მივყვეთ პავლეს კვალდაკვალ ბერეაში
მივყვეთ პავლეს კვალდაკვალ ბერეაში
ორი მისიონერის საქმიანობა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან უამრავი ადამიანი მორწმუნე გახდა. მაგრამ, როცა მათ წინააღმდეგ გაშმაგებული ბრბო აღდგა, იქაურმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, რომ ახლადჩამოყალიბებული კრებისა და მისიონერების უსაფრთხოების მიზნით, ამ ორს დაუყოვნებლივ, შუაღამით, დაეტოვებინა ქალაქი. ეს მისიონერები, პავლე და სილა, მაკედონიის საპორტო ქალაქ თესალონიკედან გაემგზავრნენ ბერეაში, რათა იქაც ექადაგათ. ეს დაახლოებით ახ. წ. 50 წელს მოხდა.
ბერეა (ამჟამად ვერია) ამწვანებული მთა ვერნონის აღმოსავლეთით მდებარეობს. თესალონიკედან ის სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 65 კილომეტრით არის დაშორებული, ხოლო ეგეოსის ზღვიდან — 40 კილომეტრით. ბერეას სამხრეთით მდებარეობს მთა ოლიმპი, რომელიც ძველად ბერძნების მთავარი ღმერთების მითური ადგილსამყოფელი იყო.
ბერეა ბიბლიის მკვლევარების ინტერესს იწვევს, რადგან იქ პავლე ქადაგებდა და მრავალი გააქრისტიანა (საქმეები 17:10—15). მოდი მივყვეთ პავლეს კვალდაკვალ და გავეცნოთ ამ ქალაქის წარსულს.
შორეული წარსული
ცნობილი არ არის, როდის დაარსდა ბერეა. შესაძლოა, მისი პირველი მოსახლეები ფრიგიელი ტომები იყვნენ, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნეში მაკედონელებმა განდევნეს. სამი საუკუნის შემდეგ ალექსანდრე დიდმა დაპყრობითი ომების შედეგად მაკედონიის საზღვრები გააფართოვა. მაშინ ააგეს ისეთი შთამბეჭდავი ნაგებობები, როგორიცაა ზევსის, არტემიდას, აპოლოსის, ათენას და სხვა ბერძნული ღვთაებების ტაძრები.
ისტორიის ერთ წიგნში აღნიშნულია, რომ საუკუნეების განმავლობაში ბერეა „მნიშვნელოვან როლს ასრულებდა არა მარტო მიმდებარე ტერიტორიებზე, არამედ მთელ ჩრდილოეთ საბერძნეთში“. ამ ქალაქმა განსაკუთრებით სახელი გაითქვა მაკედონიის უკანასკნელი დინასტიის, ანტიგონიდების მმართველობისას (ძვ. წ. 306—168); რომაელების ბატონობის დროს ეს დინასტია დაემხო.
ძვ. წ. 197 წელს რომაელებმა ფილიპე V დაამარცხეს. „ძალაუფლება რომმა ჩაიბარა და ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა“, — ნათქვამია ენციკლოპედია „ბრიტანიკაში“. ძვ. წ. 168 წელს ბერეას სამხრეთით რამდენიმე კილომეტრში მდებარე ქალაქ პიდნაში რომაელმა მხედართმთავარმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა პერსევსზე, ძველი მაკედონიის უკანასკნელ მმართველზე. ბიბლიის წინასწარმეტყველების დანიელი 7:6, 7, 23). პიდნის ბრძოლის შემდეგ მაკედონიის ქალაქებიდან ბერეა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც რომს ჩაჰბარდა.
თანახმად, საბერძნეთის შემდეგ მსოფლიო მპყრობელი რომი გახდა (ძვ. წ. პირველ საუკუნეში პომპეუსსა და იულიუს კეისარს შორის ბრძოლები მაკედონიაში იმართებოდა. პომპეუსი და მისი ლაშქარი ბერეასთან ახლოს იყვნენ დაბანაკებული.
