არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებს

თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებს

თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებს

„გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ“ (ებრაელები 13:17).

1, 2. რომელი ბიბლიური მუხლები გვიჩვენებს, რომ იეჰოვა და იესო მოსიყვარულე მწყემსები არიან?

იეჰოვა ღმერთი და მისი ძე, იესო ქრისტე, მოსიყვარულე მწყემსები არიან. ესაიამ იწინასწარმეტყველა: „აი, უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვა და მისი მკლავი იმმართველებს . . . მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას. თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ. მაწოვარ ცხვრებს მზრუნველობით გაუძღვება“ (ესაია 40:10, 11).

2 აღდგენასთან დაკავშირებული ეს წინასწარმეტყველება პირველად ძვ. წ. 537 წელს შესრულდა, როდესაც იუდეველთა დარჩენილი ნაწილი იუდაში დაბრუნდა (2 მატიანე 36:22, 23). მეორედ ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა დიდმა კიროსმა, იესო ქრისტემ, ცხებულთა დარჩენილი ნაწილი 1919 წელს „დიდი ბაბილონიდან“ გაათავისუფლა (გამოცხადება 18:2; ესაია 44:28). იეჰოვას „მკლავი“, იესო, იმმართველებს, ცხვრებს ერთად შეაგროვებს და სათუთად დამწყევსავს მათ. იესომ საკუთარ თავზე თქვა: „მე კარგი მწყემსი ვარ. მე ვიცნობ ჩემს ცხვარს, ჩემი ცხვარი კი მიცნობს მე“ (იოანე 10:14).

3. როგორ ზრუნავს იეჰოვა სიყვარულით თავის ცხვარზე?

3 ესაიას 40:10, 11 ხაზს უსვამს იმას, რომ იეჰოვა სათუთად ზრუნავს თავის ხალხზე (ფსალმუნი 23:1—6). თავისი მიწიერი მსახურების განმავლობაში იესოც სათუთად ზრუნავდა როგორც თავის მოწაფეებზე, ისე სხვებზე (მათე 11:28—30; მარკოზი 6:34). იეჰოვა და იესო კიცხავდნენ ისრაელის იმ სასტიკ მწყემსებს, ანუ წინამძღოლებს, რომლებიც ყურადღებას არ აქცევდნენ სამწყსოს და ჩაგრავდნენ მას (ეზეკიელი 34:2—10; მათე 23:3, 4, 15). იეჰოვამ აღთქმა დადო: „მე დავიხსნი ჩემს ცხვარს, დასატაცებლები აღარ იქნებიან ისინი; მსაჯული ვიქნები ცხვარსა და ცხვარს შორის. დავუყენებ მათ ერთ მწყემსს, ჩემს მსახურ დავითს, და ის გამოკვებავს მათ. ის გამოკვებავს მათ და ის იქნება მათი მწყემსი“ (ეზეკიელი 34:22, 23). ამ უკანასკნელ დღეებში იესო ქრისტე, დიდი დავითი, არის „ერთი მწყემსი“, რომელიც იეჰოვამ დანიშნა ყველა თავის მიწიერ მსახურზე, როგორც სულითცხებულ ქრისტიანებზე, ისე „სხვა ცხვარზე“ (იოანე 10:16).

ზეციერი ძღვენი კრებისთვის

4, 5. ა) რა ძვირფასი ძღვენი მისცა იეჰოვამ თავის ხალხს დედამიწაზე? ბ) რა ძღვენს აძლევს იესო კრებას?

4 იეჰოვამ ყველა მიწიერ მსახურზე „ერთი მწყემსი“, იესო ქრისტე დანიშნა და ასეთი სახით ძვირფასი ძღვენი მისცა ქრისტიანულ კრებას. ამ ძღვენის, ზეციერი წინამძღოლის, შესახებ ესაიას 55:4-ში ნათქვამი იყო: „აი, მოწმედ მივეცი იგი ერებს, წინამძღოლად და მეთაურად მივეცი ერებს“. როგორც ცხებული ქრისტიანები, ისე „უამრავი ხალხი“ იკრიბება ყველა ერიდან, ტომიდან, ხალხიდან და ენიდან (გამოცხადება 5:9, 10; 7:9). ისინი ქმნიან მსოფლიო კრებას, „ერთ ფარას“, რომელსაც „ერთი მწყემსი“, იესო ქრისტე, ხელმძღვანელობს.

