არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პრაქტიკული რჩევები

პრაქტიკული რჩევები

პრაქტიკული რჩევები

რჩევების უმრავლესობა, რომლებსაც სხვადასხვა წიგნში ვკითხულობთ, ყურადღებას ამახვილებს ადამიანთა დახმარებაზე, რომლებიც უკვე კრიზისულ მდგომარეობაში არიან. ბიბლია განსხვავდება ასეთი წიგნებისგან. ბიბლია ადამიანს მხოლოდ რთული მდგომარეობიდან როდი სთავაზობს გამოსავალს; მისი რჩევები ეხმარება მას, თავი აარიდოს შეცდომებს და ზედმეტად არ გაირთულოს ცხოვრება.

ბიბლიას შეუძლია ‘გამოუცდელებს მისცეს წინდახედულობა, ახალგაზრდებს კი — ცოდნა და ჭკუა’ (იგავები 1:4). თუ გამოიყენებთ ბიბლიაში მოცემულ რჩევებს, ‘ჭკუა დაგიცავთ და გამჭრიახობა დაგიფარავთ; დაგიხსნით ბოროტების გზიდან’ (იგავები 2:11, 12). განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ბიბლიურ რჩევებს დაგეხმაროთ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ოჯახური ცხოვრების გაუმჯობესებასა და იმაში, რომ გახდეთ უკეთესი დამსაქმებელი თუ ხელქვეითი.

მოერიდეთ ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებას

ბიბლია არ კრძალავს ალკოჰოლური სასმელების ზომიერად დალევას. პავლე მოციქულმა მოიხსენია, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ღვინო სასარგებლოა. მან ახალგაზრდა ტიმოთეს ურჩია: „ცოტა ღვინო დალიე კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო“ (1 ტიმოთე 5:23). ბიბლიის სხვა მონაკვეთები გვიჩვენებს, რომ ღმერთს ღვინო მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვის არ მოუცია. მაგალითად, ერთ ადგილას ნათქვამია, რომ ღვინო „მოკვდავი ადამიანის გულის გამახალისებელია“ (ფსალმუნი 104:15). მიუხედავად ამისა, ბიბლია გვაფრთხილებს, რომ არ გავხდეთ „ღვინის მონები“ (ტიტე 2:3). მასში ნათქვამია: „ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს და ვინც ხორცით ვერ ძღება; რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება“ (იგავები 23:20, 21). რა შედეგები მოჰყვება ასეთი რჩევების უგულებელყოფას? მოდი გადავხედოთ რამდენიმე ქვეყნის მონაცემებს.

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2004 წლის ანგარიშში, რომელიც მთელ მსოფლიოში ალკოჰოლის პრობლემას ეხებოდა, ნათქვამია: „ირლანდიის მოსახლეობა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს“. აქედან „350 მილიონი დოლარი იხარჯება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებში, 380 მილიონი — ავარიით გამოწვეულ შემთხვევებში, 126 მილიონი — ნასვამ მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაულის გამო; 1,3 მილიარდი კი ჯდება ზარალი, რაც გამოწვეულია იმით, რომ მრავალი ადამიანი სასმლის გამო სამსახურში არ ცხადდება, რის შედეგადაც სამუშაო ფერხდება“, — ნათქვამია იმავე ანგარიშში.

ფულად ზარალზე მეტად შემაშფოთებელი ის არის, რომ ალკოჰოლის გადაჭარბებულად გამოყენებას ადამიანებისთვის ფიზიკური ზიანი მოაქვს. მაგალითად, ავსტრალიაში მხოლოდ ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა მათ გამო, ვინც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. საფრანგეთში ოჯახური ძალადობის შემთხვევათა დაახლოებით 30 პროცენტი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო ხდება. თუ ამ ფაქტებს მხედველობაში მიიღებთ, როგორ ფიქრობთ, განა გონივრული არ არის ბიბლიური რჩევის გამოყენება ალკოჰოლთან დაკავშირებით?!

