ჩემი ცხოვრება მოწაფეების მომზადების საქმემ წარმართა
ბიოგრაფია
ჩემი ცხოვრება მოწაფეების მომზადების საქმემ წარმართა
მოგვითხრო ლინეტ პიტერზმა
მათ ჩვენი ევაკუაცია მოახდინეს. სნაიპერი შენობის თავზე იდგა. ჯარისკაცები ბალახზე იყვნენ გაწოლილნი და იარაღი შეყენებული ჰქონდათ. კვირა დილა იყო; მე და ერთი წყვილი, რომლებთან ერთადაც მისიონერად ვმსახურობდი, ვერტმფრენისკენ გავრბოდით და ვცდილობდით, სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა. ერთ წუთში ჰაერში ვიყავით. ათი წუთის შემდეგ კი თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდით, რადგან ჩვენი ვერტმფრენი სამხედრო გემზე იჯდა, რომელსაც ნაპირთან ახლოს ჰქონდა ღუზა ჩაშვებული.
დილით გავიგეთ, რომ ის სასტუმრო, რომელშიც წინა საღამოს თავის შეფარება გვინდოდა, ამბოხებულებს დაუბომბავთ. სიერა-ლეონეში წლების განმავლობაში მიმდინარე მღელვარება საბოლოოდ ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა. ყველა უცხოელი იძულებული ვიყავით, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად დაგვეტოვებინა. ნება მიბოძეთ მოგიყვეთ, თუ რატომ აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში.
გავიზარდე ბრიტანეთის გვიანაში, რომელსაც 1966 წლიდან გაიანა ეწოდება. ბავშვობა (50-იანი წლები) უდარდელი და მხიარული მქონდა. გვიანაში მშობლების უმრავლესობა ძალიან იყო დაინტერესებული იმით, რომ შვილებს კარგი განათლება მიეღოთ, ამიტომ ითხოვდნენ კიდეც მათგან, რომ სკოლაში კარგად ესწავლათ. მახსოვს, ერთხელ ბანკის თანამშრომელმა მამაჩემს ჰკითხა: „რატომ ხარჯავ ამდენ ფულს ბავშვების განათლებისთვის?“ მამამ უპასუხა: „მხოლოდ საუკეთესო განათლება მოუტანთ მათ წარმატებას“. იმ დროს მამა ფიქრობდა, რომ საუკეთესო განათლების მიღება მხოლოდ
პრესტიჟულ სკოლებში შეიძლებოდა. მალე მისი შეხედულებები შეიცვალა.როდესაც 11 წლის ვიყავი, დედამ იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ის ერთ საღამოს სამეფო დარბაზსაც ეწვია მეზობელ ქალთან ერთად. იქ მოსმენილმა ორივე დაარწმუნა, რომ ჭეშმარიტება იპოვეს. მოგვიანებით, დედა სხვა მეზობელ ქალსაც მოუყვა იმის შესახებ, რაც სამეფო დარბაზში მოისმინა. მალე სამივემ მისიონერებთან, დაფნი ჰარისთან (მოგვიანებით ბერდი) და როუზ კაფისთან, დაიწყეს შესწავლა. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ სამივენი მოინათლნენ. ხუთი წლის შემდეგ მამამ დატოვა მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესია და იეჰოვასადმი თავის მიძღვნის ნიშნად მოინათლა.
ოჯახში ათი და-ძმა ვიყავით. მე და ჩემს ორ დას, რომლებიც ყველაზე უფროსები ვიყავით, მრავალი სასიამოვნო წუთი გვაქვს გატარებული მისიონერთა სახლში, სადაც დაფნი და როუზი ცხოვრობდნენ. ისინი საინტერესო შემთხვევებს გვიყვებოდნენ თავიანთი მსახურებიდან. ეს ენთუზიაზმით აღსავსე მისიონერები დაუღალავად ზრუნავდნენ სხვების სულიერ კეთილდღეობაზე. სწორედ მათმა მაგალითმა აღმძრა, რომ მისიონერად მემსახურა.