5 იესოც აძლევს ძვირფას ძღვენს დედამიწაზე არსებულ კრებებს — უზრუნველყოფს მათ ერთგული მწყემსებით, რომლებიც იეჰოვასა და იესოს ბაძავენ და ფარაზე სათუთად ზრუნავენ. პავლე მოციქული სწორედ ამ ძღვენზე საუბრობდა ეფესოელი ქრისტიანების მიმართ მიწერილ წერილში. მან დაწერა: «„ავიდა მაღლა და ტყვეები წაასხა. მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით“. მოგვცა ზოგი მოციქულად, ზოგი — წინასწარმეტყველად, ზოგი — მახარობლად, ზოგი — მწყემსად და მასწავლებლად, წმინდების გამოსასწორებლად, მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად» (ეფესოელები 4:8, 11, 12).

6. როგორ არიან ცხებული ზედამხედველები აღწერილნი გამოცხადების 1:16, 20-ში და რა შეიძლება ითქვას იმ უხუცესებზე, რომლებიც სხვა ცხვრების წარმომადგენლები არიან?

6 ზედამხედველები, ანუ უხუცესები არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომლებიც იეჰოვასა და მისი ძის მეშვეობით წმინდა სულით არიან დანიშნულნი, რათა სათუთად დამწყემსონ ცხვრები (საქმეები 20:28, 29). თავდაპირველად ყველა ეს ზედამხედველი სულითცხებული ქრისტიანი იყო. ისინი, ვინც ცხებულებისგან შემდგარ კრებაში უხუცესთა საბჭოებში შედიოდნენ, გამოცხადების 1:16, 20-ში სიმბოლურად მოხსენიებულნი არიან „ვარსკვლავებად“ და „ანგელოზებად“, რომლებიც ქრისტეს მარჯვენა ხელში ეჭირა, ანუ მისი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ამ ბოლო დღეებში დედამიწაზე დარჩენილ სულითცხებულთა რიცხვი თანდათანობით მცირდება. ამიტომ, ქრისტიანი უხუცესების უმრავლესობას სხვა ცხვრები შეადგენენ. რამდენადაც ეს უხუცესები წმინდა სულით ხელმძღვანელი საბჭოს წარმომადგენლების მიერ ინიშნებიან, მათზეც შეიძლება ითქვას, რომ ისინი „მარჯვენა ხელის“, დიდებული მწყემსის, იესო ქრისტეს მეთვალყურეობის (ანუ მისი ხელმძღვანელობის) ქვეშ არიან (ესაია 61:5, 6). რადგან ჩვენი კრების უხუცესები ქრისტეს, კრების თავს, ემორჩილებიან, ისინი ჩვენი მხრიდან სრულ თანამშრომლობას იმსახურებენ (კოლოსელები 1:18).

გაუგონეთ და დაემორჩილეთ მათ

7. რა რჩევა მოგვცა პავლე მოციქულმა ქრისტიან ზედამხედველებთან დაკავშირებით?

7 ჩვენი ზეციერი მწყემსები იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე ჩვენგან მოელიან, რომ გავუგონოთ და დავემორჩილოთ მათ დაქვემდებარებაში მყოფ მწყემსებს, რომლებსაც კრებაში ამ ზეციერი მწყემსებისგან სხვადასხვა პასუხისმგებლობა აქვთ დაკისრებული (1 პეტრე 5:5). ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ დაწერა: „გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და ვინც ღვთის სიტყვას გადმოგცემთ. დაუკვირდით მათი საქციელის შედეგებს და მათ მიბაძეთ რწმენაში. გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრაელები 13:7, 17).

8. პავლეს სიტყვების თანახმად რას უნდა „დავუკვირდეთ“ და როგორ უნდა „გავუგონოთ“ უხუცესებს?