რომაელების მმართველობის დროს ქალაქი ყვავის
„რომაული ზავის“ („Pax Romana“) დროს ბერეაში ჩასულებს შეეძლოთ ქვით მოკირწყლული ქუჩებისა და ქუჩის ორივე მხარეს ჩამწკრივებული კოლონადების ნახვა. ქალაქში იყო აბანოები, თეატრები, ბიბლიოთეკები და გლადიატორთა შეჯიბრებისთვის განკუთვნილი ადგილები. ქალაქი უზრუნველყოფილი იყო წყალგაყვანილობისა და მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემებით. ბერეა განთქმული იყო ვაჭრობით; იქ ჩადიოდნენ ვაჭრები, მსახიობები და ათლეტები, ასევე მაყურებლები სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად. ჩამოსული უცხოელებისთვის გათვალისწინებული იყო თაყვანისმცემლობის ადგილები, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი რელიგიური რიტუალების შესრულება. ფაქტობრივად, ამ ქალაქში რომის იმპერიაში არსებულ ყველა ღვთაებას ეთაყვანებოდნენ.
ბერეაში აგრეთვე თაყვანს სცემდნენ რომის გარდაცვლილ იმპერატორებს. ბერეელებისთვის ეს უცხო არ იყო, რადგან ისინი მანამდე ალექსანდრე დიდს აღმერთებდნენ და თაყვანს სცემდნენ. ერთ ბერძნულ ნაშრომში ნათქვამია: „იმპერიის
აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ბერძნები მეფეს სიცოცხლეშივე ღმერთად აღიარებდნენ, ამიტომ რომაელი იმპერატორების გაღმერთება მათთვის ჩვეულებრივი რამ იყო . . . მათ მონეტებზე გამოსახული იყო შარავანდედით მოსილი გაღმერთებული იმპერატორი. ისინი ისევე ლოცულობდნენ მათ წინაშე და განადიდებდნენ მათ ჰიმნებითა და საგალობლებით, როგორც ღმერთებს“. მათ უგებდნენ სამსხვერპლოებსა და ტაძრებს, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ. თავად იმპერატორებიც ესწრებოდნენ ამ რელიგიურ ზეიმებს, რომელთა დროსაც იმართებოდა ათლეტური, თეატრალური და ლიტერატურული შეჯიბრებები.რატომ გახდა ბერეა წარმართული თაყვანისმცემლობის ცენტრი? ბერეაში იყო მაკედონიის კინონი, სადაც მაკედონიის სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. ისინი რეგულარულად ჩადიოდნენ ბერეაში საქალაქო და პროვინციული საკითხების განსახილველად და გადაწყვეტილებებს რომთან შეთანხმებით იღებდნენ. კინონის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია იყო იმპერატორთა თაყვანისცემის ცერემონიების ჩატარება.
სწორედ ასეთი წარმართული თაყვანისმცემლობის ცენტრში გაემგზავრნენ პავლე და სილა თესალონიკედან. უკვე ორი საუკუნე იყო, რაც ბერეაზე რომი ბატონობდა.
სასიხარულო ცნობის ქადაგება ბერეაში
პავლემ ქადაგება დაიწყო ბერეას სინაგოგაში. როგორ მიიღეს ის? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იქაური იუდეველები „თესალონიკელებზე კეთილშობილები იყვნენ, რადგან უდიდესი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე გულდასმით იკვლევდნენ წმინდა წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:10, 11). ისინი კეთილშობილები იყვნენ და ჯიუტად არ იცავდნენ თავიანთ ტრადიციებს. მიუხედავად იმისა, რომ მოსმენილი მათთვის ახალი იყო, ისინი ეჭვის თვალით არ უყურებდნენ ამ ცნობას და არც ღიზიანდებოდნენ. მათ კი არ უარყვეს პავლეს ცნობა, არამედ ყურადღებით მოისმინეს და ობიექტურად შეაფასეს.
