არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვს

ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვს

ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენას სიცოცხლის ხსნა მოაქვს

იესო უკანასკნელად ტოვებს იერუსალიმის ტაძარს; ამ დროს ერთ-ერთი მოწაფე მას ეუბნება: „მოძღვარო, ნახე, რა ქვები და რა შენობებია!“ ტაძარი იუდეველების ყველაზე დიდი საუნჯე და სიამაყეა. მიუხედავად ამისა იესო პასუხობს: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“ (მარკოზი 13:1, 2).

ასეთი რამ დაუჯერებელია. ტაძრის ზოგიერთი ქვა უზარმაზარია. ტაძრის შესახებ ნათქვამი იესოს სიტყვები იმასაც გულისხმობს, რომ განადგურდება იერუსალიმი და, შესაძლოა, თვით ისრაელი ერიც, რომლის თაყვანისმცემლობის ცენტრს ტაძარი წარმოადგენს. ამიტომ, მოწაფეები იესოს ეკითხებიან: „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება იმ დროის ნიშანი, როცა ეს ყველაფერი დასრულდება?“ (მარკოზი 13:3, 4).

„ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული“, — პასუხობს იესო. პირველ რიგში მოწაფეები მოისმენენ ომების ხმებს, იქნება მიწისძვრები, საკვების უკმარისობა და ეპიდემიები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. ასეთი საშინელი მოვლენები იუდეველებს არნახულ უბედურებას მოუტანს — დადგება „დიდი გასაჭირი“. მიუხედავად ამისა, ღმერთი გადაარჩენს „რჩეულებს“, ანუ ერთგულ ქრისტიანებს. როგორ? (მარკოზი 13:7; მათე 24:7, 21, 22; ლუკა 21:10, 11).

აჯანყება რომის წინააღმდეგ

ამ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან ოცდარვა წელი გადის; იერუსალიმში მყოფი ქრისტიანები ჯერ კიდევ აღსასრულის მოლოდინში არიან. რომის იმპერიაში ომებია გაჩაღებული, ხდება მიწისძვრები, მოსახლეობა შიმშილობს და ხალხში ეპიდემია მძვინვარებს (იხილეთ ჩარჩო მე-9 გვერდზე). იუდაში სამოქალაქო და ეთნიკური ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ იერუსალიმის კედლების წყალობით ქალაქში შედარებით სიმშვიდეა. ხალხი ცხოვრების ჩვეულ რიტმს მიჰყვება — ისინი ჭამენ, მუშაობენ, ქორწინდებიან და შვილებს აჩენენ. იერუსალიმში არსებული უზარმაზარი ტაძრის გამო მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქალაქი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ყოველთვის მყარად იდგება.

ახ. წ. დაახლოებით 61 წელს იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები მოციქულ პავლესგან წერილს იღებენ. მოციქული აქებს მათ მოთმინებისთვის, მაგრამ ამავე დროს წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ ზოგი ქრისტიანი კრებაში სიფხიზლის აუცილებლობას ვეღარ გრძნობს და სულიერად სუსტდება (ებრაელები 2:1; 5:11, 12). პავლე წერილში მოუწოდებს მათ: «ნუ შეწყვეტთ თამამად ლაპარაკს . . . რადგან „სულ ცოტაც“ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“. „ხოლო მართალი რწმენით იცოცხლებს“ და „თუ უკან დაიხევს, ჩემი სული არ მოიწონებს მას“» (ებრაელები 10:35—38). მართლაც რომ დროული რჩევაა! მაგრამ, გამოავლენენ ქრისტიანები რწმენას და გულისყურით მოეკიდებიან იესოს წინასწარმეტყველებას? მართლა გარდაუვალია იერუსალიმის განადგურება?

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იერუსალიმში მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. საბოლოოდ, ახ. წ. 66 წელს არაკეთილსინდისიერი რომაელი მმართველი ფლორუსი, რომელსაც რომის მთავრობის ვალი ჰქონდა, 17 ტალანტს იღებს წმინდა ტაძრის საგანძურიდან. ამის გამო განრისხებული იუდეველები ჯანყდებიან. ებრაელი აჯანყებულების, ანუ ზილოტების ჯგუფი იერუსალიმში რომაელ ჯარისკაცებს ხოცავს. ამბოხებულებმა იუდეა რომისგან დამოუკიდებლად გამოაცხადეს. რომი და იუდეა ერთმანეთს ომში უპირისპირდება.