8 ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლემ მოგვიწოდა „დავუკვირდეთ“, ანუ ყურადღებით დავაკვირდეთ უხუცესების ერთგული საქციელის შედეგებს და მივბაძოთ მათი რწმენის მაგალითს. გარდა ამისა, ის გვირჩევს, რომ გავუგონოთ და დავემორჩილოთ ამ დანიშნული მამაკაცების ხელმძღვანელობას. ბიბლეისტი რიჩარდ ფრანსი გვიხსნის, რომ ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „გაუგონეთ“, «სიტყვასიტყვით ნიშნავს არა უბრალოდ მორჩილებას, არამედ „დარწმუნებას“, რაც ხელმძღვანელობის მზადყოფნით მიღებას გულისხმობს». ჩვენ მხოლოდ იმიტომ კი არ ვემორჩილებით უხუცესებს, რომ ამისკენ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, არამედ იმიტომაც, რომ დარწმუნებულნი ვართ, ისინი საუკეთესოდ ზრუნავენ როგორც სამეფოს, ისე ჩვენს ინტერესებზე. ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით, თუ მზადყოფნით დავემორჩილებით მათ ხელმძღვანელობას.

9. რატომ უნდა „დავემორჩილოთ“ უხუცესებს, გარდა იმისა, რომ უნდა „გავუგონოთ“ მათ?

9 მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დარწმუნებულნი არა ვართ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში უხუცესების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესოა? სწორედ ამ დროს არის საჭირო მორჩილება. ადვილია მორჩილება, როცა ყველაფერი ნათელია და ჩვენც ვეთანხმებით ზედამხედველების გადაწყვეტილებებს, მაგრამ ნამდვილ მორჩილებას მაშინ ვავლენთ, როცა ამას ვაკეთებთ ისეთ დროს, როცა არ გვესმის, თუ რატომ მიიღეს მათ ესა თუ ის გადაწყვეტილება. პეტრემ, რომელიც მოგვიანებით მოციქული გახდა, სწორედ ასეთი მორჩილება გამოავლინა (ლუკა 5:4, 5).

ოთხი მიზეზი მზადყოფნით თანამშრომლობისთვის

10, 11. როგორ გადასცემდნენ ზედამხედველები თანამორწმუნეებს „ღვთის სიტყვას“ პირველ საუკუნეში და როგორ ხდება ეს დღეს?

10 ებრაელების 13:7, 17 მუხლებში, რომლებიც ზემოთ იყო ციტირებული, პავლე მოციქულმა მოიყვანა ოთხი მიზეზი, თუ რატომ უნდა გავუგონოთ და დავემორჩილოთ ქრისტიან ზედამხედველებს. პირველი მიზეზი ისაა, რომ ისინი ‘ღვთის სიტყვას გადმოგვცემენ’. გაიხსენეთ, რომ იესომ კრებებს მისცა „ძღვენი ადამიანთა სახით“ „წმინდების გამოსასწორებლად“ (ეფესოელები 4:11, 12). იესო პირველი საუკუნის ქრისტიანებს აზროვნებასა და ქცევას უსწორებდა ერთგული მწყემსების მეშვეობით, რომელთაგან ზოგი ღვთის შთაგონებით კრებებს წერილებს სწერდა. ამ სულითცხებული ზედამხედველების მეშვეობით ის ხელმძღვანელობას უწევდა პირველ ქრისტიანებს და აძლიერებდა მათ (1 კორინთელები 16:15—18; 2 ტიმოთე 2:2; ტიტე 1:5).

11 დღეს იესო ხელმძღვანელობას გვიწევს ხელმძღვანელი საბჭოთი წარმოდგენილი „ერთგული და გონიერი მონისა“ და დანიშნული უხუცესების მეშვეობით (მათე 24:45). ჩვენ პატივს ვცემთ „უფროს მწყემსს“, იესო ქრისტეს, და ამიტომ ყურად ვიღებთ პავლეს რჩევას: ‘პატივი ეცით მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ უფალში და შეგაგონებთ’ (1 პეტრე 5:4; 1 თესალონიკელები 5:12; 1 ტიმოთე 5:17).

12. როგორ „ფხიზლობენ [ჩვენს] სულებზე“ ზედამხედველები?

