არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაე განმტკიცდეს კრება!

დაე განმტკიცდეს კრება!

დაე განმტკიცდეს კრება!

„კრებას . . . მშვიდობის დრო დაუდგა და შენდებოდა“ (საქმეები 9:31).

1. რა კითხვები წამოიჭრება „ღვთის კრებასთან“ დაკავშირებით?

იეჰოვამ ქრისტეს მოწაფეთა ჯგუფი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ახალ ერად, „ღვთის ისრაელად“ ცნო (გალატელები 6:16). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეს სულითცხებული ქრისტიანების ჯგუფი ასევე „ღვთის კრება“ გახდა (1 კორინთელები 11:22). რას ნიშნავდა ეს? როგორ იქნებოდა „ღვთის კრება“ ორგანიზებული? როგორ იფუნქციონირებდა ის ყველგან, სადაც მისი წევრები იქნებოდნენ? და რა გავლენას ახდენს კრება დღეს ჩვენს ცხოვრებასა და კეთილდღეობაზე?

2, 3. როგორ მიანიშნა იესომ, რომ კრებას გარკვეული სტრუქტურა ექნებოდა?

2 როგორც წინა სტატიაში იყო მოხსენიებული, იესომ წინასწარ მიუთითა, რომ იარსებებდა ცხებული მიმდევრებისგან შემდგარი კრება. მან პეტრე მოციქულს უთხრა: „მე ამ კლდეზე [იესო ქრისტეზე] ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“ (მათე 16:18). გარდა ამისა, იესო ჯერ კიდევ მოციქულებთან იყო, როცა მითითებები მისცა მათ იმ კრების დანიშნულებისა და ორგანიზების შესახებ, რომელიც მალე ჩამოყალიბდებოდა.

3 იესომ სიტყვითა და საქმით დაანახვა თავის მოწაფეებს, რომ კრებაში იქნებოდნენ პასუხისმგებლობების მქონე ადამიანები, რომლებიც კრებას მოემსახურებოდნენ. ქრისტემ თქვა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვისაც ხალხთა მმართველებად თვლიან, მათზე ბატონობენ და ხალხი დიდებულთა ძალაუფლებაშია. თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. პირიქით, ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის დიდი იყოს, თქვენი მსახური იყოს, და ვისაც უნდა, რომ თქვენ შორის პირველი იყოს, ის ყველას მონა იყოს“ (მარკოზი 10:42—44). ნათელია, რომ „ღვთის კრებაში“ არ იგულისხმებოდა გაფანტული, არაორგანიზებული კრება. პირიქით, კრებაში იქნებოდა გარკვეული სტრუქტურა და მისი წევრები ერთმანეთთან ითანამშრომლებდნენ.

4, 5. საიდან ვიცით, რომ კრებას სულიერი დამოძღვრა სჭირდება?

4 იესომ, რომელიც „ღვთის კრების“ თავი იქნებოდა, აღნიშნა, რომ მის მოციქულებსა და სხვებს, რომლებიც მისგან განისწავლებოდნენ, გარკვეული პასუხისმგებლობები ექნებოდათ კრებაში. რა პასუხისმგებლობები? მათი მთავარი დავალება კრების სულიერად დამოძღვრა იქნებოდა. მკვდრეთით აღმდგარმა იესომ ზოგი მოციქულის თანდასწრებით პეტრეს უთხრა: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“ პეტრემ მიუგო: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. იესომ უთხრა მას: „აძოვე ჩემი ბატკნები . . . დამწყემსე ჩემი ბატკნები . . . აძოვე ჩემი ბატკნები“ (იოანე 21:15—17). ეს მართლაც მნიშვნელოვანი დავალება იყო!

5 იესომ კრების წევრები სამწყსოს შეადარა. ამ ცხვარს — ქრისტიან კაცებს, ქალებს და ბავშვებს — სულიერი საკვები და სათანადო დამოძღვრა სჭირდება. გარდა ამისა, რადგან იესომ თავის მიმდევრებს უბრძანა, ესწავლებინათ ხალხისთვის და მოემზადებინათ მოწაფეები, ახლებს უნდა ესწავლათ ღვთის ამ დავალების შესრულება (მათე 28:19, 20).

6. რა ღონისძიებები გატარდა ახლადჩამოყალიბებულ „ღვთის კრებაში“?

