რა საოცარი სინათლეა!
რა საოცარი სინათლეა!
ოდესმე თუ გივლია ხელის ცეცებით სიბნელეში, ალბათ, გეცოდინება, რა რთულია ეს. რამხელა შვებაა ამ დროს სინათლე! შესაძლოა, ისეთ მდგომარეობაშიც ყოფილხარ, როცა ვერ ხედავდი პრობლემიდან გამოსავალს. მაგრამ დროთა განმავლობაში დაინახე, რომ გამოსავალი არსებობდა. ეს ისეთივე სასიამოვნო გრძნობაა, როგორც სიბნელიდან სინათლეში გასვლა.
პირველ საუკუნეში ადამიანების უმეტესობა სულიერ სიბნელეში იყო. მათ, ვინც ცრუ სწავლებები დატოვა და ქრისტიანობა მიიღო, პეტრე მოციქულმა მისწერა: „[ღმერთმა] სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ“ (1 პეტრე 2:9). ეს მათთვის უკუნი სიბნელიდან კაშკაშა სინათლეში გასვლის ტოლფასი იყო. ისინი თითქოს მარტონი და უიმედონი იყვნენ, შემდეგ კი მათ მზრუნველი ოჯახი იპოვეს და რეალური იმედი გაუჩნდათ (ეფესოელები 2:1, 12).
„შენ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული“
პირველი საუკუნის ქრისტიანებმა იპოვეს ჭეშმარიტება (იოანე 18:37). მათ დაინახეს ჭეშმარიტების საოცარი სინათლე და სულიერი სიბნელიდან კაშკაშა სინათლეში გავიდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა ქრისტიანმა თავდაპირველი ენთუზიაზმი დაკარგა. მაგალითად, პირველი საუკუნის მიწურულს ეფესოს კრება სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა. მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ გამოააშკარავა მათი პრობლემის მიზეზი, როდესაც უთხრა: „შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული. ამიტომ გაიხსენე, რა დაკარგე, მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები“ (გამოცხადება 2:4, 5). ეფესოელ ქრისტიანებს სიყვარული უნდა განეახლებინათ როგორც ღვთისადმი, ასევე ჭეშმარიტებისადმი.
რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? ჩვენც დიდი სიხარული განვიცადეთ, როდესაც სულიერ სინათლეში გამოვედით და ღვთის სიტყვის საოცარი ჭეშმარიტება გავიგეთ. ჩვენ შევიყვარეთ ჭეშმარიტება. მაგრამ ცხოვრებისეულმა სიძნელეებმა და საზრუნავმა შეიძლება ჭეშმარიტებისადმი სიყვარული გაგვინელოს. გარდა ამისა, „ბოლო დღეებში“ არსებულმა პრობლემებმაც შეიძლება ჩვენზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ „ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ — ქვეყნიერებაში, სადაც ადამიანები არიან „თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები“ (2 ტიმოთე 3:1, 2). მათმა ზეგავლენამ შეიძლება ენთუზიაზმი და იეჰოვასადმი სიყვარული გაგვინელოს.
თუ მივატოვეთ თავდაპირველი სიყვარული, საჭიროა, ‘გავიხსენოთ, რა დავკარგეთ და მოვინანიოთ’. გარდა ამისა, საჭიროა, სულიერი წონასწორობა აღვიდგინოთ და არ დავუშვათ, რომ ჭეშმარიტებისადმი ჩვენი სიყვარული განელდეს. მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის დადებითი განწყობა გვქონდეს და ღვთისა და ჭეშმარიტებისადმი სიყვარული შევინარჩუნოთ.