როგორ გაიგეს იუდეველებმა, შეესაბამებოდა თუ არა ჭეშმარიტებას პავლეს ნათქვამი? მათ ყველაზე სანდო წყაროში შეამოწმეს ის. ისინი ყურადღებით და გულმოდგინედ იკვლევდნენ წმინდა წერილებს. ბიბლეისტი მეთიუ ჰენრი ამბობს: «პავლე წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა და თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად „ძველი აღთქმიდან“ ციტირებდა. ამიტომ მათ შეეძლოთ მისი ნათქვამის ბიბლიასთან შედარება და ბიბლიური მუხლების შემოწმება, კონტექსტის
წაკითხვა, ანალიზის გაკეთება და მუხლების მნიშვნელობის გაგება, სხვა მუხლებთან შედარება და იმის განსაზღვრა, იყო თუ არა პავლეს მსჯელობა სწორი და სანდო, და იყო თუ არა მისი არგუმენტები დამაჯერებელი. ამ ყველაფრის საფუძველზე მათ შეეძლოთ დასკვნა გაეკეთებინათ».ეს არ იყო ზედაპირული განხილვა. ბერეელები მხოლოდ შაბათს კი არა, ყოველდღე გულმოდგინედ და განუწყვეტლივ სწავლობდნენ ღვთის სიტყვას.
რა იყო შედეგი? ბერეაში მცხოვრებმა მრავალმა იუდეველმა მიიღო ეს ცნობა და მორწმუნე გახდა. ბევრმა ბერძენმაც, შესაძლოა, ზოგმა იუდეველმა პროზელიტმაც ირწმუნა. ეს სხვებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. როცა თესალონიკელმა იუდეველებმა გაიგეს ამის შესახებ, მივიდნენ ბერეაში და „წააქეზეს და აღაშფოთეს ხალხი“ (საქმეები 17:4, 12, 13).
პავლე იძულებული გახდა, დაეტოვებინა ბერეა, მაგრამ ის სხვაგან განაგრძობდა ქადაგებას. ამის შემდეგ ის გემით ათენში გაემგზავრა (საქმეები 17:14, 15). და მაინც, პავლეს უხაროდა, რომ მისი ქადაგების შედეგად ქრისტიანობა ფეხს იკიდებდა ბერეაში. ქადაგებას იქ დღესაც კარგი ნაყოფი გამოაქვს.
ბერეაში (ვერია) ახლაც არიან ადამიანები, რომლებიც გულმოდგინედ იკვლევენ წმინდა წერილებს, რათა ‘ყველაფერში დარწმუნდნენ და ჩაეჭიდონ’ იმას, რაც სანდო და ჭეშმარიტია (1 თესალონიკელები 5:21). ქალაქში არსებული იეჰოვას მოწმეთა ორი კრება პავლეს მსგავსად ქადაგებს და ბიბლიის ცნობას უზიარებს სხვებს. ისინი ეძებენ გულწრფელ ადამიანებს და მათთან ერთად მსჯელობენ წმინდა წერილების საფუძველზე, რათა ბიბლიის მეშვეობით დაეხმარონ ყველას, ვისაც ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას გაცნობა სურს (ებრაელები 4:12).
[რუკა 13 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობის მონაკვეთი.
მისია
ტროა
ნეაპოლისი
ფილიპე
მაკედონია
ამფიპოლისი
თესალონიკე
ბერეა
საბერძნეთი
ათენი
კორინთი
აქაია
აზია
ეფესო
როდოსი
[სურათი 13 გვერდზე]
ვერცხლის მონეტა, რომელზეც ალექსანდრე დიდი გამოსახულია როგორც ბერძნული ღვთაება.
[საავტორო უფლება]
Coin: Pictorial Archive (Near Eastern History) Est.
[სურათი 14 გვერდზე]
ბერეაში (ვერია) იუდეველთა უბნის შესასვლელი.
[სურათი 15 გვერდზე]
ძველი სინაგოგა ბერეაში (ვერია).