დაე კრებულმა განადიდოს იეჰოვა!
დაე კრებულმა განადიდოს იეჰოვა!
„ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში ქებას გიმღერებ“ (ებრაელები 2:12).
1, 2. რატომ არის კრება ჩვენთვის მნიშვნელოვანი და რა არის მისი მთავარი მიზანი?
მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანები მხარდაჭერასა და უსაფრთხოებას ოჯახში პოულობდნენ. მაგრამ ბიბლია საუბრობს სხვა ოჯახზე, სადაც დღეს უამრავი ადამიანი განსაკუთრებულ მხარდაჭერასა და უსაფრთხოებას გრძნობს. ეს ოჯახი ქრისტიანული კრებაა. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა თბილი და მოსიყვარულე ოჯახი, თქვენ შეგიძლიათ და უნდა დააფასოთ კიდეც ის, რასაც ღმერთი ამ კრების მეშვეობით გვაძლევს. რა თქმა უნდა, თუ უკვე იეჰოვას მოწმეთა კრებას ეკუთვნით, ალბათ დაადასტურებთ, რომ კრების წევრებთან თბილი ურთიერთობები გაქვთ და მათთან უსაფრთხოდ გრძნობთ თავს.
2 კრება, უბრალოდ, ადამიანთა თავყრილობა არ არის. ის არც საზოგადოებრივი გაერთიანებაა და არც კლუბი, სადაც ერთნაირი მდგომარეობისა და ინტერესების მქონე ადამიანები იკრიბებიან. კრება, უმთავრესად, იეჰოვა ღმერთის განსადიდებლად შეიქმნა. ფსალმუნების წიგნიდან ვიგებთ, რომ ის დიდი ხანია, ამ მიზანს ემსახურება. ფსალმუნის 35:18-ში ვკითხულობთ: „ხოტბას შეგასხამ დიდ კრებულში და უამრავ ხალხში მოგიძღვნი ქებას“. ასევე ფსალმუნის 107:31, 32-ში ჩაწერილია მოწოდება: „მადლობდეს ხალხი იეჰოვას მისი სიკეთისთვის და ადამიანთა ძეებისთვის გაკეთებული საოცარი საქმეებისთვის. ადიდონ იგი შესაკრებელში და მოხუცებულთა კრებულში აქონ“.
3. პავლეს სიტყვების თანახმად, რა დანიშნულება აქვს კრებას?
3 მოციქულმა პავლემ კრების სხვა მნიშვნელოვანი დანიშნულების შესახებ თქვა, რომ ის არის ‘ღვთის სახლეულობა, ცოცხალი ღვთის კრება, ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი’ (1 ტიმოთე 3:15). რომელ კრებაზე ლაპარაკობდა პავლე? რა გაგებით არის გამოყენებული ბიბლიაში სიტყვები „კრება“ და „კრებული“? და რა გავლენას უნდა ახდენდეს კრება ჩვენს ცხოვრებასა და შეხედულებებზე? ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჯერ ვნახოთ, რა გაგებით გამოიყენება ბიბლიაში სიტყვები „კრება“ და „კრებული“.
4. ძირითადად, რა გაგებით არის გამოყენებული ებრაულ წერილებში სიტყვა „კრებული“?
4 „კრებულად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვის ფუძე ნიშნავს შეკრებას ან თავმოყრას (კანონი 4:10; 9:10). ფსალმუნმომღერალი მოიხსენიებს როგორც ანგელოზების, ისე ბოროტი ადამიანების კრებულს (ფსალმუნი 26:5; 89:5—7). თუმცა ებრაულ წერილებში ეს სიტყვა ძირითადად ისრაელების მიმართ გამოიყენება. ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ იაკობი „ხალხთა კრებული“ გახდებოდა და ეს ასეც მოხდა (დაბადება 28:3; 35:11; 48:4). ისრაელები მოხმობილნი ანუ არჩეულნი იყვნენ, რათა „იეჰოვას კრებული“, „ჭეშმარიტი ღვთის კრებული“ გამხდარიყვნენ (რიცხვები 20:4; ნეემია 13:1; იესო ნავეს ძე 8:35; 1 სამუელი 17:47; მიქა 2:5).
5. რომელი ბერძნული სიტყვა ითარგმნა „კრებად“ და რა გაგებით გამოიყენება ის?