რა დამეხმარა იმაში, რომ სრული დროით მსახურება დამესახა მიზნად, მაშინ როცა ჩემი ნათესავები და თანაკლასელები მხოლოდ კარიერაზე ფიქრობდნენ? მეც ბევრი შესაძლებლობა მქონდა, კარგი კარიერა შემექმნა — გავმხდარიყავი იურისტი, მიმეღო მუსიკალური განათლება, ჩამებარებინა სამედიცინო ფაკულტეტზე ან სხვა სპეციალობაზე. ჩემი მშობლების შესანიშნავმა მაგალითმა საჭირო ხელმძღვანელობა გამიწია. ისინი ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრობდნენ, გულმოდგინედ სწავლობდნენ ბიბლიას და დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ იმისთვის, რომ სხვებისთვის იეჰოვას შესახებ ესწავლებინათ *. გარდა ამისა, მშობლები ხშირად ეპატიჟებოდნენ სრული დროით მსახურებს სახლში. როცა ვხედავდი, თუ რამხელა სიხარული და კმაყოფილება მოჰქონდა ამ და-ძმებისთვის სრული დროით მსახურებას, ამან გამიძლიერა გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრება მოწაფეების მომზადების საქმიანობისთვის მიმეძღვნა.
თხუთმეტი წლის ასაკში მოვინათლე. სკოლის დამთავრებისთანავე სრული დროით პიონერად დავიწყე მსახურება. ფილომენა, რომელიც საავადმყოფოში მუშაობდა, პირველი იყო მათ შორის, ვისაც დავეხმარე, რომ თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის და მონათლულიყო. იმის დანახვამ, თუ როგორ შეუყვარდა მას იეჰოვა, გამიძლიერა სურვილი, რომ სრული დროით მსახურება განმეგრძო. მალე სახელმწიფო დაწესებულებაში, სადაც მდივნად ვმუშაობდი, მაღალი თანამდებობა შემომთავაზეს. მე უარი ვთქვი ამ წინადადებაზე და პიონერული მსახურება განვაგრძე.
მისიონერები კვლავ განაგრძობდნენ ჩვენთან სახლში მოსვლას. ძალიან მსიამოვნებდა მათი შემთხვევების მოსმენა, რამაც კიდევ უფრო გამიძლიერა მისიონერად მსახურების სურვილი, თუმცა ეს შეუძლებელი მეჩვენებოდა. გაიანაში მისიონერები დღესაც ინიშნებიან საქადაგებლად. 1969 წლის ერთ
მშვენიერ დღეს ჩემს გაოცებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ბრუკლინში (ნიუ-იორკში) „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა „გალაადში“ მიმიწვიეს.მსახურება იქ, სადაც არ ველოდი
„გალაადის“ 48-ე კლასში 21 ქვეყნიდან ჩასული 54 მოსწავლე ვიყავით. აქედან 17 გასათხოვარი და ვიყავით. მართალია ეს 37 წლის წინ იყო, მაგრამ ჯერაც ცოცხლად მახსოვს იქ გატარებული ხუთი თვე. ბევრი რამ ვისწავლეთ არა მხოლოდ სულიერი საკითხების შესახებ, არამედ იმაზეც, თუ რა პრაქტიკული რჩევები უნდა გაგვეთვალისწინებინა ცხოვრებაში. მაგალითად, ზოგი ასეთი რჩევა ეხებოდა იმას, რომ შესაფერისი გარეგნობა გვქონოდა და თავი გაგვერთვა სირთულეებისთვის.
