობით მიჰყავს გულწრფელი ადამიანები თავის ხალხთან; ის თავის ხალხსაც ანგელოზების მეშვეობით აღძრავს, რომ ასეთ ადამიანებთან მივიდნენ. ამით აიხსნება ის, რომ იეჰოვას მოწმეები არაერთხელ მისულან ადამიანებთან იმ დროს, როცა ისინი კრიტიკულ სიტუაციაში იყვნენ და სულიერი დახმარება სჭირდებოდათ. ამის მაგალითები იმდენია, რომ შეუძლებელია ისინი შემთხვევითობას მივაწეროთ.

ანგელოზები მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ახლო მომავალში

17. რა დამართა ასურელთა ჯარს მხოლოდ ერთმა ანგელოზმა?

17 გარდა იმისა, რომ ანგელოზები მაცნეები არიან და იეჰოვას თაყვანისმცემლებს აძლიერებენ, მათ სხვა საქმეც ევალებათ. ძველად ისინი ღვთის განაჩენის შემსრულებლები იყვნენ. მაგალითად, ძვ. წ. VIII საუკუნეში ასურეთის ძლევამოსილმა ჯარმა იერუსალიმის წინააღმდეგ გაილაშქრა. როგორ მოიქცა ამ დროს იეჰოვა? მან თქვა: „დავიცავ ამ ქალაქს, რომ გადავარჩინო ის ჩემი და ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის“. ბიბლია მოგვითხრობს, თუ რა მოხდა ამის შემდეგ: „იმ ღამით წავიდა იეჰოვას ანგელოზი და ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა ბანაკში. ადგა ხალხი დილით ადრე და, აი, მკვდარი იყო ყველა“ (2 მეფეები 19:34, 35). რამდენად უსუსურია ადამიანთა თუნდაც მთელი ჯარი ერთ ანგელოზთან შედარებით!

18, 19. რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ანგელოზები ახლო მომავალში და რა იქნება შედეგი?

18 ახლო მომავალში ანგელოზები ღვთის განაჩენს აღასრულებენ. ძალიან მალე იესო „თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება აბრიალებულ ცეცხლში“. ისინი ‘შურს იძიებენ მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ’ (2 თესალონიკელები 1:7, 8). ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ვინც არ გამოეხმაურება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას, რომლის ქადაგებაც დღეს მიმდინარეობს დედამიწაზე, განადგურდება. ისინი კი, ვინც ეძებენ იეჰოვას, მის სიმართლეს და თვინიერებას, ‘თავშესაფარს ჰპოვებენ იეჰოვას რისხვის დღეს’ და გადარჩებიან (სოფონია 2:3).

19 ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვა თავისი ძლიერი ანგელოზების მეშვეობით გვეხმარება და გვაძლიერებს. იმის ცოდნა, თუ რა როლს ასრულებენ ანგელოზები იეჰოვას განზრახვაში, მანუგეშებელია, რადგან ისეთი ანგელოზებიც არსებობენ, რომლებიც იეჰოვას ურჩები გახდნენ და სატანას შეუერთდნენ. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, თუ რის გაკეთება შეუძლიათ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომ თავი დაიცვან სატანა ეშმაკისა და მისი დემონების ძლიერი ზეგავლენისგან.

[სქოლიო]

^ აბზ. 14 ამ დევნებზე ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეულებში“: ანგოლა, 1983 წ. [ინგლ.]; გერმანია, 1974 წ. [ინგლ.] და 1999 წ. [რუს.]; ეთიოპია, 1992 წ. [ინგლ.]; ესპანეთი, 1978 წ. [ინგლ.]; ზამბია, 2006 წ. [რუს.]; იტალია, 1982 წ. [ინგლ.]; მალავი, 1999 წ. [რუს.]; მოზამბიკი, 1996 წ. [ინგლ.]; მოლდავეთი, 2004 წ. [რუს.]; პოლონეთი, 1994 წ. [ინგლ.]; პორტუგალია, 1983 წ. [ინგლ.]; უკრაინა, 2002 წ. [რუს.]; ჩეხეთის რესპუბლიკა, 2000 წ. [რუს.]; ჩეხოსლოვაკია, 1972 წ. [ინგლ.].

რა ისწავლეთ?

• როგორ გაჩნდნენ ანგელოზები?

• როგორ იყენებდა ღმერთი ანგელოზებს ძველ დროში?

• რას ვიგებთ გამოცხადების 14:6, 7-დან ანგელოზების საქმიანობის შესახებ ჩვენს დროში?

• რა მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ანგელოზები ახლო მომავალში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 22 გვერდზე]

ანგელოზმა გაამხნევა მანოახი და მისი ცოლი.

[სურათი 23 გვერდზე]

„ჩვენთან უფრო მეტნი არიან, ვიდრე მათთან“.