სამი თვის შემდეგ სირიის რომაელი მმართველი ცესტიუს გალუსი 30 000-იანი ჯარით სამხრეთისკენ ამბოხების ჩასახშობად მიემართება. მისი ჯარი კარვობის დღესასწაულზე შედის იერუსალიმში და სწრაფად იპყრობს ქალაქის გარეუბნებს. ზილოტები, რომლებიც ცესტიუს გალუსის ჯართან შედარებით მცირერიცხოვანნი არიან, ტაძარს აფარებენ თავს. მალე რომაელი ჯარისკაცები ტაძარსაც უტევენ. იუდეველები თავზარდაცემულნი არიან — წარმართი ჯარისკაცები მათ უწმინდეს ადგილს ბილწავენ! ამ დროს ქალაქში მყოფ ქრისტიანებს იესოს სიტყვები ახსენდებათ, რომ ‘როცა დაინახავდნენ, გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე იდგა, მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში უნდა გაქცეულიყვნენ’ (მათე 24:15, 16). გამოავლენენ ქრისტიანები რწმენას იესოს წინასწარმეტყველური სიტყვებისადმი და იმოქმედებენ შესაბამისად? მათი სიცოცხლე მათივე მოქმედებაზეა დამოკიდებული. მაგრამ როგორ გაიქცევიან ისინი?

უეცრად, გაურკვეველი მიზეზით ცესტიუს გალუსი ხსნის ალყას და ჯარი სანაპიროსკენ მიჰყავს. მათ ზილოტები მისდევენ. საოცარია, მაგრამ ქალაქში მალე მდგომარეობა უმჯობესდება. ქრისტიანები, რომლებმაც რწმენა გამოავლინეს იესოს წინასწარმეტყველური სიტყვებისადმი, იერუსალიმიდან პელაში გარბიან (ეს ნეიტრალური ქალაქი მდინარე იორდანის გადაღმა მთიან რეგიონში მდებარეობს). ისინი დროულად გარბიან. მალე ზილოტები იერუსალიმში ბრუნდებიან და დარჩენილ მოსახლეობას აიძულებენ, რომ აჯანყებაში შეუერთდნენ *. ქრისტიანები, რომლებიც პელაში უსაფრთხოდ არიან, მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებიან.

მდგომარეობის გაუარესება და ანარქია

რამდენიმე თვის შემდეგ რომაელთა ახალი ჯარი იერუსალიმისკენ დაიძრა. ახ. წ. 67 წელს 60 000-კაციან ჯარს გენერალი ვესპასიანე და მისი ძე ტიტუსი ჩაუდგნენ სათავეში. რომის ძლიერი ჯარი ორი წლის განმავლობაში იერუსალიმისკენ მიიწევს და გზად ყველა მოწინააღმდეგეს ანადგურებს. ამ დროს კი იერუსალიმში იუდეველთა დაჯგუფებები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ქალაქში საკვების მარაგი ნადგურდება, ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მიწასთან სწორდება და 20 000-ზე მეტი ებრაელი კვდება. ვესპასიანე არ ჩქარობს იერუსალიმში შესვლას. ის ამბობს: „ჩვენი ღმერთი რომაელ გენერალზე უკეთ იბრძვის. მტრები საკუთარი ხელით ხოცავენ ერთმანეთს“.

რომის იმპერატორის ნერონის სიკვდილის შემდეგ ვესპასიანე რომში ბრუნდება, რომ მისი ადგილი დაიკავოს, ტიტუსს კი ბრძოლის ველზე ტოვებს, რათა იუდეა მთლიანად ხელში ჩაიგდოს. პასექის დღესასწაულია მოახლოებული, როცა ტიტუსს ახ. წ. 70 წელს იერუსალიმზე იერიში მიაქვს. ის ქალაქის მოსახლეობასა და პილიგრიმებს ალყაში აქცევს. ტიტუსის ჯარი წვეტიანი ბოძებით ალყაში მოქცეულ დედაქალაქს 7-კილომეტრიან კედელს ავლებს. სწორედ ეს იწინასწარმეტყველა იესომ: „შენი მტრები წვეტიანი ბოძებით სიმაგრეს შემოგავლებენ, გარს შემოგერტყმიან და ყოველი მხრიდან შეგავიწროებენ“ (ლუკა 19:43).