მოერიდეთ მავნე ჩვევებს

1942 წელს, მაშინ როცა თამბაქოს მოწევა ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ მოდაში იყო, ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ ეხმარებოდა მკითხველს იმის დანახვაში, რომ თამბაქოს გამოყენება ბიბლიური პრინციპების დარღვევა იყო, და მოუწოდებდა მათ, რომ მიეტოვებინათ ეს ჩვევა. ამავე წელს გამოცემული ჟურნალის ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ვისაც სურს ასიამოვნოს ღმერთს, უნდა მიჰყვეს ბიბლიურ მითითებას და ‘განიწმინდოს ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს’ (2 კორინთელები 7:1). ამ მოწოდების შემდეგ თითქმის 65 წელი გავიდა. დღესაც გონივრულია ამ ბიბლიური რჩევის გამოყენება?

2006 წელს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ თამბაქოს გამოყენება „სიკვდილის გამომწვევი მეორე ძირითადი მიზეზია მსოფლიოში“. ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების გამო, მაშინ როცა აივ-ი და შიდს-ი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ადამიანს უსწრაფებს სიცოცხლეს. მე-20 საუკუნეში სიგარეტის მოწევის გამო, როგორც ვარაუდობენ, 100 მილიონი ადამიანი დაიღუპა, თითქმის იმდენი, რამდენიც ამ საუკუნეში მომხდარმა ომებმა შეიწირა. მართლაც, იშვიათად თუ ვინმე უარყოფს, რომ თამბაქოს გამოყენება მავნებელია.

„გაექეცით სიძვას“

მრავალი არ იზიარებს ბიბლიის თვალსაზრისს სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. ბევრი ადამიანი ყველა სახის სქესობრივ ურთიერთობას ცოდვად მიიჩნევს, მაგრამ ბიბლია არ ეთანხმება ამ აზრს. მასში მოცემულია საღი რჩევა, თუ როგორ უნდა დაიკმაყოფილოს ადამიანმა სქესობრივი მოთხოვნილება. ბიბლია გვასწავლის, რომ სქესობრივი კავშირი მხოლოდ ცოლ-ქმარს შორის უნდა ხდებოდეს (დაბადება 2:24; მათე 19:4—6; ებრაელები 13:4). სქესობრივი ურთიერთობისას დაქორწინებული წყვილი ერთმანეთის მიმართ სიყვარულსა და ნაზ გრძნობებს ავლენს (1 კორინთელები 7:1—5). ბავშვზე დადებითად მოქმედებს, როდესაც ხედავს, რომ ჰყავს ორივე მშობელი, რომლებიც ერთმანეთზე ზრუნავენ (კოლოსელები 3:18—21).

სექსუალურ უზნეობასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს: „გაექეცით სიძვას“ (1 კორინთელები 6:18). რა არის ამის ერთ-ერთი მიზეზი? იმავე მუხლში ნათქვამია: „ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა. ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს“. რა შედეგები მოჰყვება იმას, როდესაც ადამიანი უგულებელყოფს ბიბლიის გაფრთხილებას სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით?

განვიხილოთ შეერთებული შტატების მაგალითი. ამ ქვეყანაში, ყველა სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მოზარდების დაფეხმძიმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია; შეერთებულ შტატებში ყოველ წელს დაახლოებით 850 000 მოზარდი ფეხმძიმდება. მრავალი ბავშვი, რომელიც აბორტს გადაურჩა, სწორედ რომ მარტოხელა დედებისგან იბადება. უდავოა, ბევრი ახალგაზრდა დედა ყველაფერს აკეთებს, რომ შვილი სიყვარულით აღზარდოს და დაარიგოს. ზოგი მათგანი წარმატებასაც აღწევს, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტები ცხადყოფს, რომ ხშირად მოზარდი დედების ვაჟები ციხეში ხვდებიან, ხოლო გოგონები მშობლებივით ადრეულ ასაკში ხდებიან დედები. ბოლო რამდენიმე ათწლეულის სტატისტიკური მონაცემების შესწავლის შემდეგ მკვლევარმა რობერტ ლერმანმა დაწერა: „ისეთი ოჯახების ზრდა, სადაც მხოლოდ დედები ზრდიან ბავშვებს, შეიძლება კიდევ უფრო ამწვავებდეს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა სკოლიდან გარიცხვა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება, ადრეულ ასაკში დაფეხმძიმება და შობადობა და არასრულწლოვნების მიერ დანაშაულის ჩადენა“.