ჩემი მშობლები ძალიან აფასებდნენ კრების თითოეულ შეხვედრას. თუ რომელიმე ჩვენგანი თავს მოვიავადმყოფებდით და კვირას კრების შეხვედრას არ დავესწრებოდით, მეორე დღეს მშობლები ნებას არ გვრთავდნენ, რომ რაიმე გასართობ საღამოზე, მაგალითად კონცერტზე, წავსულიყავით. მშობლების ასეთი კარგი მაგალითის მიუხედავად, როდესაც სკოლა „გალაადში“ ვსწავლობდი, კრების ზოგ შეხვედრას არ ვესწრებოდი. ერთხელაც, პარასკევ საღამოს, როდესაც ბეთელში მომსახურე წყვილმა დონ და დოლორეს ადამსებმა გამომიარეს, რომ კრებაზე წავეყვანე (ჩვეულებრივ, მათ დავყავდი კრებებზე მანქანით), ვუთხარი, რომ ვერც ამჯერად წავიდოდი თეოკრატიული სამსახურის სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე; თავი კი იმით ვიმართლე, რომ „გალაადის“ სკოლისთვის ბევრი დავალება მქონდა მოსამზადებელი. ასეთი მიზეზის მოსმენის შემდეგ ძმა ადამსმა მითხრა: „ისე მოიქეცი, როგორც სინდისი გიკარნახებს“. ეს რჩევა გავითვალისწინე და იმ საღამოსვე წავედი კრებაზე. იმ დღიდან მოყოლებული, გარდა უკიდურესი შემთხვევებისა, არაფერს ვაძლევ იმის უფლებას, რომ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებაში შემიშალოს ხელი.
„გალაადის“ სკოლის დაწყებიდან დაახლოებით ორთვე-ნახევრის შემდეგ მოსწავლეებმა უკვე იმაზე დავიწყეთ ფიქრი, თუ ვის სად მოგვიწევდა მსახურება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კვლავ გაიანაში მომიწევდა მსახურების გაგრძელება, რადგან იქ მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა გავიგე, რომ გაიანაში დაბრუნება აღარ მომიწევდა. ნაცვლად ამისა სიერა-ლეონეში (დასავლეთი აფრიკა) დამნიშნეს მისიონერად. ძალიან მადლიერი ვიყავი იეჰოვასი, რომ ჩემი ძლიერი სურვილი საბოლოოდ შესრულდა და მისიონერად დავიწყე მსახურება.
ბევრი რამ ვისწავლე
სიერა-ლეონეს თვალწარმტაცმა ბორცვებმა, მთებმა, ყურეებმა და სანაპიროებმა ძალიან მომხიბლა. მაგრამ, ქვეყნის ყველაზე დიდ სილამაზეს მაინც ხალხი წარმოადგენს, რომლებიც ცდილობენ თავიანთი სიყვარულითა და სიკეთით სხვა ქვეყნიდან ჩასულებსაც კი თავი ისე აგრძნობინონ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ძალიან ეხმარება ახლად ჩასულ მისიონერებს, რომ ახლობლებთან განშორებით გამოწვეულ გრძნობას გაუმკლავდნენ. სიერა-ლეონეში მცხოვრებთ უყვართ თავიანთ წეს-ჩვეულებებსა და კულტურაზე ლაპარაკი. აგრეთვე, ისინი სიამოვნებით ეხმარებიან ჩასულებს ქვეყანაში გავრცელებული კრიო ენის სწავლაში.
კრიო ენაზე მოლაპარაკე ხალხს მრავალი სხარტი გამონათქვამი აქვს, მაგალითად: „მაიმუნი მუშაობს, ბაბუინი კი ჭამს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მთესველი ყოველთვის ვერ იმკის თავის მოსავალს. ეს გამონათქვამი ზუსტად აღწერს იმ უსამართლობას, რაც მსოფლიოშია გავრცელებული (ესაია 65:22).
ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმიანობას ხალხი ძალიან კარგად ეხმაურებოდა. ძნელად თუ იპოვიდი ვინმეს, ვისაც ბიბლია არ აინტერესებდა. წლების განმავლობაში მისიონერებისა და სხვა
მქადაგებლების დახმარებით მრავალი ადამიანი — ახალგაზრდა თუ ხანდაზმული — სხვადასხვა ტომიდან და საზოგადოებრივი ფენიდან იღებს ჭეშმარიტებას.ერლა სენტ-ჰილი, რომელთან ერთადაც დავიწყე მისიონერული მსახურება, ძალიან ენერგიული ადამიანი იყო. მისი გულმოდგინება არა მარტო მსახურებიდან ჩანდა, არამედ იქიდანაც, თუ როგორ ზრუნავდა მისიონერთა სახლზე. ერლას დახმარებით ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე, მაგალითად ის, რომ გამეცნო მეზობლები, მომენახულებინა ავადმყოფი და-ძმები თუ დაინტერესებულები და, სადაც შესაძლებელი იყო, მხარში ამოვდგომოდი და მენუგეშებინა ისინი, ვისაც ახლობელი მოუკვდებოდა. ასევე, ერლამ იმის კარგი მაგალითი მომცა, რომ ქადაგების შემდეგ ტერიტორია არასოდეს დამეტოვებინა ისე, რომ იქ მცხოვრები და-ძმები არ მომენახულებინა თუნდაც მცირე ხნით. ასე მოქმედებით მალევე შევიძინე დედები, ძმები, დები და მეგობრები. ეს მხარე ჩემი სახლი გახდა (მარკოზი 10:29, 30).
მისიონერები, რომლებიც ჩემთან ერთად მსახურობდნენ, ჩემი ახლო მეგობრები გახდნენ. მათ შორის იყვნენ ადნა ბერდი, რომელთან ერთადაც ადრე ერთ ოთახში ვცხოვრობდი, და შერილ ფერგიუსონი. ადნა სიერა-ლეონეში 1978—1981 წლებში მსახურობდა მისიონერად. მე და შერილი 24 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ.
სამოქალაქო ომი განსაცდელებს გვიქმნის
1997 წელს სიერა-ლეონეში ახალი ფილიალის მიძღვნიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ომის გამო იძულებულნი ვიყავით ქვეყანა დაგვეტოვებინა, როგორც ეს სტატიის დასაწყისშიც მოვიხსენიე. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ლიბერიელი ძმების რწმენამ, რომლებმაც 1991 წელს თავიანთი ქვეყანა დატოვეს და სიერა-ლეონეში ჩამოვიდნენ, რათა ლიბერიაში გაჩაღებული ომისთვის თავი დაეღწიათ. ზოგიერთმა მათგანმა ყველაფერი დაკარგა. ასეთი რთული მდგომარეობის მიუხედავად ისინი ყოველდღე ქადაგებდნენ. ძალიან გამამხნევებელი იყო იმის დანახვა, თუ რა დიდ სიყვარულს ავლენდნენ ისინი იეჰოვასა და ხალხის მიმართ.
მალე ჩვენ თავად გავხდით ლტოლვილები გვინეაში; ლიბერიელი ძმების მსგავსად განვაგრძობდით იეჰოვაზე მინდობას და სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას. ერთი წლის შემდეგ მოვახერხეთ სიერა-ლეონეში დაბრუნება, მაგრამ შვიდ თვეში ომი ისევ გაჩაღდა, რის გამოც კვლავ გვინეაში მოგვიწია წასვლა.
მალე შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი დაჯგუფების წევრებმა ჩვენი მისიონერული სახლი, რომელიც სიერა-ლეონეს დედაქალაქის გარეუბანში, კისიში მდებარეობდა, გაძარცვეს და ქონების ნაწილი
გაანადგურეს. ნაცვლად იმისა, რომ გული გაგვტეხოდა, მადლობლები ვიყავით, რომ ცოცხლები გადავრჩით. მართალია ბევრი რამ აღარ გვქონდა, მაგრამ მაინც შევძელით რთული სიტუაციებისთვის თავის გართმევა.მეორე ევაკუაციის შემდეგ მე და შერილი გვინეაში დავრჩით. საჭირო იყო, რომ ფრანგული ენა გვესწავლა. გვინეაში ზოგმა მისიონერმა მალევე დაიწყო ახალი ენის გამოყენება. ისინი შეცდომების გამო თავს არ იკავებდნენ ლაპარაკისგან, მე კი ვერ ვიტანდი შეცდომებით ლაპარაკს, ამიტომ მხოლოდ მაშინ ვლაპარაკობდი, როცა სხვა გამოსავალი არ მქონდა. ამას ძალიან განვიცდიდი. საკუთარ თავს ყოველდღე იმას ვახსენებდი, რომ გვინეაში იმიტომ ვიყავი, სხვებს იეჰოვას გაცნობაში დავხმარებოდი.