6 „ღვთის კრების“ ჩამოყალიბების შემდეგ მისი წევრები რეგულარულად იკრიბებოდნენ დარიგების მოსასმენად და ურთიერთგასამხნევებლად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისინი მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ, ყველაფერს ერთმანეთს უზიარებდნენ, ერთად ჭამდნენ და ლოცულობდნენ“ (საქმეები 2:42, 46, 47). აღსანიშნავია ისიც, რომ კრებაში სხვადასხვა დავალების შესასრულებლად გამოცდილ მამაკაცებს ნიშნავდნენ. მათ არც განათლებისა და არც განსაკუთრებული ნიჭის გამო ირჩევდნენ. ეს კაცები იყვნენ „სულითა და სიბრძნით სავსე“. ერთ-ერთი მათგანი იყო სტეფანე, რომელზეც ნათქვამია, რომ ის იყო „რწმენითა და წმინდა სულით სავსე“. იმის გამო, რომ კრება ორგანიზებული იყო, „ღვთის სიტყვა ვრცელდებოდა და იერუსალიმში მოწაფეების რიცხვი საოცრად იზრდებოდა“ (საქმეები 6:1—7).

მამაკაცები, რომლებსაც ღმერთი იყენებდა

7, 8. ა) ვინ იყვნენ პირველ საუკუნეში იერუსალიმში მყოფი მოციქულები და უხუცესები? ბ) რა შედეგი გამოიღო კრებების მეშვეობით გაწეულმა ხელმძღვანელობამ?

7 ცხადია, ახლადჩამოყალიბებულ კრებას ძირითადად მოციქულები ხელმძღვანელობდნენ, თუმცა მათ სხვებიც ეხმარებოდნენ. ერთხელ პავლე და მისი თანამოაზრეები სირიის ანტიოქიაში ჩავიდნენ. საქმეების 14:27-ში ვკითხულობთ: „ჩავიდნენ, კრება მოიწვიეს და ბევრი რამ უამბეს იმაზე, რაც ღმერთმა მათი მეშვეობით გააკეთა“. ისინი ჯერ კიდევ ანტიოქიის კრებაში იყვნენ, როცა კითხვა წამოიჭრა უცხოტომელი ქრისტიანების წინადაცვეთის შესახებ. საკითხის გადასაჭრელად გადაწყვიტეს, რომ პავლე და ბარნაბა „მოციქულებსა და უხუცესებთან ასულიყვნენ იერუსალიმში“, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს წარმოადგენდნენ (საქმეები 15:1—3).

8 თუმცა ქრისტიანი უხუცესი და იესოს ნახევარძმა იაკობი მოციქული არ იყო, ის შეხვედრას უძღვებოდა, როცა „ამ საკითხის განსახილველად მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ“ (საქმეები 15:6). საფუძვლიანი მსჯელობის შემდეგ და წმინდა სულის დახმარებით, მათ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ბიბლიაზე იყო დაფუძნებული. შემდეგ ეს გადაწყვეტილება წერილობითი სახით ადგილობრივ კრებებს გაუგზავნეს (საქმეები 15:22—32). კრებებმა მიიღეს ის და გაითვალისწინეს. რა მოჰყვა ამას შედეგად? ძმები და დები გაძლიერდნენ და გამხნევდნენ. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კრებები რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“ (საქმეები 16:5).

9. ბიბლიის თანახმად, რა დავალებებს ასრულებდნენ კრებაში გამოცდილი ქრისტიანი მამაკაცები?

9 მაგრამ, ჩვეულებრივ, როგორ ფუნქციონირებდა ადგილობრივი კრებები? განვიხილოთ კუნძულ კრეტაზე არსებული კრებების მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კრეტელს ცუდი სახელი ჰქონდა, ზოგი შეიცვალა და ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდა (ტიტე 1:10—12; 2:2, 3). ისინი სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ და იერუსალიმში მყოფი ხელმძღვანელი საბჭოსგან შორს იყვნენ. მაგრამ ეს არ ქმნიდა სირთულეს, რადგან კრეტის თითოეულ კრებაში, ისევე როგორც სხვაგან, დანიშნულნი იყვნენ სულიერად მოწიფული მამაკაცები. ისინი შეესაბამებოდნენ ბიბლიაში ჩაწერილ მოთხოვნებს. ისინი უხუცესებად ანუ ზედამხედველებად იყვნენ დანიშნულნი, რათა ‘ჯანსაღი სწავლებით დაერიგებინათ და მოწინააღმდეგეები შეეგონებინათ’ (ტიტე 1:5—9; 1 ტიმოთე 3:1—7). სხვა სულიერად მოწიფული კაცები, რომლებიც ბიბლიის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ, კრებაში მომსახურეებად ინიშნებოდნენ (1 ტიმოთე 3:8—10, 12, 13).