მალე მთელ ქალაქში შიმშილობა იწყება. შეიარაღებული ბრბო დახოცილთა და მომაკვდავთა სახლებს ძარცვავს. ცნობილია სულ მცირე ერთი შემთხვევა, როდესაც სასოწარკვეთილმა ქალმა თავისი ჩვილი ბავშვი მოკლა და მისი ხორცი ჭამა; ამით ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება: „შეჭამ შენი მუცლის ნაყოფს, შენი ვაჟებისა და ასულების ხორცს . . . რადგან შეგავიწროებს და გაჭირვებაში ჩაგაგდებს შენი მტერი“ (კანონი 28:53—57).

საბოლოოდ, ხუთთვიანი ალყის შემდეგ იერუსალიმი ეცემა. ქალაქსა და მის დიდებულ ტაძარს ძარცვავენ, წვავენ და ქვას ქვაზე არ ტოვებენ (დანიელი 9:26). მთლიანობაში დაახლოებით 1 100 000 ადამიანი კვდება, ხოლო 97 000 ტყვეობაში მიჰყავთ * (კანონი 28:68). იუდეაში ებრაელები თითქმის აღარ რჩებიან. იუდეველებისთვის ეს მართლაც რომ დიდი უბედურებაა, რომლის მსგავსი ერს არ ახსოვს; ეს უდიდეს გავლენას ახდენს იუდეველთა პოლიტიკურ, რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაზე *.

ამ დროს პელაში მყოფი ქრისტიანები გადარჩენისთვის მთელი გულით უხდიან მადლობას ღმერთს. ბიბლიური წინასწარმეტყველებისადმი რწმენამ მათი სიცოცხლე იხსნა!

თუ მხედველობაში მივიღებთ იმ მოვლენებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: «მაქვს ისეთი რწმენა, რომელიც მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს სიცოცხლეს შემინარჩუნებს? მაქვს ‘რწმენა სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად’?» (ებრაელები 10:39; გამოცხადება 7:14).

[სქოლიოები]

^ აბზ. 10 ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, რომ ზილოტები შვიდი დღის განმავლობაში მისდევდნენ რომაელებს, ბოლოს კი იერუსალიმში დაბრუნდნენ.

^ აბზ. 15 ერთი შეფასების თანახმად, რომაელებმა ებრაელების ერთ მეშვიდედზე მეტი დახოცეს.

^ აბზ. 15 ებრაელი ბიბლეისტი ალფრედ ედერშაიმი წერს: „ის უბედურება, რაც ისრაელს დაატყდა თავს, ერის ისტორიაში არც მანამდე ახსოვს არავის და არც მის შემდეგ“.

[ცხრილი 9 გვერდზე]

ნიშნის ზოგიერთი მხარე, რომლებიც პირველ საუკუნეში შესრულდა

ომები:

გალია (ახ. წ. 39—40 წწ.)

ჩრდილო აფრიკა (ახ. წ. 41 წ.)

ბრიტანეთი (ახ. წ. 43 წ. და 60წ.)

სომხეთი (ახ. წ. 58—62 წწ.)

სამოქალაქო და ეთნიკური კონფლიქტები იუდეაში (ახ. წ. 50—66 წწ.)

მიწისძვრები:

რომი (ახ. წ. 54 წ.)

პომპეი (ახ. წ. 62 წ.)

მცირე აზია (ახ. წ. 53 წ. და 62 წ.)

კრეტა (ახ. წ. 62 წ.)

შიმშილობა:

რომი, საბერძნეთი, ეგვიპტე (დაახლოებით ახ. წ. 42 წ.)

იუდეა (დაახლოებით ახ. წ. 46 წ.)

ეპიდემიები:

ბაბილონი (ახ. წ. 40 წ.)

რომი (ახ. წ. 60 წ. და 65 წ.)

ცრუ წინასწარმეტყველები:

იუდეა (დაახლოებით ახ. წ. 56 წ.)

[რუკა⁄სურათი 10 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

რომაელების ლაშქრობა პალესტინაში, ახ. წ. 67—70 წწ.

პტოლემაიდა

გალილეის ზღვა

პელა

პერეა

სამარია

იერუსალიმი

მარილოვანი ზღვა

იუდეა

კესარეა

[საავტორო უფლება]

Map only: Based on maps copyrighted by Pictorial Archive (Near Eastern History) Est. and Survey of Israel

[სურათი 11 გვერდზე]

‘ჩვენი მტრები საკუთარი ხელით ხოცავენ ერთმანეთს’ (ვესპასიანე).

[სურათები 11 გვერდზე]

ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი გაანადგურეს.

[საავტორო უფლებები დაცულია 11 გვერდზე]

Relief: Soprintendenza Archeologica di Roma; Vespasian: Bildarchiv Preussischer Kulturbesitz/Art Resource, NY