5 „კრებულის“ შესატყვისი ბერძნული სიტყვაა „ეკკლესია“, რომელიც ორი სიტყვისგან შედგება და ნიშნავს „გარეთ მოხმობას“. ის გამოიყენებოდა არარელიგიური მიზნით თავმოყრილი ხალხის მიმართაც. ამის მაგალითია ის შემთხვევა, როცა ეფესოში „შეკრებილი ხალხი“ დემეტრიოსმა პავლეს წინააღმდეგ წააქეზა (საქმეები 19:32, 39, 41). მაგრამ ბიბლიაში ეს სიტყვა, ძირითადად, ქრისტიანულ კრებასთან გამოიყენება. ზოგ თარგმანში ეს სიტყვა შენობაზე მიუთითებს, მაგრამ ერთი ბიბლიური ლექსიკონის თანახმად, „[ახალ აღთქმაში] ის არასდროს მიუთითებდა შენობაზე, სადაც ქრისტიანები თაყვანისმცემლობისთვის იკრიბებოდნენ“ („The Imperial Bible-Dictionary“). აღსანიშნავია ისიც, რომ ბერძნულ წერილებში სიტყვა „კრება“ სულ მცირე ოთხი გაგებით გამოიყენება.
ღვთის ცხებული კრება
6. რას აკეთებდნენ დავითი და იესო კრებულში?
6 მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ ფსალმუნის 22:22-ში ჩაწერილი დავითის სიტყვები იესოს ეხებოდა. ის წერდა: «„ჩემს ძმებს ვაუწყებ შენს სახელს; კრებულში ქებას გიმღერებ“, მაშასადამე, ის [იესო] ყველაფერში თავის ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა გულმოწყალე და ერთგულ მღვდელმთავრად დანიშნულიყო ღვთის საკუთრებაზე» (ებრაელები 2:12, 17). დავითი ისრაელის კრებულში განადიდებდა ღმერთს (ფსალმუნი 40:9). მაგრამ რას გულისხმობდა პავლე, როცა წერდა, რომ იესო ადიდებდა ღმერთს „კრებულში“? რომელ კრებაზე საუბრობდა ის?
7. ძირითადად, რა გაგებით გამოიყენება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა „კრება“?
7 ებრაელების 2:12, 17-ში მნიშვნელოვანი აზრი წერია. ის ცხადყოფს, რომ იესო თავად იყო იმ კრების წევრი, სადაც ძმებს ღვთის სახელს აუწყებდა. ვინ იყვნენ ეს ძმები? ისინი იყვნენ „აბრაამის შთამომავლობის“ ნაწილი, ქრისტეს სულითცხებული ძმები, „ზეციური მოწოდების მოზიარენი“ (ებრაელები 2:16—3:1; მათე 25:40). ამგვარად, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „კრება“, ძირითადად, ნიშნავს ქრისტეს სულითცხებული მიმდევრებისგან შემდგარ ჯგუფს. ეს 144 000 სულითცხებული ქმნის „ზეცაში ჩაწერილ პირმშოთა კრებას“ (ებრაელები 12:23).
8. როგორ მიანიშნა იესომ, რომ ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდებოდა?
8 იესომ წინასწარ მიანიშნა, რომ ქრისტიანული „კრება“ ჩამოყალიბდებოდა. სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მან პეტრეს უთხრა: „შენა ხარ პეტრე, და მე ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს კრებას, რომელსაც ვერ სძლევს სამარის ჭიშკრები“ (მათე 16:18). პეტრეს და პავლეს სწორად ესმოდათ, რომ ეს კლდე თავად იესო იყო. პეტრე წერდა, რომ ისინი, ვინც არიან ამ კლდეზე, ქრისტეზე, აშენებული სულიერი სახლის „ცოცხალი ქვები“, იქნებოდნენ ‘გამორჩეული საკუთრება, რათა ყველგან ეუწყებინათ მისი აღმატებულობის შესახებ’, ვინც მათ მოუხმო (1 პეტრე 2:4—9; ფსალმუნი 118:22; ესაია 8:14; 1 კორინთელები 10:1—4).
9. როდის დაიწყო ღვთის კრებამ ჩამოყალიბება?