ჭეშმარიტება გვათავისუფლებს
ბიბლიის ჭეშმარიტების სინათლე საოცარია, რადგან ის ნათელს ჰფენს კითხვებს, რომლებიც ათასობით წლის მანძილზე აწუხებს ადამიანებს. მაგალითად, რა არის სიცოცხლის აზრი? რატომ
არსებობს ბოროტება? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? იეჰოვამ გაგვაგებინა ბიბლიის საოცარი სწავლებები. განა მადლიერები არ უნდა ვიყოთ ამისთვის? მოდი ყოველთვის დავაფასოთ ის, რაც ვისწავლეთ!იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოანე 8:32). მან მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე, რათა ჩვენ ცოდვისა და სიკვდილისგან გავეთავისუფლებინეთ. ძვირფასმა ჭეშმარიტებამ გაგვათავისუფლა სულიერ სიბნელეში გახვეული ქვეყნიერების უცოდინარობისა და გაურკვევლობისგან. თუ ვავლენთ მადლიერებას და ვფიქრობთ იმ ყოველივეზე, რაც ბიბლიიდან ვისწავლეთ, იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი სიყვარული გაგვიძლიერდება.
მოციქულმა პავლემ თესალონიკელ ქრისტიანებს მისწერა: „თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ, რომელიც ჩვენგან მოისმინეთ, მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებო“ (1 თესალონიკელები 2:13). თესალონიკელებმა მოისმინეს და ‘სიხარულით მიიღეს ღვთის სიტყვა’. ისინი მეტად აღარ იყვნენ „სიბნელეში“, არამედ „სინათლის ძეები“ გახდნენ (1 თესალონიკელები 1:4—7; 5:4, 5). ამ ქრისტიანებმა გაიგეს, რომ იეჰოვა არის შემოქმედი, უზენაესი, ბრძენი, მოსიყვარულე და გულმოწყალე. იესოს სხვა მიმდევრების მსგავსად, მათაც ისწავლეს, რომ იეჰოვამ თავისი ძის, იესო ქრისტეს, გამოსასყიდის მეშვეობით წაშალა მათი ცოდვები (საქმეები 3:19—21).
მიუხედავად იმისა, რომ თესალონიკელებს ბოლომდე არ ესმოდათ ჭეშმარიტება, მათ იცოდნენ, სად შეეძლოთ მისი პოვნა. ღვთისგან შთაგონებული წმინდა წერილის მეშვეობით შესაძლებელია, რომ „ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). თესალონიკელი ქრისტიანები განაგრძობდნენ შესწავლას და კვლავაც რწმუნდებოდნენ, რომ ღვთისგან მომდინარე სინათლე საოცარია. მათ ჰქონდათ მიზეზი, რომ ყოველთვის გახარებულები ყოფილიყვნენ (1 თესალონიკელები 5:16). ამის მიზეზი ჩვენც გვაქვს.
სინათლე ჩვენი სავალისთვის
ფსალმუნმომღერლის სიტყვებიდან ჩანს, თუ რატომ არის სინათლე საოცარი; ის მღეროდა: „შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის და სინათლეა ჩემი სავალისთვის“ (ფსალმუნი 119:105). ღმერთი თავისი სიტყვის მეშვეობით გვხელმძღვანელობს და გვეხმარება, რომ სწორ გზას დავადგეთ და სიცოცხლით გავიხაროთ. ჩვენ არ ვგავართ გემს, რომელიც დინებას მიჰყვება. ჭეშმარიტების ცოდნა და მისი ცხოვრებაში გამოყენება გვეხმარება, რომ არ ‘გვარყევდეს ტალღები და არ გვაქანავებდეს სწავლების ყოველი ქარი’ (ეფესოელები 4:14).
ბიბლიაში ნათქვამია: „იმედს ნუ დაამყარებთ წარჩინებულებზე, ნურც სხვა ადამიანებზე, რომელთაგანაც არ არის ხსნა . . . ბედნიერია, ვისაც მშველელად ჰყავს იაკობის ღმერთი, ვინც იმედს ამყარებს თავის ღმერთზე, იეჰოვაზე“ (ფსალმუნი 146:3, 5). იეჰოვაზე მინდობა გვეხმარება, დავძლიოთ შიში და გადამეტებული წუხილი. მოციქული პავლე წერდა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). ღვთის სიტყვის სინათლით სიარულს დიდი კურთხევები მოაქვს.