ენის სწავლაში თანდათანობით წინ მივიწევდი. ამაში ის მეხმარებოდა, რომ ვუსმენდი მათ, ვინც ფრანგულად გამართულად ლაპარაკობდა. აგრეთვე დახმარება ვთხოვე ჩვენი კრების ბავშვებს, რომლებსაც არ მოერიდებოდათ, ჩემთვის შეცდომებზე მიეთითებინათ. იეჰოვას ორგანიზაციისგან მოწოდებული რჩევები ჩემთვის დროული დახმარება აღმოჩნდა. 2001 წლის სექტემბრიდან „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ იბეჭდება მიმდინარე ჟურნალების შეთავაზებები და იმის ნიმუშები, თუ როგორ შევთავაზოთ წიგნები და ბროშურები სხვადასხვა მრწამსის ადამიანებს. ახლა მსახურებაში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს მაშინაც კი, როცა რაიმე აზრს ისე გამართულად ვერ ვამბობ, როგორც ამას მშობლიურ ენაზე ვიტყოდი.
რადგან დიდ ოჯახში გავიზარდე, ეს დამეხმარა შევგუებოდი ბევრთან ერთად ცხოვრებას. იყო დრო, როცა მისიონერთა სახლში 17 ვცხოვრობდით. ჩემი მისიონერული მსახურების (37 წლის) განმავლობაში ასზე მეტ მისიონერთან მომიწია ცხოვრება. ძალიან მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა, გამეცნო ამდენი ძვირფასი და-ძმა, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათი, მაგრამ საერთო მიზანი ჰქონდათ. რა დიდი ბედნიერებაა, იყო ღვთის თანამშრომელი და დაინახო, როგორ იღებს ხალხი ბიბლიურ ჭეშმარიტებას! (1 კორინთელები 3:9).
ჩემი ოჯახის წევრების ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომლებსაც მისიონერული მსახურების გამო ვერ დავესწარი, მაგალითად ჩემი უმცროსი და-ძმების ქორწილს. ჩემს დისშვილებსა და ძმისშვილებს ხშირად ვერ ვნახულობ. ეს დიდი მსხვერპლია როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც გულწრფელად მამხნევებენ, რომ მისიონერული მსახურება განვაგრძო.
მისიონერულმა მსახურებამ შემივსო ის, რაც სახლში არყოფნით დამაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარჩიე არ გავთხოვილიყავი, ბევრი სულიერი შვილი მყავს. მათ შორის არიან როგორც ისინი, ვისაც ბიბლია ვასწავლე, ასევე ისინი, ვისაც დავუახლოვდი და ჩემი მეგობრები გახდნენ. გარდა ამისა, მათი შვილები ჩემ თვალწინ გაიზარდნენ, დაქორწინდნენ და ახლა თავიანთ შვილებს ჭეშმარიტებაში ზრდიან. ისევე როგორც ჩემი, ზოგიერთი მათგანის ცხოვრებაც მოწაფეების მომზადების საქმემ წარმართა.
[სქოლიო]
^ აბზ. 9 დედამ 25 წელზე მეტი გაატარა პიონერულ მსახურებაში, ხოლო მამამ პენსიაზე გასვლის შემდეგ დამხმარე პიონერად დაიწყო მსახურება.
[რუკები 15 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
საქადაგებლად გამგზავნეს სიერა-ლეონეში (დასავლეთი აფრიკა).
გვინეა
სიერა-ლეონე
[სურათი 13 გვერდზე]
ჩემი დები, რომლებმაც 50-იან წლებში ჩემსავით მრავალი სასიმოვნო წუთი გაატარეს მისიონერებთან ერთად მსახურებაში.
[სურათი 14 გვერდზე]
სკოლა „გალაადის“ 48-ე კლასის მოსწავლეებთან ერთად.
[სურათი 16 გვერდზე]
ფილიალის მიძღვნა სიერა-ლეონეში.