10. მათეს 18:15—17-ის თანახმად, როგორ უნდა გადაჭრილიყო სერიოზული პრობლემები?

10 იესომ მიგვანიშნა, რომ ასეთი სტრუქტურა იარსებებდა. მათეს 18:15—17-ში იესომ აღნიშნა, რომ დროდადრო შეიძლება ღვთის ორ მსახურს შორის სირთულეებმა იჩინოს თავი, როცა ერთი მეორის წინააღმდეგ სცოდავს. ნაწყენი ადამიანი უნდა მივიდეს თავის მწყენინებელთან და ‘ამხილოს დანაშაულში’, როცა მარტონი იქნებიან. თუ ამან არ გაჭრა, მან დახმარება უნდა სთხოვოს ერთ ან ორ ადამიანს, რომლებმაც იციან საქმის ვითარება. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება, თუ პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება? იესომ თქვა: „თუ არც მათ მოუსმენს, კრებას უთხარი; თუ არც კრებას მოუსმენს, იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი და როგორც გადასახადების ამკრეფი“. როცა იესომ ეს სიტყვები თქვა, „ღვთის კრება“ ჯერ მხოლოდ იუდეველებისგან შედგებოდა, ამიტომ მისი სიტყვები თავიდან მათ ეხებოდა *. მაგრამ ქრისტიანული კრების დაფუძნების შემდეგ იესოს მითითება უკვე ქრისტიანულ კრებაზე უნდა გავრცელებულიყო. ესეც ცხადყოფს, რომ ღვთის ხალხს უნდა ჰქონოდა კრებები, რათა თითოეული ქრისტიანი სულიერად განმტკიცებულიყო და დამოძღვრილიყო.

11. რა ევალებოდათ უხუცესებს პრობლემების წამოჭრის შემთხვევაში?

11 მართებულია, რომ უხუცესები და ზედამხედველები წარმოადგენენ კრებას და წყვეტენ კრებაში წამოჭრილ პრობლემებს ან სამართლებრივ საკითხებს. ეს შეესაბამება უხუცესების შესახებ მოთხოვნებს, რომლებიც ტიტეს 1:9-შია ჩაწერილი. ცხადია, რომ უხუცესები ისეთივე არასრულყოფილები იყვნენ, როგორიც ტიტე, რომელიც პავლემ კრებებში გაგზავნა, რათა ‘გამოესწორებინა ნაკლოვანებები’ (ტიტე 1:4, 5). დღეს, როცა განიხილება საკითხი ვინმეს უხუცესად დანიშვნის შესახებ, დრომ უნდა აჩვენოს, რომ ეს ადამიანი რწმენასა და ერთგულებას ავლენს. ამიტომ სხვებს კრებაში საფუძველი აქვთ, ენდონ იმ ხელმძღვანელობას, რომელიც ამ ღონისძიების მეშვეობით ეძლევათ.

12. რა პასუხისმგებლობა აქვთ კრებაში უხუცესებს?

12 პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს უთხრა: „ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს და მთელ სამწყსოს, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა დამწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“ (საქმეები 20:28). მსგავსად დღეს კრების ზედამხედველები იმისთვის არიან დანიშნულნი, რომ ‘მწყემსონ ღვთის კრება’. ისინი ამას სიყვარულით უნდა აკეთებდნენ და არ უნდა ბატონობდნენ სამწყსოზე (1 პეტრე 5:2, 3). ზედამხედველები უნდა ცდილობდნენ, რომ განამტკიცონ და დაეხმარონ „მთელ სამწყსოს“.

კრებასთან მჭიდრო ურთიერთობა

13. დროდადრო რამ შეიძლება იჩინოს თავი კრებაში და რატომ?