12 ქრისტიან ზედამხედველებთან თანამშრომლობის მეორე მიზეზი ისაა, რომ „ისინი ფხიზლობენ [ჩვენს] სულებზე“. თუ ჩვენს აზროვნებასა და ქცევაში ისინი ისეთ რამეს შეამჩნევენ, რაც ჩვენს სულიერობას საფრთხეს შეუქმნიდა, ისინი მზად არიან, საჭირო რჩევა მოგვცენ გამოსასწორებლად (გალატელები 6:1). ბერძნული ზმნა, რომელიც ითარგმნა როგორც „ფხიზლობენ“, სიტყვასიტყვით „ძილისგან თავშეკავებას“ ნიშნავს. როგორც ერთი ბიბლეისტი განმარტავს, ამ სიტყვაში „მწყემსის გამუდმებული სიფხიზლე იგულისხმება“. გარდა იმისა, რომ უხუცესები სულიერად ფხიზლობენ, ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო მათ შეიძლება ღამეების გატეხვაც კი უწევდეთ. განა მზად არ უნდა ვიყოთ, ვითანამშრომლოთ ამ მოსიყვარულე მწყემსებთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „დიდებული მწყემსის“, იესო ქრისტეს მსგავსად სათუთად იზრუნონ ცხვარზე?! (ებრაელები 13:20).

13. ვის წინაშე და რატომ არიან ანგარიშვალდებულნი უხუცესები და კრების სხვა წევრები?

13 მესამე მიზეზი, რომლის გამოც მზადყოფნით უნდა ვითანამშრომლოთ ზედამხედველებთან, არის ის, რომ ისინი ფხიზლობენ ჩვენზე „როგორც ანგარიშვალდებულნი“. უხუცესებს ახსოვთ, რომ მათ ზედამხედველობას უწევენ ზეციერი მწყემსები, იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე (ეზეკიელი 34:22—24). ცხვარი ეკუთვნის იეჰოვას, რომელმაც ის „საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“, ამიტომ დანიშნული ზედამხედველები ანგარიშვალდებულნი არიან იეჰოვას წინაშე, რომ სათუთად მოექცნენ ცხვარს (საქმეები 20:28, 29). აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას პასუხი მოგვეთხოვება იმაზე, თუ როგორ ვეხმაურებით იეჰოვას ხელმძღვანელობას (რომაელები 14:10—12). როდესაც ვემორჩილებით უხუცესებს, ამით ცხადვყოფთ, რომ კრების თავს, ქრისტეს ვემორჩილებით (კოლოსელები 2:19).

14. რის გამო შეიძლება დამწუხრდნენ ქრისტიანი უხუცესები და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან?

14 პავლე ასახელებს მეოთხე მიზეზს, რომლის გამოც თავმდაბლად უნდა ვემორჩილებოდეთ ქრისტიან ზედამხედველებს. ის წერს: „რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრაელები 13:17). უხუცესებს მძიმე ტვირთის ტარება უწევთ, რადგან მრავალი სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათ შორისაა კრების სწავლება, მწყემსვა, სამქადაგებლო მსახურების ხელმძღვანელობა, საკუთარ ოჯახზე ზრუნვა და კრებაში წამოჭრილი პრობლემების მოგვარება (2 კორინთელები 11:28, 29). თუ უხუცესებთან თანამშრომლობაზე უარს ვიტყვით, ჩვენ უფრო დავუმძიმებთ ტვირთს და დავამწუხრებთ მათ. ჩვენი ასეთი საქციელი იეჰოვას არ მოეწონება, რაც ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდება. მაგრამ, როცა ჩვენ სათანადო პატივისცემას ვავლენთ უხუცესებისადმი და მათთან ვთანამშრომლობთ, ისინი სიხარულით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს კრების ერთიანობას და იმას, რომ მთელი კრება სიხარულით იღებდეს მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში (რომაელები 15:5, 6).

ვიყოთ მორჩილები

15. როგორ შეგვიძლია მორჩილების გამოვლენა?

15 ჩვენ მრავალმხრივ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ უხუცესებთან. უბანზე არსებული სხვადასხვა ვითარების გამო ზოგჯერ საჭიროა სამქადაგებლო შეხვედრების დროის შეცვლა. ნიშნავენ კრების უხუცესები მსახურების შეხვედრებს ისეთ დღეებში და ისეთ დროს, რაც ჩვენი მხრიდან განრიგის შეცვლას მოითხოვს? მოდი ძალისხმევა მოვახმაროთ იმას, რომ შევეწყოთ ამ ცვლილებებს. ამან შეიძლება ისეთი კურთხევები მოგვიტანოს, რასაც არც კი ველოდით. ინახულებს სამსახურებრივი ზედამხედველი ჩვენს წიგნის შესწავლას? ყველანაირად ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი მონაწილეობა მივიღოთ სამქადაგებლო მსახურებაში მონახულების კვირას. გვეძლევა დავალება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში? მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავესწროთ შეხვედრას და წარმოვადგინოთ დავალება. აცხადებს წიგნის შესწავლის ზედამხედველი, რომ სამეფო დარბაზს ჩვენი წიგნის შესწავლა დაალაგებს? ჩვენი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე კარგი იქნება, თუ ყველანაირად ვეცდებით, სრული მონაწილეობა მივიღოთ დალაგებაში. ამ და სხვა მრავალი სახით ჩვენ მორჩილებას ვავლენთ იმ მამაკაცების მიმართ, რომლებიც იეჰოვამ და მისმა ძემ იმისათვის დანიშნეს, რომ სამწყსოზე იზრუნონ.