ანათეთ ქვეყნიერებაში როგორც მნათობებმა
ღვთის სიტყვის სინათლე იმითაც არის საოცარი, რომ მნიშვნელოვან საქმიანობაში მონაწილეობის საშუალებას გვაძლევს. იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. ამ მითითების მიცემამდე მან თქვა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“ (მათე 28:18—20).
ყოველთვის გვახსოვდეს, რომ სწორედ იესო ეხმარება ჭეშმარიტ ქრისტიანებს სასიხარულო ცნობის ქადაგებასა და ყველა ერის ადამიანებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაში. იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ მათთან იქნებოდა. უეჭველია, ის გვეხმარება და მხარს გვიჭერს, როცა ვცდილობთ ქადაგებითა და კარგი საქმეებით ‘ვანათოთ’ (მათე 5:14—16). სასიხარულო ცნობის გავრცელებაში ანგელოზებიც იღებენ მონაწილეობას (გამოცხადება 14:6). პავლე მოციქულის სიტყვებიდან ვიგებთ, თუ როგორ უწყობს ხელს იეჰოვა ამ საქმეს. მან თქვა: „მე დავრგე, აპოლოსმა მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა“. რა დიდი პატივია, რომ „ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორინთელები 3:6, 9).
დავფიქრდეთ იმაზეც, თუ როგორ აკურთხებს ღმერთი ჩვენს მსახურებას. არაფერი შეედრება ღვთისგან ბოძებულ პატივს, რომ ‘ვანათოთ, როგორც მნათობებმა ქვეყნიერებაში’. თუ ღვთის სიტყვის სინათლე ჩვენს საუბრებსა და საქმეებზე აირეკლება, შევძლებთ გულწრფელი ადამიანების დახმარებას (ფილიპელები 2:15). გულმოდგინედ ქადაგება და ხალხისთვის ჭეშმარიტების სწავლება სიხარულს გვგვრის, რადგან ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10).
‘იყიდე თვალის მალამო, თვალებში რომ შეიზილო’
პირველ საუკუნეში ლაოდიკეის კრებას იესომ უთხრა: „გირჩევ, იყიდო ჩემგან . . . თვალის მალამო, თვალებში რომ შეიზილო და დაინახო. ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი“ (გამოცხადება 3:18, 19). „თვალის მალამო“, ანუ იესოს სწავლებები და შეგონება, სულიერი სიბრმავის საიმედო სამკურნალო საშუალებაა. თუ გვსურს ჯანსაღი სულიერი ხედვა გვქონდეს, იესოს რჩევები უნდა გავითვალისწინოთ და ბიბლიაში მოცემული სხვა რჩევებიც გამოვიყენოთ. ჩვენ აგრეთვე ქრისტეს მსგავსად უნდა ვაზროვნებდეთ და მის მაგალითს უნდა ვბაძავდეთ (ფილიპელები 2:5; 1 პეტრე 2:21). მაგრამ „თვალის მალამოს“ უფასოდ ვერ მივიღებთ, რადგან იესომ თქვა: ‘იყიდე ჩემგან’. ჩვენ „თვალის მალამოს“ ჩვენი დროისა და ძალისხმევის ფასად ვიძენთ.
როდესაც სიბნელიდან სინათლეში შევდივართ, თვალის მისაჩვევად დრო გვჭირდება. მსგავსად ამისა, დროა საჭირო, რომ ღვთის სიტყვა ვისწავლოთ და ჭეშმარიტების სინათლე დავინახოთ. იმასაც დრო სჭირდება, რომ ნასწავლზე ვიფიქროთ და მივხვდეთ, რამდენად ძვირფასია ჭეშმარიტება. მაგრამ ძალისხმევა დაგვიფასდება, რადგან ჭეშმარიტების სინათლე საოცარია!
[სურათი 14 გვერდზე]
‘იყიდე ჩემგან . . . თვალის მალამო, თვალებში რომ შეიზილო და დაინახო’.