არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დღევანდელი სასტიკი ქვეყნიერება

დღევანდელი სასტიკი ქვეყნიერება

დღევანდელი სასტიკი ქვეყნიერება

მარია, რომელიც 64 წლის იყო, მარტო ცხოვრობდა. ერთ დღეს ის სახლში ნაცემი და მავთულით დამხრჩვალი იპოვეს.

გაშმაგებულმა ბრბომ სამი პოლიციელი სცემა; ხალხი მათ ორი ბავშვის გატაცებაში სდებდა ბრალს. ერთი პოლიციელი გაუსხლტა მათ და გაიქცა, დანარჩენ ორს კი ბრბომ ბენზინი გადაასხა და ცოცხლად დაწვა.

ანონიმურმა ზარმა პოლიცია საშინელი დანაშაულის კვალთან მიიყვანა. მათ აღმოაჩინეს ოთხი დამსვენებელი მამაკაცის ცხედარი, რომლებიც ბაღში იყო ჩამარხული. ისინი თვალებახვეულები და ხელებშეკრულები იყვნენ. გვამების გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ეს ადამიანები ცოცხლად დამარხეს.

არ გეგონოთ, რომ ეს მხეცური მოქმედებები საშინელებათა ფილმებიდან არის აღებული. ეს რეალური ამბებია, რომელთა შესახებაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ლათინური ამერიკის ერთ ქვეყანაში პრესა ბევრს ლაპარაკობდა. თუმცა დღეს მხოლოდ ამ ქვეყანაში როდი ხდება მსგავსი სისასტიკე.

სისასტიკე ჩვეულებრივი რამ გახდა. დაბომბვა, ტერორისტული აქტები, მკვლელობა, თავდასხმა, სროლა და გაუპატიურება სისასტიკის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მასმედია იმდენად ხშირად აშუქებს ასეთ მხეცურ მოქმედებებს, რომ ბევრ ადამიანზე აღარც კი მოქმედებს სისასტიკის ყურება ან მოსმენა.

თქვენ შეიძლება გიკვირთ: „რა დაემართა მსოფლიოს? ნუთუ ხალხმა დაკარგა თანაგრძნობა და სიცოცხლისადმი პატივისცემა?“ რატომ უნდა ვცხოვრობდეთ ასეთ საშინელ ქვეყნიერებაში?

მოდი ახლა ჰარის შემთხვევაზე დავფიქრდეთ. ის 69 წლისაა და კიბო აქვს, მის ცოლს კი გაფანტული სკლეროზი სჭირს. მათ მეზობლები და მეგობრები უვლიან. ჰარი ამბობს: „არ ვიცი, როგორ ვიქნებოდით, ისინი რომ არ გვეხმარებოდნენ“. კანადაში, სადაც ჰარი ცხოვრობს, გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მოხუცების მომვლელთა 50 პროცენტზე მეტი ისეთ მოხუცს უვლის, რომელიც მათი ნათესავი არ არის. ალბათ, თქვენც იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ხშირად ავლენენ სიკეთეს სხვების მიმართ. ფაქტია, რომ ადამიანებს შეუძლიათ თანაგრძნობისა და სიკეთის გამოვლენა.

მაშ, რატომ არსებობს ამდენი სისასტიკე? რა აღძრავს ადამიანებს სისასტიკისკენ? შეუძლიათ ასეთ ადამიანებს შეიცვალონ? მოეღება ოდესმე ბოლო სისასტიკეს? თუ მოეღება, როდის მოხდება ეს და როგორ?

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

Train: CORDON PRESS