გარდა ამისა, ყველა ვინც უზნეო ცხოვრებას ეწევა, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებს, რაც მის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. მაგალითად, ჟურნალ „პედიატრიაში“ ნათქვამია: „როგორც მონაცემები გვიჩვენებს, ახალგაზრდები, რომლებიც სქესობრივად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან, იმ სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან, რომ დეპრესიაში ჩავარდნენ და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულონ“. სხვა საშიშროებებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია იუწყება: „[შეერთებული შტატების] მოსახლეობის 50 პროცენტზე მეტს ვენერული დაავადება შეხვდება ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში“. დაფიქრდით, რამხელა ტკივილსა და ტანჯვას აირიდებთ თავიდან, თუ გამოიყენებთ ბიბლიის პრაქტიკულ რჩევებს სქესობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით!

განამტკიცეთ ოჯახური კვანძები

ბიბლია მხოლოდ იმას არ გვირჩევს, რომ საზიანო ჩვევებს მოვერიდოთ. მასში აგრეთვე მოცემულია რჩევები, რომლებიც ოჯახურ ბედნიერებას უწყობს ხელს.

ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“ (ეფესოელები 5:28). ქმრებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ, რამდენად ძვირფასნი არიან მათი ცოლები. ბიბლია მოუწოდებს მათ, რომ იცხოვრონ ცოლებთან და ‘შეძენილი ცოდნის თანახმად პატივი მიაგონ მათ, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს’ (1 პეტრე 3:7). გაუგებრობების მიუხედავად, რომლებიც შეიძლება ოჯახში წარმოიშვას, ბიბლია ქმრებს ურჩევს: „გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლოსელები 3:19). განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ქმარი, რომელიც ამ რჩევას იყენებს, ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებს?

ცოლებს ბიბლია შემდეგ რჩევას აძლევს: „ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი . . . ცოლი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“ (ეფესოელები 5:22, 23, 33). როგორ ფიქრობთ, ცოლი, რომელიც მეუღლესთან ლაპარაკისას თუ სხვა ნებისმიერ დროს ამ რჩევას იყენებს, განა არ დაიმსახურებს ქმრის სიყვარულს?

ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით ბიბლია მშობლებს ურჩევს, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ შვილებთან „სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (კანონი 6:7). მამებმა შვილებს მაღალზნეობრივი ნორმები უნდა ჩაუნერგონ და სიყვარულით დაარიგონ. ღვთის სიტყვა მამებს მოუწოდებს: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). ხოლო შვილებს ბიბლია არიგებს: „დაუჯერეთ თქვენს მშობლებს . . . [და] პატივი ეცი მამას და დედას“ (ეფესოელები 6:1, 2) *.

როგორ ფიქრობთ, მოუტანს სარგებლობას აქ მოყვანილი რჩევები ოჯახებს? „კარგი რჩევებია, — შეიძლება თქვათ, — მაგრამ ნამდვილად პრაქტიკულია ისინი?“ გიწვევთ, ესტუმროთ თქვენთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზს. იქ თქვენ შეხვდებით ოჯახებს, რომლებიც ცდილობენ ბიბლიის გონივრული რჩევების გამოყენებას. გაესაუბრეთ მათ. დააკვირდით, როგორ ექცევიან ოჯახის წევრები ერთმანეთს. თქვენ საკუთარი თვალით დაინახავთ, რომ ბიბლიური პრინციპების გამოყენებას ოჯახებისთვის ბედნიერება მოაქვს.