13 კრებაში ყველანი, მათ შორის უხუცესებიც, არასრულყოფილები არიან, ამიტომ დროდადრო გაუგებრობები და პრობლემები ჩნდება ისევე, როგორც პირველ საუკუნეში მოციქულების დროს ხდებოდა (ფილიპელები 4:2, 3). შეიძლება ზედამხედველის ან სხვისი ნათქვამი უხეში, მკაცრი ან ნახევრად სიმართლე მოგვეჩვენოს. ან შესაძლოა ვფიქრობთ, რომ გარკვეულ საკითხში ბიბლიური პრინციპი ირღვევა და მიუხედავად იმისა, რომ უხუცესებმა იციან ამის შესახებ, ისინი ზომებს არ იღებენ სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა შეიძლება უხუცესები აგვარებენ ან მათ უკვე მოაგვარეს ეს საკითხი წმინდა წერილებისა და იმ ფაქტების საფუძველზე, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. მაგრამ, თუ ყველაფერი ისეა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ, გავიხსენოთ, რომ კორინთის კრებაში, რომელზეც იეჰოვა ზრუნავდა, გარკვეული დროის განმავლობაში სერიოზულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. საბოლოოდ, იეჰოვამ იზრუნა ამ პრობლემის სამართლიანად მოგვარებაზე (1 კორინთელები 5:1, 5, 9—11). შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორ მოვიქცეოდი, იმ დროს კორინთში რომ მეცხოვრა?“

14, 15. რატომ მიატოვა ზოგმა მოწაფემ იესო და რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან?

14 განვიხილოთ კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც შეიძლება კრებაში მოხდეს. დავუშვათ, რომ კრებაში ვინმეს უჭირს რომელიმე ბიბლიური სწავლების გაგება და არ ეთანხმება მას. შესაძლოა მან გამოიკვლია ეს საკითხი ბიბლიისა და კრებაში ხელმისაწვდომი პუბლიკაციების მეშვეობით და დახმარებისთვის მოწიფულ ქრისტიანებს, მათ შორის უხუცესებსაც მიმართა. ყველაფრის მიუხედავად, ის ვერ წვდება ან არ ეთანხმება ამ სწავლებას. რის გაკეთება შეუძლია მას? იესოს სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მსგავსი შემთხვევა მოხდა. იესომ თქვა, რომ ის იყო „სიცოცხლის პური“ და მარადიული სიცოცხლის მისაღებად ადამიანს ‘კაცის ძის ხორცი უნდა ეჭამა და მისი სისხლი დაელია’. ამაზე ზოგი მისი მოწაფე აღშფოთდა. ნაცვლად იმისა, რომ იესოს სიტყვების მნიშვნელობა გაეგოთ ან რწმენით დალოდებოდნენ პასუხს, მრავალი მოწაფე „აღარ დაჰყვებოდა მას [იესოს]“ (იოანე 6:35, 41—66). ჩვენ რას გავაკეთებდით, იქ რომ ვყოფილიყავით?

15 დღესაც ზოგმა შეწყვიტა კრებასთან ურთიერთობა, რადგან ფიქრობენ, რომ შეუძლიათ ღმერთს დამოუკიდებლადაც სცენ თაყვანი. ისინი შეიძლება ამბობენ, რომ მათ გული ატკინეს, ან ვითარების გამოსასწორებლად ზომები არ იყო მიღებული, ან არ ეთანხმებიან გარკვეულ სწავლებას. რამდენად გონივრულად იქცევიან ისინი? მართალია, ქრისტიანებს პირადი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ ღმერთთან, მაგრამ ვერ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ღმერთი მსოფლიო კრებას იყენებს ისევე, როგორც მოციქულების დროს იყენებდა. გარდა ამისა, პირველ საუკუნეში იეჰოვა არამარტო იყენებდა, არამედ აკურთხებდა კიდეც ადგილობრივ კრებებს და გამოცდილ უხუცესებსა და მომსახურეებს ნიშნავდა. დღესაც იგივე ხდება.

16. რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი, თუ კრებასთან ურთიერთობის შეწყვეტას აპირებს?