9 როდის დაიწყო ამ „გამორჩეული საკუთრების“ ქრისტიანულ კრებად ჩამოყალიბება? ეს მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როდესაც ღმერთმა იერუსალიმში შეკრებილ მოწაფეებს წმინდა სული მოაფინა. იმავე დღეს პეტრემ იუდეველებისა და პროზელიტების წინაშე საფუძვლიანად დაამოწმა. ბევრს იესოს სიკვდილი გულის სიღრმემდე შეეხო და მონანიების შემდეგ ისინი მოინათლნენ. ბიბლია გვატყობინებს, რომ იმ დღეს სამი ათასი ადამიანი შეემატა ღვთის ახლადჩამოყალიბებულ კრებას (საქმეები 2:1—4, 14, 37—47). ის იზრდებოდა, რადგან უფრო მეტი იუდეველი და პროზელიტი აღიარებდა, რომ ისრაელი ერი აღარ წარმოადგენდა ღვთის კრებას. მათ ნაცვლად, ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი „ღვთის [სულიერი] ისრაელი“ გახდა ღვთის ჭეშმარიტი კრება (გალატელები 6:16; საქმეები 20:28).
10. როგორი ურთიერთობა აქვს იესოს ღვთის კრებასთან?
10 ბიბლია ხშირად განსხვავებას აკეთებს იესოსა და ცხებულებს შორის, მაგალითად ის ლაპარაკობს „ქრისტესა და კრებაზე“. იესო არის სულითცხებული ქრისტიანების კრების თავი. პავლე წერდა, რომ ღმერთმა „დააყენა [იესო] ყველაფრის თავად კრებაში, რაც მისი სხეულია“ (ეფესოელები 1:22, 23; 5:23, 32; კოლოსელები 1:18, 24). დღეს დედამიწაზე დარჩენილია ამ კრების სულითცხებულთა მხოლოდ ნაწილი. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ქრისტეს, რომელიც მათი თავია, უყვარს ისინი. მათდამი იესოს გრძნობები ნაჩვენებია ეფესოელების 5:25-ში, სადაც ვკითხულობთ: „ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“. იესოს უყვარს სულითცხებულები, რადგან ისინი დიდი მონდომებით სწირავენ ღმერთს ‘ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ აღიარებენ მის სახელს’ სწორედ ისე, როგორც ამას იესო აკეთებდა დედამიწაზე ყოფნისას (ებრაელები 13:15).
კიდევ რა გაგებით გამოიყენება სიტყვა „კრება“?
11. რომელი მეორე გაგებით გამოიყენება ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა „კრება“?
11 ზოგჯერ ბიბლია ამ სიტყვას უფრო ვიწრო გაგებით იყენებს და მხოლოდ 144 000 სულითცხებულისგან შემდგარ „ღვთის კრებას“ არ გულისხმობს. მაგალითად, პავლემ ქრისტიანთა ერთ ჯგუფს მისწერა: „ნუ დააბრკოლებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ღვთის კრებას“ (1 კორინთელები 10:32). ნათელია, რომ კორინთში მცხოვრები ქრისტიანის უწესო ქცევა შეიძლებოდა სხვისი დაბრკოლების მიზეზი გამხდარიყო. მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ ამ უწესო ქცევას პირველი საუკუნიდან მოყოლებული დღემდე დაებრკოლებინა ყველა — ბერძნები, იუდეველები ან ცხებულები? რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელია. როგორც ჩანს, ამ მუხლში მოხსენიებულ „ღვთის კრებაში“ იგულისხმება გარკვეულ პერიოდში მცხოვრები ქრისტიანები. შესაბამისად, შეიძლება იმის თქმა, რომ ღმერთი ხელმძღვანელობს, მხარს უჭერს და აკურთხებს კრებას, ანუ კონკრეტულ პერიოდში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, სადაც უნდა იყვნენ ისინი. როცა ვამბობთ, რომ დღეს ქრისტიანულ კრებაში სიხარული და მშვიდობაა, ჩვენ მთლიან ქრისტიანულ საძმოს ვგულისხმობთ.
12. რომელი მესამე გაგებით გამოიყენება სიტყვა „კრება“ ბიბლიაში?
