პრაქტიკული რჩევების ძიება
პრაქტიკული რჩევების ძიება
როგორ შევინარჩუნო ჯანმრთელობა?
რისი გაკეთება შემიძლია, რომ უფრო ბედნიერი ოჯახი მქონდეს?
როგორ შემიძლია სამსახურის შენარჩუნება?
დაგისვამთ ოდესმე ასეთი კითხვები? თუ მიგიღიათ მათზე პასუხები? ყოველწლიურად დაახლოებით 2 000 სხვადასხვა წიგნი იბეჭდება, რომლებშიც ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რჩევებია მოცემული. მაგალითად, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მკითხველები წელიწადში დაახლოებით 150 მილიონ დოლარს იხდიან იმ წიგნებში, რომლებიც ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებით იძლევა რჩევებს. ხოლო შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად დაახლოებით 600 მილიონი დოლარი იხარჯება ასეთ წიგნებში. თქვენ მსგავსად ბევრი ეძებს კარგ რჩევებს იმის თაობაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს ყოველდღიურ სირთულეებს.
უამრავ პუბლიკაციაში მოცემულ რჩევებთან დაკავშირებით ერთმა ავტორმა თქვა: „ბევრი ახალი წიგნი უბრალოდ იმეორებს იმას, რაც უკვე დაწერილი იყო“. მართლაც, ამ წიგნებში მოცემული მრავალი რჩევა მხოლოდ გამოძახილია იმ სიბრძნისა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უძველეს წიგნშია ჩაწერილი. ეს ყველაზე გავრცელებული წიგნია მსოფლიოში. მთლიანად თუ ნაწილობრივ ის დაახლოებით 2 400 ენაზეა ნათარგმნი. საერთო ჯამში, მთელ მსოფლიოში ამ წიგნის 4,6 მილიარდზე მეტი ეგზემპლარი არსებობს. ეს წიგნი არის ბიბლია.
ბიბლიაში ნათქვამია: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმოთე 3:16). ბიბლია იმისთვის არ დაწერილა, რომ რჩევების კრებული ყოფილიყო. ამ წიგნის მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანებს ღვთის განზრახვები გაუმჟღავნოს. ამავე დროს, მასში მრავალი რჩევაა მოცემული, თუ როგორ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ პრობლემებს. ბიბლია იმასაც გვპირდება, რომ მისი რჩევების გათვალისწინება დიდ სარგებლობას მოგვიტანს (ესაია 48:17, 18). ბიბლიაში მოცემული რჩევების გამოყენება ყოველთვის პრაქტიკულია ყველასთვის განურჩევლად ეთნიკური თუ კულტურული წარმომავლობისა და განათლებისა. წაიკითხეთ შემდეგი სტატია და თავად დარწმუნდით, პრაქტიკულია თუ არა ბიბლიური რჩევები ჯანმრთელობასთან, ოჯახთან და სამსახურთან დაკავშირებით.