16 თუ ქრისტიანი ფიქრობს, რომ საკმარისია ღმერთთან მხოლოდ პირადი ურთიერთობა, ის უარყოფს ღვთის მიერ დაწესებულ ღონისძიებას — ღვთის ხალხის მსოფლიო კრებასა და ადგილობრივ კრებებს. თუ ქრისტიანი ღმერთს დამოუკიდებლად სცემს თაყვანს ან მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან ერთად, მაშინ როგორღა მიიღებს უხუცესებისა და მომსახურეებისგან დახმარებას? აღსანიშნავია, რომ პავლეს მიერ კოლოსელებისთვის მიწერილ წერილში, რომელიც ლაოდიკიის კრებაშიც უნდა წაეკითხათ, ის საუბრობდა, თუ როგორ იქნებოდა ქრისტიანი ‘ფესვგადგმული და აშენებული ქრისტეში’. მისი წერილი მხოლოდ კრებაში მყოფი ადამიანებისთვის იყო სასარგებლო და არა მათთვის, ვინც კრებას ჩამოშორდა (კოლოსელები 2:6, 7; 4:16).

ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი

17. რას ვიგებთ 1 ტიმოთეს 3:15-დან კრების შესახებ?

17 მოციქულმა პავლემ ქრისტიანი უხუცესის, ტიმოთეს მიმართ მიწერილ პირველ წერილში მოიხსენია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდნენ ადგილობრივი კრებების უხუცესები და მომსახურეები. ამის შემდეგ პავლემ მოიხსენია „ცოცხალი ღვთის კრება“ და თქვა, რომ ის არის „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი“ (1 ტიმოთე 3:15). პირველ საუკუნეში ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარმა კრებამ დაამტკიცა, რომ ასეთი სვეტი იყო. უეჭველია, რომ ქრისტიანებს ჭეშმარიტების მიღება ძირითადად კრების მეშვეობით შეეძლოთ, რადგან იქ ისწავლებოდა ჭეშმარიტება, ხდებოდა მისი დაცვა და თითოეული მტკიცდებოდა სულიერად.

18. რატომ არის კრების შეხვედრები მნიშვნელოვანი?

18 მსგავსად, საერთაშორისო ქრისტიანული კრება არის ღვთის სახლეული, „ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი“. ადგილობრივი კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება და მათში მონაწილეობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის განმტკიცებაში და მისი ნების შესრულებაში გვეხმარება. პავლემ კორინთის კრებისთვის მიწერილ წერილში ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რაზე საუბრობდნენ შეხვედრებზე. წერილში ის ამბობდა, რომ სურდა კრების შეხვედრებზე ნათქვამი ნათელი და გასაგები ყოფილიყო, რათა განემტკიცებინა დამსწრეები (1 კორინთელები 14:12, 17—19). დღეს ჩვენც შეგვიძლია გავძლიერდეთ ადგილობრივი კრებების მეშვეობით, თუ ვაღიარებთ, რომ ეს ღონისძიება იეჰოვა ღმერთისგანაა და ის მხარს უჭერს მას.

19. რატომ უნდა დააფასოთ თქვენი კრება?

19 უდავოა, თუ გვსურს, სულიერად ძლიერები ვიყოთ, კრება არ უნდა მივატოვოთ. ის დიდი ხანია იცავს ქრისტიანებს ცრუ სწავლებებისგან და ღმერთი მისი მეშვეობით მთელ დედამიწაზე აცხადებს მესიის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ღმერთმა ქრისტიანული კრების მეშვეობით მრავალი რამ გააკეთა (ეფესოელები 3:9, 10).

[სქოლიო]

^ აბზ. 10 ბიბლეისტი ალბერტ ბარნზი ამბობს, რომ იესოს მითითებაში „კრებას უთხარი“ შეიძლება იგულისხმებოდეს „ისინი, ვისაც ასეთი საქმეების განსახილველად უფლებამოსილება აქვთ, ანუ ეკლესიის წარმომადგენლები. იუდეველთა სინაგოგაში უხუცესები მოსამართლეებად მსახურობდნენ და ასეთ სამართლებრივ საქმეებს განიხილავდნენ“.

გახსოვთ თუ არა?

• რის საფუძველზე ვამბობთ, რომ ღვთის ხალხი კრებებში იქნებოდა გაერთიანებული?

• არასრულყოფილების მიუხედავად, რას აკეთებენ უხუცესები კრებაში?

• თქვენ როგორ მტკიცდებით სულიერად ადგილობრივ კრებაში?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

ხელმძღვანელ საბჭოს წარმოადგენდნენ იერუსალიმში მყოფი მოციქულები და უხუცესები.

[სურათი 28 გვერდზე]

უხუცესებსა და მომსახურეებს აძლევენ მითითებებს, რათა კრებაში თავიანთი პასუხისმგებლობების შესრულება შეძლონ.