16. თუ უხუცესი ისე არ იქცევა, როგორც მოეთხოვება, რატომ არ ამართლებს ეს დაუმორჩილებლობას ჩვენი მხრიდან?

16 ზოგჯერ უხუცესი შეიძლება ზუსტად არ მიჰყვებოდეს ერთგული მონისა და ხელმძღვანელი საბჭოს მითითებებს. თუ განაგრძობს ასე მოქმედებას, ის პასუხს აგებს იეჰოვას, ჩვენი „სულების მწყემსისა და ზედამხედველის“ წინაშე (1 პეტრე 2:25). მაგრამ, რა შეცდომასაც არ უნდა უშვებდეს რომელიმე უხუცესი, ეს არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ დაუმორჩილებლობა გამოვავლინოთ. იეჰოვა არ აკურთხებს ურჩებს (რიცხვები 12:1, 2, 9—11).

იეჰოვა აკურთხებს მზადყოფნით თანამშრომლობას

17. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ზედამხედველების მიმართ?

17 იეჰოვა ღმერთმა იცის, რომ მამაკაცები, რომლებსაც ის ზედამხედველებად ნიშნავს, არასრულყოფილები არიან. მიუხედავად ამისა, ის იყენებს მათ და წმინდა სულის მეშვეობით მწყემსავს თავის ხალხს დედამიწაზე. უხუცესების, და საერთოდ ყველა ჩვენგანის, შემთხვევაში მართლდება სიტყვები, რომ „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება, ღვთისგან [არის] და არა ჩვენგან“ (2 კორინთელები 4:7). ამიტომ, მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვასი იმისათვის, რასაც ჩვენი ერთგული ზედამხედველების მეშვეობით აკეთებს, და მზადყოფნით უნდა ვითანამშრომლოთ მათთან.

18. როდესაც ჩვენს ზედამხედველებს ვემორჩილებით, სინამდვილეში, ამით რას ვაჩვენებთ?

18 იერემიას 3:15-ში აღწერილია, თუ როგორები იქნებოდნენ ის მწყემსები, რომლებიც ბოლო დღეებში ღვთის ცხვარზე იზრუნებდნენ. ამ მუხლში წერია: „მოგცემთ ჩემი გულისთვის სასურველ მწყემსებს, რომ გკვებონ ცოდნითა და წვდომის უნარით“. ზედამხედველები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმისათვის, რომ ამ სიტყვებს შეესაბამებოდნენ. უხუცესები ნამდვილად იმსახურებენ ქებას, რადგან ასწავლიან და იცავენ იეჰოვას ცხვარს. მოდი კვლავაც გამოვავლინოთ მადლიერება უხუცესების მძიმე შრომისთვის, გავუგონოთ და დავემორჩილოთ მათ და მზადყოფნით ვითანამშრომლოთ მათთან. ასე მოქცევით მადლიერებას გამოვავლენთ ჩვენი ზეციერი მწყემსების, იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს მიმართ.

გასამეორებლად

• როგორ აჩვენებენ იეჰოვა და იესო ქრისტე, რომ მოსიყვარულე მწყემსები არიან?

• გარდა იმისა, რომ უნდა გავუგონოთ უხუცესებს, რატომ უნდა დავემორჩილოთ მათ?

• როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ მორჩილება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 27 გვერდზე]

ქრისტიანი უხუცესები მიჰყვებიან ქრისტეს ხელმძღვანელობას.

[სურათები 29 გვერდზე]

ჩვენ მრავალი სახით შეგვიძლია გამოვავლინოთ მორჩილება იეჰოვას მიერ დანიშნული მწყემსების მიმართ.