12 ბიბლიაში სიტყვა „კრება“ მესამე გაგებითაც გამოიყენება და იგულისხმება გარკვეულ ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ქრისტიანი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კრებას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობის დრო დაუდგა“ (საქმეები 9:31). თუმცა ამ დიდ ტერიტორიაზე — იუდეაში, გალილეასა და სამარიაში — ქრისტიანთა რამდენიმე ჯგუფი იყო, ისინი ყველა ერთ „კრებად“ მოიხსენიება. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და მას შემდეგ ბევრი მოინათლა, ამიტომ შესაძლებელია, რომ იერუსალიმის მიდამოებში რეგულარულად ქრისტიანთა ერთზე მეტი ჯგუფი იკრიბებოდა (საქმეები 2:41, 46, 47; 4:4; 6:1, 7). ახ. წ. 44 წლამდე იუდეაში ჰეროდე აგრიპა I მმართველობდა; 1 თესალონიკელების 2:14-დან ვიგებთ, რომ ახ. წ. 50 წლისთვის იუდეაში უკვე რამდენიმე კრება იყო. აქედან გამომდინარე, როცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ჰეროდე ‘კრების ზოგიერთ წევრს სასტიკად ექცეოდა’, ამაში შეიძლება იერუსალიმში არსებული რამდენიმე კრება იგულისხმება (საქმეები 12:1).
13. რომელი მეოთხე და ყველაზე გავრცელებული გაგებით გამოიყენება სიტყვა „კრება“ ბიბლიაში?
13 ეს სიტყვა ბიბლიაში მეოთხე, კიდევ უფრო ვიწრო გაგებით გამოიყენება. ის ყველაზე გავრცელებულია და მიუთითებს ქრისტიანთა ერთ 1 კორინთელები 16:1; გალატელები 1:2; საქმეები 14:19—23). ბიბლიის თანახმად, ყველა ეს კრება „ღვთის კრებებს“ მიეკუთვნებოდა (1 კორინთელები 11:16; 2 თესალონიკელები 1:4).
კონკრეტულ კრებაზე, რომელიც შეიძლება სახლში იკრიბება. პავლე ლაპარაკობდა „გალატიის კრებებზე“. რომის იმპერიის ამ დიდ პროვინციაში ერთზე მეტი კრება იყო. პავლემ ორჯერ მოიხსენია მრავლობით რიცხვში გალატიის კრებები, რომლებშიც შედიოდა ანტიოქიის, დერბეს, ლისტრასა და იკონიონის კრებები. ამ კრებებში დანიშნულები იყვნენ უხუცესები ანუ ზედამხედველები (14. რამდენიმე ბიბლიური მუხლის საფუძველზე, რა დასკვნის გაკეთება შეგვიძლია სიტყვა „კრების“ შესახებ?
14 ზოგ შემთხვევაში ეს ჯგუფები იმდენად პატარა იყო, რომ სახლებში ატარებდნენ შეხვედრებს. მიუხედავად ამისა, ზოგ ასეთ პატარა ჯგუფსაც „კრება“ ეწოდებოდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი კრებები იკრიბებოდა აკვილასა და პრისკას სახლში, ნიმფას სახლში და ფილიმონის სახლში (რომაელები 16:3—5; კოლოსელები 4:15; ფილიმონი 2). დღეს ეს გამამხნევებელია იმ პატარა კრებებისთვის, რომლებიც შესაძლოა კერძო სახლებში იკრიბებიან. იეჰოვამ თავისად ცნო პირველ საუკუნეში ეს პატარა კრებები და დღესაც მსგავსად ხდება; ის თავისი სულით აკურთხებს მათ.
კრებები განადიდებს იეჰოვას
15. როგორ იმოქმედა წმინდა სულმა პირველი საუკუნის ზოგ კრებაზე?
15 როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფსალმუნის 22:22 შესრულდა იესოზე, რომელიც კრებულში განადიდებდა ღმერთს (ებრაელები 2:12). მისი ერთგული მიმდევრებიც მსგავსად უნდა იქცეოდნენ. პირველ საუკუნეში ჭეშმარიტ ქრისტიანებზე წმინდა სული გადავიდა, რათა ისინი ღვთის ძეები და ქრისტეს ძმები გამხდარიყვნენ. ასევე ზოგიერთმა მათგანმა წმინდა სულის სასწაულებრივი ძღვენი მიიღო, მაგალითად განსაკუთრებული სიბრძნით ან ცოდნით ლაპარაკის, განკურნების, წინასწარმეტყველების ან უცხო ენებზე მეტყველების უნარი (1 კორინთელები 12:4—11).