მუყაითი მუშა და პატიოსანი დამსაქმებელი

გვაძლევს ბიბლია რაიმე რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევინარჩუნოთ სამუშაო? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის, ვინც კარგად ფლობს თავის საქმეს, უფრო მეტად იქნება დაფასებული. „გინახავს თავის საქმეში დახელოვნებული კაცი? — იკითხა ბრძენმა მეფე სოლომონმა, — მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე“ (იგავები 22:29). ხოლო „ზარმაცი კაცი“ ისეა დამსაქმებლისთვის, როგორც „კვამლი თვალებისთვის“ (იგავები 10:26). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ პატიოსნად და გულმოდგინედ ვიშრომოთ. „ვინც იპარავდა, ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს, საკუთარი ხელით აკეთოს კარგი საქმე“ (ეფესოელები 4:28). ეს რჩევა მაშინაც უნდა გავითვალისწინოთ, როცა დამსაქმებელი ვერ გვხედავს. „ყველაფერში დაემორჩილეთ ხორციელ ბატონებს, არა მოსაჩვენებლად, როგორც კაცთმაამებლები, არამედ გულწრფელად, იეჰოვასადმი შიშით“ (კოლოსელები 3:22). თუ დამსაქმებელი ხართ, განა არ უნდა დააფასოთ თქვენი ხელქვეითი, რომელიც ამ რჩევის შესაბამისად იქცევა?

დამსაქმებლებს ბიბლია შეახსენებს: „მუშა თავისი გასამრჯელოს ღირსია“ (1 ტიმოთე 5:18). ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონი დამსაქმებელს პირდაპირ მიუთითებდა, რომ მუშისთვის თავის დროზე მიეცა ის გასამრჯელო, რაც ეკუთვნოდა. „არაფერი გამოსძალო მოძმეს და არ გაძარცვო; დილამდე არ დაიტოვო მოჯამაგირის გასამრჯელო“, — დაწერა მოსემ (ლევიანები 19:13). განა სასიამოვნო არ არის ისეთ დამსაქმებელთან მუშაობა, რომელიც ემორჩილება ბიბლიურ პრინციპებს და ხელფასს დროულად გაძლევთ?

სიბრძნის უმაღლესი წყარო

ხომ არ გიკვირთ, რომ ისეთი უძველესი წიგნი, როგორიც ბიბლიაა, დღეისთვის პრაქტიკულ რჩევებს იძლევა? იმის მიზეზი, თუ რატომ არის ბიბლია დღესაც პრაქტიკული, მაშინ როცა სხვა მრავალი წიგნი უკვე მოძველდა, არის ის, რომ მასში მოცემულია არა ადამიანის სიტყვა, არამედ „ღვთის სიტყვა“ (1 თესალონიკელები 2:13).

მოგიწოდებთ, რომ გამონახოთ დრო და უკეთ გაეცნოთ ღვთის სიტყვას. თუ ასე მოიქცევით, თქვენ შეიყვარებთ ბიბლიის ავტორს, იეჰოვა ღმერთს. გამოიყენეთ ღვთის მიერ შემოთავაზებული რჩევები და თავად დარწმუნდებით, რომ ისინი დაგიცავთ სხვადასხვა ზიანისგან და ცხოვრებასაც გაგიუმჯობესებთ. ასე მოქმედებით თქვენ ‘დაუახლოვდებით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ’ (იაკობი 4:8). ღმერთთან დაახლოებაში სხვა ვერც ერთი წიგნი ვერ დაგეხმარებათ.

[სქოლიო]

^ აბზ. 20 უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. მასში დაწვრილებით არის განხილული ბიბლიური პრინციპები, რომლებიც დაეხმარება თქვენს ოჯახს. ეს წიგნი გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 4 გვერდზე]

როგორ ფიქრობთ, პრაქტიკულია ბიბლიური რჩევის გამოყენება ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებით?

[სურათი 5 გვერდზე]

ეთანხმებით ბიბლიის რჩევას, რომ უარი თქვათ თამბაქოზე?

[სურათები 7 გვერდზე]

ბიბლიური რჩევების გათვალისწინება ოჯახურ ცხოვრებას გაგიუმჯობესებთ.

[სურათის საავტორო უფლება 5 გვერდზე]

Globe: Based on NASA photo