16. რა მიზანს ემსახურებოდა წმინდა სულის სხვადასხვა ძღვენი?
16 უცხო ენაზე ლაპარაკის შესახებ პავლემ თქვა: „მხოლოდ სულის ძღვნით კი არ ვიმღერებ ქებას, არამედ გონებითაც“ (1 კორინთელები 14:15). მას ესმოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვებს გაეგოთ მისი სიტყვები და ესწავლათ. პავლეს მიზანი იყო, განედიდებინა იეჰოვა კრებაში. მათ, ვისაც წმინდა სულის ძღვენი ჰქონდა, ის მოუწოდებდა: „ეცადეთ კრების აღსაშენებლად იუხვოთ მათში“; ამაში მან იგულისხმა ადგილობრივი კრება, სადაც ისინი სულის ძღვენს ავლენდნენ (1 კორინთელები 14:4, 5, 12, 23). ცხადია, პავლე დაინტერესებული იყო ადგილობრივი კრებებით და ესმოდა, რომ თითოეულ კრებაში ქრისტიანებს ღვთის განდიდების შესაძლებლობა ეძლეოდათ.
17. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები ადგილობრივ კრებებთან დაკავშირებით?
17 იეჰოვა კვლავაც იყენებს და მხარს უჭერს თავის კრებას. ის აკურთხებს დღეს დედამიწაზე მცხოვრებ სულითცხებულ ქრისტიანთა მთელ ჯგუფს, რასაც ცხადყოფს ის, რომ ღვთის ხალხს სულიერი საზრდო უხვად აქვს (ლუკა 12:42). იეჰოვა მთელ მსოფლიო საძმოს აკურთხებს. ის ადგილობრივ კრებებსაც აკურთხებს, სადაც განვადიდებთ შემოქმედს ჩვენი საქმეებითა და გამამხნევებელი სულიერი კომენტარებით. კრებაში ვსწავლობთ, თუ როგორ განვადიდოთ ღმერთი კრების გარეთაც.
18, 19. რის გაკეთება სურთ გულწრფელ ქრისტიანებს ყველა კრებაში?
18 გაიხსენეთ, რომ მოციქული პავლე მაკედონიის ქალაქ ფილიპეს კრების წევრებს მოუწოდებდა: „განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ . . . აღივსოთ სიმართლის ნაყოფით, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით არის ღვთის სადიდებლად და საქებრად“. ამაში შედიოდა იესოსადმი რწმენასა და შესანიშნავ იმედზე სხვებთან საუბარი (ფილიპელები 1:9—11; 3:8—11). ამიტომ პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი [იესოს] მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრაელები 13:15).
19 გახარებს იესოს მსგავსად „კრებულში“ ღვთის განდიდება? განიჭებს სიხარულს იეჰოვას განდიდება მათ წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ არ იცნობენ მას და არ განადიდებენ? (ებრაელები 2:12; რომაელები 15:9—11). გარკვეულწილად, ჩვენი პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გვესმის, რა როლი მიუძღვის ადგილობრივ კრებას ღვთის განზრახვაში. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ, როგორ ხელმძღვანელობს და იყენებს იეჰოვა კრებებს და რა როლს უნდა ასრულებდეს კრება ჩვენს ცხოვრებაში.
გახსოვთ თუ არა?
• როგორ ჩამოყალიბდა ცხებული ქრისტიანებისგან შემდგარი „ღვთის კრება“?
• კიდევ რომელი სამი გაგებით იყენებს ბიბლია სიტყვა „კრებას“?
• რის გაკეთება სურდათ კრებაში დავითს, იესოს და პირველი საუკუნის ქრისტიანებს, და რა გავლენა უნდა მოახდინოს ამან ჩვენზე?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 21 გვერდზე]
რომელი კრების საძირკველი იყო იესო?
[სურათი 23 გვერდზე]
ქრისტიანთა პატარა ჯგუფები „ღვთის კრებები“ იყო.
[სურათი 24 გვერდზე]
ბენინში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა კრებულში.